აზერბაიჯანის პოლიტიკური ცხოვრების ბოლო დღეების მოვლენები სენსაციურ ახალ ამბად იქცა. აშშ-ს ჰელსინკის კომისიამ, კრისტოფერ სმიტის ხელმძღვანელობით კონგრესში კანონპროექტი წარადგინა, რომელიც აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გულისხმობს.
“ჩვენს ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი კავშირების არსებობას ვაღიარებთ, როგორც ეროვნული უშიშროების, ისე ეკონომიკის სფეროში. მაგრამ შეერთებული შტატები ვეღად დაიბრმავებს თვალებს აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევის აღმაშფოთებელ ფაქტებზე”,- განაცხადა კონგრესმენმა სმიტმა. ჟურნალისტებსა და აქტივისტებს გამუდმებით აპატიმრებენ, უფლებების დამცველ ადვოკატებს დევნიან და საადვოკატო კოლეგიიდან რიცხავენ, დევნიან ასევე რელიგიურ უმცირესობებსაც.
“აზერბაიჯანში დემოკრატიის შესახებ აქტი” ცხადყოფს, რომ შეერთებული შტატები სერიოზულად ეკიდება ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტალურ თავისუფლებას და რომ ჩვენ კომპრომისზე არ წავალთ, როდესაც საქმე ეხება სამართლინობას, პოლიტიკური ოპოზიციის, მედიისა და რელიგიური უმცირესობების მიმართ რეპრესიის საშიშროებებს”, – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.
განცხადებას სულ სხვა კუთხით რომ შევხედოთ, იბადება კითხვა: მართლა აღელვებთ ამერიკელ კონგრესმენებს აზერბაიჯანის დემოკრატია და ადამიანის უფლებები, თუ ამაში სულ სხვა მიზნები და სურვილები იმალება? იქ, სადაც “ამერიკულმა დემოკრატიამ” ფეხი შედგა ადამიანის უფლებები უფრო მეტად შეილახა. ამიტომაც ამ შემთხვევაში დემოკრატიაზე, ამ სიტყვის სრული გაგებით, საუბარი ზედმეტია. მაინც რა სურთ ოკეანის გადაღმა ბატონებს აზერბაიჯანისგან?
დავიწყოთ იქიდან, რომ კონგრესმენის განცხადებაში მოულოდნელი და სენსაციური არაფერია. გარკვეულწილად ის მოსალოდნელიც იყო.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, აზერბაიჯანი ყოველთვის ცდილობდა დამოუკიდებელი პოლიტიკა ეწარმოებინა, რაც სავსებით აკმაყოფილებდა ვაშინგტონს, ერთდროულად მხარდაჭერას ღებულობდა კრემლისა და თეირანის მხრიდან.
მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის ყველა ენერგეტიკული პროექტი მისი და დასავლეთის უსაფრთხოების მთავარი გარანტია, აზერბაიჯანი ნატოსა და აშშ-სთვის ვერ იქცა მორიგ “ყურმოჭრილ არაბ მონად”, რომელიც ამერიკის ინტერესების მიხედვით, ახლო აღოსავლეთის პროექტში აშშ-ს “საფულეს” პოლიტიკას გაატარებდა.
ამერიკელი დიპლომატების მოთმინების ფიალა მას შემდეგ აივსო, რაც აზერბაიჯანმა ანტირუსულ სანქციებს მხარი არ დაუჭირა, პირიქით – კიდევ უფრო მეტად განამტკიცა ურთიერთობები ოფიციალურ კრემლთან.
ესმის ვაშინგტონს ბაქოსი?
როგორც Dalma News-ს პოლიტოლოგმა ტოფიგ აბასოვმა განუცხადა, ბოლო ხანებში ვაშინგტონი აქტიურად განიხილავს აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამით ორმხრივი უფრთიერთობების პლატფორმას ანგრევს და ბაქოსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთქმედების ფორმატის გაფართოებას შეგნებულად უშლის ხელს.
“ამერიკელი ისტებლიშმენტის პრეტენზიები უსაფუძვლოა. ამერიკელი პოლიტიკოსები და ზოგიერთი კონგრესმენი ხელოვნურად აზვიადებენ ამ საკითხს, რათა აზერბაიჯანს საკუთარი აზრი მოახვიონ თავს და ოფიციალური ბაქოს მიერ სუვერენული კურსის გატარებაზე ზეგავლენა მოახდინონ”,- ამბობს ექსპერტი.
აბასოვის თქმით, იმ პირობებში, როდესაც დემოკრატიის მოთხოვნა, უფლებებისა და სამართლიანობის დაცვა აზერბაიჯანის ხელმძღვანელობაზე ზემოქმედების იარაღად იქცევა, ორმხრივი გეგმების განხორციელება, რაც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ რეალური და ურთიერთმომგებიანი იყო, ეჭვქვეშ დგება, ეს კი თავის მხრივ, სერიოზულ დარტყმას მიაყენებს ორივე ქვეყნის ბიზნესს.
“აზერბაიჯანში დღეს ბევრი სვამს კითხვას: რამდენად მიზანშეწონილია დიალოგის წარმოება იმ ქვეყანასთან, რომელიც ურთიერთობებს დიქტატურის საშუალებით აწყობს და პრაქტიკულად არ ითვალისწინებს მეორე ქვეყნის მოსაზრებებს?”, – დასძინა აბასოვმა.
კითხვაზე, გამოიწვევს თუ არა სანქციების დაწესება აზერბაიჯანის რუსეთთან დაახლოვებას, პოლიტოლოგმა განაცხადა, რომ ასეთ ვითარებაში სხვა ქვეყანასთან თანამშრომლობის პოტენციალის გამოყენება აუცილებელია.
“უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბაქო ყოველთვის ცდილობდა ყველასთან კარგი ურთიერთობი დაემყარებინა. ამ კონტექსტში იმის მტკიცება, რომ ბაქო ვაშინგტონის ჯიბრზე თანამშრომლობის ფორმატში რუსეთთან იურთიერთობს, არასწორი იქნებოდა. იმავდროულად გასათვალისწინებელია გარემოებაც, რომ რუსეთი აზერბაიჯანის უშუალო მეზობელია და ამ ქვეყანასთან ურთიერთობა სტაბილურად ვითარდება. ამით დაინტერესებულია ბაქოც და მოსკოვიც”, – დასძინა მან.
დაკვეთა, თუ ადამიანის უფლებების დაცვის საბაბით შენიღბვა?
აზერბაიჯანთან დაკავშირებით სამართლიანობისა და მიუკერძოებლობაზე საუბრისას პოლიტოლგმა ილგარ ველიზადემ განაცხადა, რომ ადამიანის უფლებების საკითხი ამერიკულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში ახალი ნამდვილად არ არის და ყოველ ჯერზე, როდესაც ბაქოსა და ვაშონგტონის საგარეო პლიტიკური ინტერესები ერთმანეთისგან განსხვავდება, ეს საკითხი განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს.
“ახლაც, როდესაც ბაქო კმაყოფილებას გამოხატავს ეუთოს მინსკის ჯგუფის ამერიკელი თანათავმჯდომარე ჯეიმს უორლიკის მიმართ, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრო შესაბამის ნოტას აქვეყნებს, ამ წინადადების ინიცირების ამბავი ვრცელდება. ამასთანავე, გარკვეული შეუთავსებლობა არსებობს კანონპროექტის მოქმედ ინიციატორებსა და იმას შორის, რაც დღეს აზერბაიჯანში ხდება.
მთელი რიგი ცნობილი უფლებათადამცველების მიმართ ბოლო დროს სადამსჯელო ზომა შეიცვალა, ცნობილ ჟურნალისტებთან დაკავშრებით საგამოძიებო მოქმედებების ხასიათის შეცვლის შესაძლებლობა გაჩნდა, უფლებების დამცველი ორგანიზაციები ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების ამნისტირების ინიციატორები ხდებიან. ამის მიუხედავად, აშშ-ს ჰელსინკის კონგრესი, იმის ნაცვლად, რომ მხარი დაუჭიროს ამ ინიციატივებს და კონსტრუციული დიალოგი დაამყაროს აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან, ფაქტობრივად აიძულებს მას მკაცრ ზომებს მიმართოს”, – მიაჩნია პოლიტოლოგს.
ეშმაკსაც წაუღია ბალანსი და ეროვნული ინტერესები…
აღნიშნული კანონპროექტისა და შესაბამისი გადაწყვეტილებისას აშშ-ს მოტივების შესახებ საუბრისას პროექტ “თუმცა. ევრაზია”-ს შეფ-რედაქტორმა სემენ ურალოვმა განაცხადა, რომ აშშ-ს პოზიციები აზერბაიჯანთან დაკავშირებით კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის საერთო სტრატეგიიდან გამომდინარეობს.
“იდეის თანახმად კონფლიქტში სულ უფრო ახალ-ახალი მონაწილეები უნდა ჩაერთონ. თუ გავითვალისწინებთ იმ “შპაგატს”, რომელსაც ბაქო მოსკოვსა და ანკარას შორის აკეთებს, კონფლიქტში აზერბაიჯანის ჩასართავად მას არჩევანის გაკეთება უნდა აიძულონ.
სანქციები ყოველთვის სიგნალია ელიტისთვის. მოცემულ შემთხვევაში ბაქოს ელიტას მიანიშნებენ, რომ თუ მრავალვექტორული პოლიტიკა გაგრძელდება, შესაძლოა დაზარალდეს საზღვარგარეთ გახსნილი პირადი ანგარიშები, უძრავი ქონება და შვილები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ. სანქციების მეორე მიზანია ელიტაში განხეთქილების შეტანა, რომლის დროსაც საქმიანი წრეები და ოლიგარქები პრეტენზიებს სახელმწიფოს მეთაურს წაუყენებენ. მაგრამ, ვფიქრობ, აზერბაიჯანში ამ ეფექტს ვერ მიაღწევენ”, – ამბობს სემენ ურალოვი.
ანტიაზერბაიჯანულ კანონპროექტზე საუბრისას, კიდევ ერთი რუსი პოლიტოლოგი ალექსანდრე გუშინი ამბობს, რომ დოკუმენტის ტექსტიდან გამომდინარე სჩანს, რომ ეს საკმაოდ სერიოზული ინიციატივაა.
“პროექტს შედარებით უფრო სერიოზული რამ უდევს საფუძვლად, ვიდრე მაგალითად, ბელორუსის მიმართ ევროკავშირის სანქციებია. ანუ, მათი მიღების შემთხვევაში, ამან შესაძლოა მოსახლეობაც დააზარალოს. მაგრამ, ჩემის აზრით, ეს ჯერჯერობით უბრალოდ დაშინებაა: ქვეყნის შიგნით პროამერიკული ლობის კონსოლიდირების მცდელობა და იმის ჩვენება, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის ის არ არის მაბალანსირებელი, რაც ამერიკას სჭრდება”, – ამბობს პოლიტოლოგი.
მისივე თქმით, აშშ-ში შესანიშნავად იციან, რომ ირანთან შეთანხმება ბაქოში შეკითხვებს ბადებს ნავთობის მოპოვებასა და ტრანზიტში მის ადგილსა და როლთან დაკავშირებით.
“ჩემის აზრით სანქციებს მაშინვე არ დააწესებენ. ჯერჯერობით ამის მხოლოდ დემონსტრირებას ახდენენ. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ეს პირველი სერიოზული მცდელობა იყოს აიძულონ ბაქო ფეხდაფეხ მიჰყვეს ამერიკას, რაც არც მოსკოვს აძლევს ხელს და არც – ანკარას. გათვლა კეთდება პროდასავლური ისტებლიშმენტის მობილიზაციაზე, რათა მან თავის მხრივ, გავლენა მოახდინოს პრეზიდენტზე და აიძულოს შეთავაზებული მიმართულებით წავიდეს. ამ ეტაპზე რაიმე პროგნოზის გაკეთება რთულია, მაგრამ შესაძლოა ბაქოს ელიტის უმრავლესობაში ამ ვითარებამ შიში დათესოს, ხოლო მათ სიფრთხილე შეჰმატოს”, – დასძინა ექპსერტმა.
P.S. პოლიტიკა არის შესაძლებლობების ხელოვნება. თუ რომელიმე ქვეყანას სხვა ქვეყანაზე ზემოქმედებისთვის გარკვეული ბერკეტების გამოყენების შესაძლებლობა ეძლევა, მაშინ ის ამ შესაძლებლობებს ხელიდან არ გაუშვებს. საიდუმლო არ არის, რომ, როდესაც ვაშინგტონი ამა თუ იმ ქვეყანასთან ურთიერთობაში რაიმე გადაწყვეტილებას იღებს, ამას საკუთარი გეოპოიტიკური და ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს.
ყოველივე ზემოთ თქმულის ფონზე, ბაქოსა და ვაშინგტონს შორი მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, ინტენსიურ ფაზაში შევა. გამორიცხული არ არის, რომ ბაქომ პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების ლიბერალიზაციის თვალსაზრისით პრაქტიკული ნაბიჯები გადადგას, რათა კანონპროექტის მიღებას ხელი შეუშალოს.