საქართველოში მუსლიმ თემსა და მართლმადიდებელ ქრისტიან მოსახლეობას შორის დაპირისპირება პერიოდულად აქტიურდება. კვლავ ყურადღების ცენტრშია გურია. სოფელ ბუკნარში კონფლიქტი მუსლიმი თემის მიერ სალოცავის გაფართოვების მცდელობას მოჰყვა. ფიზიკური დაპირისპირების დროს, რამდენიმე მოქალაქე დაშავდა. მუსლიმი თემის დასახმარებლად გურიის სხვა სოფლებიდან და აჭარიდან, ე.წ “მხარდამჭერები” ჩავიდნენ, რის გამოც, პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება გახდა საჭირო. მოგვიანებით, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა განაცხადა, რომ კონფლიქტი სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.
ვის ინტერესშია მრავალეთნიკურ საქართველოში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების კერის შექმნა; იყო ეს ადგილობრივი გაუგებრობა, თუ გარედან მართული პროცესი, რატომ არ აქვს საქართველოს ეფექტიანი რეგიონალური პოლიტიკა, ამის შესახებ Dalma News-ს პოლიტოლოგი, არჩილ ჭყოიძე ესაუბრა.
– ჩემი აზრით, ეს გარედან მართულია. ადგილობრივი პრობლემა რომ ყოფილიყო, ადგილზევე გადაწყდებოდა და ხალხის ჩასვლა, ერთი და მეორე მხრიდან, არ გახდებოდა საჭირო. სიტუაციის გამწვავებით ვიღაცეები ხელს ითბობენ.
– ვის აკისრებთ პასუხისმგებლობას?
– ეს ყველაფერი არის ხელისუფლების ბრალი. როცა ვიღაც კანონს არღვევს, არ აქვს მნიშვნელობა, ქრისტიანია, თუ მუსლიმი, პოლიცია იმისთვის კი არ არის, რომ შუაში ჩადგეს, მან კანონის დამრღვევი უნდა დააკავოს. არ არის საჭირო, პოლიცია ელოდებოდეს ხალხის დიდი მასის შეკრებას. ეს ერთი მხრივ არის ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების უნიათობის ბრალი. ასეთივე უნიათობას ვხედავთ ყველგან. ეს იმიტომ ემართებათ, რომ ძალოვან სტრუქტურას არაკომპეტენტური ხალხი მართავს.
– საქართველო ისტორიულად მრავალკონფესიური და მრავალეთნიკური ქვეყანაა. არსებობს საკითხები, რომლებიც ადამიანების მშვიდობიანი თანაცხოვრების იმედად არის დატოვებული, რა არის საჭირო ხელისუფლების მხრიდან?
– საქართველოში ყველას აქვს უფლება ილოცოს. ჩვენ არ უნდა დავყოთ მოქალაქეები მუსლიმებად და ქრისტიანებად. ვნახეთ, რომ იქ ჩავიდნენ გარკვეული ჯგუფები აჭარიდან, ზოგი თბილისიდან წავიდა, გაისმა ძალადობისკენ მოწოდებები. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. სოციალურ ქსელშიც ძალიან ბევრი მსგავსი მოწოდება გაკეთდა. ეს არიან ჯგუფები, რომლებიც რელიგიურ თემაზე ხელს ითბობენ და საკუთარ პიარკამპანიას ეწევიან. ასეთ პრობლემებს ხელისუფლება მყისიერად უნდა აგვარებდეს კანონის ფარგლებში და გაურკვეველი ჯგუფები არ უნდა ერთვებოდნენ, რომლებსაც, არც ერთი და არც მეორე მხრის მხარდაჭერა არ აქვთ. თუნდაც აჭარიდან ჩასულ ჯგუფს, რომლებმაც ვითომ თავისი მუსლიმი ძმები დაიცვეს. კარგად ვიცით, რომ აჭარაში ძალიან ბევრი მუსლიმი და ქრისტიანი ცხოვრობს და ერთმანეთთან პრობლემა არ აქვთ.
– მსგავსი კონფლიქტების პროვოცირებით, ხელისუფლებაში მყოფი გარკვეული პირებიც ხომ არ არიან დაინტერესებულნი?
– შესაძლოა ხელისუფლების, რომელიმე შტოდან მოდიოდეს მსგავსი ინტერესი. ჩვენ ხომ, რეალურად, არ გვყავს შეკრული ხელისუფლება? პარტია „ქართულ ოცნებაში“, რამდენიმე დაჯგუფება არსებობს: ღარიბაშვილის, კალაძის, გახარიას და მთელი რიგი პატარ-პატარა დაჯგუფებები, რომლებიც თითქოს ერთიანნი არიან, მაგრამ ერთმანეთს ებრძვიან. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლების, რომელიმე ფლანგი, თავისი პატარა სატელიტი ორგანიზაციებით მეორეს უწყობდეს შანტაჟს და უქმნიდეს პრობლემებს. სპეცსამსახურები იმისთვის არსებობს, რომ იცოდნენ, ვინ ცდილობს წყლის ამღვრევას. ჩვენ კი ვხედავთ, რომ ხელისუფლება დღეს, ძალიან არაკომპეტენტური და სუსტია. იმავე ზუგდიდში ვნახეთ რაც მოხდა. ტერორისტმა ბანკში მძევლები აიყვანა, წაიღო მილიონი და დღემდე ვერ დაუკავებიათ.
– როცა საქმე ეხება სალოცავებს, თურქეთის ფაქტორი და მისი გავლენა აჭარაზე საყურადღებოა?
– მარტო თურქეთის ფაქტორის გამო არ ხდება ეს. ბუნებრივი პროცესებიც უწყობს ხელს. ისლამურ სახელმწიფოებში დემოგრაფიული მდგომარეობა უმჯობესდება, მოსახლეობა მრავლდება. ხოლო ქრისტიანების რიცხვი მთელს მსოფლიოსი იკლებს. ქრისტიანებმა სამწუხაროდ სხვა გზა აირჩიეს, თვითონვე დაადგნენ დექრისტიანიზაციის გზას. მუსლიმურ ოჯახში ქალი არის ოჯახის დიასახლისი და დედა, მამაკაცი ოჯახის მარჩენალი, ქრისტიანულ ოჯახებში ყველაფერი პირიქით არის, ოჯახში შვილების მაქსიმალური რაოდენობა ორია.
სოფელ ბუკნარში ნათესავები მყავს და იქაურ ვითარებას კარგად ვიცნობ. 10-15 და 20-25 წლის წინათ 2-3 ოჯახი თუ იყო მუსლიმების, დღეს გაცილებით მეტნი არიან. ამიტომ მოთხოვნილება იქმნება, რომ არსებობდეს სალოცავი. ამას ხელოვნურად ვერ შევაჩერებთ. საუბარი, რომ საქართველოში მეჩეთებს, რატომ აშენებენ, როცა თურქეთში არ არის ქრისტიანული ეკლესია, – უშედეგოა. რატომ არ არის, ამაზე ვისაუბროთ. გასაგებია, რომ თურქეთს ხისტი პოლიტიკა აქვს, მაგრამ არ ცხოვრობენ ქრისტიანები თურქეთში იმ რაოდენობით.
– თურქეთი ფინანსურად ეხმარება აქ მცხოვრებ მუსლიმებს?
– რა თქმა უნდა დაეხმარება, მაგრამ არ მგონია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თურქეთს აწყობდეს ვითარების ღია ესკალაცია. თურქეთს აქ აქვს ბიზნესი, თავის ფულს დებს ინვესტიციებში. საქართველოში მრავლდება თურქულენოვანი მოსახლეობა. ამას ერდოღანი თოფით კი არ აკეთებს, არამედ ფულით. არ მგონია, თურქეთს დღეს რადიკალური ჯგუფები სჭირდებოდეს იმისთვის, რომ საქართველოში მეჩეთი ააშენოს.
– რამდენად დიდია “სოკარის” და აზერბაიჯანის გავლენა საქართველოს პოლიტიკურ და გარკვეულ საზოგადოებრივ წრეებზე?
– ვიცით, რომ „სოკარი“ საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა, აფინანსებს სკოლებს, მეჩეთებსაც ეხმარება, თავის პოლიტიკას ატარებს. ამას აკეთებს ჩინეთიც, ძალიან მშვიდობიანად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მეორე მხრივ, ძალიან ბევრი ქართველი ქრისტიანი ბიზნესმენია უცხოეთში, დიდი ქონების პატრონი, მაგრამ არ მსმენია, რომ რომელიმე მრავალშვილიანი ქრისტიანი ოჯახის დახმარებით იყოს დაკავებული. თურქმენიზაციის პროცესის შესაკავებლად საჭიროა მეტი ქრისტიანული ოჯახის შექმნა, მათი გაძლიერება, ქრისტიანული სწავლების გამრავლება და სხვა. რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ ერდოღანი ამას აკეთებს და იმას აკეთებს, სანამ ქრისტიანულ ოჯახებში ერთი შვილი გაიზრდება, მუსლიმებისაში კი 7, ვითარება არ შეიცვლება.
– ქართველ ბიზნესმენებს ქრისტიანულ საქმიანობად მამაოებისთვის ძვირადღირებული საჩუქრების გაკეთება ხომ არ ესმით?
– ძალიან იშვიათია შემთხვევა, როცა ქართველი ბიზნესმენები მრავალშვილიან და ხელმოკლე სასულიერო პირებს ეხმარებიან. რომლებიც არ არიან ქალაქის ეკლესიებში, ორ-ორი ჯვრით დაჯილდოებულები და პატრიარქთან დაახლოებულნი. ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ ვიღაც ბიზნესმენი აიღებს მილიონს, მიუტანს, რომელიღაც ეპარქიის წარმომადგენელს, ეპისკოპოსს, ტელევიზორში თავს მოიწონებს, რომ ეკლესია ააშენა და რეალურად, ნამდვილი ქრისტიანობისგან სრულიად განძარცვულია კაცი. იესო გვასწავლის, – შენმა მარჯვენამ არ უნდა იცოდეს, რას აკეთებს შენი მარცხენაო. აუცილებელი ის კი არ არის, რომელიმე სასულიერო პირს დავეხმაროთ, აუცილებელია, იმ ოჯახებს დავეხმაროთ, რომლებსაც სურთ მეტი შვილი ჰყავდეთ. ამას აკეთებს “სოკარი” და ერდოღანი ისლამის მიმართულებით, მაგრამ არ აკეთებენ ქრისტიანები. ქართული სოფლები ნადგურდება, იცლება, მაგრამ საქართველოში არსებული არც ერთი აზერბაიჯანული სოფელი არ დაცლილა. ამაში აზერბაიჯანელებს ნუ დავადანაშაულებთ.
– ასეა, გეთანხმებით. მაგრამ, მიზეზი რაშია?
– შევხედოთ, რა გააკეთეს აზერბაიჯანელებმა იგივე მარნეულში, კახეთში და სხვაგან, სადაც არიან ჩასახლებულები. ქალები არ მიდიან უცხოეთში სამუშაოდ, მიდიან კაცები. ოჯახები არ დაუნგრევიათ. ჩემს სოფელში მინახავს, აზერბაიჯანული ოჯახები შვილებთან ერთად შრომობენ და ყველაფერი აქვს ამ ოჯახს, მაშინ, როდესაც მისი ქართველი მეზობელი, სოციალურ დახმარებაზეა. დილით, რომ გაიღვიძებს, იწყებს ჟიპიტაურის სმას და საღამოს ჟიპიტაურით ამთავრებს, თან აგინებს ჩინელს, ინდოელს, აფრიკელს…
პრობლემა ჩვენშია. ქართველები, მარტო ტელევიზორში გამოსაჩენად აკეთებენ სიკეთეს. დაიჭერენ ხელში ძველ მაკარონს და მივლენ გაჭირვებულის ოჯახში, თან 5-6 ტელევიზიას დაიბარებენ. ეპისკოპოსი საკათედრო ტაძარში კი არ უნდა იჯდეს, უნდა დადიოდეს და ხალხს ესაუბრებოდეს. მთელი ქრისტიანობის არსი მოციქულთა საქმიანობაშია, – მისიონერობა, ხალხში ქადაგება, რასაც სასულიერო პირები დღეს არ აკეთებენ.
– დავითგარეჯის თემასაც, რომ შევეხოთ. ეს “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო ტრიუკი იყო?
– ჯერჯერობით, რასაც ვხედავთ, ასეა. არჩევნების შემდეგ გაქრა „იმედის“ ეთერიდან წარწერა, – გარეჯი საქართველოა. იყო სერიოზული საუბარი, რომ სააკაშვილმა გაყიდა მიწები.
– ეჭვი გეპარებათ ამაში?
– “ოცნებისგან” 9 წელია გვესმის, რომ სააკაშვილი არის მკვლელი, მიწების გამყიდველი და ა.შ. მაგრამ, როდესაც მისი გასამართლების საკითხი დადგა, ბრალდებად წაუყენეს ის, რომ თურმე 2 პიჯაკი ჰქონდა შეძენილი და 3-ჯერ მერი ყავა დალეული. კარტოგრაფები, ვინც არიან დაკავებულები, საფუძვლიანადაც რომ იყვნენ დაკავებულნი, ისინი არიან პეშკები. ნამდვილი დამნაშავისა და დამკვეთის დაკავების საშუალება თუ არ აქვთ, მაშინ ამ ხალხზე ხელის შეწმენდა, არასწორია.
ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, – “გიორგი რურუა განგსტერიაო, ხალხს კლავდაო და უნდა იყოს დაკავებულიო”.
მაგრამ, ეტყობა დაავიწყდა, რომ 2012 წელს ის თავად იყო შს მინისტრი და შემდეგ პრემიერ-მინისტრი. თუ ეს კაცი მკვლელი იყო, მაშინ რას აკეთებდა? თუ, როცა ამ ხელისუფლების დამხობა უნდოდა, მაშინ გახდა განგსტერი? „ქართულ ოცნებას“ ძალიან ბევრი ორმაგი სტანდარტი აქვს და რთული გასარკვევია, მართლა არსებობს ეს რუკები, თუ არა. ხვალ, ალიევისგან რომ დასჭირდეთ რაღაც, დარწმუნებული ვარ, არა თუ ჩიჩხიტურის მონასტერს, დავით-გარეჯსაც გაატანენ. მათ გულწრფელობაში ძალიან მეპარება ეჭვი.
– ყარაბაღის ბოლო მოვლენებმა რა დაგვანახა, საქართველომ ხომ არ დაკარგა რეგიონული ფუნქცია?
– რაც არ უნდა ვაგინოთ შევარდნაძეს, ის იყო ძალიან ძლიერი დიპლომატი. მან გაიყვანა საქართველოდან რუსეთის ჯარი, სტამბული ხელშეკრულებით. მერე სააკაშვილმა 2008 წელს უკან შემოიყვანა. შევარდნაძის დონის პოლიტიკოსი მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელია. მართალია შიგნით ვერ მოერია ნეპოტიზმს და კორუფციას, მაგრამ მისი საგარეო პოლიტიკა იყო გაცილებით წარმატებული, გარდა ამისა, ქვეყანას ჰყავდა პრეზიდენტი, რომელსაც იცნობდა მთელი მსოფლიო. სააკაშვილის დროსაც იყო ის მომენტი, რომ ის იყო ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, ცუდი თუ კარგი ეს სხვა საკითხია, მაგრამ იყო პირველი პირი. დღეს ჩვენ პირველი პირი არ გვყავს. ხან არის ბიძინა ივანიშვილი, ხან არა.
პრემიერ-მინისტრი რას წარმოადგენს თქვენც იცით, იმაზეა დამოკიდებული ივანიშვილი რა ხასიათზე გაიღვიძებს. მათი მოქმედების არეალი აბსოლუტურად შეზღუდულია. ამიტომ არის ასეთი აგდებული დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ. “ქართული ოცნების” რომელ ლიდერს აქვს პოლიტიკური ბეგრაუნდი? ყველას ბეგრაუნდი არის ის, რომ ოდესღაც ბიძინა ივანიშვილთან იყვნენ დასაქმებულები, – დაცვის წევრი, კბილის ექიმი, ან მძღოლი და სხვა. დღეს გვყავს ლიდერები, რომლებთანაც ავტორიტეტული პოლიტიკოსები არ დასხდებიან სალაპარაკოდ, ამდენად რეგიონული თვალსაზრისით საქართველომ ყველა მიმართულებით დაკარგა პოზიციები.
აღარ არსებობს ვერტიკალი. მაგალითად, გახარიას არ დაუჯერებს კალაძე, საერთოდ არ გაითვალისწინებს მის, არც ერთ რჩევას; კობახიძეს, არც ერთი დეპუტატის მიმართ არანაირი ბერკეტი არ გააჩნია. ამიტომ ძალიან მეეჭვება, რომ ამ ხელისუფლებამ, რაიმე შედეგი დადოს სანამ არ გაჩნდება პირველი პირი. ასე, რომ შეიძლება კიდევ დავკარგოთ ტერიტორიები.
ესაუბრა შორენა პაპაშვილი