საქართველოში ზამთრის ტურიზმი სულ უფრო ვითარდება. 2023-2024 წლის ზამთრის სეზონი 20 დეკემბერს საზეიმოდ გუდაურში გაიხსნა. საქართველოს 4-ვე სამთო-სათხილამურო კურორტზე – გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძიზე და მესტიაში, დამსვენებლებს საბაგირო და სასრიალო ტრასები დახვდათ. თუმცა, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.

ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე მეტად, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, კომპანიები ამჯერად ტურისტების ეროვნებაზე საუბრობენ. ზოგი წუხს იმის გამო, რომ წინა წლებში გაცილებით მეტი ტურისტი ჰყავდათ ისრაელიდან, უკრაინიდან, მეზობელი ქვეყნებიდან, მაგრამ დღესდღეობით რთული ვითარების გამო, ეს ტურისტები არ ჩამოდიანო. მეორე მხრივ კი, საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიას პრობლემას თურმე რუსეთის ფაქტორი უქმნის. ბალტიისპირელებს უთქვამთ, არ ჩამოვალთ იქ, სადაც ბევრი რუსიაო. ასეთი განცხადება ცოტა იუმორისტულად ჟღერს, თუმცა მას ავტორი ნამდვილად ჰყავს. ამაზე ცოტა მოგვიანებით.

“რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე ზამთრის ტურისტულ სეზონზე არსებულ პრობლემებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის დიდი მოლოდინები, რომლებიც 2023-24 წლების ზამთრის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ჰქონდათ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ მართლდება. უფრო მეტი ტურისტის ჩამოსვლას ელოდნენ. გაგებით ეკიდებიან საქართველოს ირგვლივ, სამეზობლოში თუ ახლო აღმოსავლეთში დღეს არსებულ რთულ ვითარებასაც.

შოთა ბურჯანაძე

“ბევრი სტუმარი გვყავდა ისრაელიდან, უკრაინიდან, მეზობელი ქვეყნებიდან, რეალურად დღესდღეობით რთული ვითარების გამო, ეს ტურისტები არ ჩამოდიან. ასევე, აზერბაიჯანთან, საიდანაც ხალხი საქართველოს ხშირად სტუმრობდა, სახმელეთო მიმოსვლა არ არის. შესაბამისად, ტურისტების ჩამოსვლაც პრობლემატურია. ეს საქართველოს ბრალეულობით არ რის. ეს ობიექტური მიზეზებია, რომელთა გამო, ტურისტული კუთხით, ზამთრის რთული სეზონი გველოდება”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ასევე პრობლემაა ზამთრის კურორტებზე “გაბერილი” ფასები და ბიზნესის “სიხარბე”, რაც ტურისტს აფრთხობს. საქართველოში ხაჭაპური ღირდეს 45 ლარი, წარმოუდგენლად ძვირია.

“ფაქტია, რომ 45-ლარიანი ხაჭაპურის შემთხვევაში საქართველოს არცერთ რეგიონში შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სერვისი არ არსებობს, რაც არ უნდა ეცადოს თუნდაც 5 -ვარსკვლავიანი სასტუმრო თუ რესტორანი. ეს სიხარბის მომენტია, როდესაც ადამიანებს ჰგონიათ, რომ ჩამოსული ტურისტი რეალობას ვერ აფასებს. ფიქრობენ, რადგან 15 ევრო შეიძლება, პიცისთვის ნორმალური ფასი იყოს, 15 ევრო ხაჭაპურისთვისაც მისაღები იქნებოდა”, – აცხადებს ბურჯანაძე.

მისი აზრით, საქართველოში ტურისტი ამ მოტივაციით არ ჩამოდის. ასე ქვეყანას არა დადებითი ასპექტით, არამედ – უარყოფითი მიმართულებით უკეთებენ რეკლამას.

туризм, местия

ზამთრის სეზონის დაწყებას წლეულს სვანეთში თოვლის მოსვლა დაერთო. თუმცა, წლების განმავლობაში არსებული პრობლემები ამით არ მოგვარებულა. მესტიაში წინასაახალწლოდ დამსვენებელთა სიუხვე შეინიშნებოდა. ძირითადად საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ ჯავშნები. მათ მოსდევთ ტურისტები პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან. რუსულენოვანი მოსახლეობის მხრიდან წლეულს, წინა წლებთან შედარებით, მაღალი დაინტერესებაა სვანეთით. ასევე ჯავშნები არის ევროპის ქვეყნებიდანაც.  როგორც სასტუმროების მფლობელები ამბობენ, როდესაც თოვლი მოდის, წინასაახალწლო პერიოდი სვანეთში ყოველთვის დატვირთულია. ტურისტები 4-5 დღით ჩერდებიან ზამთრის კურორტებზე.

მთის კურორტებისთვის მთავარ გამოწვევად კვლავ ელექტროენერგიით მომარაგება რჩება. ბიზნესი ცდილობს ეს პრობლემა საკუთარი სახსრებით მოაგვაროს, გენერატორებითა და გათბობის ალტერნატიული გზის გამონახვით.

პრობლემაა ქაოსური განაშენიანებაც, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის კურორტის იერსახეს. სვანეთში კოშკების სიახლოვეს იწყება მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ძალიან აწუხებს.  პრობლემაა კვალიფიციური კადრებიც. ამ მხრივ მთავარი კონკურენტი ემიგრაციაა.

туризм

კიდევ ერთ პრობლემაზე საუბრობს ტურისტული კომპანია AG TRAVEL & ADVENTURE-ს დამფუძნებელი ალექსანდრე გიორგაძე. მისი თქმით, ჯერ პანდემიამ, შემდეგ კი, უკრაინის ომმა გეგმები არია. 2023 წელი არაპროგნოზირებადი იყო, რადგან გრძელვადიანი ჯავშნები შემცირდა. შემცირდა ტურისტების მიერ წინასწარ გადახდების რაოდენობა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა მან შეცვალოს, გადადოს ან გააუქმოს მოგზაურობა.

“უკრაინის ომმა ძალიან დაგვაზარალა. ერთის მხრივ იმის გამო, რომ რუსეთ საქართველოს მეზობელია, მაინც თავს იკავებდნენ შემოსვლაზე და მეორე მხრივ დიდი რაოდენობით რუსების შემოსვლამ ფასები გაზარდა. ტურისტული პაკეტები საშუალოდ 30-40%-ით არის გაძვირებული. ბალტიისპირეთის მაგალითზე, მიზეზი პირდაპირ რუსეთის ფაქტორია. პირდაპირ მომწერა ჩემმა პარტნიორმა, სადაც ბევრი რუსია ჩვენ იქ არ ჩამოვალთო“, – აცხადებს გიორგაძე.

კომპანია AG TRAVEL & ADVENTURE-ის ძირითადი ბაზრები ევროპა, ამერიკის კონტინენტი და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებია.

გიორგი ცუცქირიძე

ეკონომიკის სფეროს ექსპერტის – გიორგი ცუცქირიძის მოსაზრებით, პროპაგანდა, რუსი ვიზიტორების გამო შემცირდა საქართველოში ევროპელი ტურისტების შემოსვლა, არის პოლიტიკური სპეკულაცია და ქართული ოპოზიციის დღის წესრიგი. რუსი მიგრანტების ეფექტი ქართულ ეკონომიკაზე ზედმეტად გაბუქებული იყო.

“რუსები სხვა ქვეყნებში არ არიან? ეს არის ოპოზიციის დღის წესრიგი, რომ „ოცნება“ პრორუსული ხელისუფლებაა. თუმცა, არსებობს ობიექტური ფაქტორებიც, დაძაბული ვითარება რეგიონში. როცა საუბარია ტურისტულ ინდუსტრიაზე ჩვენ უნდა ვნახოთ ტურისტების გეოგრაფია როგორია, ჩვენთან ტურისტები ტრადიციულად შემოდიოდნენ რეგიონის ქვეყნებიდან, ესენია: ირანი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ნაწილობრივ თურქეთიც. ამათ დაემატა რუსეთიც. უკრაინის საომარი მოქმედებების შემდეგ, მათი ნაწილი საქართველოდან გავიდა კიდეც“, – ამბობს გიორგი ცუცქირიძე.

როგორც Dalma News-ს გიორგი ცუცქირიძემ განუცხადა, ტურისტი იმის მიხედვით შემოდის საქართველოში, თუ როგორ ხდება ქვეყნის პოზიციონირება საერთაშორისო ბაზარზე. ტურისტების მოზიდვაში ერთია მარკეტინგი, მეორე ის, თუ რა შთაბეჭდილებით წავა საქართველოდან ჩამოსული ტურისტი, ის მეორედ ჩამოდის თუ აღარ? რა ინფორმაცია მიაქვს აქედან?

ექსპერტის შეფასებით, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მათ შორის, სასტუმროების კლასიფიცირების მხრივ. 5-ვარსკვლავიან სასტუმროში სხვა კატეგორიის ტურისტები დადიან, 2-ვარსკვლავიანში სხვა. უნდა იცოდეს ტურისტმა სასტუმრო 2-ვარსკვლავიანია თუ 5-ვარსკვლავიანი და ფასი რატომ არის მაღალი.

“არც ერთი აქ ჩამოსული ტურისტი არ უნდა დავკარგოთ. ბოლო 5-წელიწადთან შედარებით ინფრასტრუქტურა განვითარდა. საქართველოს 4-ვე სეზონის ტურიზმის განვითარების პერსპექტივა აქვს. მომავალში დიდი მიმართულებაა რეკრეაციული ტურიზმი, ეკოტურიზმი. როდესაც ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი ხდება, პერსპექტივებიც იზრდება”, – აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.

როდესაც ვსაუბრობთ ტურისტების შემცირებაზე, ექსპერტის აზრით, უნდა ვნახოთ შემოსავლების ზრდის დინამიკა, თუ როგორი იყო საერთაშორისო ტურიზმით მიღებული შემოსავლები 2023 წელს?

გიორგი ცუცქირიძის თქმით, 2023 წელს ტურიზმიდან შემოსავალი რეკორდული იყო. ასეთი მაჩვენებელი ქვეყანას არ ჰქონია 2019 წელსაც, როდესაც 3-მლრდს გადააჭარბა საერთაშორისო ვიზიტორებიდან მიღებულმა შემოსავლებმა. აქედან გამომდინარე, თუ გაზრდილია შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან, ეს იმას ნიშნავს, რომ ტურისტების ნაკადებიც გაზრდილია.

“ცალკეულ რესტორნებსა და სასტუმროებს, შესაძლოა, მართლაც შეუმცირდათ შემოსავლები სხვადასხვა ტურისტული ნაკადებიდან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველას შეუმცირდა. ერთ-ერთი მიზეზი მაღალი ფასებია. რომ შევადაროთ თურქეთის მომსახურების ხარისხი და დასვენების ღირებულება, იქ გაცილებით დაბალი ფასებია, ვიდრე საქართველოში. აქედან გამომდინარე ლაპარაკი იმაზე, რომ ტურნაკადი მცირდება, მიზეზი არის არა ის, რომ ეკონომიკა არ ვითარდება, ან ინფრასტრუქტურა არ უმჯობესდება, არამედ ცალკეული მენეჯმენტის პრობლემაა”, – აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.

მისივე თქმით, შემოსავლები რადგან გაზრდილია, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა მიმართულებით არის ზრდა. თუ ცალკეულ რესტორნებს ან სასტუმროებს აქვთ შემცირება, ეს მათი მენეჯმენტისა და სტრატეგიული მარკეტინგის პრობლემაა. ასევე, მაღალია კონკურენცია. საერთაშორისო ვიზიტორები ყველგან არ ჩერდებიან, ისინი ეძებენ შესაბამისი კლასის სასტუმროებსა და რესტორნებს, გადასაყრელი ფული არავის აქვს.

შორენა პაპაშვილი