სამყაროს ხელოვნება
თუ ვსაუბრობთ ხელოვნებით შეპყრობილ ადამიანზე – ამ სიტყვის კარგი მნიშვნელობით, მაშინ სომხეთის სსრ-ის სახალხო მხატვარი, მოქანდაკე, სომხეთში კერამიკული ქანდაკებების ფუძემდებელი, რიპსიმე სიმონიანი ამის ერთ-ერთი ბრწყინვალე მაგალითია. მისთვის ხელოვნება ყველაფერი იყო, მასზე მაღლა არაფერი იდგა. როდესაც ქმნიდა ყველაფერი ავიწყდებოდა იმ ონკოლოგიური დაავადების ჩათვლით, რომელიც მას დაუდგინეს. სწორედ ასე დაამარცხა ავადმყოფობა.
საუკუნის შემდეგ
ყოველ ჯერზე, როდესაც აბოვიანის ქუჩაზე გაივლი, კერამიკული ქალი ზურგს უკანაც გიყურებს და გზაზე მზერით გაცილებს. რაოდენ ჩაუწვდომლად შექმნა რიპსიმემ ეს თვალები, რომლის გამოხედვა ფიზიკასაც ეწინააღმდეგება და ფიზიოლოგიასაც. ხელოვნების საიდუმლოებები ერთადერთმა მხოლოდ ღმერთმა იცის.
შარშან რიპსიმე სიმონიანის დაბადებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ა.ხაჩატუროვის სახლ-მუზეუმში გამოფენა გაიხსნა. რიპსიმემ იმდენად მდიდარი შემოქმედებითი მემკვიდრეობა დატოვა, რომ მის სახელზე ათობით გამოფენის მოწყობა შეიძლება, თანაც ისე, რომ ექსპოზიციები არ განმეორდება. მხატვრის შვილიშვილმა-არევიკ გრიგორიანმა, განაცხადა, რომ ბებიამისის მიერ შექმნილი ნიმუშების სრული კოლექციის შეგროვება შეუძლებელია, რადგანაც ისინი არა მხოლოდ სომხეთში, ერევნის ეროვნული სურათების გალერეადან, არამედ რუსეთში, მოსკოვის კერამიკის მუზეუმამდე ყველგანაა გაფანტული.
ავიღოთ მაგალითად, მისი ხელით მოხატული თასები და ლამბაქი, ქანდაკებები. იგი ორიოდე წლის განმავლობაში ერევნის ფაიფურის ქარხნის მთავარი მხატვარი და მოქანდაკე იყო. 70 წლის შემდეგ ეს ჭურჭელი ერევნის ბევრ ოჯახში გაიფანტა და დღეს მათი ფასი ანტიკვარიატის ფასს უტოლდება, ისინი ძალიან ძველია, თუმცა თანამედროვეს არაფრით ჩამოუვარდება. 40-იან წლებში, თითქმის მთელი ათწლეულის განმავლობაში, ფაიფურის დიზაინით იყო გატაცებული, რასაც უშედეგოდ არ ჩაუვლია. აკვარელი, გრაფიკა, თიხა და ქვა, საიუველირო სამკაულები – ის დეკორატიული და გამოსახვითი ხელოვნების ის ჟანრია, რომელშიც რიპსიმე სიმონიანი მუშაობდა, თანაც ყოველთვის სრულყოფილად.
შვილიშვილს ძალიან სურდა გამოხმაურებების წიგნის, თუნდაც ნაწილის გადათარგმნა, რათა ცნობილი ყოფილიყო ის, თუ ვინ რა ჩაწერა ინგლისურად, ფრანგულად და არაბულად. თავად სიმონიანის სახელოსნოში კი ლეგენდარული კათოლიკოსი ვაზგენ პირველი იმყოფებოდა, რომელთანაც ძალიან თბილი ურთიერთობები ჰქონდა ზუსტად ისევე, როგორც დიდებულ ავეტიკ ისააკიანთან, მხატვრებთან და კოსმონავტებთან, მწერლებთან და დიპლომატებთან…
ყარსიდან ერევანში, თბილისის გავლით
რიპსიმე სიმონიანი ყარსში დაიბადა. ხოცვა-ჟლეტას ოჯახი გაექცა, მაგრამ ისევ დაბრუნდა. თუმცა 1918 წელს საბოლოოდ დატოვა სამშობლო და თბილისში დამკვიდრდა. 1930 წელს დაამთავრა სკოლა და მოეწყო თბილისის სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების ფაკულტეტის კერამიკულ განყოფილებაში. მისი მასწავლებელი, იაკობ ივანეს ძე ნიკოლაძე თავად როდენის მოსწავლე იყო. 1945 წელს აკადემიის დამთავრების შემდეგ სიმონიანმა მხატვარ-კერამიკოსის სპეციალობა აითვისა. 10 წლის შემდეგ კერამიკის კურსის პედაგოგად მუშაობს, ხოლო 1965 წელს ერევნის სახელმწიფო სამხატვრო-თეატრალური ინსტიტუტის ქანდაკების ფაკულტეტის დოცენტი გახდა.
რიპსიმე გაურკვეველი მიზეზების გამო სამშენებლო ტექნიკუმში მოხვდა, სადაც ხიდების მშენებლის დიპლომს იღებს. სიმონიანმა ამ სფეროშიც გამოსცადა საკუთარი თავი და მიასნიკიანის გამზირის დასაწყისში ხიდის მშენებლობაში მიიღო მონაწილება. ხიდის საყრდენებს ერთი მხრიდან ნამგალი და ურო გაუკეთა, ხოლო მეორე მხრიდან – ვარსკვლავი.
1943 წელს ოჯახი საცხოვრებლად ერევანში გადავიდა. სიმონიანმა იქ ტემპერამენტული შემოქმედებით მოღვაწეობა დაიწყო. რიპსიმე ძალიან ბევრ გამოფენაში მონაწილეობდა, ხოლო 1945 წელს მხატვართა კავშირის წევრი გახდა, რამაც გამოყენებითი ხელოვნების სექციის კარი გაუღო. 1956 წელს სამხატვრო-თეატრალური ინსტიტუტის ქანდაკების ფაკულტეტზე კერამიკის განყოფილება გახსნა. ასე დაიწყო სომხურ დეკორაციულ-გამოყენებითი ხელოვნების ტრადიციების აღორძინება და შემდგომი განვითარება.
იმავდროულად სიმონიანმა პორტრეტული ქანდაკებების მთელი სერია შექმნა. მაგალითად, მჯდომარე ავეტიკ ისაჰაკიანის პორტრეტი სავსებით გამოდგებოდა მონუმენტად, რომელიმე პარკში, ან მოედანზე. რიპსიმემ შექმნა ასევე ხაჩატურიანის და სარაჯევის, ჰოვანეს თუმანიანის და ხაჩატურ აბოვიანის, ასევე რუმინელი საოპერო მომღერლის ზინაიდა პალის მიერ განსახიერებული ამნერისის და კარმენის სახეები. ხოლო ყველაზე საყვარელი თემა, ქალის სახე – დედა, რომლის ქანდაკებაც სიმონიანმა შექმნა, სითბოს და სინაზეს, ბრწყინვალებას და უნიკალურობას ასხივებს. შეყვარებულების პარკში, ქალაქის მთავარ გამზირზე არიან ასეთი “არმენუი”-ები.
ყოველთვის ფორმაში
არევიკ გრიგორიანი იხსენებს, რომ მისი ბებია არასოდეს იცვამდა უბრალოდ. გემოვნებით ჩაცმული ბრწყინვალე და ლამაზი ქალბატონი, როგორც ქალების, ისე მამაკაცების ყურადღებას ყოველთვის იპყრობდა. მის თითოეულ კოსტიუმს თავისი შესაფერისი ფეხსაცმელი ჰქონდა, თანაც ეს საბჭოთა პერიოდში, როდესაც შესაბამისი საქონელი არ არსებობდა. გარდა ამისა, რიპსიმე ტუჩსაცხის გარდა არანაირი კოსმეტიკით არ სარგებლობდა. სამაგიეროდ ძალიან უყვარდა საიუველირო სამკაულები.
ამ ადამიანს უჩვეულოდ დიდი ენერგია და უსაზღვრო შემოქმედებითი იდეები ჰქონდა. შესაძლოა, ბევრი იდეა განუხორციელებელი დარჩა. სახელოსნოში, რომელსაც შვილიშვილი ქიმიურ ლაბორატორიას ამსგავსებდა. მუშაობა, სწავლა, მხატვართა კავშირში მრავალფეროვანი მოღვაწეობა, შემდეგ კი სახლი, სტუმრების მიღება, რაც თითქმის ყოველდღიური ჩვეულება იყო.
რიპსიმე სიმონიანმა მოხუცებულობას მიაღწია, მაგრამ მის გვერდით სიტყვა “მოხუცებულობის” მნიშვნელობა არავის და არასოდეს გახსენებია. პირველი ქორწინებიდან მას ვაჟი ჰყავდა, რომელიც ცნობილი სომეხი და საბჭოთა არქიტექტორი გახდა – საუბარია არცვინ გრიგორიანზე.
რიპსიმეს მეორე მეუღლე ცნობილი ქირურგი, რუბენ პარონიანი იყო. ის არის ექიმი, რომელმაც სომხეთში პირველმა განახორციელა კუჭის რეზექცია. იგი მეუღლეზე, სულ მცირე 20 წლით უფროსი იყო, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია სიყვარულის ძალიან ლამაზი ისტორიისთვის. პარონიანი სამედიცინო ინსტიტუტის პედაგოგი იყო. მისი სამსახური რიპსიმე სიმონიანის სახელოსნოს გვერდით იყო. რუბენი თითქმის ყოველდღე ყიდულობდა ყვავილების თაიგულს და სამუშაო დღის ბოლოს ერთადერთთან შესახვედრად გარბოდა.
მოამზადა რუბენ გიულმისარიანმა