სომხეთის კულტურის დედაქალაქ გიუმრიში 15 აპრილს, VIII საერთაშორისო მუსიკალური ყოველწლიური ფესტივალ-კონკურსი “აღორძინება” გაიხსნა.
წელს კონკურსი სომხეთის დამოუკიდებლობის ოცდამეხუთე წლისთავს მიეძღვნა, მისი დევიზია – “ხელოვნება ომისა და ტერორის წინააღმდეგ”. ფესტივალის პროფესიონალური ჟიურის 85 წარმომადგენელი მსოფლიოს 21 ქვეყნიდან ჩავიდა, მათ შორის ადამ ბარო (საფრანგეთი), ლევონ ჩილინგარიანი (დიდი ბრიტანეთი), ლუბოვ კაზარნოვსკაია (რუსეთი) და სხვ.
გახსნის ცერემონიალზე სომხეთის კულტურის მინისტრმა ასმიკ პოღოსიანმა მრავალრიცხოვან აუდიტორიას მიმართა და მსგავსი ფესტივალის გამართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“მნიშვნელოვანია ყველა მიხვდეს, რომ ჩვენ აქცენტს მომავალზე ვაკეთებთ. უკანასკნელი მოვლენების გათვალისწინებით, აღორძინების იდეა ისეთი აქტუალურია, როგორც არასდროს. დღეს მხოლოდ ხელოვნებას შეუძლია ომს ებრძოლოს”.
ცერემონიის სტუმრებსა და მონაწილეებს სიტყვით ქალაქ გიუმრის მერმა სამველ ბალასანიანმაც მიმართა. მან კიდევ ერთხელ ისაუბრა მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე, ასევე დიდი სიხარულით განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში სომეხმა, ძირითადად გიუმრელმა სპორტსმენებმა, სერიოზულ წარმატებებს მიაღწიეს.
ისევე, როგორც წინა წლებში, ჟიურის ყველა წევრი მასტერ-კლასებს ჩაატარებს გიუმრისა და ერევანში. ამგვარად, გიუმრის კონსერვატორიაში მასტერ-კლასები ჩაატარა ოპერის ცნობილმა მომღერალმა ლუბოვ კაზარნოვსკაიამ. ახალგაზრდა თაობასთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარისას პრიმადონამ ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სომხური საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან, “ომისა და მშვიდობის” საკითხზე ისაუბრა.
“მიმაჩნია, ომები უნდა შეწყდეს, დედებმა ვაჟები აღარ უნდა მიაბარონ მიწას, მსოფლიოში ხვალინდელი დღის შიში აღარ უნდა არსებობდეს. დროა ყველა დამშვიდდეს და თავი დაანებოს აგრესიას, ადამიანური ხასიათის საშინელი გამოვლინებები წარსულში უნდა დარჩეს, რადგანაც ჩვენი პატარა პლანეტა დაღუპვის პირასაა. მსოფლიო აგრესიამ, ბრძოლებმა და კრიზისმა შთანთქა. ყველგან გაუბედურებული და უიმედო დევნილია. მართლაც საგანგაშო ვითარებაა და კავკასიაში კიდევ რომ მსგავსი რამ მოხდეს, ჩათვალე, ყველაფერი დაკარგულია. სამყარო სიკეთისთვის, სათნოებისთვის არის შექმნილი და იმისთვის, რომ დაიბადოს ახალი თაობა, გავრცელდეს სიყვარული და ღმერთს ვაჩვენოთ, რომ მისი ქმნილებები ვართ და ჩვენც ისევე გვიყვარს იგი, როგორც მას ვუყვარვართ”.
Dalma News-ის კორესპონდენტის შეკითხვაზე, თუ რა აზრის არის მშვიდობაზე, კაზარნოვსკაიამ განაცხადა, რომ მისთვის პირველ რიგში, ეს არის სიყვარული საკუთარი მიწისადმი, მშობლების პატივისცემა და პროფესიის სიყვარული. “ადამიანობა არასდროს უნდა დაიკარგოს. უღირსი საქციელი ყველასთვის დაუშვებელია. მშვიდობა სიყვარულშია. ჩემს შვილს ყოველთვის ვასწავლი ამას”.
სომხური მიწა ყოველთვის სახელგანთქმული იყო თავისი ხმით,- ამბობს ლუბოვ კაზარნოვსკაია. “დღევანდელ მასტერ-კლასებზე ვხედავ ბავშვებს, რომლებიც ახლა იწყებენ თავიანთ კარიერულ საფეხურებზე სიარულს. მათში ამ დიდი პროფესიული მონაცემების გაღვივებაა საჭირო. მოველი ნებისმიერ კონკურსის, ან ფესტივალის ჩატარებას, რომელიც ძალიან საინტერესო ახალგაზრდა, ნიჭიერ ხალხს გამოავლენს, რომლებსაც ნორჩი ყვავილივით მოვრწყავთ და გავზრდით”.
“ახალგაზრდა არტისტებს ვეტყვი, რომ ჩვენ ღმერთისთვის, მშვიდობისთვის ვქმნით. ჩვენთვის არ არსებობს ნაციონალობა და ურთიერთისგან განსხვავებულობა. თუ შენ მუსიკას ჰქმნი, მოცარტს, შუბერტს, ჩაიკოვსკის, კომიტასს მღერი, ან ბეთხოვენს უკრავ, ისეთივე უნდა იყო, როგორებიც ისინი იყვნენ. მათ გულები მთელ კაცობრიობას მიუძღვნეს და ისინი მსოფლიოს ეკუთვნიან. ჩვენ სწორედ ამ სიყვარულის სხივი უნდა ვატაროთ. მიმაჩნია, რომ ის სიყვარული, რომელსაც მუსიკის, რუსეთის, სომხეთის, ჩემი პროფესიისა და მთელი სამყაროსადმი ვგრძნობ, ნოტების შვიდ ხაზს შორის არის მოქცეული.
ნებისმიერი კონფლიქტი, ან ომი ჩემში საოცარ გულის ტკივილს იწვევს. დღეს აქ ვარ, რადგანაც მიმაჩნია, რომ სომეხ ხალხს უნდა ამოვუდგე მხარში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ აზერბაიჯანელი ხალხი არ მიყვარს, ან მათი წინააღმდეგი ვარ, თუმცა, აქ განსაკუთრებული სიახლოვე მაკავშირებს. ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ ომი დაუშვებელია. ბავშვობა ერევანში გავატარე, მაშინ მამაჩემი აქ მსახურობდა და მასთან ერთად მთელი რესპუბლიკა მოვიარე. საოცრად მეგობრული და თბილი ადამიანების გარემოცვაში ვიყავით”.
კაზარნოვსკაიამ უშუალოდ თავისი გამოსვლის წინ კიდევ ერთხელ მიმართა თავის აუდიტორიას.
“როდესაც მუზები მღერიან – ქვემეხები სდუმან, რადგანაც მუსიკა, სიკეთე და სიყვარული ინტერნაციონალური ენაა. მას გადათარგმნა არ სჭირდება. თქვენ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეგიძლიათ ლამაზად იმღეროთ, ან დაუკრათ”.
ჟიურის კიდევ ერთმა წევრმა, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატმა, ლონდონის სამეფო კონსერვატორიის პროფესორმა, ცნობილმა მევიოლინე ლევონ ჩილინგარიანმა Dalma News-ის კორესპონდენტთან საუბარში განაცხადა, რომ წლების შემდეგ გიუმრიში დაბრუნებული, გაოცებულია ქალაქის უკეთესობისაკენ ცვლილებით, თუმცა ძალზედ შეშფოთებულია აპრილის მოვლენების გამო.
“ვსაუბრობ არა როგორც სომეხი, არამედ როგორც დიდი ბრიტანეთის მოქალაქე: მშვიდობის შენარჩუნებისთვის ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ”.
ფესტივალი მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ სომხეთის, არამედ მთელი რეგიონის ცხოვრებაში. ამას ადასტურებს ისიც, რომ ფესტივალში ძალიან ბევრ ადამიანს სურდა მონაწილეობა. საბოლოოდ ღონისძიებისთვის მსოფლიოს 36 ქვეყნიდან 3000 მონაწილე შეირჩა. მათ შორის ყველაზე პატარა, 5 წლის მიშა ალექსანიანი იყო, ერევნიდან, ხოლო ყველაზე უფროსი – 58 წლის გრიგორ ტანანიანი ტავუშიდან. მუსიკა, კულტურა, ხელოვნება ყველაფრის მიუხედავად მაინც არსებობს, ერთ წუთს არ ჩერდება და ყველაზე რთულ, ყველაზე საშინელ წუთებში გვიმშვიდებს სულებს!
ნეტავ, ქვემეხები სამუდამოდ დადუმდნენ და მუზამ მარადიულად იარსებოს!
მოამზადა არმინე აგარონიანმა
Lina levine-ის ფოტოები