დადგა 2016 წელი, მაგრამ ახალი წლის მოსვლასთან ერთად არსად წასულა გასული წლის პრობლემები. პირიქით, გაღრმავდა კიდეც. 2015 წელი დასამახსოვრებელი იყო მთელი რიგი პოლიტიკური, ეკონომიკური, სპორტული და კულტურული მოვლენებით, როგორც მსოფლიოში, ისე აზერბაიჯანში. მაგრამ, როგორც არ უნდა გაართო ხალხი, ეკონომიკური პრობლემები და საკითხები პირველ პლანზე დგას. აზერბაიჯანელების უმრავლესობას რომ კითხოთ, რით დაამახსოვრდათ 2015 წელი, ალბათ, იტყვიან, რომ ენერგორესურსების გაიაფებითა და ეროვნული ვალუტის დევალვაციით, რის შედეგადაც მანათმა აშშ დოლართან მიმართებაში ორჯერ დაიკლო – ერთი აშშ.დოლარი ჯერ 0.78, შემდეგ კი 1.55 მანათი ღირდა.
ყველა ამ მოვლენის შედეგად წლის დასაწყისში აზერბაიჯანის მოსახლეობამ ფსიქოლოგიური რყევა განიცადა. პროდუქტებზე ფასებმა 70%-ით მოიმატა, მეორეს მხრივ, მასობრივი შემცირებები დაიწყო თითქმის ყველა სფეროში. გარდა ამისა, მოქალაქეებს დარჩათ საბანკო კრედიტები დარჩათ, რომლების უმრავლესობაც დოლარებში აქვთ გამოტანილი.
რას აკეთებს ხელისუფლება?
ეკონომიკური კრიზისისა და ენერგორესურსების გაიაფებაზე საუბრისას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ პრობლემების მიუხედავად აზერბაიჯანმა თავისი ეკონომიკა განამტკიცა, მთლიანი შიდა პროდუქტი სულ მცირე 1%-ით გაიზარდა, მრეწველობა – 2,4%-ით. “არა ნავთობ წარმოება 8,4%-ით გაიზარდა. ეს ძალზედ მახარებს, რადგანაც ბოლო წლებში აზერბაიჯანის წარმატებაზე მხოლოდ ნავთობის სექტორის წარმატება არ მეტყველებს. სწორედ ეს მიმაჩნია ჩვენს ყველაზე მთავარ მიღწევად”, – დასძინა მან.
პრეზიდენტის თქმით, აზერბაიჯანს საექსპორტო შესაძლებლობების ამაღლება სჭირდება, ძირითადად, სოფლის მეურნეობის სფეროში. “გასაღების ახალი ბაზრები უნდა ვეძებოთ და ვიმუშაოთ მათთან და ძველ პარტნიორებთანაც. ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციის მთავარი ბაზარი რუსეთია, სადაც მოთხოვნა არ შემცირებულა. უნდა ვუზრუნველყოთ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება და რუსეთის ბაზარზე კიდევ უფრო მეტი მოცულობით გავიდეთ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, მრეწველობის სფეროში ძალზედ სერიოზული სამუშაოები უნდა ჩატარდეს. შეიქმნას ტექნოპარკები, სამრეწველო კლასტერები. “ყველა რეგიონში უნდა შეიქმნას სამრეწველო ზონა. ეს საკითხი უკვე რამდენჯერმე დავაყენე, მაგრამ ამ დროისთვის მხოლოდ ერთი პილოტური პროექტი ხორციელდება – ნეფტჩალის რაიონში. რატომ არ ხორციელდება იგივე სამუშაოები სხვა რაიონში?”, – დასვა შეკითხვა ილჰამ ალიევმა.
სახელმწიფოს მეთაურის თქმით, მიმდინარე წელს აუცილებლად განხორციელდება სტრუქტურული რეფორმები: “უნდა შემუშავდეს მართვის შედარებით ოპერატიული და მოქნილი მექანიზმი. რიგ შემთხვევებში გარკვეული სტრუქტურები ერთმანეთის დუბლირებას ახდენენ, რაც დაუშვებელია“.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის ფინანსთა მინისტრმა სამირ შარიფოვმა მკაცრ ეკონომიაზე გადასვლის შესახებ განაცხადა. ნავთობის კვლავინდებურად გაიაფება და აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის მიერ ახალ პოლიტიკაზე გადასვლა 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროგნოზებში მთელ რიგ ცვლილებებს გამოიწვევს.
“2015 წელს, ქვეყნის ბიუჯეტის შესაბამისად, ყველა სოციალური მოვალეობა, ძირითადი სახელმწიფო პროგრამები და პრიორიტეტული პროექტები სრულად დაფინანსდა. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალმა 2,3 მილიარდი მანათი (11,6%), დაგეგმილზე ნაკლები შეადგინა.შემოსავლების შემცირების მთავარი მიზეზი ნავთობზე მსოფლიო ფასის მკვეთრი შემცირებაა. ამასთან დაკავშირებით, სავალუტო მარაგის ეკონომიის მიზნით ნავთობის ფონდიდან სახელმწიფო ბიუჯეტში ტრანსფერები შემცირდა. 2015 წელს არანავთობის სექტორიდან ბიუჯეტში 6,95 მილიარდი მანათი შევიდა, რაც დაგეგმილს 200 მილიონით აღემატება, ხოლო 2014 წელთან შედარებით – 694 მილიონი მანათით (9,5%). საერთო ჯამში, არანავთობის სექტორის წილმა საგადასახადო შემოსავლებში 40,5% შეადგინა, რაც 2014 წელთან შედარებით 6,5%-ით მეტია”, – აცხადებს შარიფოვი.
მისი თქმით, იგეგმება მოსახლეობის შედარებით სოციალურად დაუცველი ჯგუფისთვის, მანათის კურსის შემცირებისა და პირველადი საჭიროების საქონლის გაძვირების გამო ნეგატიური შედეგების შესაძლო ნეიტრალიზაციის ზომების გატარება. “ამასთან დაკავშირებით, ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ განხორციელებული ინვესტიციების გათვალისწინებით, უნდა მოგვარდეს ისეთი საკითხები, როგორიცაა შემოსავლებისა და გასავლების დაბალანსებული გათვლების მომზადება, რაც 2016 და მომავალი სამი წლისთვის მკაცრი ეკონომიის რეჟიმს, სახელმწიფო ხარჯების ეკონომიურად გახარჯვის ფინანსურ დისციპლინას და წესრიგს უზრუნველყოფს. ეს თავიდან აგვარიდებს ფინანსების უაზროდ და არამიზნობრივად ხარჯვას. ასევე გასრულყოფილდება სახელმწიფო მართვის სისტემა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების მართვაში რეფორმების გატარება, სახელმწიფო საკუთრების პრივატიზაციის პროცესისთვის დამატებითი სტიმულის მიცემა, საბანკო სისტემის საფუძვლიანი კონსოლიდაცია და სექტორისადმი ნდობის განმტკიცება”, – განაცხადა შარიფოვმა.
“Bloomberg”-ს ჩვენი სჯერა, ჩვენ გვჯერა საკუთარი თავის”
ამ დღეებში სააგენტო Boomberg-მა გამოაქვეყნა მსოფლიო ეკონომიკების რეიტინგი, რომლის მიხედვითაც ბევრ ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის შემიცრებაა მოსალოდნელი. 2016 წლისთვის ზრდის დაბალი მაჩვენებლები ფიქსირდება იაპონიაში, ფინეთში, ხორვატიასა და შვეიცარიაში. რეიტინგი ეფუძნება 2015 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე პერიოდის ანალიზს. ეს ის პერიოდია, როდესაც აზერბაიჯანში მეორე დევალვაცია მოხდა. ამგვარად, რეიტინგში, Boomberg-ის ექსპერტებმა 93 ქვეყანას შორის აზერბაიჯანს 54-ე ადგილი მიაკუთვნეს. ამასთანავე 2016 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 2,4%-იან ზრდას პროგნოზირებენ.
საინტერესოა, რომ ადგილობრივი ექსპერტები შედარებით უფრო პესიმისტურად არიან განწყობილნი. ბევრ აზერბაიჯანელ ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ საფუძვლიანი რეფორმებისა და ეკონომიკის ლიბერალიზაციის გარეშე დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლებელია.
როგორც ეკონომისტმა სამირ ალიევმა განაცხადა, მთავარი პრობლემა ის არის, რომ სახელმწიფო სერიოზულად არ უდგება ეკონომიკურ კრიზისს და კვლავ სჯერა ენერგორესურსების გაძვირების.
“2014 წლის დასაწყისიდან ნავთობის გაიაფება დაიწყო. ბოლო დროს კი ეს პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდა. უკვე ერთი წელი გავიდა და სახელმწიფო ჯერ კიდევ არ აპირებს სისტემური ეკონომიკური რეფორმების გატარებას”, – განაცხადა ექსპერტმა Dalma News-ის კორესპონდენტთან საუბარში.
ეკონომისტის თქმით, სახელმწიფომ თავდაპირველად მთავარი პრობლემა უნდა განსაზღვროს,რაც უკავშრდება დევალვაციას, შემდეგ კი მის საფუძველზე ანტიკრიზისული პროგრამა შექმნას. “პროგრამა უნდა მოიცავდეს რეფორმებს – მმართველობითიდან, სტრუქტურულამდე. გარდა ამისა, საჭიროა ბიუჯეტის კონსოლიდაციის პოლიტიკის გატარება და ბიუჯეტის გადატვირთვა. რეფორმები კომუნალურ სექტორშიც უნდა გატარდეს, სადაც სუბსიდიების შემცირების მიზნით მიიზიდავენ კერძო კომპანიებს. აუციელბელია ინსტიტუციური რეფორმების გატარება და რიგი სახელმწიფო სტრუქტურების გაერთიანება”, – განაცხადა ანალიტიკოსმა.
ალიევმა ასევე დასძინა, რომ ამასთან დაკავშირებით გაიზრდება უმუშევრობის დონე, ამიტომ უნდა მივიღოთ შრომის ბაზრის განვითარების პროგრამა. “მთავარია საშუალო და მცირე ბიზნესისთვის დაფინანსება გამოიყოს. ეს პროგრამა 3-5 წლის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს. თუმცა იმისთვის, რომ მოკლე დროში მივაღწიოთ შედეგს, საჭიროა ფასების ზრდა ეკონომიკური მეთოდებით ავიცილოთ თავიდან. ამისთვის კი აუცილებელია სახელმწიფო საბაჟოს ლიბერალიზაციის ზომების მიღება. საბაჟო გადასახადი სტრატეგიულ პროდუქტებზე გარკვეული დროის განმავლობაში უნდა შემცირდეს, ან საერთოდ გაუქმდეს. ასევე უნდა გაიაფდეს საწვავიც”, – განაცხადა მან.
რა მდგომარეობაა საბანკო სექტორში?
Dalma News-მა ამ შეკითხვით ეკონომიკურ ანალიტიკოსს ფიქრეთ მამედოვს მიმართა. რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყანაში ლიკვიდურობის პროცესი იწყება. “ბევრი გადამცვლელი პუნქტის არსებობას აზრი არ აქვს. რაც შეეხებათ ბანკებს, მათ სერიოზული დარტყმა მიადგათ: ეროვნულ ვალუტაში დიდი რაოდენობით კრედიტების პირობებში მანათის დევალვაცია, მსესხებლების გადახდისუნარიანობის შემცირება, რაც ზრდის პრობლემური კრედიტების რაოდენობას, გარე სესხების შესაძლებლობების არ არსებობა – არახელსაყრელი რეიტინგები. შესაბამისად. პრობლემები კვლავაც არსებობს, თანაც ღრმავდება და შედეგად დამატებით შემცირებებს იწვევს”, – განაცხადა ანალიტიკოსმა.
მისივე თქმით, ეკონიმიკის ნავთობ-ბუმის წლებში, ბანკები ვერ იქცნენ მნიშვნელოვან მოთამაშეებად, რომლებიც შეძლებდნენ ეკონომიკის ღირსეულად რეგულირებას. „შეგვიძლია რამდენიმე მათგანი დავასახელოთ, რომლებიც ბანკებს ჰგვანან, დანარჩენები კი უფრო ლომბარდებია, რომლებსაც მობილურების შეძენის, რესტორნებისა და საცხობების მშენებლობის დაფინანსება შეუძლიათ.
“ნებისმიერ ბანკში მიბრძანდით, რაიმე ბიზნეს, ან ტექნოლოგიური პროექტით და იქ გაოცებულ მზერას შეხვდებით. ეს იმიტომ, რომ არ ჰყავთ ამა თუ იმ პროექტის პერსპექტიულობის, მისი რისკებისა და მარკეტინგული შემადგენლობის შემფასებელი სპეციალისტები”, – დასძინა მან.
მამედოვმა ასევე განაცხადა, რომ რამდენიმე წლის წინათ ის პროექტების შემფასებელი ბანკთაშორისი ბიუროს შექმნაზე საუბრობდა, მაგრამ სამწუხაროდ იდეამ მხარდაჭერა ვერ ჰპოვა. “ჩემის აზრით, უნდა შექმნილიყო ორგანიზაცია, რომელიც პროექტებს კომერციულ საფუძველზე შეაფასებდა. თუ დღეს გადავხედავთ ბანკებსა და მათ ტოქსიკურ აქტივებს, ვალების გამო ბანკებმა ყადაღა დაადეს საწარმოებს, საწარმო ხაზებსა და მონაკვეთებს, საწყობებსა და სხვა აქტივებს, რომლებიც უკვე არანაირ მოგებას აღარ იძლევიან, არც ბანკისა და არც სახელმწიფოსთვის.
ამიტომ, საჭიროდ მივიჩნიეთ კრიზისული მართვის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც საბანკო სისტემას აღარ დააზარალებს. სამწუხაროდ, ბანკების ხელმძღვანელებმა უგულებელყვეს ჩვენი შეთავაზება. ეს იმიტომ, რომ სტრუქტურის შიგნით პასუხისგებლობის თავის თავზე აღება არავის სურს. შედეგად, ბევრი ბანკი ასე ნელა, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოკვდება. ვითარების გამოსწორება შესაძლებელია იაფი და გრძელვადიანი ფულის ეკონომიკაში ჩადებით. იმას, თუ რა გზას აირჩევს სახელმწიფო, დრო აჩვენებს”, – განაცხადა ეკონომისტმა.
ცენტრალური ბანკის პოლიტიკისა და შესაძლო დეფიციტის შესახებ
Dalma News-სთან ცენტრალური ბანკის პოლიტიკის შესახებ საუბრისას ეკონომისტმა აკრამ ჰასანოვმა განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკი ძალზედ არაპროფესიონალურ პოლიტიკას აწარმოებდა. “დევალვაცია ბევრად უფრო ადრე უნდა მომხდარიყო. საერთოდ არ იყო საჭირო 10 წელი მანათის კურსის ძალით შენარჩუნება. ამას განსაკუთრებული გონიერება არ სჭირდება. მანათის სტაბილური კურსის ნავთობ-დოლარების ხარჯზე შენარჩუნება არა გონივრულია. რეალურად კი საჭირო იყო ნორმალური საბანკო სისტემის შექმნა, ბანკების უზრუნველყოფა იაფი კრედიტებით და მანათის საბაზრო და მოქნილი კურსის შენარჩუნება.
ამის ნაცვლად შეიქმნა დამახინჯებული საბანკო სისტემა საჭირო რისკ-მენეჯმენტის, კორპორატიული მართვისა და შიდა კონტროლის გარეშე, შედეგად ბანკები პრობლემურ კრედიტებთან ერთად იძირებიან. ბანკები არ არიან უზრუნველყოფილნი მანათში გაცემული სესხებით, თავად საზღვარგარეთიდან აშშ. დოლარში ფინანსდებოდნენ და კრედიტებსაც დოლარში გასცემდნენ. ყოველივეს შედეგია პრობლემური აქტივების ზრდა. საზოგადოება მიეჩვია მანათის სტაბილურ კურსს, ამიტომაც დაუფიქრებლად იღებდა სესხს დოლარში. შედეგი კი სავალალოა!”, – განაცხადა ჰასანოვმა.
აზერბაიჯანში ფასების მატებასთან დაკავშირებით ექსპერტმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ებრძვის ფასების მატებას, მაგრამ ამას ძირითადად ადმინისტრაციული მეთოდებით აკეთებს, რაც საბოლოოდ სასაქონლო დეფიციტს გამოიწვევს, ანუ რეალურ წარმატებას ვერ მიაღწევს.
“მთავრობამ მონოპოლიასთან ბრძოლა დაიწყო, თუმცა ჯერ უშედეგოდ. შესაძლოა, მომავალში შედეგი იყოს, ველოდებით. მთავრობა ცდილობს შექმნას პირობები ბიზნესის დაცვისა და განვითარებისთვის. ცხადია, დაგვიანებულია. თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ბიზნესის გარეშე არც ნავთობ-სექტორი იქნება და, არც – ნორმალური ეკონომიკა. საერთო ჯამში უფრო მეტი რამ და უფრო სისტემურად უნდა გაკეთდეს”, – განაცხადა ჰასანოვმა და დასძინა, რომ ნავთობის კიდევ უფრო გაიაფებას აზერბაიჯანის ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს.
ნიჯატ გაჯიევი