პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ ყურადღების ცენტრშია. ექსპრეზიდენტის ადვოკატი და მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა საათობრივად მძიმდება და სამკურნალოდ მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ. ხელისუფლება კვლავ უარზეა. იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მსჯავრდადებულის დაცვის მხარეს და მის გარემოცვას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო მუხტის შექმნის მცდელობასა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიაში ადანაშაულებს. როგორც მინისტრი განმარტავს, პატიმარი სააკაშვილი 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან, N12 საპატიმრო დაწესებულებაში შესახლების დღიდან სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რაც კანონმდებლობით აქვს მინიჭებული. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პატიმარმა ექსპრეზიდენტმა 1500 ვიზიტორი მიიღო.
დღეის მდგომარეობით სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკა “ვივამედში” იმყოფება და საჭირო მკურნალობა უტარდება. მინისტრის თქმით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სააკაშვილის გარემოცვა ექიმების დისკრედიტაციას ცდილობს და მედიკოსებს ძლიერი ფსიქოლოგიური წნეხისა და შეურაცხყოფების ფონზე უწევთ მუშაობა.
19 ნოემბერს სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა. მისი მტკიცებით, სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალები – ვერცხლისწყალი, ბარიუმი და თალიუმი. ალასანიამ მინიშნება მსჯავრდადებულის ხელოვნურ მოწამვლაზე გააკეთა. ამასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრომ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება სთხოვა, რაზედაც უარი თავად სააკაშვილმა განაცხადა. ამის შემდეგ მოწამვლის ფაქტი თავადვე უარყო და გაავრცელა განცხადება, – არასდროს მითქვამს, რომ ეჭვი მოწამვლაზე მაქვსო. – მოულოდნელად ნდობა “ვივამედის” ექიმებსაც გამოუცხადა.
“ამ თემაზე სპეკულაციები უადგილოა. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც უარესდება და განსაკუთრებით დამძიმდა ამ ბოლო ორ თვეში. „ვივამედის“ ექიმები მცდელობას არ აკლებენ. მნიშვნელოვანია, მივენდოთ სპეციალისტებს და ამ საკითხის ზედმეტი პოლიტიზება არ არის საჭირო“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
ბუნებრივად ისმის კითხვა, თუ ადამიანი ნამდვილად მოწამლულია, რატომ უნდა განაცხადოს უარი ექსპერტიზაზე?
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით, როდესაც საუბარია მოწამვლაზე, ეს უნდა იყო შესაბამისი ავტორიზებული ექსპერტიზის დასკვნით გამყარებული. სხვა შემთხვევაში ჩვეულებრივი სპეკულაციაა. მეორე მხრივ, თუ დაავადებები, რომლებზეც სააკაშვილის გარემოცვა საუბრობს, რეალურად სახეზეა, ეს სააკაშვილისთვის პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების სერიოზულ ბარიერს წარმოადგენს.
“შეუძლებელია, დემენციით დაავადებულმა ადამიანმა განაგრძოს პოლიტიკური საქმიანობა. არ ვიცი, ადვოკატებს ჰქონდათ თუ არა ამაზე სააკაშვილისგან თანხმობა. შესაძლოა, დაცვის ასეთი სტრატეგია აირჩიეს, რომ საზოგადოება დაეზაფრათ, მაგრამ ფაქტია, მიხვდნენ, რომ ასეთი სტრატეგია ჩიხში შემყვანი იყო. გადაწყვიტეს ცვლილებები შეეტანათ. ამას ემსახურებოდა სწორედ სააკაშვილის განცხადება, რომ მისი ჯანმრთელობის საკითხი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არ გამოეყენებინათ”, – განუცხადა Dalma News-ს ზაალ ანჯაფარიძემ.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიზებას განაგრძობს ოპოზიცია. ისინი ცდილობენ ქართული საზოგადოება და დასავლეთი დაარწმუნონ, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხი ქვეყნის ევროინტეგრაციის აუცილებელი კომპონენტია.
მათივე თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური დეპოლარიზაციას წარმოუდგენელია მაშინ, როდესაც სააკაშვილი ციხეშია. საპარლამენტო ოპოზიცია მმართველ ძალას ურჩევს ექსპრეზიდენტს მისცენ საშუალება სამკურნალოდ საზღვარგარეთ წავიდეს.
სააკაშვილის ინტოქსიკაციის ვერსიაზე უარს არ ამბობს ცენტრი “ემპათია” . უფრო მეტიც, ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი ნებისმიერ დროს შეიძლება გარდაიცვალოს, რომ მას ციხეში აწამებენ და არასათანადოდ ეპყრობიან.
ცენტრმა „ემპათიამ“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მომზადებული დასკვნა პირველ დეკემბერს გაასაჯაროვა. მათ მიერ მომზადებული დასკვნით, დაახლოებით 10-მდე დიაგნოზია დადგენილი, რაც სააკაშვილის პატიმრობას შეუთავსებელს ხდის, მაგრამ ამ ეტაპზე კონკრეტული დიაგნოზები არ ხმაურდება. სულ 20-ზე მეტ დიაგნოზზეა საუბარი. მომზადებული დასკვნა არის 194-გვერდიანი, ახლავს 22 დანართი, სულ ჯანში არის 2 980 გვერდი.
დასკვნის მიხედვით, სააკაშვილი დაპატიმრებამდე სრულიად ჯანმრთელი იყო, აღენიშნებოდა არტერიული ჰიპერტენზია, იღებდა სიმპტომურ პრეპარატებს. ამჟამად კი აღენიშნება დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრებს ტკივილი, კუნთების განლევა, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან ინტოქსიკაციის შედეგებსაც.
„ემპათიას“ მიხედვით, სააკაშვილს ესაჭიროება რამდენიმე ოპერაციაც. დასკვნის მომზადებაში ჩართული ექსპერტები ამბობენ, რომ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაყვანილი უნდა იყოს აშშ-ის ან ევროკავშირის ქვეყნების რომელიმე წამყვან კლინიკაში.
არსებობს თუ არა მოლოდინი იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება და მსჯავრდადებული სააკაშვილი შეიწყალოს. საზოგადოებას კარგად ახსოვს ზურაბიშვილის რადიკალური პასუხი: “არა და არასდროს!”.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა მართლაც გადახედოს თავის ადრინდელ განცხადებას, თუ სააკაშვილის სიცოცხლეს მართლაც საფრთხე შეექმნება.
“როცა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ეს სიტყვები განაცხადა, მაშინ სააკაშვილთან დაკავშირებით სხვა გარემოებები იყო. თუ დადგება ისეთი მდგომარეობა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა მართლაც გართულდა და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეგზისტენციალური საფრთხე („ეგზისტენციალური მდგომარეობა“, როდესაც ადამიანი კარგავს ორიენტირების უნარს სამყაროში, სადაც ყველაფერი უაზრო და აბსურდულია რედ.) შეექმნა, პრეზიდენტიც ადამიანია, სახელმწიფო მოღვაწე და შეიძლება გადახედოს თავის ადრინდელ განცხადებას”, – განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
მმართველ გუნდში მსჯავრდადებული მესამე პრეზიდენტის შეწყალების კატეგორიული წინააღმდეგნი არიან და იმედოვნებენ, რომ არც მოქმედი პრეზიდენტი გააკეთებს ამას. სხვა შემთხვევაში ეს იქნება არჩევანი სიმშვიდესა და არეულობას შორის. “ოცნების” ლიდერები ქვეყნის პირველ ქალ პრეზიდენტს შეფარვით ახსენებენ, რომ ის პრინციპული ადამიანია.
“სალომე ზურაბიშვილი თუ არჩევანს სიმშვიდესა და არეულობას შორის, არეულობის სასარგებლოდ გააკეთებს, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს”, – აცხადებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
თუმცა, მმართველ პარტიაში უკვე ეჭვობენ და ბოლომდე დარწმუნებულებიც აღარ არიან.
“არ მგონია და არ ვარ დარწმუნებული, რომ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს, რადგან ვფიქრობ, ქალბატონი სალომე პრინციპული ადამიანია”, – განაცხადა “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სააკაშვილის ოჯახს ექსპრეზიდენტის ქვეყნიდან ჰუმანიტარული მისიით გაყვანისთვის პიარკამპანიის წარმოებაში ამხელს. დეპუტატის ინფორმაციით, გიული ალასანია კონტრაქტს ლობისტურ კომპანიასთან აფორმებს.
გიული ალასანია ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით არა ლობისტური, არამედ იურიდიული კომპანია დაიქირავა, იმისთვის, რომ უფრო დამაჯერებელი იყოს ის დიაგნოზები, რომლებიც მათ საკუთარი სპეციალისტებისგან აქვთ.
ექსპერტი ნიკა ჩიტაძე დარწმუნებით ვერ ამბობს, უტყუარია თუ არა სააკაშვილის მოწამვლის შესახებ ინფორმაცია, თუმცა არც იმის სჯერა, რომ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლაში ხელისუფლების ხელი ერიოს.
“ყოველ შემთხვევაში არსებობს მედიკოსების დასკვნები, რომ ორგანიზმში დაფიქსირდა გარკვეული მომწამვლელი ნივთიერებები, თუმცა აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლებამ მოწამლა და შეგნებულად გააკეთეს ეს. შეიძლება კონკრეტულად სამედიცინო ხასიათის შეცდომას ჰქონდა ადგილი. ხშირად იწამლებიან სხვადასხვა ადამიანები”, – განუცხადა Dalma News-ს ნიკა ჩიტაძემ.
თუმცა ექსპერტს პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის მოწამვლის საკუთარი ვერსია აქვს. ჩიტაძე არ გამორიცხავს, რომ ამ მიმართულებით საქართველოში სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები მუშაობდნენ, რათა ქვეყანაში ვითარება დაიძაბოს და სააკაშვილის მომხრეები ქუჩაში გამოვიდნენ.
“დანარჩენს გამოძიება დაადგენს”, – აცხადებს ნიკა ჩიტაძე.
Dalma News-ის კითხვაზე, თუ ვის ინტერესშია სააკაშვილი იყოს ცოცხალი და ჯანმრთელი, ექსპერტი გვპასუხობს, რომ ეს არის, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის ინტერესში, თუმცა ამისთვის ხელისუფლება საკმარისს არ აკეთებს. ეს “საკმარისი” კი, ჩიტაძის აზრით ის არის, რომ “ქართულმა ოცნებამ” მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას შეუწყოს ხელი.
ნიკა ჩიტაძის შეფასებით, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება სააკაშვილის მიმართ ნაწილობრივ აკმაყოფილებს მოლოდინებს, რადგან დღეს მსოფლიო რუსეთ-უკრაინის ომზეა კონცენტრირებული.
ექსპერტის ეს მოსაზრება საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს. რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულმა, საომარმა ვითარებამ სააკაშვილის თემა მართლაც დაჩრდილა. საჭიროა მისი აქტუალიზაცია, მეტი პიარკამპანია და საერთაშორისო საზოგადოების დარწმუნება იმაში, რომ სააკაშვილს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ერჩიან, რომ ის დაცული ვერ იქნება ციხის მრავალრიცხოვანი დაცვის პირობებშიც კი. ორგანიზაცია „გლობალ ფოინთ ინთერნეიშენალის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში სააკაშვილი პოლიტპატიმრადაც კი არის მოხსენიებულია. მართალია ეს სტატუსი ექსპრეზიდენტს საკუთარმა დედამ, გიული ალასანიამ მიანიჭა, მაგრამ ფაქტია, რომ საერთაშორისო პიარი უკვე დაიწყო.
გიორგი ქართველი