სომხეთი ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანაა, სადაც მოსახლეობა ორენოვანია. სომხები ბავშვობიდან ორ ენაზე: სომხურად და რუსულად საუბრობენ. როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, რუსული ენა სომხების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, ნეოლოგიზმის, ინფორმაციისა და გარესამყაროსთან ურთიერთობის ძირითადი წყაროა. სომხურ სკოლებში რუსული ენის სწავლება სავალდებულოა. ქვეყანაში წარმატებით მოქმედებს რუსულ-სომხური (სლავური) უნივერსიტეტი, სადაც სწავლება რუსულ ენაზე წარმოებს, საგანმანათლებლო ლიტერატურის ძირითადი ნაწილი კვლავინდებურად მხოლოდ რუსულ ენაზეა ხელმისაწვდომი, რადგანაც სომხურენოვანი ანალოგები არ არსებობს. გარდა ამისა, სომხეთში რუსული ტელეარხების («Первый канал», «НТВ», «Россия 24», МУЗ-ТВ და სხვ.) ციფრული მაუწყებლობა გადაიცემა, ხოლო სომხურ კინოთეატრებში ფილმების უმრავლესობა რუსულ ენაზეა დუბლირებული.
ყველაფრის მიუხედავად, სომხეთში რუსული ენა უკვე რამდენიმე ათწლეულია პოზიციებს კარგავს. თუ უფროსი და საშუალო ასაკის თაობამ ჯერ კიდევ კარგად იცის რუსული ენა, ახალგაზრდობა ამ მხრივ სერიოზულად მოიკოჭლებს. საქმე იქამდეც კი მიდის, რომ ახალგაზრდა ბიჭები და გოგონები ვერ გებულობენ რუსულად დუბლირებულ ფილმებს, რომლებიც სომხურ კინოთეატრში გადის. (სხვათა შორის ერთ-ერთ კინოთეატრს ერევანში “მოსკოვი” ჰქვია). რა არის ამის მიზეზი?
ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურის თეორიისა და კრიტიკის კათედრის პრიფესორის მაგდა ჯანპოლადიანის განმარტებით, მიზეზი რამოდენიმეა. პირველ რიგში, სკოლებში რუსული ენის სწავლების დაბალი დონე.
“იმ სახელმძღვანელოების მიხედვით, რომლებიც დღეს სკოლებში გამოიყენება, შეუძლებელია რუსული ენის გრამატიკის საწყისების, მითუმეტეს საფუძვლების შესწავლა. წიგნი სავსეა გაურკვეველი კროსვორდებით, ნახატებით, ტექსტებით, შეკითხვებით. არანაირი პრაქტიკული მასალა არ არის მოცემული, რაც ბავშვებს ენის ათვისებაში დაეხმარება. სახელმძღვანელოების ხარისხი იმდენად დაბალია, რომ მათზე საუბარიც კი ძნელია. სკოლის შემდეგ აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში, მათ შორის ჩვენს სახელმწიფო უნივერსიტეტშიც, რუსული ფილოგოგიის ფაკულტეტზე აბარებენ და საშინელ სურათს ვხვდებით: პირველი კურსის ათი სტუდენტიდან მხოლოდ ერთმა იცის რუსული ენა ნორმალურად. ასეთი რამ 30 წლის წინათ რომ მეთქვა, არავინ დაიჯერებდა, იმდენად საპირისპირო მდგომარეობა იყო ადრე. სომხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული ფოლოლოგიის ფაკულტეტი იმდენად ელიტური იყო, რომ იქ მოსახვედრად აბიტურიენტებს სერიოზული კონკურსის გავლა უწევდათ”.
ჯანპოლადიანის თქმით, სკოლა და მეთოდიკა რუსული ენის სწავლების ერთადერთი პრობლემა არ არის.
“კიდევ ერთი მიზეზი არის ქვეყნის შრომის ბაზარზე რუსულ ენაზე დაბალი მოთხოვნა. საერთოდ, ჰუმანიტარული მეცნიერებისადმი ინტერესის შემცირება ეპოქის ტენდენციაა და ამას ვერაფერს ვუზამთ. მაგრამ რუსული ენისადმი ინტერესის დაკარგვას მხოლოდ ტენდენციით ვერ ავხსნით, რადგანაც მის პარალელურად ინგლისური და რომანო-გერმანული ჯგუფის სხვა ენები იკიდებენ ფეხს. ფაქტია, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ რუსული ენის ცოდნით შესაბამისი სამსახურის პოვნა რთულია. ამის შედეგი კი ის არის, რომ ბავშვებს ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში ეკარგებათ რუსული ენის შესწავლის მოტივაცია და ეს მიმართულებაც ავტომატურად აღმოიფხვრება”, – ამბობს პროფესორი.
მისი აზრით, ვითარების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შეცვლით.
“რუსული ენის დღევანდელი სავალალო მდგომარეობა ნაწილობრივ 90-იანი წლების ენობრივი რყევის შედეგია. მაშინ რუსული სკოლები ერთი ხელის მოსმით დახურეს, ხოლო სომხურ სკოლებში რუსულენოვანი კლასები გააუქმეს. ცხადია, ამ არასწორ გადაწყვეტილებას შესაბამისი შედეგი მოჰყვა, რაც დღეს უკვე აშკარაა და რის შესახებაც ჩვენ ვსაუბრობთ”,- განაცხადა მაგდა ჯანპოლადიანმა და დასძინა, რომ საქმე მხოლოდ ენაში კი არ არის, არამედ კულტურაში, ხელოვნებაში, ისტორიაში, ურთიერთობასა და განათლებაში, ყველაფერში რაც ენას უკავშირდება.
გარდა ამისა, ჯანპოლადიანი დარწმუნებულია, რომ ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია თემატური საღამოებით, რომლებიც მიეძღვნება რუსულ ენას, ლიტერატურას, კულტურას და ა.შ. მაგალითად, 20 ნოემბერს ასეთი ღონისძიება ჩატარდა ერევნის “მოსკოვის სახლში“. ხუთი რუსულენოვანი სომეხი მწერალი და სანკტ-პეტერბურგიდან მიწვეული სტუმარი, ღია კითხვის ფარგლებში სომეხი მკითხველის წინაშე წარსდგნენ და მათ საკუთარი შემოქმედება გააცნეს. ღონისძიება რუსეთის ლიტერატურის წელს მიეძღვნა.
ღონისძიებაზე პირველი გამოვიდა მწერალი და პოეტი, თბილისელი ლიანა შახვერდიანი, რომელმაც აუდიტორიას წარუდგინა თვისი ახალი, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ლექსები, ასევე ნაწყვეტი თავისი წიგნიდან “მრავალწერტილი”.
პოეტის პირად ლექსებს, რასაც დიდი ოვაცია მოჰყვა, ჟურნალისტისა და მწერლის, სომხეთში Deutsche Welle-ს კორეპონდენტის აშოტ გაზაზიანის ნახევრად სახუმარო, ნახევრად სერიოზული, მაგრამ ღრმა შინაარსის მქონე მოთხრობები. ჟურნალისტმა სცენიდან აღიარა, რომ პირველად წარსდგა ასეთ ფორმატში აუდიტორიის წინაშე. მსმენელი ხშირად აწყვეტინებდა მას კითხვას სიცილითა და ოვაციებით.
შემდეგ სცენაზე ავიდა ასევე ცნობილი პოეტი, პუბლიცისტი, თარჯიმანი და მრავალმხრივ საინტერესო პიროვნება, თბილისელი მარგარიტა გევორქიანი. იგი ასევე ჟურნალ “ლიტერატურული სომხეთის” რედაქტორთა ჯგუფის წევრია. გევორქიანმა აუდიტორიის წინაშე წაიკითხა ლექსები, რომლების გამეორებაც დანაშაულია. უბრალოდ შემდეგი ღონისძიება არ უნდა გამოტოვოთ და პირადად მოისმინოთ ავტორის მიერ წაკითხული ლექსები.
მარგარიტას შემდეგ სცენაზე ოვანეს აზნაურიანი გამოვიდა და მაყურებელს ძია მარატისა და არამის შესახებ ამაღელვებელი ისტორია მოუთხრო. ისტორია ეხებოდა თაობებს შორის განსხვავებულ შეხედულებებს ისეთ ფუნდამენტალურ თემებზე, როგორიცაა დრო, სივრცე, ცხოვრება და ჩვენი ადგილი მასში. ამბავი აგებული იყო ჩვეულებრივ სომხურ სოფელში არსებულ ყოფაზე.
წაიკითხა, იხუმრა, იმღერა და უბრალოდ გაართო მსმენელი შემდგომმა ავტორმა – სცენარისტმა, ჟურნალისტმა და უბრალოდ ნიჭიერმა ადამიანმა რუბენ პაშინიანმა. “ჩვენი თუთის ხე” – ასე ეწოდებოდა მოთხრობას, რომელიც პაშინიანის ცხოვრების გზას, დაშვებულ შეცდომებს, დაკარგულ დროსა და ბავშვობის მეგობარ გოგონასთან ერთად, რომელიც ცხოვრების თანამგზავრი გახდა, განცდილ ბედნიერებას ეხებოდა. რუბენ პაშინიანის მეუღლე დარბაზში იჯდა და მისი მეუღლის მიერ გადმოცემულ თავისი ცხოვრების ისტორიას ისმენდა.
ბოლოს სცენაზე სანკტ-პეტერბურგიდან მიწვეული სტუმარი, რეჟისორი და სცენარისტი, ოთხი წიგნის ავტორი და დაახლოებით ოცი სერიალისა და კინოსურათის სცენარისტი ანუშ ვარდანიანი გამოვიდა. ღია კითხვის ფარგლებში უშუალოდ სომეხი მსმენლის წინაშე ვარდანიანის დებიუტი შედგა, თუმცა მას საკმაოდ კარგად იცნობენ რუსეთში.
ღონისძიების დასასრულს ყველა მსურველს შეეძლო ავტორებთან ახლოს მოსვლა და გასაუბრება არაფორმალურ და მეგობრულ ვითარებაში.
“პირველად ვაწყობთ ლიტერატურული კითხვის საღამოს სწორედ ასეთ ფორმატში”,- ამბობს მოსკოვის სახლის (მოსკოვის კულტურულ-საქმიანი ცენტრში “მოსკოვის სახლი” ერევანში) ელინა კაზარიანი.
“იმის თქმა, რომ ეს ღონისძიება ტრადიციად იქცევა, რთულია. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა შედეგს მივიღებთ. თუ ვიგრძნობთ, რომ მსგავსი ლიტერატურული საღამოები და მსგავსი ღონისძიებები მოთხოვნადი გახდება, ბუნებრივია, დავფიქრდებით მოსკოვის სახლის ახალი ტრადიციის გაგრძელებით. ფაქტია, თავად ღონისძიება უნიკალურია. იგი საშუალებას იძლევა ერთი და იმავე ადგილას, ერთდროულად ექვს, აბსოლუტურად განსხვავებულ ავტორს მოუსმინო. ისინი შეზღუდულები არ არინ აუდიტორიასთან ურთიერთობის ფორმატით. ისინი უბრალოდ უნდა გამოვიდნენ სცენაზე და აუდიტორიას საკუთარი თავი სურვილისამებრ წარუდგინონ. ჩვენ გვაინტერესებს, რას წერენ რუსულენოვანი ავტორები, როგორ წერენ, ან რისი თქმა სურთ. ამიტომ ჩვენ მათი დახმარება გვსურს”, – ამბობს ელინა კაზარიანი.
საღამო მართლაც შედგა. მაგდა ჯანპოლედიანმა, როდესაც ამ ღონისძიების შესახებ მოვუყევით, განაცხადა, რომ მსგავსი ასეთი აქციის ხილვას მართლაც რომ მრავლად ისურვებდა.
“ამისთვის ადგილი ბევრია – სკოლა, უნივერსიტეტები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები. საჭიროა მხოლოდ ამ შესაძლებლობების გამოყენების სურვილი. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ღონისძიებები ძალზედ მნიშვნელოვანი და საინტერესოა, ასევე სასარგებლო და საჭიროა და რაც უფრო მეტი იქნება, მით უკეთესი”, – დასძინა პროფესორმა.
Lina Levine-ის ფოტოები