საქართველოში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება. ერთი მხრივ ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდს ელოდება, რომელშიც ჩართულნი არიან საქართველოს დასავლეთელი პარტნიორი ქვეყნების ელჩები, მეორე მხრივ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პარტია “ნაციონალური მოძრაობა” განაგრძობს ძველი და დიდი ხნის წინ გაშიფრული სცენარით მოქმედებას, – სახელმწიფო ინსტიტუტებზე წერტილოვანი დარტყმებითა და ცალკეული პროვოკაციებით ქვეყანაში საერთო სახალხო უკმაყოფილების სურათის შექმნა.
ვისთვის არის ეს ფილმი, რომელიც ქართულ საზოგადოებას თავიდან ბოლომდე აქვს ნანახი? სრული დამაჯერებლობისთვის სააკაშვილს მოკავშირე პარტიები სჭირდება, ამიტომ თავის სცენარში 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 0%-იან ბარიერგადალახულ პარტიებს ითრევს, ისინიც ნებაყოფლობით მძევლობას თანხმდებიან.
ქვეყანაში არსებული მძიმე პანდემიური ვითარების ფონზე ჩატარებულ არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობამ ხმა მრავალპარტიული პარლამენტის შექმნას მისცა. არჩევნებში გასული 9 პარტიიდან 8 სადეპუტატო მანდატების გამოყენებაზე უარს აცხადებს და ხელახალ არჩევნებს მოითხოვს. სცენარის ავტორი კვლავ “ნაციონალური მოძრაობაა”, რომელსაც 7 პარტიის ერთობის მიუხედავად ხალხი ვერ გაჰყავს ქუჩაში მასობრივ აქციებზე. ვერც დასავლეთს არწმუნებენ არჩევნების ტოტალურ გაყალბებაში, პირიქით, ისინი მხარეებს მოლაპარაკებისა და საპარლამენტო საქმიანობისკენ მოუწოდებენ.
31 ოქტომბერს არჩეული პარტიების კვლავ რჩებიან “ნაციონალური მოძრაობის” სცენარის პერსონაჟებად. ამასობაში პროპორციულ ნაწილში არჩევნების შედეგები შეჯამებულია. ცესკო მეორე ტურის შედეგებსაც მალე შეაჯამებს. პარტია “ქართული ოცნება”, რომელსაც გარანტირებული საპარლამენტო უმრავლესობა აქვს ხელახალი არჩევნების თეორიულ შანსსაც არ განიხილავს.
ოპოზიცია პარლამენტში რომ შევიდეს, მომდევნო 4 წლის განმავლობაში პარტიები საკუთარი პოლიტიკური გეგმებით დაკავდებიან, სააკაშვილისეული რევოლუციური მუხტი კი მინელდება. ამიტომ, ხან თბილისში, ხანაც ბათუმში პერმანენტულად მართავენ აქციებს. ისმის დაუმორჩილებლობის, მთავრობის სახლში შეჭრის და პოლიციაზე ძალადობის მოწოდებები. ქართულმა საზოგადოებამ მორიგი მსგავსი პროვოკაცია იხილა 30 ნოემბერს, ბათუმში, სადაც ოპოზიცია აჭარის მთავრობის ხელმძღვანელ თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრის მოთხოვნით მთავრობის სახლში შეჭრას ცდილობდა. პოლიციამ აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლის უფლება არ მისცა, მათ შორის, არც აჭარის უმაღლეს საბჭოში ნაციონალების ფრაქციის ხელმძღვანელ ელგუჯა ბაგრატიონს.
აქციის მონაწილეების მოთხოვნებია: ხელახალი არჩევნების ჩატარება, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა და “ყველა პოლიტპატიმრის” გათავისუფლება. ისინი ასევე აპროტესტებენ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებს.
ბათუმის მოვლენებს ეხმაურება ექსპერტი, ამირან სალუქვაძე და აცხადებს, რომ ოპოზიცია თავისი ქმედებით, სწორედ მრავალპარტიულობის პრინციპს აზიანებს და ამაში მას საზოგადოება არ მიჰყვება. ქართველი ამომრჩეველი კვლავ ახალი პოლიტიკური ძალის მოლოდინშია.
“8 წელია მუდმივად აქციების რეჟიმში ვცხოვრობთ. ბათუმის აქციებიც ამ სცენარის ანარეკლია. რაში აინტერესებთ მათ დღეს, თორნიკე რიჟვაძე? აბსოლუტურად არაფერში. თორნიკე რიჟვაძე არ წყვეტს ვადამდელი არჩევნების საკითხს. მათი მთავარი მიზანი იყო შენობაში შესვლა და იქ სკანდალის, ხმაურის მოწყობა, რათა საინფორმაციო გამოშვებების მთავარი თემა იყოს – დაპირისპირება, დაკავებები… შექმნან განცდა, თითქოს პოლიციურ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. ამ დროს, პოლიციელები ძალიან მაღალი პასუხისმგებლობითა და თმენის ვალდებულებით იტანენ პოლიტიკოსების უტიფარ შეურაცხყოფებს”, – განუცხადა Dalma News -ს ამირან სალუქვაძემ.
მისივე თქმით, არსებულ რთულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში ოპოზიციის მასობრივი აქციების მიზანია ქვეყანაში კოვიდვითარების გართულება.
ამირან სალუქვაძის შეფასებით, ქვეყანაში ბოლო ხანებში მიმდინარე პროცესებმა თვალსაჩინო გახადა ის, რომ პოლიტიკოსებს პოლიტიკური კულტურის დეფიციტი აქვთ და ქართული საზოგადოება ამ თვალსაზრისით მათზე ბევრად მაღლა დგას.
“მე ვერ ვიხილე ჯანსაღი ოპონირება ხალხისთვის საჭირბოროტო საკითხებზე. ჩვენ არ გვინახავს პროგრამებზე კამათი. ამაში ხელისუფლებასაც თავისი წილი ბრალი მიუძღვის, მაგრამ ოპოზიციაც უნდა იყოს კონსტრუქციული. როცა პოლიციელებს, ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებს მიმართავ, – “მონებო!”, – ეს კულტურაა? ნუთუ ნორმალურ იურიდიულ და ლიტერატურულ ენაზე არ შეიძლება საკუთარი პოზიციის გამოხატვა? ეს არის ერთი პიროვნების მძევლობაში მყოფი ოპოზიციური ძალების მოქმედებები. სამწუხაროა, რომ ახალი პარტიები მძევლობაში იმყოფებიან და არ ფიქრობენ 2024 წელზე, როცა უკვე სრულად პროპორციული სისტემით 5%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ”, – ამბობს ამირან სალუქვაძე.
მისივე თქმით, პარტიები, რომლებიც დღეს “ნაციონალური მოძრაობის” სცენარით მოქმედებენ, მნიშვნელოვან დროს და რესურსს ხარჯავენ სწორედ მათივე პარტიების გაძლიერებისა და ელექტორატის გაზრდის თვალსაზრისით. ადვილი შესაძლებელია, რომ 2024 წლის არჩევნებში მათ 3 %-იც ვეღარ მიიღონ. ამირან სალუქვაძის შეფასებით, პარტიები სახელმწიფოსგან დაფინანსებას იმისთვის იღებენ, რომ ხალხთან იმუშაონ, რეგიონებიდან თავიანთი ამომრჩევლების ხმა ჩამოიტანონ პარლამენტში, ეს არის მრავალპარტიულობის უმთავრესი დანიშნულებაც.
“ქვეყანა ქუჩაში აქციებზე დგომით არ ვითარდება, ხალხს ნორმალური პოლიტიკური პროცესი გვჭირდება, ამიტომ ვაფინანსებთ პარტიებს. დანარჩენი ყველაფერი დემაგოგიაა”, – ამბობს ექსპერტი.
მისივე თქმით, პროცესები სააკაშვილისეული სცენარით თუ გაგრძელდა, დანარჩენი ოპოზიციური პარტიები არა მხოლოდ დაკარგავენ საკუთარ ამომრჩეველს, არამედ 2024 წელს ქვეყანა ისევ 2 პარტიას – “ქართულ ოცნებას” და “ნაციონალურ მოძრაობას” მიიღებს. ხელისუფლებაში მეოთხე ვადით დარჩენა კი, არც მმართველი პარტია “ქართული ოცნებისთვის” არის კარგი და არც ხალხისთვის, რადგან არ იარსებებს კონკურენცია.
ბათუმის აქციებთან დაკავშირებით Dalma News-ს საკუთარი მოსაზრება ანალიტიკოსმა, ლადო ბოჟაძემაც გაუზიარა. მისი შეფასებით, იმას, რაც ბოლო ხანებში ბათუმში ხდება, არაფერი აქვს საერთო, არც პოლიტიკასთან და, არც გამოხატვის თავისუფლებასთან. ეს არის მავნებლობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ბოჟაძის მოსაზრებით, ასეთი ტიპის აქციებს დღეს, არანაირი დატვირთვა არ აქვს. პოლიტიკოსებისთვის ხელმისაწვდომია პოლიტიკური მოლაპარაკებების სივრცე. მაგრამ ოპოზიციის მიზანია, მუდმივად სტრესში ამყოფოს ხელისუფლება. ამ დროს კი, ყველაზე მეტად მოსახლეობა ზარალდება, ქვეყანაში კიდევ უფრო მძიმდება ეპიდემიოლოგიური ვითარება.
“რა თქმა უნდა, პარტიებს აქვთ უფლება დაუპირისპირდნენ “ქართულ ოცნებას”, საკუთარი პროტესტი გამოხატონ, მაგრამ, როცა ეს უკვე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულისკენ მოწოდებებს, როცა პოლიტიკური პარტიების წევრების მხრიდან ადამიანების სიცოცხლისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველ განცხადებებს ვისმენთ, ხელისუფლებამ შესაბამისად უნდა იმოქმედოს. ამას არანაირი კავშირი არ აქვს დასავლურ ღირებულებებთან”, – ამბობს ლადო ბოჟაძე.
ოპოზიციის მხრიდან ხელახალი და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას რაც შეეხება, როგორც Dalma News-ს ლადო ბოჟაძემ განუცხადა, კანონმდებლობის თანახმად ხელახალი არჩევნები ვერ ჩატარდება და ეს კარგად უნდა იცოდეს ოპოზიციამ. ახლოვდება ახალი მოწვევის პარლამენტის შეკრების დროც. ვადამდელი არჩევნების მოთხოვნასაც თავისი კონსტიტუციური საფუძველი გააჩნია, – ან მთავრობა არ უნდა დამტკიცდეს, ან პრემიერმა დააყენოს პარლამენტში მისი მთავრობის მიმართ ნდობის საკითხი, ამ ყველაფერთან კი, ბათუმისა და თბილისის აქციებს არანაირი კავშირი არ აქვს.
ანალიტიკოსის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” პროექტს, რომელიც თითქოს არჩევნების გაყალბების მოტივით ნოემბერში რევოლუციის მოწყობას უკავშირდებოდა, მოსახლეობის მხარდაჭერა არ მოჰყვა. ამიტომ, როგორც ჩანს, ოპოზიციამ სხვა მექანიზმი ჩართო და, რადგან არჩევნების გაყალბების მოწოდებით არ შედგა რევოლუცია, ახლა ცდილობენ მაქსიმალურად მძიმე მდგომარეობა შეიქმნა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, რომ იქნებ გაზაფხულისთვის საკმარისად დაგროვდეს მიზეზები მასობრივი საპროტესტო აქციებისთვის, გადატრიალებისა და დესტაბილიზაციისთვის.
“ჩვენი დასავლეთელი პარტნიორების რეკომენდაციაა, რომ ხარვეზები, რომლებიც ამ არჩევნებზე გამოვლინდა, საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს. ამისთვის საჭიროა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის აქტიური თანამშრომლობა და არა ულტიმატუმის ენით საუბარი. ვიმედოვნებ, რომ მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, იქნება შედეგიანი, კომპრომისი იქნება მიღწეული, რათა ქვეყანამ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში განაგრძოს განვითარება და არა ქუჩის აქციებით”, – განუცხადა Dalma News-ს ლადო ბოჟაძემ.
2021 წელი საქართველოში კვლავ საარჩევნო წელია. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კიდევ ერთი ტესტი იქნება პოლიტიკური პარტიებისთვის. ექსპერტების აზრით, პარტიები, რომლებიც “ენმ”-ს გავლენას თავს ვერ დააღწევენ და პარლამენტის გარეთ დარჩენას ამჯობინებენ, საკუთარ თავს დააზარალებენ. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ არჩევნებში გასულ დანარჩენ 6 პარტიას ერთად, მთელი 10%-ით უსწრებს “ნაციონალური მოძრაობა”, დროა დაფიქრდნენ, რის ფასად თანხმდებიან ნებაყოფლობით მძევლობას? საბოლოო ჯამში, საქართველოს 0,5 მლნ ამომრჩეველი, რომლებმაც ხმა დანარჩენ პარტიებს მისცეს, დარჩნენ მოტყუებულები, რადგან მრავალპარტიულობის პრინციპს დღეს, თუ ვინმე აზარალებს, სწორედ ოპოზიცია.
შორენა პაპაშვილი