15 მაისიდან რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს აუქმებს, საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას 90 დღემდე ვადით უვიზოდ შეძლებენ. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოსცა. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები შევლენ რუსეთის ფედერაციაში ვიზის გარეშე, ვინაობის დამადასტურებელი საბუთების საფუძველზე (პასპორტი, დიპლომატიური პასპორტი, სამსახურებრივი პასპორტი, მეზღვაურის წიგნაკი, სამგზავრო დოკუმენტი საქართველოში დასაბრუნებლად), გარდა იმ მოქალაქეებისა, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში შევლენ შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად ან 90-დღეზე მეტი ვადით რუსეთში დროებით ყოფნისთვის. მათ შორის, განათლების მიღების მიზნით.
გარდა ამისა, პუტინმა გააუქმა თავისივე 2019 წლის 21 ივნისით დათარიღებული ბრძანება, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენებს უკრძალავდა და 15 მაისიდან ასევე, მოიხსნება აკრძალვა ფრენებზე საქართველოში.
რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები 2019 წელს, ე.წ “გავრილოვის ღამის”გამო შეწყდა. მაშინ მოსკოვმა ეს გადაწყვეტილება თბილისში რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების შემდეგ ცალმხრივად მიიღო. საპროტესტო გამოსვლები და დარბევა თბილისში 2019 წლის 20 და 21 ივნისს, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის დროს რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამის დაკავებასა და საქართველოს პარლამენტში რუსულ ენაზე ასამბლეის სესიის ჩატარებას მოჰყვა. 2019 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მოქალაქეებისთვის გამოსცა რეკომენდაცია, რომ საქართველოში მოგზაურობისგან თავი შეეკავებინათ.
მას შემდეგ, რუსეთის მხრიდან რამდენჯერმე გაკეთდა განცხადება, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების შესაძლებლობა არსებობდა, მაგრამ საჭირო იყო შესაბამისი სამუშაოს ჩატარება. დღეს, როდესაც რუსეთი უკრაინასთან კონფლიქტშია ჩართული, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივების გადაწყვეტილებას ქართული ოპოზიცია და ქვეყნის პრეზიდენტიც კი, “რუსეთის მორიგ პროვოკაციას” უწოდებენ.
“საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება მიუღებელია, სანამ რუსეთი განაგრძობს აგრესიას უკრაინაზე და ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია!”, – განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
მოგვიანებით კი, უფრო დეტალურად დაასაბუთა საკუთარი პოზიცია და აღნიშნული საკითხი საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებას დაუკავშირა. პრეზიდენტი უკმაყოფილოა იმით, რომ იუსტიციასთან ოთხწლიანი მოლაპარაკებებით ვერ მიაღწია შედეგს, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები გამარტივებულიყო.
“ვისაც სტკივა რუსეთში მყოფი ჩვენი მოქალაქეების ბედი, იმავდროულად, ნუთუ არ ადარდებს ამერიკაში, ან ევროპაში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ბედი, რომლებიც პირდაპირი რეისებით ვერ სარგებლობენ და მათაც უჭირთ სამშობლოში ჩამოსვლა”, – წერს ზურაბიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
საქართველოს პრეზიდენტი პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში სამუშაოდ წასვლა და უკან ჩამოსვლა შემოვლითი გზით უწევთ.
“რუსეთიდან უპრობლემოდ ჩამოდიან მინსკის, ერევნის, ბაქოს და თურქეთის გავლით, ან კიდევ ლარსის სახმელეთო საზღვრის გადაკვეთით. ვიზის პრობლემა ხომ არ ჰქონიათ! 700 000 -ზე მეტი შემოსული რუსეთის მოქალაქე (მათ შორის, ქართული წარმოშობის) და 600 000 გასული ჩვენი ქვეყნიდან, იმას მაინც ადასტურებს, რომ გადაადგილება მარტივია”, – ასეთია პრეზიდენტ ზურაბიშვილის პოზიცია.
რუსეთის მხრიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივება ოპოზიციის ნაწილმა საერთაშორისო იზოლაციის საფრთხედ აღიქვა და ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც “ქართული ოცნების” ხელისუფლება დადანაშაულებულია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის დარტყმის ქვეშ დაყენებაში, ქვეყნის რუსეთის გავლენის სივრცეში დატოვებაში.
“გავაკეთებთ ყველაფერს, ამ რეჟიმის დემოკრატიულად შესაცვლელად, იმისთვის, რომ ისტორიის გზაგასაყარზე მყოფი ჩვენი ქვეყანა შეუქცევადად დაადგეს დეოკუპაციის, ევროკავშირსა და ნატოში მიმავალ გზას. საქართველოს მთავრობა ცრუობს, თითქოს, პუტინის რეჟიმთან ერთად, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის გასაძლიერებლად მიიღო“, – ნათქვამია 7 ოპოზიციური პარტიის მიერ 12 მაისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; „ლელო“; „სტრატეგია აღმაშენებელი“; „გირჩი-მეტი თავისუფლება“; „ევროპული საქართველო“; „დროა“; „კანონი და სამართალი“.
პროფესორი, დიპლომატი გიგლა ბარამიძე დადებითად აფასებს პუტინის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ ის მიიღო რუსეთის ხელისუფლებამ და არა საქართველოს მთავრობამ, შესაბამისად, ამაში ხელისუფლების „ბრალეულობას“ ვერ ხედავს. მისივე შეფასებით, რადიკალური ოპოზიციას, რომელსაც რევანშისტული ჯგუფები წარმოადგენენ და პოლიტიკასთან უკვე საერთო არაფერი აქვთ, ზედმეტი აჟიოტაჟი აქვთ ატეხილი.
“ისინი ეძებენ მიზეზს, ნებისმიერ მიზეზს არეულობისთვის, რომ როგორმე, რაიმე წინააღმდეგობა გაუწიონ ქვეყანას ყველა მიმართულებით. ირქმევენ ვითომ დიდ დემოკრატებს, სინამდვილეში პირწავარდნილი სექტანტები არიან“, – აცხადებს ბარამიძე.
მისივე თქმით, რუსეთთან სავიზო რეჟიმს აქამდე რუსი ტურისტების საქართველოში ჩამოსვლისთვის ხელი არ შეუშლია, სავიზო რეჟიმი დაბრკოლებას ვისაც უქმნის, ეს არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რუსეთში ძირითადად სამუშაოდ მიდიან. გარდა ამისა, 90-დღიანი ვადა, რომელიც შენარჩუნებულია, არანაირად არ ამარტივებს რუსეთში სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობას.
„აშშ ამზადებს ნიადაგს დაელაპარაკოს რუსეთს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ამერიკის 2 მოქალაქის გათავისუფლებაზე. სანქციების შემსუბუქებასაც ჰპირდებიან მოსკოვს და საქართველომ, რატომ უნდა თქვას უარი ჩვენი ქვეყნის მილიონამდე მოქალაქის ინტერესების დაცვაზე?! რუსეთში დიდი რაოდენობით არიან ჩვენი თანამემამულეები, ძალიან ღირსეული ადამიანები, რომლებიც რუსეთში არალეგალურად არიან ჩასულები სამუშაოდ. ამ ადამიანებს ეძლევათ საშუალება, რომ შემოვლითი გზებით არ იარონ, განა ეს ცუდია?”, – აცხადებს გიგლა ბარამიძე.
მისივე თქმით, დღეს, რომ მოხდეს სასწაული და რუსეთის პირველმა პირმა ხელი მოაწეროს განკარგულებას და გააუქმოს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარება, ქართული ოპოზიცია ამაზეც ატეხს აჟიოტაჟს, არ გაუხარდებათ, რადგან “საქართველოს გაერთიანება მათ არ აინტერესებთ”.
გიგლა ბარამიძის თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე წლებია მიმდინარეობს მუშაობა, ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. რუსეთის ოფიციალური პირების მხრიდან პერიოდულად კეთდებოდა ამასთან დაკავშირებით განცხადებები.
კრემლის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს კიდევ ერთი დიპლომატი და პოლიტიკოსი ჰამლეტ ჭიპაშვილი. მისი თქმით, რუსეთს სავიზო რეჟიმი მთლიანად არ მოუხსნია, საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში ყოფნის 90-დღიანი შეზღუდვა მოქმედებს, თუმცა იმედოვნებს, რომ სამომავლოდ არსებული სავიზო რეჟიმი საქართველოსა და რუსეთს შორის მთლიანად გაუქმდება, რაც, ჭიპაშვილის თქმით, არის პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა შეიცვალოს.
როგორც Dalma News-ს ქართველმა დიპლომატმა განუცხადა, “პუტინის ეს გადაწყვეტილება არის ერთგვარი საჩუქარი საქართველოსთვის, იმის გამო, ქვეყანა არ ჩაერთო რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში და არ გახსნა მეორე ფრონტის ხაზი”. თუმცა, ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯები საქართველომ უპირველესად, საკუთარი ინტერესებისთვის გადადგა.
“რომ დაგვეწესებინა ეკონომიკური სანქციები რუსეთისთვის, ამით ჩვენ რუსეთს ვერაფერს დავაკლებდით. იმიტომ, რომ ჩვენგან შესული პროდუქტი რუსეთის ბაზარზე არის მხოლოდ ღვინო და მინერალური წყალი, იშვიათად ხილი. გარდა ამისა, რამდენიმე წლის წინ რუსეთმა მეღვინეობის განვითარებასთან დაკავშირებით მიიღო კანონი, მიიწვია ფრანგი მეღვინეები, მუშაობენ იმაზე, რომ რუსეთმა თავად დააკმაყოფილოს ალკოჰოლურ სასმელებთან დაკავშირებით რუსეთის მთელი მოთხოვნა. ამდენად ჩვენს ინტერესებშია, რომ ქართული ღვინის პოზიციები გამყარდეს რუსეთის ბაზარზე”, – აცხადებს ჰამლეტ ჭიპაშვილი.
Dalma News-ის კითხვაზე, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა რუსეთს რა ხარისხის დისკომფორტს შეუქმნის, დიპლომატმა განაცხადა, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა რუსეთს დიდად არაფერს დააკლებს და თუ ვინმე დაზარალდება, ისევ, ისედაც მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი საქართველოს მოსახლეობა. რაც შეეხება რუსეთს, მას არ აწყობს ის, რომ თუნდაც ისეთი სუსტი ქვეყანაც კი, როგორიც საქართველოა, მის წინააღმდეგ იყოს შემართული და აღმოჩნდეს მათ რიგებში, ვისაც აქვთ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი.
“ძალიან დადებითად ვუყურებ პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოს დღევანდელი და ხვალინდელი უკეთესი დღისთვის, იმიტომ, რომ ჩვენ რუსეთთან ურთიერთობა, ძალიან ბევრ რაღასაც გვაძლევს დღესაც. მოგვცემს ათჯერ მეტს, თუ კი უკეთესი ურთიერთობები იქნება, თუ გარკვეულ ეტაპზე შევინარჩუნებთ იმ ნეიტრალურ პოზიციას, რაც დღეს გვაქვს, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ დავიწყოთ ლაპარაკი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე”, – განაცხადა ჰამლეტ ჭიპაშვილმა.
მისივე თქმით, დიპლომატიური ურთიერთობები რომ აღდგება, მერე სხვანაირი ურთიერთობები ჩამოყალიბდება რუსეთ-საქართველოს შორის. ამის შესაძლებლობა დღესაც არსებობს, მაგრამ საქართველომ უნდა გადალახოს ისეთი ბარიერი, როგორიც არის ულტიმატუმის ენით ლაპარაკი.
გიორგი ქართველი