სომხეთში, 5 დეკემბერს, ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე ქვეყნის კონსტიტუციის შეცვლის საკითხზე რეფერენდუმი დაიწყო. კითხვა, რომელსაც სომხეთის მოქალაქეებმა უნდა უპასუხონ, ასეთია: “ეთანახმებით თუ არა სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის შეცვლას?” დოკუმენტი მიღებულად ჩაითვლება, თუ კენჭისყრაში მონაწილე მოსახლეობის ნახევარზე მეტი, მაგრამ ამომრჩეველის საერთო რაოდენობის სულ მცირე მეოთხედი დადებითად უპასუხებს. ამგვარად, საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ პროექტის გასასვლელად საკმარისი იქნება დაახლოებით 650 ათასი მომხრე.
რას რაზე ცვლით?
ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს სომხეთის შერეული მმართველობის ფორმიდან საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლას, ასევე არაპირდაპირი არჩევნების სისტემას, პრეზიდენტის უფლებამოსილების მნიშვნელოვნად შეზღუდვასა და პარლამენტის, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრისთვის ფართო უფლებების მინიჭებას, ასევე პარლამენტის ფორმირების პროპორციულ სისტემას.
ყველაზე სადაო პუნქტად ითვლება საპარლამენტო არჩევნების შედეგად ერთ-ერთი პოლიტიკური ძალისგან უმრავლესობის აუცილებელი ფორმირება და უმრავლესობის არ არსებობის შემთხვევაში მეორე ტურის ჩატარება.
რეფორმას მხარს უჭერს მმართველი რესპუბლიკური პარტია, სომხური რევოლუციური ფედერაცია “დაშნაკცუტუნი” და პარტია “აყვავებული სომხეთი”. ხოლო პარლამენტში წარმოდგენილი პარტიები “მემკვიდრეობა”, “ორინაც ერკირი” და სომხეთის ეროვნული კონგრესი წინააღმდეგნი არიან. რამდენიმე პოლიტიკურმა ძალამ საერთოდ უარი თქვა საკონსტიტუციო რეფორმის პროექტის განხილვაში მონაწილეობაზე.
სააგიტაციო კამპანია
ფართომასშტაბიანი სააგიტაციო კამპანია 10 ოქტომბერს დაიწყო და 4 დეკემბერს შუა ღამით დასრულდა. საკუთარი არგუმენტების მოსახლეობისთვის გასაცნობად ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს დაეთმოთ საეთრო დრო ტელევიზიასა და რადიოში, მათ შორის უფასოდაც. 5 დეკემბრის დადგომამდე, წინა დღისით “დუმილის დღე” გამოცხადდა და აგიტაცია ოფიციალურად აიკრძალა.
ხმის მიცემა
ერევანის დროით, დილის 8 საათზე მთელს ქვეყანაში პოლიტიკურად აქტიური მოქალაქეებისთვის 1997 საარჩევნო უბანი გაიხსნა. შეთავაზებულ რეფორმასთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება 2 მილიონ 550 323 მოქალაქეს ჰქონდა. რეფერენდუმის მსვლელობას 18 ადგილობრივი და 6 საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდებოდა. მათ შორის დსთ-ს, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს სადამკვირვებლო მისიები, ასევე უცხო ქვეყნების ცესკო-ს წარმომადგენლები.
ხმის მიცემა საღამოს 8 საათამდე გაგრძელდა. ამის შემდეგ ბიულეტენების დათვლა დაიწყო. წინასწარი შედეგები ორშაბათს, 7 დეკემბერს საღამოს 8 საათზე გამოქვეყნდა. რეფერენდუმის საბოლოო შედეგები კი ერთი კვირის განმავლობაში, არა უგვიანეს 13 დეკემბრამდე უნდა გამოქვეყნდეს.
ჩვენი ეგზიტ-პოლი
ნაშუადღევს Dalma News-ის კორესპონდენტი, ვითარების სანახავად აბოვიანის სახელობის მეორეს სკოლის ტერიტორიაზე გასხნილ საარჩევნო უბანზე მივიდა და მინიგამოკითხვა ჩაატარა.
ხმის მიცემა სკოლის კარგად განათებულ ჰოლში მიმდინარეობდა, სადაც მაგიდებზე სამი ურნა იდგა ბიულეტენებისთვის. ადგილზე უბნის საარჩევნო ცხრაკაციანი კომისია და ერთი დამკვირვებელი – ოპოზიციური პარტია “მემკვიდრეობის” წარმომადგენელი მუშაობდა.
ვიზუალური შთაბეჭდილებით, აქტიურობა მაღალი იყო. ყოველ შემთხვევაში ამ კონკრეტულ უბანზე ხალხის ნაკადი არ შემწყდარა. ამომრჩევლებს შორის ყველა ასაკის წარმომადგენლები იყვნენ.
ხმის მიცემის პროცესი საერთო ჯამში მშვიდად, აშკარა დარღვევების გარეშე მიმდინარეობდა. თუმცა, დღეს ინციდენტის გარეშე მაინც არ ჩაუვლია. ჩვენს იმპროვიზირებულ ეგზიტ-პოლს საარჩევნო კომისიის წევრები არ აღუფრთოვანებია. საომრად განწყობილმა ქალბატონმა (როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დამხმარე იყო) ჩვენი ჟურნალისტი ზიანისმომტან სააგიტაციო კამპანიის ჩატარებაში დაადანაშაულა და არაორაზროვნად მიანიშნა, რომ მისთვის არაფერს ნიშნავდა “მთელი ეს არეულობა”. ვერბალური თავდასხმის გარდა მან სცადა ჟურნალისტისთვის გამოკითხვის ჩანაწერები წაერთმია. მედიის წარმომადგენლის დასაცავად ინციდენტში ჩაერთო პარტია “მემკვიდრეობის” ზემოთ აღნიშნული დამკვირვებელი, რომელმაც “კოლეგას აუხსნა, რომ უბნის გასასვლელთან გამოკითხვის ჩატარება აბსოლუტურად კანონიერია. ქალბატონი დაამშვიდეს, ჟურნალისტს კი ჩანაწერი დაუბრუნეს.
საბოლოოდ უბნის გასასვლელში 30 ადამიანი გამოიკითხა. მოქალაქეებმა უპასუხეს კითხვებს: თუ მხარს უჭერენ საკონსტიტუციო რეფორმას, რა პლიუსებს ხედავენ, თუ არა – რა მინუსებს?
გამოკითხული 30 ადამიანიდან 28-მ, ანუ აბსოლუტურმა უმრავლესობამ რეფორმას მხარი არ დაუჭირა. საკონსტიტუციო ცვლილებაზე დადებითად მხოლოდ ორმა ამომრჩეველმა ისაუბრა. მოწინააღმდეგეებს არგუმენტად მოჰყავთ არა იმდენად რეფორმისადმი, არამედ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატორი ხელისუფლებისადმი უნდობლობა. გამოკითხვის შედეგების შეჯამების შედეგად შეიძლება ითქვას, რომ ხალხს დიდად არც ესმის რა აზრი დევს საკონსტიტუციო ცვლილებებში და არც დეტალების გარკვევა სურს, მაგრამ საარჩევნო უბანზე მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ თავისი პოზიციის დასაფიქსირებლად მივიდა.
ამომრჩევლების უმრავლესობის პასუხი ასეთი იყო: “საქმე ცვლილებებში კი არ არის, არამედ ის, თუ ვინ ახდენს ამ ცვლილებებს“ და “არას” “მოქმედ რეჟიმს ვეუბნები”. დაფიქსიდრა ასევე განსხვავებული აზრიც. მაგალითად, ერთ-ერთმა ქალბატონმა ხელისუფლება “ცუდ ქმარს” შეადარა და განაცხადა, რომ ცუდ ქმართან ცხოვრებას სჯობს მიატოვოო.
საერთო ჯამში, იქმნება შთაბეჭდილება, რომ სოხმეთის საზოგადოება დაბალი დონის ინფორმირებულობისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ დეტალური ცოდნის მიუხედავად უბრალოდ ინტუიციით ხვდება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობა არ არსებობს და მიაჩნიათ, რომ პროექტი ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს – ამჟამინდელი მოქმედი ხელისუფლების “ხანგრძლივი ზაფხული” უზრუნველყოს.
აღსანიშნავია ისიც, რომ იმ ორმა ამომრჩეველმა, რომლებმაც დადებითად უპასუხეს შეკითხვას, ვერ ახსნეს გასაგებად თავიანთი არჩევანი. კითხვაზე: რაში ხედავთ რეფორმების უპირატესობას, ერთ-ერთმა ასე უპასუხა: „25 წელი მმართელობის ამჟამინდელი ფორმით ვცხოვრობთ, მაგრამ არაფერი შეცვლილა. იქნებ მისი შეცვლა უკეთესიც იყოს ?!“. როგორც ამბობენ…
და როგორია ოფიციალური გამოკითხვების შედეგები?
აბსოლუტურად სხვაგვარი. APR Group-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, როდესაც 11-დან 20 ნოემბრამდე სომხეთის 1300 რესპონდენტი გამოკითხეს, რეფორმას მხარი დაუჭირა 37,4%-მა, ხოლო წინააღმდეგი 39,5% იყო. პასუხის გაცემა გაუჭირდა 23,5%-ს. 2014 წელს ჩატარებული გამოკითხვებისგან განსხვავებით, რეფორმის მომხრეების რაოდენობა წელს 12 %-ით გაიზარდა. ხოლო შარშან სომხეთის ახალი კონსტიტუციის წინააღმდეგ 61% იყო.
სახეზეა აშკარა წინააღმდეგობრიობა ოფიციალურ სტატისტიკასა და ჩვენს მიერ ჩატარებულ გამოკითხვას შორის. ეს კი აშკარა დისონანსს ჰქმნის. არ ვიჩქარებთ დასკვნების გაკეთებას, მაგრამ ერთი რამ ცხადია – დაფიქრების მიზეზი მართლაც გვაქვს.