კახეთში რთველი წელს საპროტესტო აქციებით დაიწყო. კახელი მევენახეები ვაზის გაჩეხვით იმუქრებიან, თუ მთავრობა დაპირებას არ შეასრულებს და ღვინის ქარხნების მიერ რქაწითელის ერთ ლარად, საფერავის კი 1,50 ლარად ჩაბარებას არ უზრუნველყოფს. ამ მოთხოვნით, რამდენიმე დღეა მევენახეები რეგიონში საპროტესტო აქციებს მართავენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა სურთ.
საპროტესტო აქციები 7 სექტემბერს სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში დაიწყო. 200–მდე მევენახე ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს წინასაარჩევნო დაპირებებს ახსენებს. მეორე დღეს უკმაყოფილო მევენახეებმა საავტომობილო გზა სოფელ კარდენახში გადაკეტეს. 10 სექტემბერს, ყურძენზე ფასის გაზრდის და ღვინის ქარხნების გახსნის მოთხოვნით მევენახეებმა აქცია გურჯაანის გამგეობასთან გამართეს და ქალაქის ცენტრალური ქუჩა გადაკეტეს, რასაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა და პოლიციამ დაუმორჩილებლობის ბრალდებით, აქციის 4 მონაწილე დააკავა. მოგვიანებით, შსს-ს პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალკოტესტით შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ორი დაკავებული ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
მევენახეების საპასუხოდ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაავრცელა, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ზვიად ბობოქაშვილის განმარტება, რომ საშუალოდ, ერთი კილოგრამი ყურძნის მოყვანა 29 თეთრი ჯდება და სოფლის მეურნეობის წარმოებაში 30%-იანი მოგების მარჟა სავსებით მისაღები უნდა იყოს.
ხელისუფლება ყურძნის ფასთან დაკავშირებით გამართული საპროტესტო აქციების პოლიტიკურ ჭრილში განხილვას შეეცადა და გამოითქვა ეჭვი, რომ ერთდროულად რამოდენიმე მიტინგის ძალიან ორგანიზებულად მოწყობა და ვაზის გაჩეხვის მუქარას, შესაძლოა გარკვეული პოლიტიკური სარჩული ჰქონდეს. სხვა თუ არაფერი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება, მმართველი კოალიცია “ქართული ოცნების” ხელისუფლებას კი პრობლემები საკმაოდ დაუგროვდა.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ კახელ გლეხებზე მორალური ზემოქმედება სცადა და 10 სექტემბერს “რთველი 2015”-ის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქართველი კაცისთვის ვაზის გაჩეხვა თუ ასეთი ადვილია, ის ვაზს ნამდვილად არ იმსახურებს. “სპეკულაცია ამ თემით ძალიან მიუღებელია”, – განაცხადა დანელიამ.
გურჯაანის საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ, გუშინ მინისტრი რეგიონს ეწვია და ზოგიერთი განმარტებები ადგილზე გააკეთა. კერძოდ, რომ მთავრობა უკვე წავიდა გარკვეულ კომპრომისებზე და ყურძენზე ფასების დამატებით გადახედვა არ იგეგმება. რომ მოხდება იმ ყურძნის სუბსიდირება, რასაც ქარხნები ვერ ჩაიბარებენ.
გურჯაანის გარდა, საპროტესტო აქციები დღეს ყვარლის და საგარეჯოს რაიონებშიც არის დაგეგმილი.
რთველის საკოორდინაციო შტაბის მონაცემებით წლეულს კახეთში ყურძნის უხვი მოსავალია და რეგიონში 200 ათას ტონამდე ყურძენი უნდა აიღონ. დღეის მდგომარეობით, ყურძნის გადამუშავების პროცესში 17 კომპანიაა ჩართულით, მათ შორის, სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 4 ღვინის საწარმო, რომელიც ყურძენს დედოფლისწყაროს რაიონიდან იღებს. სახელმწიფო ერთ კილოგრამ რქაწითელში 25 თეთრს იხდის, რასაც სახელმწიფო სუბსიდიის სახით 35 თეთრი ემატება და ჯამში 60 თეთრს შეადგენს. საფერავს სახელმწიფო 60 თეთრად იბარებს და სუბსიდიის სახით 15 თეთრი ემატება, ჯამში ერთი კილოგრამი საფერავის ფასი 75 თეთრია. რთველის შტაბის განცხადებით, რეგიონში უკვე 4,4 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული.
ღვინის ეროვნული სააგენტოს დირექტორი გიორგი სამანიშვილი მიიჩნევს, რომ პრობლემა შეიქმნა სუბსიდიებითა და ბაზარზე უხეში ჩარევით. მისი თქმით, გლეხებს მაღალი ფასის მოლოდინი ჰქონდათ და ამდენად უჭირთ რეალურ ფასთან შეგუება.
ამ დროისთვის ქარხნებს 4 ათასი ტონა ყურძენი აქვთ ჩაბარებული. სოფლის მეურნეობის სამინისტროში პროცესი გაგრძელებასა და მეტ აქტივობას ალიან.
Dalma News -სთვის შორენა პაპაშვილი