რიოს ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე, რომელსაც წელს ბრაზილია მასპინძლობს, ქართული ნაკლების ჩაცმულობას სოციალურ ქსელში საქართველოს მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა.
ნაკრებისთვის ფორმის დაუყოვნებლივ შეცვლის მოთხოვნით მოქალაქეებმა ონლაინ-პეტიციაც კი გამოაქვეყნეს, რომელზეც საკუთარი ხელმოწერა პირველივე წუთიდან 2000-ზე მეტმა ადამიანმა განათავსა. ისინი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტისგან ქართველი სპორტსმენების ჩაცმულობის დაუყოვნებლივ შეცვლას მოითხოვენ, უკიდურეს შემთხვევაში – გადაკეთებას, რადგან მიაჩნიათ, რომ თეთრი, კოჭებამდე კაბები, ორნამენტებში გაწყობილი წითელი მოსაცმელები და ამავე ფერის ქისები, არ შეეფერება თანამედროვე კულტურულ სახელმწიფოს.
ოლიმპიელთა ჩაცმულობით გამოწვეული აჟიოტაჟი გასაკვირი არაა, რადგან მიმომხილველები მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებებზე ყოველთვის ასახელებენ ყველაზე გემოვნებიან და უგემოვნო დელეგაციებს. ამდენად, საკმაოდ დიდი ყურადღება ექცევა, როგორც ოფიციალურ სამოსს, რომლითაც სპორტსმენები გულშემატკივრების წინაშე გახსნის ცერემონიალის აღლუმზე წარდგებიან, ასევე სპორტულ ფორმას.
რიოს მოახლოებული ოლიმპიური თამაშების საუკეთესო სპორტულ და ოფიციალურ ფორმებს, პოპულარულმა ამერიკულმა ჟურნალმა Forbes-მა საგანგებო სტატია მიუძღვნა. მათი მოწონება კანადელთა ოფიციალურმა ფორმამ დაიმსახურა, რომელიც დენ და დინ კეიტენების დიზაინით შეიქმნა. მეორე ადგილი ერგო დიდი ბრიტანეთის ფორმას, რომელზეც დიზაინერმა სტელა მაკარტნიმ კომპანია “ადიდასთან” ერთად იზრუნა. ბრიტანელთა სპორტულ ფორმაში ჩართულია ეროვნული ელემენტები, რაც მაყურებელს მიახვედრებს, რომ არენაზე გამარჯვებისთვის ბრიტანელი სპორტსმენი იბრძვის. ეროვნული დროშის ფერებში შემოსა შვედეთის ოლიმპიელთა და პარაოლიმპიელთა ნაკრები კომპანია H&M-მა. Forbes-ის რეიტინგში მეოთხე ადგილი აშშ-ს ხვდა წილად, მათ ჩაცმულობაზე რალფ ლორენმა იზრუნა. საფრანგეთის ნაკრები კი ცნობილმა ბრენდმა, Lacoste -მ გამოაწყო.
ოლიმპიელების ფორმებს შორის არის რეტრო სტილიც, მაგალითად მედიის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო და ძირითადად მაღალი შეფასება დაიმსახურა, ავსტრალიის ოლიმპიური ნაკრების ჩაცმულობამ. თავად ბრაზილიელებმა კი საკარნავალო განწყობა აქაც შეინარჩუნეს და სამოსში ყვითელი, ცისფერი, წითელი, სალათისფერი ჩართეს.
ქართველი ოლიმპიელების ჩაცმულობას რაც შეეხება, მაღაზია “სამოსელმა პირველმა” გადაწყვიტა, რომ 21-ე საუკუნეში ქართველები მსოფლიოს სპორტული საზოგადოების წინაშე გვიან შუა საუკუნეებში გავრცელებული სტილით უნდა წარმდგარიყვნენ. ქართველი გულშემატკივრების კრიტიკაც მათი მისამართით გაისმა.
“სამოსელი პირველი” ბიზნესმენ ლევან ვასაძეს ეკუთვნის, ინტერნეტმომხმარებლებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს და სოციალურ ქსელში ის ფოტოები დადეს, სადაც ვასაძის მეუღლე, კოჭებამდე კაბაშია გადაღებული, ისეთივე მოსაცმელსა და თავსაბურავშია გამოწყობილი, როგორც ოლიმპიელებს ეცვათ, განსხვავება ფერშია.
“როგორც თავის ცოლს აცმევს კოჭებამდის, ისე ჩააცვა ოლიმპიერებსაც,” – წერს Facebook–ში ერთ-ერთი მომხმარებელი.
როგორც საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში განმარტავენ, ქართული ოლიმპიური დელეგაციისთვის 80 ფორმა შეიკერა და სულ 80 ათასი ლარი დაჯდა. ანუ თითო სამოსის ღირებულება 1000 ლარს შეადგენს. აქედან 14 გოგონების.
“ოლიმპიური ნაკრების შესამოსელთან დაკავშირებით გავრცელდა აზრი, რომ თითქოს ეს სამოსი ქართული ტრადიციისთვის უცხო, შუა აზიური ორნამენტის და სტილისაა. ამასთან დაკავშირებით გვინდა განვმარტოთ. სამწუხაროა, რომ კომუნისტურმა ეპოქამ იმდენად დაგვაშორა მშობლიურ კულტურას, რომ ქართული უკვე უცხოდ გვეჩვენება. ეს სამოსი მოსასხამი წარმოადგენს საქართველოში გვიან შუასაუკუნეებში გავრცელებულ ქალის შესამოსელს. მისი სახელია ელეგი. იგი უმეტესად დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული. ელეგი იკერებოდა მაუდის, აბრეშუმის, ან ხავედისგან. ნაქარგი ორნამენტებით სამოსის კიდეზე და სახელოებზე. მუზეუმის საცავებში არაერთი საინტერესო ნიმუშია დაცული”, – ამგვარად უპასუხა მათი შემოქმედებით უკმაყოფილო მოსახლეობას “სამოსელმა პირველმა” ფეისბუკის საკუთარ გვერდზე
მათ განმარტებას კიდევ უფრო მეტი კრიტიკა მათსავე ვერდზე:
“რა შუაშია გვიანი შუასაუკუნეების დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ტანსაცმლის ნიმუშები? შეიძლება, ცუდი არ არის, მაგრამ კონტექსტი? და კისრამდე, კოჭებამდე და შუა მაჯამდე. მოგეფიქრებინათ რამე, უფრო თანამედროვე სპორტს რომ შეეფერება ისეთი”, – წერს ერთ-ერთი მოქალაქე.
ვინმე გიორგი ბაგრატიონი კი ხუმრობის სახიათზეა და Facebook-ის მომხმარებლებს სთხოვს ვასაძის ტელეფონი ნომერი მისცენ, – კარგი, დიდებული ცხენები ვიშოვე და ეგებ გააყოლოს რიოში. ფასზე შევთანხმდებითო, – წერს იგი.
“საშინელება და უგემოვნო ტანსაცმელია, რამე დააშავეს სპორტცმენებმა ასე რომ დასაჯეს? ჩადრები რატო არ ახურავთ?” – წერს ლეილა ახვლედიანი.
კრიტიკოსებს შორის არიან ისეთებიც, ვისაც ნიშნის მოგებაზე, ან დაცინვაზე მეტად ჩაცმულობის ზოგიერთი დეტალის დაზუსტება სურთ. მაგალითად, რად უნდათ ქართველ სპორტსმენ ქალბატონებს ქისები, – “მედლების ჩასაწყობად? მართლა მაინტერესებს. გარეთ 2016 წელია, ადამიანი მარსზე მიემგზავრება, რამდენიმე წელიწადში კი რობოტები ისე განვითარდებიან, რომ კაცობრიობას დაიმონებენ? ხომ შეგეძლოთ, რაღაც თანამედროვე მოგეფიქრებინათ?” – წერს ვინმე Ia Vekua.
ხოლო ისინი, ვინც ქართული სამოსის ისტორიას უკეთ იცნობენ, “სამოსელ პირველს” შემოცდომებისკენ უთითებენ. როგორც Tamta Tamara Shavgulidze წერს, მიუხედავად იმისა,რომ ელეგი, დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული და ქართული, გვიანი პერიოდის სამოსის კომპლექსშია ჩართული, თურქ-სელჯუკური ესთეტიკის ყველა ნიშანს ატარებს და თურქული სამოსის ნაწილია.
“სამოსელი პირველმა” არგუმენტის სახით სოციალურ ქსელში გაავრცელა პაშა დადიანის ფოტოები, სადაც, მათივე განმარტებით, თავადის ქალი ელეგშია გამოწყობილი.
თამარ შავგულიძე კი განმარტავს, რომ სინამდვილეში პაშა დადიანს აცვია არა აჭარული ელეგი, არამედ თაგალა, რომელიც ძვირადღირებული ბეწვით შემკული ქათიბის თარგზეა მოჭრილი. მისივე თქმით, თაგალაც და ელეგიც თურქული გავლენის ნიშანია, ამდენად ეეჭვება, მაღაზია “სამოსელი პირველი” კარგად იცნობდეს ქართული სამოსის ისტორიას.
“ეს ამბავი იმის ნიშანიც არის, რომ “სამოსელი პირველმა” ისე აიღო ქართული სამოსელის დამზადების ფუნქცია თავის თავზე, რომ ქართული კოსტუმის ისტორია დიდად არ იცის. მიმაჩნია, რომ ეროვნული სამოსით ასეთი გლობალური მასშტაბის სპორტულ ასპარეზობაზე გამოსვლა, რომელიც მთელ მსოფლიოს აერთიანებს ადამიანის სხეულის სიმძლავრის და ფენომენის დემონსტრირების, სოლიდარობის და უამრავი რამის გარშემო, რამაც არ იცის არც ეროვნება და არც პათეტიკური ქართლის დედობა, მინიმუმ პროვინციელობაა. ვითარების ადეკვატური უნდა იყოს ქვეყანა, არ დაკარგო შენი ეროვნული სახე პრინციპულ სიტუაციაში, მაგრამ იყავი მსოფლიოს ნაწილი, რას ემიჯნები ამ შენი ჩიხტიკოპებით მთელი სამყაროს ერთიანობის ჟამს?” – წერს სოციალურ ქსელში Tamta Tamara Shavgulidze.
ამ აზრთა ჭიდილში გულშემატკივრები “სამოსელ პირველსაც” აღმოაჩნდნენ. “ფეისბუქის” მომხმარებელ Ladi Pirtskhalava-ს მიაჩნია, რომ “სამოსელი პირველი” რისთვისაც შეიქმნა ის მისია შეასრულა, ქართული სამოსი ქართველებისთვის ცნობადი და პრესტიჟული გახადა და ამისთვის ძალიან დიდი სამუშაო გასწიეს. მაგრამ ეს ბრენდი არ არის ახლის შემქმნელი, იგი ძველის რაკონსტრუქციისთვის შეიქმნა და არა თავისუფალი და სპორტული სტილის სამოსისთვის.
“კიდევ ერთხელ გამახსენდა: პური მეპურემ უნდა გამოაცხოს. ამაში შეცდა ოლიმპიური კომიტეტი, 80 000 ეიაფათ და იფიქრეს, ქართველები ხომ კონსერვატორები არიანო და გაუხარდებათო. ასე, რომ არ აღმოჩნდა, ახლა “სამოსელ პირველზე” უნდათ გადაიტანონ დარტყმა,” – წერს Ladi Pirtskhalava.
ოლიმპიური ნაკრების ფორმა რიგითი მოქალაქეების გარდა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემაც გააკრიტიკა და მას უგემოვნო და უსახური უწოდა. მისი აზრით, ოლიმპიური ფორმა უნდა იყოს მსუბუქი, ძალიან ორიგინალური, ახალგაზრდული და სექსუალური. გარდა ამისა, რამდენი ნიჭიერი დიზაინერი გვყავს მთელ მსოფლიოში მიმოფანტული, რომელთა გამოცდილების გაზიარება სრულებით შეიძლებოდაო.
“არ მაინტერესებს, ვინ შეკერა ეს უმსგავსობა. მთავარია, რომ უგემოვნებო და უსახური ფორმები შეკერა და საქვეყნოდ დასაცინად გაგვიხადა საქმე. იქნებ ჯერ კიდევ შეიძლება ამ მარაზმატული შეცდომის გამოსწორება?”, – აცხადებს კვაჭანტირაძე და ქართველ სპორტსმენებს რიოში გამარჯვებას და სამშობლოში მედლებით დაბრუნებას უსურვებს.
“სამოსელი პირველის” მიერ შეკერილ სამოსში გამოწყობილი სპორტსმენები ქართულმა საზოგადოებმა პირველად 23 ივლისს, თბილისის ოლიმპიურ პარკში ოლიმპიური ფიცის დადებისა და საქართველოს დელეგაციის გაცილების ცერემონიალზე იხილა.
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტ ელგუჯა ბერიაშვილის განმარტებით, ფორმების შეკერვისას მთავარი ფაქტორი იყო, რომ ისინი საქართველოში, ქართულ კომპანიას შეეკერა და ამისთვის გამოყოფილი თანხაც საქართველოში დახარჯულიყო. მისივე ინფორმაციით, “სამოსელი პირველის” გარდა, სხვა კომპანიებთანაც მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, თუმცა საბოლოოდ ამ მაღაზიაზე შეჩერდა არჩევანი.
“მე მგონი, ლოგიკურია. საერთოდ, ქართული სამოსი საქართველოში უნდა შეკერილიყო,” – აცხადებს იგი.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე კი განმარტავს, რომ ქართველ სპორტსმენებს ექნებათ შესაძლებლობა, რიოში ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე ამინდის მიხედვით ჩაიცვან, თუმცა ეს არ ეხებათ მამაკაც სპორტსმენებს, რადგან მათთვის ალტერნატიული უნიფორმა შექმნილი არ არის.
რაც შეეხება ქალებს, როგორც ირკვევა – არჩევანი აქაც შეზღუდულია. არსებობს შესაძლებლობა, რომ მათ არ ჩაიცვან წითელი კოსტიუმი და სანაცვლოდ ყაბალახით, ან აჭარული ქამრით შეიმოსონ. ორივე შემთხვევაში თეთრი კაბა დარჩება. ალტერნატიული ვარიანტის შემთხვევაშიც უცვლელი ატრიბუტია ქისაც, რომელშიც სპორტსმენები ტელეფონს, ან ცხვირსახოცს ჩადებენ.
თავად ნინო სალუქვაძე ოლიმპიური ჩემპიონია ტყვიით სროლაში და იგი წლევანდელ ოლიმპიადაში რიგით მერვედ მონაწილეობს სპორტსმენის რანგში. პირველი შემთხვევაა, რომ მას გუნდის “სპეციალური” წევრი, მისი ვაჟი ცოტნე მაჭავარიანი შეუერთდება.
როგორც ნინო სალუქვაძე ამბობს, სპორტსმენს არასდროს ეკითხებიან მოსაზრებას, თუ ოლიმპიადაზე, როგორი ჩაცმულობით ურჩევნია წარდგეს. თავისი ვარიანტი ქალბატონ ნინოსაც ჰქონდა, მაგრამ ალტერნატივა უნდა გაკეთებულიყო თანამედროვეობასა და ისტორიას შორის. არჩევანი ამ უკანასკნელზე შეჩერდა და გადაწყდა, რომ რიოში საქართველოს ნაკრები ეროვნული ორნამენტებით გაწყობილი სამოსით წარსდგებოდა.
“ოლიმპიადაზე საქართველო არასდროს ყოფილა ეროვნულ სამოსში, ამიტომ ამჯერად ასე გადაწყვიტეს. მე შევქმენი ულტრა-თანამედროვე კოსტიუმები, რომელზეც ორი წლის წინ ერთ-ერთი დიზაინერი ვამუშავე, მაგრამ, კოლეგიური კომიტეტის უმრავლესობამ სხვაგვარად გადაწყვიტა. უნდოდათ გაკეთებულიყო ნაციონალურ მოტივებზე და ალბათ იმიტომ მივადექით “სამოსელ პირველს”, რადგან ეს კომპანია ქმნის ამ სტილის ტანსაცმელს და უფრო მეტად გამოცდილია ამ სახის კოსტუმების შექმნაში. ეს ფორმა უმრავლესობის, მათ შორის სპორტსმენების გადაწყვეტილებით შეირჩა,” – ამბობს სალუქვაძე.
ატეხილ აჟიოტაჟს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ, საინტერესო ჟესტით უპასუხეს. ოლიმპიურ სამოსში გამოწყობილებმა ფოტოები გადაიღეს და facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნეს. ფოტოებს მოჰყვა კომენტარები, სადაც მოქალაქეები ძირითადად პირველი ლედის მომხიბვლელობას უსვამენ ხაზს და აღნიშნავენ, რომ მას ყველანაირი სამოსი უხდება.
ვინმე levan nacvlishvi-მა ეჭვიც კი გამოთქვა, რომ ეს ფოტოები ფოტოშოპია და შეუძლებელია პრეზიდენტსა და პირველ ლედის ეს სამოსი მოსწონებოდათ. უმეტესობამ კი ეს ჟესტი სპორტსმენების მიმართ მხარდაჭერად შეაფასა და არა “სამოსელი პირველის” ნახელავით აღფრთოვანებად.
“სოლიდარობის ეს ფორმა თუ დასჭირდებოდათ ოლიმპიელებს, არ მეგონა, მაგრამ მათ სპორტულ მდგრად განწყობას არამგონია რამემ შეუშალოს ხელი. ლეო ვასაძემ იკითხოს თავის უკანასკნელ სამოსზე თორემ… ისე ძაან მინდა ღადაობა ერქვას ამ ფოტოს და მიზანიც ეგ იყოს! რა ვქნა, ყველაზე მეტად მეელეგანტურებით!” – წერს ინტერნეტმომხმარებელი Giga Kitia.
გაცილება…
საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ბრაზილიაში გაცილების ოფიციალური ცერემონია 23 ივლისს თბილისის “ოლიმპიურ პარკში” გაიმართა. ცერემონიაზე ოლიმპიური ფიცი 39-მა ქართველმა სპორტსმენმა დადო, რომლებიც სპორტის 13 სახეობაში იასპარეზებენ, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობაა. ფიცის ტექსტი საქართველოს 2015 წლის სპორტსმენმა, თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა წაიკითხა:
საქართველოს სპორტსმენები პირობას ვდებთ, რომ არ დავზოგავთ ჩვენს ენერგიას და ძალას, შესაძლებლობასა და გამოცდილებას, რათა ვაჩვენოთ მაღალი სპორტული შედეგები და წარმატებით დავიცვათ ჩვენი სამშობლოს ღირსება საერთაშორისო სარბიელზე. პირობას ვდებთ, რომ ვიასპარეზებთ ჭეშმარიტი სპორტული და ოლიმპიური სულისკვეთებით და ოლიმპიური ქარტიის წესების პატივისცემითა და დაცვით
სპორტსმენები ბრაზილიაში საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა გააცილეს. პრეზიდენტი მარგველაშვილი სპორტსმენებს გულშემატკივრობას დაჰპირდა და იმედი გამოთქვა, რომ მათი გამარჯვების აღსანიშნავად, რიოში ბევრჯერ აჟღერდება საქართველოს ჰიმნი, რაც მილიონობით ქართველის გულს გაახარებს და გააბედნიერებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კი თავის მხრივ განაცხადა, რომ საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისთვის, 13 სახეობაში 39 სპორტსმენი საკმაოდ დიდი რიცხვია. მაგრამ მიაჩნია, რომ სპორტი ყველა ადამიანს აძლიერებს, ბრძოლის ჟინით აღავსებს.
“აქ ვხედავ ლეგენდებს, რომლებმაც შთაგვაგონეს, რომ მიგვეღწია ბევრი გამარჯვებისთვის ცხოვრებაში. ეს დიდი მისია გაკისრიათ თქვენ, ჩვენო სასიქადულო ოლიმპიელებო, რომ საქართველო აავსოთ პოზიტივით, გამარჯვების ჟინით”, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა სპორტსმენებს და გამარჯვებით დაბრუნება უსურვა.
ოლიმპიადაში 207 ქვეყნის 10 ათასზე მეტი სპორტსმენი იასპარეზებს. შეჯიბრებებს მარაკანას სტადიონი უმასპინძლებს. ოლიმპიადა რიო-დე-ჟანეიროში 5 აგვისტოს გაიხსნება და 16 დღე გაგრძელდება.
შორენა პაპაშვილი