„ევრაზიის ინსტიტუტის“ ორგანიზებით 22 მარტს თბილისში „მრგვალი მაგიდა“ გაიმართა, რომელიც მიეძღვნა ყირიმის რუსეთთან მიერთების 10-წლისთავსა და იუგოსლავიაზე (სერბეთზე) ნატოს თავდასხმიდან 25 წლისთავს. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქართული საზოგადოების აკადემიური წრეების წარმომადგენლები და ჟურნალისტები. რუსეთიდან და სერბეთიდან მოწვეული სტუმრები კონფერენციას ინტერნეტის საშუალებით ჩაერთნენ.
„მრგვალი მაგის“ ფორმატი ითვალისწინებდა რუს და სერბ ექსპერტებთან ონლაინდისკუსიას. კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
მოწვეულ სტუმრებს შორის რუსეთიდან იყვნენ: ყირიმის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე რუსლამ ბალბეკი; გეოპოლიტიკური ექსპერტიზის ცენტრის ხელმძღვანელი, საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის ხელმძღვანელის მოადგილე ვალერი კოროვინი; დსთ-ს ინსტიტუტის კავკასიის განყოფილების ხელმძღვანელი ვლადიმირ ნოვიკოვი; სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი კონსტანტინე სივკოვი. სერბეთიდან თბილისის „მრგვალი მაგიდის“ მონაწილეებს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს: კოსოვოს მიტროვიცას სერბული სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ქალაქ ნიშის მერის მოადგილე მილოშ ბანჯურმა და „სერბული დიასპორის პარლამენტისა“ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრაზიის გაერთიანებული სერბული დიასპორის“ თავმჯდომარე დრაგან სტანოევიჩმა.
ღონისძიების ხელმძღვანელმა, „ევრაზიის ინსტიტუტის“ თავმჯდომარე გულბაათ რცხილაძემ შესავალ სიტყვაში გაიხსენა, თუ როგორ დაესხა ნატო თავს იუგოსლავიას ალბანური უმცირესობის დაცვის საბაბით. გულბაათ რცხილაძის შეფასებით, ეს იყო მოგონილი საბაბით, რომლის რეალური მიზანი იყო ნატოს მიერ მართლმადიდებელი აღმოსავლეთ ევროპისა და მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცის დაპყრობის დაწყება.
მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ ნატოს სამშვიდობო ძალებმა კოსოვოში თვალი დახუჭეს ალბანელი სეპარატისტების მიერ მართლმადიდებლური სიწმინდეების განადგურებასა და შეურაცხყოფაზე, დასავლეთმა დაიწყო პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში „ფერადი რევოლუციების“ დაფინანსება. პირველი ასეთი რევოლუცია სერბეთში მოხდა მას შემდეგ, რაც ნატომ სერბეთს კოსოვო ფაქტობრივად ჩამოაშორა.
„დასავლეთმა უარი თქვა მოსკოვთან პარიტეტის განხილვაზე. ევროპის ახლებურ მოწყობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების ნაცვლად, დასავლეთის ქვეყნებმა კოსოვოს დამოუკიდებლობა ცალმხრივად აღიარეს. ამ ყველაფრის ფონზე კი, საქართველოს დაჰპირდნენ ნატოში გაწევრიანებას. ამის შედეგი იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, დაძაბულობა ლიბიასა და სირიაში, 2014 წლის დასაწყისში სისხლიანი „მაიდანი“ კიევში“, – განაცხადა გულბაათ რცხილაძემ.
მისივე თქმით, შექმნილ ვითარებაში ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნება ბუნებრივ აუცილებლობად იქცა. უკვე 10 წელი გავიდა ყირიმში ჩატარებული რეფერენდუმიდან, როდესაც ყირიმის მოსახლეობამ რუსეთის ფედერაციასთან შეერთებას დაუჭირა მხარი. ყირიმის თემაზე და იმაზე, თუ როგორია იქ რუსეთის ეროვნებათაშორისი პოლიტიკა, „მრგვალი მაგიდის“ მონაწილეებს ინფორმაცია რუსლან ბალბეკმა მიაწოდა. ის რუსეთის მეშვიდე მოწვევის სათათბიროს დეპუტატი და ყირიმელი თათარია.
როგორც ბალბეკმა განაცხადა, ბოლო 10 წლის განმავლობაში ყირიმმა მოიპოვა სტაბილურობა და ეროვნებათაშორისი თანხმობა, რაც მანამდე ძნელად წარმოსადგენი იყო. 2014 წლამდე, ყირიმში დესტაბილიზაციისთვის ნაციონალური ფაქტორი, სამწუხაროდ, ძალიან აქტიურად გამოიყენებოდა. ყველა ეროვნულ-იდეოლოგიური თუ რელიგიურ-ექსტრემისტული პროექტის მიზანს, ანგლოსაქსების მხრიდან მოსახლეობაზე ზეგავლენისა და დასავლური პოლიტიკის გატარება წარმოადგენდა. ამისთვის კი, საჭირო იყო ეთნიკური და რელიგიური ხასიათის კონფლიქტის კერების წარმოქმნა.
მისივე თქმით, ყირიმის ნახევარკუნძულის მიმართ იყენებდნენ საზღვაო ბლოკადას, ასევე სამრეწველო, ენერგეტიკულ და მტკნარი წყლის ბლოკადასაც კი.
“ყველაზე მტკივნეული იყოს ის, რომ ეს ბლოკადები უკრაინელი ხალხის ინტერესს კი არ ასახავდა, არამედ დასავლეთისას. ყირიმელი თათრები გამოეყენებინათ, როგორც ნაციონალური ფაქტორი. საბედნიეროდ ტრადიციული კონფესიების სულიერმა წინამძღვრებმა დროულად მიიღეს ზომები, რომ ყირიმში არ დაეშვათ ეროვნებათაშორისი დაპირისპირება. ნათლად ითქვა, რომ ყირიმში ჩადენილ დანაშაულებს არ ჰქონდა ეროვნება. რუსეთმა პირველი რაც გააკეთა, შექმნა ბარიერი ექსტრემისტულ-რელიგიური პროექტებისთვის, როგორც ქრისტიანული, ასევე ისლამისტურისთვის“, – განაცხადა ყირიმის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე რუსლან ბალბეკმა.
მან ყირიმისა და ქართველ ხალხებს შორის ისტორიულ კავშირზეც ისაუბრა:
„ყირიმი ასევე, ისტორიულად დაკავშირებულია საქართველოსთან. ძველი ისტორიკოსებისგან ვიცით, რომ ყირიმში ცხოვრობდნენ ქართული ეთნოსის წარმომადგენლები: ლაზები, მეგრელები, სვანები. მოგეხსენებათ მარიუპოლი ყირიმიდან წამოსულმა მართლმადიდებლებმა დააარსეს, მათ დიდი გაერთიანებები ჰქონდათ, მათ შორის იყვნენ ქართველ მართლმადიდებლებიც. თუმცა, დროთა განმავლობაში ეთნიკურმა ქართველებმა დაკარგეს საკუთარი ენა. ეს მოკლე ისტორიული პერსპექტივა იმისთვის, რომ საერთო სოციალურ გამოცდილებასა და გენეტიკურ ფესვებზე დაყრდნობით ნათლად წარმოვიდგინოთ კავშირი ქართველებსა და ყირიმის ხალხებს შორის“.
სერბეთის წარმომადგენელმა, კოსოვოს მიტროვიცას სერბული სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მილოშ ბანჯურმა ისაუბრა იმ მძიმე ვითარებაზე, რაც დასავლეთის ქვეყნების მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ შეიქმნა. კოსოვოს თანდათან ტოვებენ სერბები, ცხოვრების პირობები მათთვის სულ უფრო და უფრო მძიმდება. ალბანელების მიზანია, შექმნან „დიდი ალბანეთი“ ეთნიკურად გაწმენდილ ტერიტორიაზე.
„სერბები, რომლებიც იქ ცხოვრობენ, ამბობენ, რომ კოლექტიური დასავლეთი ყველანაირ დახმარებას უწევს პრიშტინას ხელისუფლებას, მაგრამ სერბების უფლებების დარღვევაზე არაფერს ამბობენ. როდესაც უკრაინის მოვლენების ფონზე სერბებმა დაინახეს, რომ ევროკავშირს არ შეუძლია მოკავშირეების დაცვა, მაგრამ განაგრძობენ საკუთარი პოლიტიკის თავსმოხვევას, მოსახლეობაში მკვეთრად დაეცა ევროკავშირის მიმართ მხარდაჭერა. თუ თავიდან ევროკავშირის მხარდაჭერა 51% იყო, 2022 წლის გამოკითხვების შედეგად ის 16%-ით შემცირდა და ახლა 35%-ს შეადგენს“, – განაცხადა მილოშ ბანჯურმა.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად კოსოვოს დამოუკიდებლობას გაერო-ს 193 წევრიდან 88 აღიარებს.
მილოშ ბანჯური დასავლეთს ორმაგ სტანდარტებში ამხელს და აცხადებს, რომ კოლექტიური დასავლეთი სერბი ხალხის წინააღმდეგ არის განწყობილი.
„20-25 წელია ხელზე გვიხვევენ, ვხედავთ, რომ ზოგიერთი ქვეყნები – რუმინეთი და ბულგარეთი გეოპოლიტიკური ინტერესების გამო უცებ მიიღეს ევროკავშირში. ჩვენ გვითხრეს, რომ პრიშტინასთან ურთიერთობის დარეგულირება იქნებოდა საკმარისი ევროკავშირში ჩვენს მისაღებად. გვარწმუნებდნენ, რომ ეს არ ნიშნავდა პრიშტინას დამოუკიდებლობის აღიარებას. გვესმის, რომ ასე უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. ჩვენ ვერასოდეს გავხდებით ევროკავშირის წევრი. ერთი მხრივ კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარეს და მეორე მხრივ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძვიან? ეს არის მათი ორმაგი სტანდარტი“, – განაცხადა ონლაინ ჩართვისას მილოშ ბანჯურმა.
„მრგვალ მაგიდაში“ მონაწილე რუსმა ექსპერტებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ რუსული სამყარო და ევრაზიული იდეა ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება, პირიქით, ისინი ერთმანეთს ავსებს. ევრაზიული კავშირი ეს არის ინტეგრაციული პროექტი „რუსული სამყარო“ კი არის ეროვნული თვითიდენტობის შენარჩუნება, რაც არის პატრიოტიზმისა და ინტერნაციონალიზმის ჰარმონია.
„როგორც კოროვინმაც აღნიშნა თავის გამოსვლაში, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ხალხებმა ყირიმის მოვლენების შემდეგ გამოიღვიძეს და დაინახეს სწორი ფასეულობები სად არის, სად არის ტრადიციული ფასეულობები და სად გლობალისტური. ეს არ არის მარტო მიწებისთვის ბრძოლა, პირველ რიგში, ეს არის იდეოლოგიებს შორის ბრძოლა, რომელიც სრულიად სხვა ხარისხშია აყვანილი”, – განუცხადა Dalma News-ს კონფერენციის დასასრულს გულბაათ რცხილაძემ.
მისივე შეფასებით, დასავლეთის ხალხები დღეს, გლობალისტების ლგბტ იდეოლოგიის მძევლები არიან.
რაც შეეხება საქართველოს კურსს, გულბაათ რცხილაძის თქმით, საქართველოს უნდა ჰქონდეს რაციონალური პოლიტიკა – არც ევროპასთან გაწვყვიტოს კავშირი და, არც რუსეთი გადაიმტეროს. ერთი რამ ფაქტია, რომ დასავლეთის მიერ კოსოვოს აღიარებამ შექმნა საფუძველი იმისა, რომ საქართველოს კონფლიქტური ტერიტორიებიც ვინმეს ეღიარებინა.
გიორგი ქართველი