4-6 ივლისს, პიატიგორსკში მეექვსე ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროექტი “კავკასიური დიალოგი -2017” გაიმართა. ორგანიზატორები არიან: ა.მ. გორჩაკოვის სახელობის სახალხო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდი და პიატიგორსკის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი.
პროექტის ფარგლებში აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატმა რასიმ მუსამბაევმა Dalma News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა ყარაბაღის კონფლიქტის რეგულირებასთან დაკავშირებით საკუთარ მოლოდინებზე.
– ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების გამწვავების ფონზე სომხური მხარე რეგულარულად ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ ოფიციალურმა ბაქომ შარშან ვენასა და სანკტ-პეტერბურგში სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების შესრულებაზე, კერძოდ, ფრონტის წინა ხაზზე მომხდარი ინციდენტების გამოძიების მექანიზმის დანერგვაზე უარი განაცხადა.
– შეთანხმება გაფორმდა პირველ რიგში, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აღდგენის და მეორე რიგში, ანჯეი კასპრშიკის მისიის გაფართოების გარშემო. იგი ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირადი წარმომადგენელია, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგს ახორციელებს. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლებში დაძაბულობა და სროლები არა მხოლოდ ყარაბაღში გამყოფ ხაზზე, არამედ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზეც არ შემცირებულა, მან მისიის გაზრდა მოითხოვა. ამას აზერბაიჯანული და სომხური მხარეები დასთანხმდნენ. როგორც ვიცი, სადავო საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ ურთიერთშეხების ხაზზე მუდმივი გამშვები პუნქტები გაიხსნება თუ, როგორც აქამდე იყო, სპეციალური მისია მონიტორინგის განსახორციელებლად დედაქალაქიდან ჩავა?
– ამ საკითხზე კომპრომისი ჯერ არ არის მიღწეული. რაც შეეხება ინციდენტების გამოძიებას, როგორც ვიცი, აზერბაიჯანული მხარე მსგავსი მექანიზმის დანერგვას არ დასთანხმდა, თუმცა, რეალურად ეს საკითხი არც განიხილება.
– რას უნდა ველოდოთ შარშან აპრილის მოვლენების შემდეგ მხარეებს შორის პოზიციების გამკაცრების ფონზე გამართული მოლაპარაკებებისგან?
– რეალურად, რეგულირების შესახებ მოლაპარაკებები კაზანის შეხვედრის შემდეგ აღარ გამართულა. მას შემდეგ, ყველა შეხვედრაზე მხოლოდ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დაწყებაზე თანხმდებოდნენ და მხარეები დღემდე ვერ შეთანხმდნენ მოლაპარაკებების კონკრეტულ დღის წესრიგზე, რადგანაც პრეზიდენტები და საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს ხვდებოდნენ და მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დაწყებაზე თანხმდებოდნენ, შემდეგ კი რაღაც ინციდენტები ხდებოდა, როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის მხრიდან. შედეგად მოლაპარაკებების პროცესიც ფერხდებოდა.
დღესდღეობით მხარეები იმაზეც კი ვერ ახერხებენ შეთანხმებას, თუ კონკრეტულად რა საკითხზე წარმართონ მოლაპარაკებები, რადგან სომხური მხარე მოლაპარაკებების დღის წესრიგის წინა პლანზე აყენებს მხარეებს შორის ნდობის განმტკიცებას, ურთიერთშეხების ხაზზე სტაბილიზაციას, მონიტორინგს და მომხდარი ინციდენტების გამოძიებას, რაც საგნობრივი მოლაპარაკებების არ არსებობის პირობებში არსებული სტატუს-ქვოს კონსერვაციას ნიშნავს.
აზერბაიჯანს აბსოლუტურად საწინააღმდეგო პოზიცია აქვს. ცეცხლის შეწყვეტა იმისთვის გამოცხადდა, რომ სამხედრო კონფლიქტის შესაჩერებლად კონკრეტული შეთანხმება მიღწეულიყო. შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრების მიერ ხელმოწერილ შეთანხმებაში კონკრეტული ვადები არ არის მითითებული, თუმცა კონკრეტულად წერია, რომ ათი დღის განმავლობაში უნდა მომზადებულიყო შეთანხმება სამხედრო კონფლიქტის შეწყვეტაზე. 20 წელი გავიდა და დღემდე ვერ მივაღწიეთ სამხედრო კონფლიქტის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც ვალდებულებითი ხასიათის იქნება. ასე, რომ თავისი არსით, სამხედრო კონფლიქტი არ შეწყვეტილა.
– ვინ არის ამაში დამნაშავე? სომხური და აზერბაიჯანული პრესა ამაში ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს ადანაშაულებს. შუამავალი ქვეყნები, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ კონფლიქტს მონაწილე მხარეების მაგივრად ვერ მოაგვარებენ.
– საქმე იმაში კი არ არის, ვინ არის დამნაშავე. თუ საუბარია მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებზე, მაშინ უნდა გავითვალისწინოთ ის, თუ ვინ არიან ისინი და რისი გაკეთება შეუძლიათ. ისინი არიან თავიანთი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროს საშუალო დონის დიპლომატები. ჩემის აზრით, თავიანთ ქვეყნებში ისინი არიან საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები. იშვიათ შემთხვევაში მინისტრებიც, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე სახელმწიფოს მეთაურები არ არიან. იმაზე ფიქრი, რომ მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები გავლენას მოახდენენ კონფლიქტის მხარეებზე და რეგულირების პროცესს წინ წასწევენ, ილუზიაა.
– მათ ქვეყნებს შეუძლიათ გავლენის მოხდენა?
– თანათავმჯდომარე ქვეყნებს – აშშ-ს, რუსეთს, საფრანგეთს, კონფლიქტის მხარეებზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ, მაგრამ მათი ყურადღება ბევრად უფრო მწვავე საერთაშორისო პრობლემებისკენ არის მიმართული. მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს შეუძლიათ რაიმე წინადადების, ან ნიადაგის მომზადება და რაც მთავარია თავიანთი ხელმძღვანელობის ინფორმირება. ერევანსა და ბაქოზე გავლენის მოხდენა კი არ შეუძლიათ. ასე, რომ საჭირო არ არის მათ წინააღმდეგ პრეტენზიების წამოყენება.
რაც შეეხება სახელმწიფოს მეთაურებს და სს მინისტრებს, უნდა გვესმოდეს, რომ ყარაბაღის კონფლიქტი ჩვენთვის არის პირველხარისხოვანი, მათი ყურადღება კი მიმართულია სირიის, უკრაინის, კორეის, ირანის და ერაყისკენ. იქ ბევრად უფრო მეტი სისხლი იღვრება და დიდი სახელმწიფოების პირდაპირი შეჯახების რისკიც მაღალია.
როგორც კი ყარაბაღში აპრილის სამხედრო შეტაკება მოხდა, სს მინისტრების დონეზე მაშინვე გაიმართა შეხვედრა და ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ შეჩერებულიყო სამხედრო მოქმედებები და პროცესები ფართომასშტაბიან ომში არ გადაზრდილიყო. როდესაც სროლებია, მის შესაჩერებლად მხოლოდ რჩევებითა და თავშეკავებისკენ მოწოდებებით შემოიფარგლებიან. ასე, რომ ჯერ არ ჩანს იუგოსლავიური კონფლიქტის “დეიტონის” მსგავსი ორგანიზაცია, რომელიც მხარეებს კონფლიქტის მშვიდობიან რეგულირებას აიძულებდა.
– რას მოასწავებს დღევანდელი ვითარება? ახალ „აპრილს“ ხომ არ უნდა ველოდოთ?
– მარტო “აპრილს” კი არა, შესაძლოა უფრო უარესსაც. საღად მოაზროვნეთათვის, როგორც აზერბაიჯანში, ისე სომხეთში, ეს ყველაზე არასასურველი სცენარია. არარეალურია იმის მოლოდინი, რომ სამხედრო მოქმედებების შედეგად, რომელიმე მხარე ჩამოინგრევა და კაპიტულაციას გამოაცხადებს. შესაბამისად, ნებისმიერ შემთხვევაში, მოლაპარაკებებს დაუბრუნდებიან. თუ ამას თავად არ ისურვებენ, დიდი სახელმწიფოები აიძულებენ. ღმერთმა დაგვიფაროს და, კიდევ ასობით და ათასობით ახალგაზრდა რომ დაიღუპოს, მოსახლეობა კიდევ უფრო გამწარდება და მოლაპარაკებების წარმოებაც გართულდება. სხვა საკითხია ის, რომ მე არ მჯერა მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შესაძლებლობის, რომ აგვარიდებენ უარესი სცენარების განვითარება.
სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების რეალური იმპულსები მოსალოდნელია, უპირველესად რუსული მხარისგან. მაგრამ, ვფიქრობ, რომ სანამ მოსკოვი აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში ვერ გაერკვევა, სხვა პრობლემისთვის ვერ მოიცლის. შედარებით უფრო მწვავე საკითხები: სირია, ახლო აღმოსავლეთი და უკრაინა, სანქციები და შეიარაღების და “ლაითი” ცივი ომის მარათონი. ამ პრობლემების და საფრთხეების ლოკალიზაციის გარეშე საეჭვოა, რუსეთის ხელმძღვანელობა ყარაბაღის პრობლემების დარეგულირებით დაკავდეს. მაგრამ რუსეთის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში ყარაბაღის პრობლემის მოგვარება უფრო შესამჩნევ ადგილას დგას, ვიდრე აშშ-ს და საფრანგეთის საგარეო პოლიტიკაში.
ჩემი ყურადღება მიიპყრო რუსეთის ფედერაციის ყოფილი ფინანსთა მინისტრ კუდრინის მოხსენებამ, რომელიც დღეს რუსეთის პრეზიდენტთან არსებული სტრატეგიული კვლევების ცენტრს ხელმძღვანელობს და პირდაპირი კავშირი აქვს ვლადიმირ პუტინთან. მას დაევალა რუსეთის სტრატეგიის შემუშავება პუტინის შემდგომი საპრეზიდენტო ვადის გათვალისწინებით. კუდრინის ხელმძღვანელობით მომზადებულ მოხსენებაში არის არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური საკითხებიც. იქ ნათქვამია, რომ საქართველოს და უკრაინის კრიზისების მოგვარება ამ მომენტისთვის რთულია და რომ საჭიროა მათი ლოკალიზება, ხოლო დნესტრისპირეთის და მთიანი ყარაბაღის მიმართულებით შუამავლობა უნდა გააქტიურდეს. ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობ, გარკვეული პროგრესიც შეინიშნება. იმის ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ დიდი ხნის სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტს ერთი ხელის მოსმით და საბოლოოდ მოვაგვარებთ. ეს რთულია, შეუძლებელიც კი. მაგრამ კონფლიქტის დარეგულირებისთვის ხელის შეწყობა იმ დონემდე, რომ სამხედრო რისკები სრულად თუ არ გაქრება, მინიმუმამდე მაინც შემცირდეს, შესაძლებელია და ეს წაადგება არა მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს, არამედ მთლიანად რეგიონს.
ესაუბრა აიკ ხალათიანი