რუსეთ-უკრაინის ომი და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა საქართველოს პარლამენტში გამართული პოლიტიკური დებატების ძირითადი თემა იყო. ქვეყანაში, რომელიც უამრავი რეგიონალური თუ საგარეო პოლიტიკური გამოწვევის წინაშეა, პოლიტიკური პოლარიზაცია კიდევ უფრო ღრმავდება. პარლამენტში გამართული პოლიტიკური დებატებიც ძირითადად “ქართულ ოცნებასა” და სააკაშვილის პარტიას შორის ურთიერთბრალდებებს დაეთმო.
“ოცნების“ ლიდერები „ნაციონალურ მოძრაობას” საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებენ და მათ „ომის პარტია“ უწოდეს. დებატებზე ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატის მისამართით გაისმა ბრალდება, რომ ევროპულ დერეფნებში საქართველოს საგარეო იმიჯის დაზიანებით არიან დაკავებულნი.
ოპოზიცია ხელისუფლებას უკრაინის მიმართ არ მხოლოდ უმოქმედობაში ადანაშაულებს, არამედ საქართველოს “შავ ხვრელად” მოიხსენიებენ. „ქართული ოცნების“ ლიდერები კი აცხადებენ, რომ საქართველო უკრაინის დასახმარებლად, მისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს და ოპოზიციის მხრიდან ყოველი მსგავსი ბრალდება მათთვის უადგილო და მიუღებელია.
“ქართული “ომის პარტია”, რომელიც განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობს უკრაინის ხელისუფლებაში, არწმუნებს მათ, რომ შესაძლებელია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და უკრაინაში მიმდინარე ომის საქართველოში გადმოტანა“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა.
ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელს „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური მოქმედებები უშლის.
“პარადოქსი და ანტიევროპულობაა, როდესაც “შავ ხვრელს” უწოდებენ საქართველოს, რომელიც, თურმე უკრაინის წინააღმდეგ იარაღს აწვდის რუსეთს და ამაზე კრიტიკულ პასუხს, რომ გავცემთ, ამას ვიღაც გვიწუნებს. „შავი ხვრელია“ საქართველოო, იტყვის „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე და ამას ადასტურებს უკრაინელი კოლეგა და როგორ გავეცით, თურმე ამაზე პასუხი?!“, – მიმართა ოპოზიციას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.
ამის შემდეგ, პარლამენტის წინაშე დასკვნითი სიტყვით გამოვიდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. ოპოზიციის მისამართით კრიტიკა, არც მან დაიშურა და მოუწოდა ჩამოყალიბდნენ, რომელი სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურებიან. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ოპოზიციის მთავარი მიზანი იყო საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვა, რაც მათ არ გამოუვიდათ.
“მე ნამდვილად არ ვიცი, რა უნდა ვუპასუხო აქ გამოსულ სააკაშვილის პარტიას, “ნაცმოძრაობას“ და ამ დესტრუქციულ უპასუხისმგებლო ადამიანებს, რომლებიც იმეორებენ სიყალბეს, სიცრუეს, ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ როგორმე ზიანი მიაყენონ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ევროპულ პერსპექტივას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მან ასევე “ნაციონალურ მოძრაობას” მათი ხელისუფლებაში ყოფნისას დაკარგული ენერგოდამოუკიდებლობა, დაკარგული ტერიტორიები და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა შეახსენა.
“სააკაშვილის დროს თქვენ დაკარგეთ ტერიტორიები, დააბრუნეთ რუსული ჯარი. ომის შემდეგ თქვენ არათუ სანქციების დაწესებაზე არ გიფიქრიათ და გიმუშავიათ, არამედ, ომის შემდეგ თქვენ გახსენით უვიზო რეჟიმი რუსი მოქალაქეებისთვის და რუსულ სახელმწიფო კომპანიებს მიჰყიდეთ სტრატეგიული ობიექტები. დღეს გამოდიხართ და ჭკუას გვასწავლით, რომ რუსეთს დავუწესოთ ეკონომიკური სანქციები”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ითხოვდა საქართველოს უკრაინისთვის საბრძოლო იარაღი გადაეცა, გაეშვათ ჩარტერული რეისები, ითხოვდნენ ახლად რეაბილიტირებული სუ-25-ების გადაცემას.
“ეს ყველაფერი ჯდება იმ დიდ პოლიტიკაში, რომელსაც ჰქვია ქვეყნის ომში ჩართვა. თქვენ საერთოდ ჩამოყალიბდით, ვის ემსახურებით, ემსახურებით საქართველოს, თუ ემსახურებით სხვა სახელმწიფოს, თუ სახელმწიფოებს. ამაზე გიფიქრიათ საერთოდ ოდესმე?! ეს არის მთავარი კითხვა და ამაზე უნდა გასცეს პასუხი ყველამ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოქმედ პრემიერ-მინისტრს, ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ, ომში მყოფი უკრაინის ხელისუფლების მიმართ ტონი დაუწუნა.
“საქართველოს მთავრობა გამოდის და პირდაპირ, ომში მყოფი ქვეყნის მთავრობას, პირდაპირ, დამიზნებით ურტყამს და მერე ქვეყნის შიგნით, იმიტომ რომ იცის, რიგით მოსახლეობაში უკრაინის მიმართ მაღალი სენტიმენტებია, პირდაპირ “ნაციონალურ მოძრაობას” აწებებს და ესენიც, სასარგებლო იდიოტებივით იქცევიან, რომ ამას ყველაფერს ამყარებენ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ “ტვ პირველის” ეთერში.
მისივე თქმით, კიევის დღევანდელი ხელისუფლების და “ნაციონალური მოძრაობის” ერთმანეთთან დაკავშირებით ხსნილი გამოაცხადეს უკრაინის მთავრობის ლანძღვაზე, ნაცვლად იმისა, რომ კიევისთვის გამოცხადებული დასავლეთის “წარმოუდგენელი მხარდაჭერა” საქართველოზეც როგორმე გავრცელებულიყო.
ექსპერტი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის საფრთხეს ვერ ხედავს და ამბობს, რომ ამის წინაპირობები საქართველოში არ არსებობს; ამის სურვილი, არც საქართველოს ხელისუფლებას აქვს და არც ქვეყნის დასავლელი პარტნიორები ითხოვენ ამას საქართველოსგან, რადგან ქვეყანა ისედაც აკავებს სამხედრო ძალას მეორე ფრონტის საპირწონედ.
როგორც Dalma News-სთან საუბრისას მაისაიამ განაცხადა, საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, აფხაზეთში მოქმედებს ე.წ აფხაზურ-რუსული სამხედრო კოალიციური დაჯგუფება, სადაც დაახლოებით 10-დან 15 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეა, ცხინვალის რეგიონში, ასევე არის დაახლოებით 5 000-მდე რუსი სამხედრო მოსამსახურე; სომხეთში შექმნილია რუსულ-სომხური სამხედრო კოალიციური დაჯგუფება, დაახლოებით 10 000 სამხედრო მოსამსახურის შემადგენლობით; ამას დამატებული ის, რომ საქართველოს მომიჯნავედ, ინგუშეთში დისლოცირებული 58-ე არმიის გადაადგილება რუსეთს ჯერჯერობით არ განუხორციელებია უკრაინის მიმართულებით.
ვახტანგ მაისაიას ინფორმაციით, ეს სამხედრო დაჯგუფებები არიან საქართველოზე მობჯენილები.
“უკრაინა საომარ მდგომარეობაში იმყოფება, მძიმე ვითარებაში არიან და ბუნებრივია, თუ ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესები გვაქვსო, იმათაც თავიანთი ეროვნული ინტერესები აქვთ და ცდილობენ მოახდინონ მათი რეალიზაცია. მეორე მხრივ, თუ საქართველოს ამის საშუალება ექნებოდა დაებრუნებინა თავისი ოკუპირებული ტერიტორიები… რა თქმა უნდა, ამის საშუალება ჩვენ არ გვაქვს“, – აცხადებს ვახტანგ მაისია.
მისივე თქმით, როდესაც ე.წ სამხრეთ ოსეთიდან ოსი მოხალისეები – ოფიცრები და ჯარისკაცები გაიყვანეს უკრაინის ოპერაციაში მონაწილეობისთვის, რუსეთმა მაშინვე შემოყვანა ალტერნატიული ძალა 58-ე არმიის შენაერთი, რაც იმას ნიშნავს, რომ ტერიტორია არ მოაშიშვლეს.
“2008 წლის აგვისტოს ომის გამო, სერიოზული ზარალი განვიცადეთ, იმიტომ, რომ ამისთვის მოუმზადებლები ვიყავით. შეიარაღებული ძალების 2 სახეობა – სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალები სააკაშვილმა თავისი ხელით გააუქმა, რაც ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში სახელმწიფო დანაშაულად იქნებოდა აღქმული. დავრჩით მხოლოდ ერთი, სახმელეთო ძალების ამარა. სააკაშვილის მერე კიდევ უფრო უარესად წავიდა სიტუაცია, 5 თავდაცვის მინისტრი გვყავდა და ხუთივე აბსოლუტურად უუნარო და არაპროფესიონალი გამოდგა“, – განუცხადა Dalma News-ს ვახტანგ მაისაიამ.
მისივე შეფასებით, საქართველოს თავდაცვისუნარიანობა ჯერ კიდევ ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმზე დგას.
ანალიტიკოსი ლევან ალაფიშვილი პარლამენტში გამართულ დებატებზე ამბობს, რომ პოლიტიკური დებატები აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, საპარლამენტო კონტროლის ყველაზე უმაღლესი და მნიშვნელოვანი ფორმაა, რისთვისაც მთავრობაც ძალიან საგნობრივად ემზადება და რა თქმა უნდა პარლამენტიც. დეპუტატები ზოგადი ხასიათის ლოზუნგებს კი არ გზავნიან, მათი გამოსვლები ძალიან საგნობრივი და კრიტიკულია, რაც სამწუხაროდ საქართველოს არსებული პარლამენტის შემთხვევაში ვერ ნახა.
მისი შეფასებით, საპარლამენტო დებატებში, უმრავლესობა და მთავრობა იყო ერთ მხარეს, მეორე მხარეს კი ოპოზიცია. მათი მხრიდან არ ყოფილა წამოჭრილი ის მთავარი თემები, რაც დღეს რეალურად დგას ქვეყანაში პრობლემად.
“ეს იყო პოლიტიკური კინკლაობა. მაგრამ პოლიტიკური პროცესი, რაც აუცილებელია დემოკრატიული ქვეყნისთვის, სამწუხაროდ არ იყო“, – აცხადებს ალაფიშვილი.
მისივე მოსაზრებით, უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის უფრო მკაფიო პოზიცია გადამწყვეტია არა მთავრობისთვის, არამედ ქვეყნისთვის.
როგორც ლევან ალაფიშვილი ამბობს, ქართველმა ხალხმა ჯერ კიდევ დასაწყისშივე გამოხატა პოზიცია რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით, მაგრამ მთავრობის მხრიდან ორჭოფობა კითხვებს აჩენს.
“კარგი იქნება, თუკი საქართველო უკრაინასთან დაკავშირებით მკაფიო პოზიციას დაიკავებს“, – ასეთი მოსაზრებები უკვე გააჟღერეს დასავლეთელმა დიპლომატებმა. ჩვენს მთავრობას მოუწევს ერთი მხრივ საქართველოს ეროვნული ინტერესების, მეორე მხრივ გლობალური კონტექსტის გათვალისწინებით არჩევანის გაკეთება და ქმედებების ისე წარმართვა, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა აღმოვჩნდეთ იმ მხარეს, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის დამაზიანებელი შეიძლება იყოს“, – ამბობს ექსპერტი.
თავად პრემიერის სიტყვებს თუ მოვიშველიებთ, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ამ ვითარებაში პირველ რიგში, სწორედ ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს, რაც ლევან ალაფიშვილის აზრით, საკმარისი არ არის.
შორენა პაპაშვილი