საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, “ნენსკრა ჰესი” დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი დასაყრდენი იქნება ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობისთვის.
როგორც ღარიბაშვილმა სვანეთში, “ნენსკრა ჰესის” მშენებლობისთვის საფუძველის ჩაყრისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, 280 მეგავატი სიმძლავრის ჰესი იქნება და წელიწადში სავარაუდოდ 1.2 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
მისივე ინფორმაციით, სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს და 2021 წელს პროექტი საბოლოოდ დასრულდება. “პროექტს ვახორციელებთ ერთ-ერთ ყველაზე დიდ კომპანიას სამხრეთ კორეულ სახელმწიფო კომპანია K Water-სთან ერთად, რომლის პარტნიორიც საქართველოს მხრიდან საპარტნიორო ფონდი იქნება. მშენებლობას ისეთი ცნობილი იტალიური კომპანია აწარმოებს, როგორიც არის Salini Impregilo,” – განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, იტალიური კომპანია პირველ რიგში ააშენებს და რეაბილიტაციას ჩაუტარებს სამშენებლო მოედანთან მისასვლელ გზებს და მობილიზებას გაუკეთებს სამშენებლო ტექნიკას. გარდა ამისა, ინვესტორი ვალდებულია ააშენოს ჰესი, 35 წლის განმავლობაში მართოს და მხოლოდ ამის შემდეგ, უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს.