უკრაინიდან საქართველოს მისამართით მუქარები არ წყდება. შინაარსი უცვლელია, მხოლოდ მუქარის ავტორები ენაცვლებიან ერთმანეთს. უკრაინის მმართველი ძალის ლიდერებსა და იქ მყოფ ქართველ მებრძოლებს საქართველოსთან დაკავშირებით საერთო მიზნები აქვთ, მათი ზრუნვის ობიექტი მიხეილ სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობაა”, სხვა დანარჩენს განადგურებითა და მიწასთან გასწორებით ემუქრებიან. საქართველოში ხელისუფლების დამხობის სურვილი დიდი ხანია ღიად აქვთ გაცხადებული. ქართველებს “დაჩმორებულ ერს” უწოდებენ და სიამაყით აცხადებენ, რომ მათი სათაყვანებელი, არაჟნის ქილებთან ერთად საქართველოში შემოპარული ექსპრეზიდენტის თავისუფლებისთვის არავის დაინდობენ, საკუთარ შვილებსაც კი.
არავისთვის სიახლე არ არის ის, რომ უკრაინაში მყოფი მებრძოლები, სააკაშვილისა და მისი პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები არიან. არც მათი პოზიცია და მუქარის ტონი აკვირვებს საქართველოში ვინმეს, უბრალოდ, იმ ყველაფრის უემოციოდ მიღებაა რთული, როცა ქართველი ქართველს განადგურებით ემუქრება.
“ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი სამხედროები უკრაინიდან პერიოდულად ავრცელებენ მუქარის შემცველ ვიდეოებს ინტერნეტში. ნოდარ ყარალაშვილისგან ძალადობრივი მოწოდებები ხშირია. ერთია იყო რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი თუ მოწინააღმდეგე და მეორე, შეურაცხყოფას აყენებდე საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ერს. უკრაინაში მებრძოლი დანაყოფის – “გალიჩინას” მეთაურმა, ნოდარ ყარალაშვილმა თანამოაზრესთან ერთად ჩაწერილ ბოლო ვიდეოში შეურაცხყოფა ჯერ კახელებს მიაყენა, შემდეგ კი, საქართველოში აფხაზეთიდან ტანკებით შემოსვლა დააანონსა. ის საქართველოს მოსახლეობას იმის გამო ლანძღავს, რომ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნას არ აპროტესტებენ.
“ერი, რომელიც ჩმორდება, დიდი დღე არ უწერია. ერთი კაცი, რომელიც მსოფლიო დიპლომატია, ის ვერ გამოაშვებინეთ. ჩემი შვილიც კი რომ დამიდგეს წინ, არ დავინდობ. ყველას გადაგივლით, გადაგბუგავთ ყველას, ჩემია, სხვისია, აღარ გავარჩევთ. რაც დასანგრევია – დავანგრევთ, რაც ასაშენებელია – ავაშენებთ”, – ვისმენთ ყარალაშვილის ვიდეომიმართვაში.
ნოდარ ყარალაშვილი უკვე ათი წელია უკრაინაში ცხოვრობს. მას საქართველოში თაღლითობის გამო 11 წელი ჰქონდა მისჯილი, თუმცა 2013 წელს ის, მიხეილ სააკაშვილმა თავისი პრეზიდენტობის მეორე ვადაში შეიწყალა. მას შემდეგ ყარალაშვილი აქტიურად არის ჩართული საზღვარგარეთ ანტისახელისუფლებო აქციებში. ის ხშირად ხმამაღლა ამბობს, რომ საქართველოში ხელისუფლება არა არჩევნებით, არამედ რევოლუციის გზით უნდა შეიცვალოს.
უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლების ძალადობრივი რიტორიკა თბილისში უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ. აზრთა სხვადასხვაობა შეინიშნება თავად “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც”. ყარალაშვილის მუქარას პარტიის წევრთა ნაწილი არ იზიარებს და აცხადებენ, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის რღვევა მიუღებელია, მეორე ნაწილისთვის კი, მშვიდი პოლიტიკური პროცესი აუცილებლად დასრულდება თუ სააკაშვილი პატიმრობაში დარჩება. არც ერთ ნაციონალს თანამოქალაქეების მიმართ განადგურების მუქარა საჯაროდ არ დაუგმია. ეს მმართველ პარტიაში არ უკვირთ და აცხადებენ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ უკვე ღიად მოქმედებს, რაც მათი აქტივისტების რადიკალური მოწოდებებითაც დასტურდება.
ნოდარ ყარალაშვილს “მკვეხარა ქოთანს” უწოდებს იურისტი მაია ელოშვილი და მიაჩნია, რომ მუქარის შემცველი ყველა მსგავსი ვიდეომიმართვა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი უნდა გახდეს. მისივე თქმით, უპატიებელი კანონდარღვევა იქნება, მრავალრიცხოვან მუქარაზე პროკურატურამ სამართლებრივი რეაგირება არ მოახდინოს.
ელოშვილის ინფორმაციით, უკრაინაში ბრძოლით დაღლილმა ყარალაშვილმა შობა სტრასბურგში გაატარა.
“იბრძვის კაცუნა, რაც შეუძლია: ჯერ აბაზიან ხაბაზთან ერთად იბრძოლა სანგარში, მერე ბარამიძესთან ერთად ივარჯიშა ტირში, ახლა – სტრასბურგიდან აფხაზეთის გავლით გვითვლის მუქარებს, ვინმე ჯაბასთან ერთად. ნოდარჩიკ “ლომგული” რომ თავისი ბელადის მსგავსად, ჯაბასთან “კალათბურთს” თამაშობს, გასაგებია, მაგრამ, ჩვენი პარლამენტის წევრები რომ კომენტარებით გმობენ მის მუქარას და არ მოუწოდებენ პროკურატურას, მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები, სპორტის რომელი სახეობაა? შეწყვიტეთ ოხუნჯობა და აღძარით სისხლის სამართლის საქმე თაღლითი კრიმინალების წინააღმდეგ. ყოველ სამ ნაცში, ოთხი მტერია. შეაღვიძეთ პროკურატურა და გამოაცხადეთ ძებნა “სოცქსელში მეომარ” ნაცმაცუნებზე”, – წერს მაია ელოშვილი.
მუქარის ტონი არ აკლია თავად პატიმარი ექსპრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებებსაც. შვილის მართლმსაჯულებისგან დახსნას ის ახლა, ქვეყნის ხელისუფლებაზე საგარეო ზეგავლენით ცდილობს. არც უცხოურ პრესაში შეკვეთილი სტატიების დაფინანსებაზე ამბობს უარს და ყველა საშუალებით ცდილობს სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანას მიაღწიოს.
გიული ალასანია ცდილობს დაარწმუნოს ყველა, რომ საქართველო მსოფლიომ მიხეილ სააკაშვილის წყალობით გაიცნო, რომ 2004 წლამდე აშშ-ში არავინ იცოდა სად მდებარეობდა საქართველო (ჯორჯია), რომ სააკაშვილის გვარს დღემდე ყველა საქართველოს უკავშირებს.
ასეთივე წარმატებით შეიძლება სააკაშვილის გვარის უკრაინასთან დაკავშირებაც. ის დღემდე უკრაინის მოქალაქეა და საქართველოდან გაქცევის შემდეგ, უკრაინის ხელისუფლებაში მმართველ პოზიციებზე გახლდათ. სხვა თუ არაფერი, მას უკრაინის მთავრობაში რეფორმების გატარება დაევალა. გამოდის, რომ სააკაშვილმა მსოფლიოს არა მხოლოდ “აქამდე უცნობი” საქართველო, არამედ უკრაინაც გააცნო და ეს ქვეყნები სახელმწიფოდ აქცია. დღეს კი, სააკაშვილის მხარდამჭერები ექსპრეზიდენტის სუსტ ჯანმრთელობაზე საუბრობენ, პატიმრობის გადავადებასა და მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვენ.
გიული ალასანია საქართველოს ხელისუფლებას ყრუს უწოდებს და ცალკეულ პირებს სამაგალითო დასჯით ემუქრება. მისივე თქმით, სააკაშვილის სიკვდილი საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასასრული იქნება.
“ხელში გვიჭირავს დასკვნები, რომ ადამიანი მოწამლულია. ჩემი შვილი თუ აღარ იქნება, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ წელში გადავტეხავთ საქართველოში დემოკრატიას, სახელმწიფოებრიობა აღარ გვექნება, წაიშლება საქართველო. 2004 წლის შემდეგ გახდა ცნობილი საქართველოს ყველასთვის. ყველა სააკაშვილის გვარს უკავშირებდა საქართველოს, ყველაფერი მის სახელს უკავშირდება. თუ ეს ასე ცუდად დამთავრდა, ყველაფერს ვიღონებ, გვყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი, რომ ადამიანები, რომლებიც კოლექტიურად მონაწილეობენ სააკაშვილის მკვლელობაში, სამაგალითოდ დაისჯებიან. ჩვენ აღარ ვართ სახელმწიფო. გამძლეობის ყველანაირი რესურსი ამოიწურა”, – განაცხადა გიული ალასანიამ ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე.
სააკაშვილის მხარდამჭერების მიერ, საქართველოსა და უკრაინიდან გაკეთებული მუქარის შემცველი განცხადებების ანალიზის საფუძველზე, ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ საფრთხის, არც გადაჭარბებულად აღქმა არის მიზანშეწონილი, არც მისი არაფრად ჩაგდება და იგნორირება იქნება სწორი. ქვეყანა ნებისმიერ საფრთხესთან გასამკლავებლად უნდა იყოს მზად.
მისივე თქმით, არავისთვის სიახლე არ არის ის, რომ უკრაინის ხელისუფლებას არ მოსწონს საქართველოს ხელისუფლება და თბილისთან ბევრი პრეტენზია აქვთ. უკრაინის ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს საქართველოში ხელისუფლების შეცვლას. გავიხსენოთ, თუნდაც, ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის, ზელენსკის პირველი განცხადება, როდესაც ის თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ უკრაინის მხარდასაჭერ მიტინგს ონლაინ ჩაერთო, – ქართველი ხალხი საქართველოს მთავრობაზე უკეთესიაო, – თქვა მაშინ ზელენსკიმ.
“მან ქართველი ხალხი დაუპირისპირა საქართველოს მთავრობას. ჩვენ შეგვიძლია ველოდოთ იმას, რომ თუ უკრაინამ ომში მოიპოვა რაღაც გამარჯვება, მისი მხრიდან იქნება ნაბიჯები გადადგმული იმისკენ, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს”, – განუცხადა Dalma News-ს ზაალ ანჯაფარიძემ.
რაც შეეხება უკრაინიდან ქართველი მებრძოლების მუქარას, ზაალ ანჯაფარიძის თქმით, ეს საქართველოს ხელისუფლებისთვის გარკვეულ პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს, იმიტომ, რომ მებრძოლებს მიაჩნიათ, საქართველოს ხსნა ხელისუფლების ცვლილებაშია, ამის გაკეთება კი, ნებისმიერი საშუალებით უნდათ.
“ისინი მებრძოლები არიან და ძალისმიერ მეთოდებზე აკეთებენ აქცენტს. იმ ინფორმაციის თანახმად, რასაც მე ვფლობ, უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეების განწყობებზე და პოზიციებზე, როგორც საჯარო, ისე ნახევრად საჯარო წყაროებიდან, პრინციპში ამ 2 პიროვნების მიერ ღიად გამოხატული პოზიცია გარკვეულ წილად ეხმიანება იქ მყოფი ქართველების უმრავლესობის დამოკიდებულებას და განწყობებს. მათი უმრავლესობა არის ამჟამინდელი ხელისუფლების ძლიერი ოპონენტი. იმედია, შესაბამისი სამსახურები უწევენ მონიტორინგს ვითარებას და აკონტროლებენ, რომ რადიკალურ ძალებს საქართველოში რაიმე დესტრუქციული მოქმედების განხორციელების საშუალება არ მიეცეთ”, – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
მისივე თქმით, უკრაინაში ქართველი მებრძოლების მუქარა გამოდგება იმის მტკიცებულებადაც, რომ სწორედ “ენმ” უწევს კოორდინაციას უკრაინაში მოხალისეების გაგზავნას. ჯერ კიდევ 2014 წელს, როცა უკრაინაში პირველი საომარი მოქმედებები დაიწყო, სწორედ “ნაციონალური მოძრაობა” ეხმარებოდა მოხალისეებს უკრაინაში საბრძოლველად წასვლაში. მეორე მხრივ, ამ პროცესს საქართველოს ხელისუფლებამ ხელი რომ შეუშალოს, მას მაშინვე დაადანაშაულებენ უკრაინისთვის დანის ზურგში ჩარტყმაში.
ანალიტიკოსის შეფასებით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის გარემოცვა და მისი ოჯახის წევრები თავიანთი აგრესიული განცხადებებით, დანარჩენი საქართველოსგან განცალკევებით, საკუთარ მიკრო სოციუმში ცხოვრობენ და არ უნდათ იცოდნენ, რას ფიქრობს დანარჩენი საზოგადოება. მათ რეალობის აშკარა მიუღებლობა აქვთ.
გიორგი ქართველი