დაახლოებით ორ თვეში ბაჰრეინში ჩატარდება მსოფლიო ჩემპიონატი შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში (ММА), სადაც 56,7 კგ.წონით კატეგორიაში რუსეთის სახელით იასპარეზებს აზერბაიჯანელი გოგონა ზემფირა ალიევა. ნოვოსიბირელმა სპორტსმენმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მიმდინარე წლის მაისში, მოსკოვში გამართულ რუსეთის პირველობაზე გამარჯვებით მოიპოვა.
Dalma News-ის კორესპონდენტთან საუბარში ზემფირა ალიევამ თავისი არჩევანის და სამომავლო გეგმების თაობაზე ისაუბრა. ასევე დასძინა ისიც, რომ წინააღმდეგი არ იქნება, თუ მომავალში აზერბაიჯანის სახელითაც მოუწევს ასპარეზობა.
– თქვენი სპორტული კარიერა რითი დაიწყო?
– სპორტი ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის იყო. საბრძოლო ხელოვნებაში შესვლამდე საკუთარი თავი გამოვცადე ფეხბურთში, ცურვაში, კარატეში და ცეკვაშიც კი. დიდხანს ვერსად გავჩერდი, სანამ შემთხვევით კრივის სექციას არ წავაწყდი. ჩემს დასთან და მეგობრებთან ერთად წავედი, რათა მენახა როგორ და რა პირობებში მიმდინარეობდა ვარჯიშები. ყველაფერი მოგვწონდა და კრივის წრეზე ყველა ერთად ჩავეწერეთ. თავდაპირველად,1 ბიჭი და 9 გოგო ვიყავით. გარკვეული პერიოდის შემდეგ, სტატისტიკა ამის საპირისპიროდ შეიცვალა და სექციაში 9 ბიჭთან ერთად მხოლოდ მე აღმოვჩნდი. ეს სპორტი ძალიან მომწონდა და ჩემი მეგობრების მსგავსად წასვლას არ ვაპირებდი. გარდა ამისა, ჩემმა პირველმა მწვრთნელმა ჩემში არსებული პოტენციალი დაინახა, რამაც იმედი ჩამისახა, რომ ჩემი ძალისხმევა უშედეგო არ იქნებოდა და წარმატებას აუცილებლად მივაღწევდი. ამგვარად, 17 წლის ასაკიდან ვვარჯიშობ კრივში და ბოლო წელიწადნახევარია MMA-ში ვარ ჩაბმული. საერთო ჯამში, უკვე 11 წელია რინგზე გამოვდივარ.
– ММА-ს სისხლიან სპორტს უწოდებენ და ტრამვები მებრძოლებისთვის ჩვეულებრივი რამ არის. მთელი ამ წლების განმავლობაში არასოდეს გაგჩენია ორთაბრძოლების მიტოვების და სპორტის შედარებით უფრო მშვიდ სახეობაში გადასვლის სურვილი?
– რა თქმა უნდა, იყო სიტუაციები, როდესაც განწყობა და ინტერესი განელდა და თავში მსგავსმა აზრებმაც გაიელვა, მაგრამ მომენტალურ ემოციებს არასოდეს ავყოლილვარ. ყოველთვის ვცდილობ გადაწყვეტილებები ფხიზელი გონებით მივიღო.
თუ კონკრეტულად ფიზიკურ ტკივილზე ვისაუბრებთ, ამის არ მეშინია. პირველი ჩხუბის შემდეგაც კი, როდესაც მეტოქემ კარგად მცემა, კრივისთვის თავის დანებება აზრადაც არ მომსვლია. პირიქით, ჯანსაღი სპორტული ჟინი გამიჩნდა.
– შენი არჩევანის მიმართ მშობლებს როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ?
– თავდაპირველად ოჯახი წინააღმდეგი იყო. განსაკუთრებით მამაჩემს ჰქონდა კატეგორიულად უარყოფითი დამოკიდებულება. როგორც სხვები, ისიც ფიქრობდა, რომ სპორტის ეს სახეობა ქალებისთვის შესაფერისი არ არის, რომ შესაძლოა სერიოზულად დამასახიჩრონ და საერთოდაც გოგონებს ტატამზე და რინგზე არაფერი ესაქმებათ. მისთვის მთავარი ის იყო, რომ მე კარგად მესწავლა.
მახსოვს, ჩემი მწვრთნელი ჩვენთან სახლში მოვიდა და პირადად ესაუბრა მამაჩემს. იგი ცდილობდა აეხსნა, რომ ერთი მეორეს ხელს სულაც არ უშლის და რომ სპორტის და სწავლის ერთმანეთთან შეთავსება შემიძლია. მამა ჯიუტად იცავდა თავის პოზიციას. ამიტომ, სხვა არჩევანი არ მქონდა, ფარულად დავდიოდი დარბაზში. მშობლებს ვეუბნებოდი, რომ საგანმანათლებლო კურსებზე მივდიოდი, სინამდვილეში კი სპორტული ზურგ – ჩანთით სავარჯიშოდ გავრბოდი.
მაგრამ ყველა საიდუმლო ადრე თუ გვიან გამოაშკარავდება და ჩემი ტყუილიც მაშინ გამოაშკარავდა, როდესაც ნოვოსიბირსკის რეგიონის ჩემპიონატი მოვიგე და ციმბირის ფედერალური ოლქის ჩემპიონატში, რომელიც ჩიტეში უნდა ჩატარებულიყო, მონაწილეობისთვის მიმიწვიეს. სახლიდან ფარულად გასვლის შესაძლებლობა არ არსებობდა, ამიტომ ოჯახის წევრებისთვის სრული სიმართლის თქმა მომიწია.
ჩემდა გასაკვირად, როდესაც მამაჩემმა შეიტყო, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვიტყუებოდი, არ გაბრაზებულა და არ უჩხუბია. ზედმეტი შეკითხვების გარეშე ჩიტეში გამგზავრების ნება დამრთო. უფრო მეტიც, ჩემი სპორტული საქმიანობის მიმართ იმ მომენტიდან მთლიანად შეიცვალა დამოკიდებულება. დაინახა, რომ ჩემთვის საბრძოლო ხელოვნება გართობა, ან დროებითი ჰობი კი არ იყო, არამედ ბევრად უფრო სერიოზული რამ. მას შემდეგ მამაჩემი ყოველთვის მხარს მიჭერს და თავის მეგობრებთან ჩემი მოკრძალებული ჯილდოებით ამაყობს. ასეთ მომენტებში ვხვდები, თუ რამდენად ამაყია იგი ჩემს გამო.
– რაც შეეხება ქალი მებრძოლების თემას, გარშემომყოფთაგან რაიმე უარყოფითი ხომ არ გიგრძვნია?
– ჩემი თაობა არ ყოფს სპორტს ისე, რომ რაღაც ქალური იყოს და რაღაც- მამაკაცური. ახალგაზრდები თანამედროვე შეხედულებებს იზიარებენ, რასაც ვერ იტყვი უფროს თაობაზე. ჩემეული ცხოვრებისეული შეხედულებები განსაკუთრებით უფროსი თაობის ქალბატონებს არ მოსწონთ „რაში გჭირდება ეს ყველაფერი, შენ ხომ გოგო ხარ”, ”შეწყვიტე ბრძოლა, გათხოვებაზე და შვილებზე უნდა იფიქრო” – ხშირად მეუბნება ზოგიერთი ნათესავი და ნაცნობი.
ცხადია, ეს ყველაფერი არ მწყინს. მე მესმის მათი. ისინი განსხვავებულ პირობებში არიან გაზრდილები. ადრე, ცხოვრებისეული სფეროები მამაკაცების და ქალბატონებისთვის შესაფერისად იყოფოდა. ახალგაზრდა გოგონების მთავარი საფიქრალი კი ის იყო, რომ გათხოვილიყვნენ და შვილები გაეჩინათ. მაშინ ადამიანები ერიდებოდნენ იმას, რომ საზოგადოების მხრიდან განსჯის ობიექტები გამხდარიყვნენ.
საბედნიეროდ, საზოგადოების შეხედულებები იცვლება. თანამედროვე აზერბაიჯანელი გოგონები, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ, უმეტესწილად პროგრესულად აზროვნებენ. ახალგაზრდებს ესმით, რომ გოგოებს ნებისმიერ სფეროში შეუძლიათ გახდნენ პროფესიონალები და მიაღწიონ წარმატებებს, ამიტომ სქესის მიხედვით არავინ არავის განსჯის.
– ვარჯიშების და ორთაბრძოლების გარდა დროს როგორ ატარებთ?
– დღეისათვის მთელი ჩემი ცხოვრება – სამსახური და ვარჯიშია. თავისუფალი დრო საერთოდ არ მაქვს და თუ რაღაც წუთები გამომითავისუფლდა, დარბაზში მივდივარ. სულ რაღაც თვენახევარში (10-დან 17 ნოემბრამდე – ავტ.) ბაჰრეინში შერეული საბრძოლო ხელოვნების ორთაბრძოლის მსოფლიო პირველობა ჩატარდება, სადაც რუსეთის სახელით 56,7 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვიასპარეზებ. ამჟამად მთელი ჩემი შესაძლებლობებით და ძალებით ამ ბრძოლებისთვის მომზადებაში ვარ ჩართული. ჩემთვის ეს მხოლოდ შეჯიბრება კი არ არის, არამედ – მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩემს კარიერაში. მსოფლიო პირველობაში მონაწილეობის შემდეგ სამოყვარულო ММА -დან წასვლას ვგეგმავ.
– რატომ?
– მინდა პროფესიონალურ არენაზე გადავიდე. ჩემი ოცნებაა UFC-ის მებრძოლთა კლუბში მოხვედრა. ეს არის დღეისათვის ММА-ს ერთ-ერთი უდიდესი ორგანიზაცია მსოფლიოში. პროფესიონალური ბრძოლები სპორტსმენებისთვის საკუთარი უნარ-ჩვევების მსოფლიოსთვის ჩვენების შესაძლებლობა და ასევე ფულადი სარგებელის მიღებაა. ნებისმიერ თავმოყვარე სპორტსმენს სურს, რომ მისი მრავალწლიანი თავდაუზოგავი შრომა შესაფერისად დაფასდეს. გარდა ამისა, სამოყვარულო ММА-გან განსხვავებით, პროფესიონალურ არენაზე მოწინააღმდეგის თავად არჩევის შესაძლებლობა გაქვს – ეს არანაკლებ მნიშვნელოვანი ბონუსია – თუ შეიძლება რომ ასე ითქვას.
– აზერბაიჯანის დროშით გამოსვლა რომ შეეთავაზებინათ, როგორი რეაქცია გექნებოდა?
– დავიბადე და გავიზარდე რუსეთში. გულწრფელად და ერთგულად მიყვარს ეს ქვეყანა, თუმცა ფესვები არასოდეს დამვიწყებია. აზერბაიჯანთან დაკავშირებით განსაკუთრებულად თბილი დამოკიდებულება მაქვს. პერიოდულად ჩავდივარ იქ დასასვენებლად, მაგრამ სპორტული მიმართულებით ჯერ არ მომიწია იქ ჩასვლამ.
აზერბაიჯანის ნაკრებში გაწევრიანებას თუ შემომთავაზებენ და ჩავთვლი, რომ ეს ჩემთვის სასარგებლო იქნება და რამენაირად მიმაახლოებს UFC – ს, სიამოვნებით დავთანხმდები. ცხადია, ბაჰრეინში გამართულ მსოფლიო პირველობაზე რუსეთის დროშით გამოვალ და ყველანაირად ვეცდები ამ ქვეყანას გამარჯვება მოვუტანო. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, როდესაც პროფესიონალურ არენაზე გადავალ, შემიძლია მსგავს შემოთავაზებებზეც ვიფიქრო. ჯერ – ჯერობით, აზერბაიჯანელი პრომოუტერებისგან მიწვევა არ მიმიღია.
ლეილა ალიზადე
თარგმანი: ხათუნა პაპაშვილი