კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, სახლებში გაშვებული მოსახლეობა პირველ თუ არა, მეორე დღეს მიხვდა, რომ ცხოვრება გაჩერდა, მაგრამ არ გაჩერდებოდა ფასების ზრდა და ვინც რისი მომარაგებაც მოასწრო – მოიმარაგა. თბილისის დიდ სუპერმარკეტებში გადაღებულმა ფოტოებმა, სადაც ჩანდა სავსე კალათებით სალაროსთან გრძელ რიგში მდგარი ადამიანები, სოციალური ქსელი ელვის სისწრაფით დაირბინა და ბევრის კრიტიკაც მიიღო.
დანარჩენი მსოფლიო არ ვიცი, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ, რომლებმაც XX საუკუნის მძიმე და ავადსახსენებელი 90-იანი წლები გამოიარეს, სოფლებს მიაშურეს და წლობით მიტოვებული ბაღ-ბოსტნების დამუშავება დაიწყეს. მაგრამ სანამ მოსახლეობა გაზაფხულზე დარგულ-დათესილ მოსავალს მიიღებს თავის გატანა მცირე დანაზოგით მოუწევთ.
საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდის მოსალოდნელი განგაშის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მთავრობამ ქვეყნის მოსახლეობა დაამშვიდა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, 9 ძირითადი მოხმარების პროდუქტი – ბრინჯი, ლობიო, მაკარონი, წიწიბურა, შაქარი, ხორბალი, ფქვილი, ზეთი, რძის ფხვნილი – არ გაძვირდება და მათზე ფასების შენარჩუნებას მთავრობა სუბსიდირებით შეძლებს. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტი ძირითადად იმპორტირებულია, შესაბამისად, პროდუქციის იმპორტიორებს ლარსა და აშშ დოლარს შორის კურსთა შორის სხვაობას მთავრობა ბიუჯეტიდან დაუფარავს.
კიდევ ერთი ნიუანსი, მთავრობა ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებზე ეროვნული ვალუტის კურსს აშშ დოლართან მიმართებით 3 ლარს გაითვალისწინებს, შესაბამისად, თუ იმპორტიორი, ამა თუ იმ პროდუქციას იმ დროს შეიძენს, როცა ერთი დოლარის ღირებულება 3 ლარზე მეტი იქნება, როგორც ეს დღეს არის, სხვაობას სწორედ მთავრობა დაფარავს მას შემდეგ, რაც განბაჟებულ პროდუქტს შემოიტანენ, ანუ ყველა საბუთი იქნება მიკვლევადი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსს თენგიზ კალანდაძის განმარტებით, კერძო კომპანიების მიმართ მთავრობის პირობაა, პროდუქცია არ გააძვირონ, ბაზარზე არსებული ფასი უნდა შეინარჩუნონ. ამ პირობით შევა მთავრობა სუბსიდიით.
სანამ მთავრობა ძირითადი 9 პროდუქტის სუბსიდირების გეგმაზე ფიქრობდა, კარანტინის გამოცხადებიდან მეორე დღესვე გაძვირდა ლობიო, შაქარი, პუტი და პურპროდუქტები. ფასმა მოიმატა რძის ფხვნილზე, ბრინჯზეც და გრეჩიხაზეც. Dalma News-სთან საუბარში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონების მოსახლეობა პურის ფქვილზე ფასების მატების გამო წუხს. ასევე, იმასაც ამბობდნენ, რომ ზოგიერთი პროდუქტი, ან დეფიციტშია, ან საერთოდ გაქრა მაღაზიის დახლებიდან, რაც, ამ დღეებში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებითაც დადასტურდა.
მათი ინფორმაციით, 2020 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.9% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის აპრილში, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.6% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 4.1%-ით განისაზღვრა.
“ბიზნესკურიერის” ინფორმაციით, აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა: ნიორი – 318,30% -ით, ლიმონი – 151,23%-ით, ვაშლი – 77,24%-ით, წიწიბურა – 74,24%-ით, საზამთრო – 60,16%-ით, ყურძენი – 56,05%-ით, ჭარხალი – 54,12%, ატამი – 47,96%-ით, ქათმის ბარკლები – 42,01%-ით.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.0 %-იანი მატება. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვე ჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (17.7 %), ბოსტნეული და ბაღჩეული (7.1%), თევზეული (6.2 %), ყავა, ჩაი და კაკაო (4.4 %), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (3.0 %), პური და პურპროდუქტები (1.6%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.2%), ზეთი და ცხიმი (0.9 %). მცირედით, 0,3%-ით შემცირდა ფასების რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე.
ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.0 პროცენტიანი კლება, რაც -0.36 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-3.8 პროცენტი).
რაც შეეხება წლიურ ინფლაციას: სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები გაიზარდა 16.1%-ით. ფასები 45%-ით არის მომატებული ხილსა და ყურძენზე, 23%-ით რძეზე, ყველსა და კვერცხზე; თითქმის 17% გაძვირდა შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული, 15%-იანი მატებაა ხორცსა და ხორცპროდუქტებზე; ასევე, თევზეული 15%-ით, ბოსტნეული და ბაღჩეული – 14%-ით არის გაძვირებული. ზეთი და ცხიმი – 11%-ით. ყავა, ჩაი, კაკაო, მინერალური წყლები, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 10%-ით გაძვირდა, ხოლო პურსა და პურპროდუქტებზე, მთელი წლის ინფლაციის მიხედვით, 8%-ზე მეტი მატება გვაქვს.
რაც შეეხება ჯანმრთელობის დაცვას, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის პირველ ნახევარში, ფასების 5% -იანი ზრდა შეინიშნება.
“ფასების ზრდა დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების (8.4 პროცენტი) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურების (4.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე”, -აღნიშნულია “საქსტატის” ინფორმაციაში.
ექსპერიმენტი ჩაატარეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მაღაზიაში 9 დასახელების ის პროდუქტები შეიძინეს, რომლებიც, მთავრობის დაპირების თანახმად, არ უნდა გაძვირებულიყო. შედეგად, აღმოჩნდა, რომ 1კგ-მდე ბრინჯის, ლობიოს, მაკარონის, წიწიბურას, შაქარის, 1 ლ ზეთის, ერთი ცალი დაფასოებული რძის ფხვნილისა და პურის შესაძენად ადამიანს 80 ლარი სჭირდება.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ოთარ ანგურიძე მიიჩნევს, რომ მსოფლიო პანდემიის პირობებში საკვებზე ფასების ზრდა მოსალოდნელი იყო და ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს. მისივე თქმით, ფასთა სხვაობა იმ პროდუქტებზე, რაც მთავრობამ დააანონსა, ასე თუ ისე შენარჩუნებულია. განსაკუთრებით იმ საიმპორტო პროდუქციას, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა აქტიურად მოიხმარს. ამასთანავე, ნარჩუნდება ეროვნული ვალუტის – ლარის ბალანსი აშშ დოლართან მიმართებაში და იმის მოლოდინები, რომ ლარი შესაძლოა კიდევ უფრო გაუფასურდეს, არ არსებობს.
როგორც Dalma News-ს ოთარ ანგურიძემ განუცხადა, საქართველომ IMF-სგან 200 მლნ აშშ დოლარის პირველი ტრანში უკვე მიიღო, რაც იძლევა მოლოდინს, რომ ლარის კურსი შენარჩუნდება იმ მინიმალურ ნიშნულზე, რაც დღეს ფიქსირდება.
“ფასები, რომ გაიზრდებოდა, ეს წინასწარვე იყო ცხადი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ იმპორტზე დამოკიდებული სახელმწიფო ვართ და ბუნებრივია, როდესაც ასეთი კრიზისია, როცა ბევრმა ქვეყანამ ჩაკეტა ექსპორტი, შეიზღუდა პროდუქციის ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაადგილება, ბუნებრივია, ეს აისახებოდა ჩვენს რეალობაზეც და გაიზარდა ფასები პროდუქციაზე”, – მიაჩნია ოთარ ანგურიძეს.
მეორე მხრივ, ექსპერტის აზრით, ფასების ზრდას ხელი შეუწყო მოთხოვნის გაზრდამ. როდესაც კარანტინი და შეზღუდვები დაანონსდა, მოსახლეობა, საკვების მომარაგებაზე იყო ორიენტირებული, რამაც გარკვეულ მომენტში პროდუქციის დეფიციტი გამოიწვია. ამას ისიც დაემთხვა, რომ დიდთოვლობის გამო, პროდუქციის შემოტანა შეფერხდა. ამ ყველაფერმა მოახდინა ფასების ზრდის სტიმულირება.
ექსპერტი იმედოვნებს, რომ მალე, მოსახლეობას ადგილობრივი წარმოების პროდუქციაც წამოეშველება და საკვებ პროდუქტებზე ფასები დასტაბილურდება.
ოთარ ანგურიძის თქმით, კორონავირუსის პანდემია საგაზაფხულო ხვნა-თესვის პერიოდს დაემთხვა. მოსახლეობას ჰქონდა შესაძლებლობა ეზრუნათ ახალი პროდუქციის მოყვანაზე. ბევრი ადამიანი, რომლებიც მოწყვეტილნი იყვნენ რაიონებს, დაუბრუნდა სოფელს, დაიწყეს ახალი პროდუქციის მოყვანა, რაც ბუნებრივია, გარკვეულ წილად დააბალანსებს შიდა მოთხოვნას შემოდგომა- ზამთრის პერიოდში.
“ამასთანავე, ვისმენთ, რომ მთავრობის მხრიდან იქნება ხელშეწყობა ხვნა-თესვაზე, რაც ასევე დიდ გავლენას მოახდენს შიდა მოთხოვნილების სტიმულირებაზეც და ხელშეწყობაზეც. ეს კი დააბალანსებს იმპორტული პროდუქციის ჩანაცვლებას. თუ დროულად ამოქმედდება მთავრობის პოლიტიკაც ეს ყოველივე გამოიღებს შედეგს და ფასების სტაბილურობაც და სხვა ქვეყნებზე დამოკიდებულებასაც შეამცირეს, რაც ჩვენი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას გააძლიერებს”, – განუცხადა Dalma News-ს ოთარ ანგურიძემ.
ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას დღეს, არ აქვს ილუზია, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ (ოდესმე თუ მოხდა ეს), ეკონომიკური კრიზისი გარდაუვალი იქნება. ექსპერტის მოსაზრებით, ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში უკვე დიდი ხანია შესულია, თუმცა, ეს არ არის საგანგაშო და პრობლემური. ეს კრიზისი დამახასიათებელია მთელი მსოფლიოსთვის და მთელს მსოფლიოში არის ამ კრიზისის ნიშნები.
“ამ შემთხვევაში, ჩვენი პოზიტივი არის ის, რომ გვაქვს საკმაოდ კარგი, ანტიკრიზისული გეგმა, რაც მთავრობამ წარმოადგინა. ამის შედეგად, საერთაშორისო ორგანიზაციებმა კარგი მხარდაჭერა გამოუცხადეს ჩვენს სახელმწიფოს, რაც არის იმის აღიარება, რომ თანმიმდევრული და სამომავლოდ იმედის მომცემი ნაბიჯები გადაიდგა”, – აცხადებს ექსპერტი.
შორენა პაპაშვილი