ნუმიზმატებს სიბნელე არ უყვართ. შუქი იმისთვის სჭირდებათ, რომ ისტორიის საიდუმლოებით მოცული კუთხეები გაანათონ. ჩვენი რესპოდენტი არის პირველი აზერბაიჯანელი მეცნიერი და ნუმიზმატი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალი რაჯაბლი.
XX საუკუნის ერთ მშვენიერ დღეს, თბილისიდან ბაქოში ნუმიზმატი-მკვლევარი ევგენი ალექსანდროვიჩ პახომოვი, რომ არ ჩასულიყო, აზერბაიჯანში არც ნუმიზმატი იარსებებდა და არც ნუმიზმატიკი ალი რაჯაბლი. პახომოვი ლექციებს კითხულობდა ახლად შექმნილ ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. იმავდროულად ის ნუმიზმატიკის ფონდის შექმნაზე მუშაობდა. დანარჩენს ალი რაჯაბლი მოგვიყვება:
– მაშინ ახალგაზრდა ვიყავი. ახალი დამთავრებული მქონდა “აღმოსავლეთმცოდნეობა”. პახომოვს პრეტენზია წაუყენეს, რომ ის აზერბაიჯანულ კადრებს არ ამზადებდა. ლექციებს რუსულ ენაზე კითხულობდა და სტუდენტები ძირითადად ებრაელები და ცოტა რუსები ჰყავდა. აზერბაიჯანელები საერთოდ არ ყოფილან ლექციებზე. პოხომოვს არაბული და სპარსული ენების მცოდნე აზერბაიჯანელი სტუდენტი სჭირდებოდა. უნივერსიტეტში ყველაზე მეტად ჩემი სადიპლომო ნამუშევარი მოეწონა და ამის წყალობით გავხდი პოხომოვის სტუდენტი. მოგვიანებით, ისტორიის მუზეუმში მუშაობა შემომთავაზეს.
– ვინ განაგრძობს პირველი აზერბაიჯანელი ნუმიზმატი-მეცნიერის საქმეს?
– ასპირანტურაში ჩაბარების შემდეგ ჩემმა სამეცნიერო ხელმძღვანელმა ნუმიზმატიკის ფონდი გადმომცა. დაახლოებით 60 წელი ადმინისტრაციული საქმეებით ვიყავი დაკავებული. საერთო ჯამში, ნუმიზმატიკის სფეროში 70 წლიანი მუშაობის სტაჟი მაქვს. ფონდის მუშაობისა და ახლად მიღებული მასალების გაკონტროლება, რომელიც 150 ექსპონატს მოიცავს, – ამ ყველაფერის დიდი ძალა და ბევრი დრო უნდა. შეიძლება ითქვს, დახმარების გარეშე ვმუშაობდი. კი მყავდნენ დამხმარეები, მაგრამ ისინი ძირითადად რაღაც მექანიკურ სამუშაოებს ასრულებდნენ. შედეგად, როდესაც შემცვლელი დამჭირდა, ნიჭიერი ახალგაზრდების კანდიდატურები შევთავაზე, მაგრამ მითხრეს, რომ ვიღაცის დასაქირავებლად ფული არ იყო.
– რა სჭირდება ნუმიზმატს, რომ პროდუქტიული იყოს?
– მზის სინათლე. ბნელი ოთახი, ხმაური და აჟიოტაჯი – ეს ყველაფერი მხოლოდ აფერხებს მუშაობას. ამიტომ, საჭიროა სიმშვიდე და მყუდრო კუთხე. იმ მუზეუმში, სადაც მე ვმუშაობ, ეს შეუძლებელია. გინდა-არ გინდა, იქ ყოველთვის ხმაურია. ახალგაზრდობაში ღამ-ღამობით ვმუშაობდი სახლში, მაშინ შედარებით უფრო პროდუქტიული ვიყავი. ახლა ჯანმრთელობაც აღარ მიწყობს ხელს და აღარც ღამით მუშაობა შემიძლია. თუმცა, რაც შემიძლია, იმას ვაკეთებ. ჩემი ოთხი წიგნი უნდა დაიბეჭდოს – ორი წელს და კიდევ ორი მომავალ წელს გამოვა, თუ სიკვდილმა მადროვა.
– როგორც ნუმიზმატმა, რა წვლილი შეიტანეთ აზერბაიჯანის ისტორიაში?
– მონეტა სახელმწიფოს მთავარი მოწმეა. ზოგი სახელმწიფო მზად არის დიდი ფული დახარჯოს, რომ მსოფლიოს თავი გააცნოს. მაგრამ ეს ყველაფერი წარმავალია,მაგრამ ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე ნაპოვნ ფულსა და ოქროს ვერავინ უარყოფს.
– თქვენთვის ფული რას ნიშნავს? თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ის ფაქტობრივად, თქვენი პროფესიაა.
– ფულისადმი გულგრილი ვარ. როდესაც ჯიბეში ფული მაქვს, ვცდილობ, რაც შეიძლება ბევრი და საუკეთესო ხილი მივიტანო სახლში, რა თქმა უნდა, თუ ფული საკმარისად მაქვს. თუ ფული არ მყოფნის, არ ვყიდულობ. ეს არის ჩემი კრედო. გასაგებია, რომ ფული ყველას სჭირდება. მის გარეშე შეუძლებელია. მაგრამ ნამდვილი სიმდიდრე ცხოვრება და ადამიანებთან ურთიერთობის შესაძლებლობაა. არ მივეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც ბევრ სამოსს ყიდულობენ, თუმცა მიყვარს მოწესრიგებულად ჩაცმა. საკუთრ თავს ყოველთვის თავად ვუვლი. არ მიყვარს, ჩემს ნაცვლად სხვამ აკეთოს ჩემი საქმე. ტანსაცმელსაც ვირეცხავ და ჩაისაც თავად ვიდუღებ.
– როგორია ალი რაჯაბლი, როგორც მასწავლებელი, მოქალაქე, ქმარი და მამა?
– როგორც მასწაველბელი ძალიან მკაცრი ვარ და ეს მაინცადამაინც არ მომწონს. ერთია, როდესაც სტუდენტს არ ესმის, მაგრამ მეორეა, როცა არ უნდა გაიგოს. ზოგჯერ ვბრაზობ და ვამბობ, რომ ვისაც არ აინტერესებს აუდიტორიიდან გავიდეს მეთქი. მოთმინება არ მყოფნის. სწორედ ამიტომ არ ვმუშაობ ბაკალავრებთან. ლექციებს მხოლოდ მაგისტრებს ვუკითხავ.
ალი რაჯაბლი ლექციებს 1965 წლიდან მოყოლებული კითხულობს სემინარებზე ბაქოში, შეკში, გუბსა და ლენკორანში. 50 წელზე მეტია სხვადასვა უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს ნუმიზმატიკაში.
როგორც მოქალაქეს, მაქვს კრედო – ვილაპარაკო სიმართლე და ვილაპარაკო სამართლიანად. მტერსაც კი სიმართლეს ვეუბნები.
როგორც ქმარი, ყოველთვის ვეხმარები მეუღლეს სახლში. შვილები და შვილიშვილების გაზრდაში ვმონაწილეობ. როდესაც სამსახურში მივდიოდი, შვილიშვილები უკან მომდევდნენ და მომძახოდნენ, როდის დაბრუნდები სახლშიო.
ასეთივე ვარ შვილის მიმართაც. რაკი ერთადერთი შვილი მყავს, ყოველთვის განსაკუთრებულად ვუფრთხილდებოდი მას და ყველაფერს საუკეთესოს მას ვაძლევდი. მგონი კარგად გავუმკლავდი კარგი მამის როლს.
P.S. ალი რაჯაბლი ისეთი წიგნების ავტორია, როგორიცაა “აზერბაიჯანის ნუმიზმატიკა“, “აზერბაიჯანის მონეტები”, “სეფევიდების აზერბაიჯანული სახელმწიფოს მონეტარული საქმიანობა” და ა.შ. იგი დაჯილდოვებულია მედლით თავდაუზოგავი შრომისთვის (1970 წ.) და მედლით კეთილდღეობისთვის (2010) (თუმცა, არ ვიცი ეს რა მედალია). რაჯაბლის ასევე მიანიჭეს “კულტურის დამსახურებული მოღვაწის” წოდება (1972 წ.).
ნარმინ ნიოგტე