სახალხო დამცველის შერჩევის საკითხი ერთ-ერთია იმ 12 რეკომენდაციას შორის, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს საშინაო დავალებად მისცა იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ეს რეკომენდაციების ბოლო, მე-12 პუნქტია. როგორც ევროკომისიის მიერ 17 ივნისს გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, ახალი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში უპირატესობა უნდა მიენიჭოს დამოუკიდებელ პირს და პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ; უზრუნველყოფილი უნდა იყოს ომბუდსმენის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.
მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა 2022 წლის ბოლოსთვის ეწურება. ნინო ლომჯარიამ ეს თანამდებობა 2017 წელს “ქართული ოცნების” მხარდაჭერით დაიკავა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ 4-კანდიდატს შორის შეირჩა.
სახალხო დამცველის თანამდებობაზე ლომჯარიას მოღვაწეობა ხელისუფლების მიმართ კრიტიკით გამოირჩევა, თუმცა მაინც ვერ ვუწოდებთ პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალს. სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები ნინო ლომჯარიას ორმაგ სტანდარტებს ხშირად საყვედურობენ, ხოლო მისი მხრიდან გაკეთებული პოლიტიკური განცხადებების გამო, ექსპერტების ნაწილი ომბუდსმენის აპარატს პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დანამატად მიიჩნევს.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სახალხო დამცველის რანგში ნინო ლომჯარიას მოღვაწეობას უარყოფითად აფასებს და მიაჩნია, რომ ის პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი არ არის, ხშირად მოქმედებს კონკრეტული პოლიტიკური ძალის ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა იმავდროულად ცდილობს, ეს ზეგავლენა ადამიანის უფლებებზე ზრუნვით შეფუთოს.
მისივე თქმით, დემოკრატიულ სახელმწიფოში არავის სჭირდება ხელისუფლების მორჩილი სახალხო დამცველი, თუმცა, დემოკრატიულ საზოგადოებას, ასევე, არ სჭირდება პოლიტიკურად ანგაჟირებული ომბუდსმენი, რომელსაც ავიწყდება ნეიტრალურობის პრინციპი.
“ფაქტია, რომ საზოგადოებაში მისი საქმიანობით უკმაყოფილო უფრო მეტია, ვიდრე კმაყოფილი. ის რეიტინგიც, რაც მას NDI-იმ ხელოვნურად დაუწერა, თითქოს სახალხო დამცველის აპარატს ნდობას უცხადებდა გამოკითხულთა 40-45%, ჩვეულებრივი პოლიტტექნოლოგიაა და მეტი არაფერი”, – განუცხადა Dalma News-ს ზაალ ანჯაფარიძემ.
მისივე თქმით, საზოგადოებაში უკმაყოფილება ჩნდებოდა არა ლომჯარიას მიმართ პიროვნული დამოკიდებულებით, არამედ იმის მიხედვით, თუ როგორ ახორციელებს ის თავის ფუნქციას.
“როცა თავგამოდებით იცავ ერთი ჯგუფის ინტერესებს და უყურადღებოდ ტოვებ საზოგადოების იმ ჯგუფის ინტერესებს, რომელიც შენთვის მიუღებელია, ამაშია პრობლემა”, – აცხადებს ანალიტიკოსი.
მიუხედავად იმისა, რომ ნინო ლომჯარიას პირობებში სახალხო დამცველის აპარატი მმართველ პოლიტიკურ ძალას ბევრ საკითხში დისკომფორტს უქმნიდა, სახალხო დამცველის შერჩევის საკითხი მაინც მოხვდა ევროკომისიის 12 რეკომენდაციას შორის. Dalma News-ის კითხვაზე, თუ რა არ აკმაყოფილებს დასავლეთს, ზაალ ანჯაფარიძემ განაცხადა:
“ევროკომისიას სურს, ახალი სახალხო დამცველი არჩეულ იქნეს იმავე პრაქტიკით, როგორც ეს იყო 2017 წელს. დასავლეთის მხრიდან მაშინ, მაღალი შეფასება მიეცა ლომჯარიას არჩევასთან დაკავშირებულ პროცედურებს”.
ზაალ ანჯაფარიძის აზრით, სახალხო დამცველის არჩევის წესში საჭიროა ცვლილებები. მას უნდა ირჩევდნენ არა ექსკლუზიურად არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან, არამედ საჭიროა ამ პროცესში საზოგადოების სხვა სეგმენტებიც ჩაერთოს. ამას ეწინააღმდეგება ოპოზიცია. ერთი შეხედვით, ევროკომისია სახალხო დამცველის კანდიდატების წარდგენისას საზოგადოების ფართო ჩართულობის წინააღმდეგი არ უნდა იყოს. თუმცა სხვაგვარად ფიქრობს საპარლამენტო ოპოზიცია და სახალხო დამცველის არჩევის წესში ცვლილებებს მხარს არ უჭერენ.
სახალხო დამცველის არჩევის ახალ წესი 31 აგვისტოს მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. მათი შეთავაზებაა ახალი ომბუდსმენი 7 კანდიდატს შორის შეირჩეს, თავად მმართველი გუნდი კანდიდატურის დასახელებაზე უარს ამბობს.
“ოცნების“ მიერ სახალხო დამცველის წესის არჩევის ცვლილებას ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილი სკეპტიკურად უყურებს და ფიქრობენ, რომ ომბუდსმენის ასარჩევად მოქმედი წესის შეცვლის საჭიროება არ არსებობდა.
ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შეიქმნება “შეფასების 9-კაციანი ჯგუფი”, რომლის შემადგენლობაში იქნებიან სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის, პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. ეს ჯგუფი კანდიდატებს კეთილსინდისიერების, მიუკერძოებლობისა და მაღალი რეპუტაციის, სათანადო პროფესიული ცოდნისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების კრიტერიუმებით შეაფასებს.
პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო რეგლამენტში შესატანი ცვლილებები, რომელიც სახალხო დამცველის არჩევის დროებით წესს შეეხება. ცვლილებებს, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავდა, მხარი 83 დეპუტატმა დაუჭირა. პარლამენტმა ახალი სახალხო დამცველი სრული შემადგენლობის 3/5-ით, ანუ 90 ხმით უნდა აირჩიოს. დღეს კი, პარლამენტში 90 დეპუტატი არცერთ პოლიტიკურ სუბიექტს არ ჰყავს, მათ შორის არც „ქართულ ოცნებას“. ომბუდსმენის ასარჩევად საჭიროა საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრების ხმები.
უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე სამჯერ იყო ომბუდსმენობის კანდიდატი. 2013 წელს პარლამენტს 74 ათასი ადამიანის მიერ ხელმოწერილი პეტიციაც წარედგინა. ლორთქიფანიძის აზრით, “ქართულმა ოცნებამ“ მაშინ, ვერ გაბედა ნეიტრალური კანდიდატურის მხარდაჭერა და ვერც დღეს გაბედავს “გლობალური დასავლეთის წინააღმდეგ წასვლას”.
დიმიტრი ლორთქიფანიძის შეფასებით, სახალხო დამცველის ინსტიტუტი ლიბერალური სამყაროსთვის განიხილება, როგორც ერთ-ერთი მთავარი მაკონტროლებელი რგოლი, რომლის ბიუჯეტი 10 მლნ ლარია და რომლის სათავეში აუცილებლად უნდა იყოს ისეთი პირი, რომელიც იქნება მათი ლიბერალური ღირებულებების სადარაჯოზე.
“მე-12 პუნქტად პირდაპირ ჩაიდო, როგორც ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა „ქართული ოცნებისადმი“, რომ ფორმალურად ეს უნდა იყოს ყოველგვარი პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი პიროვნება. სინამდვილეში სახალხო დამცველის კანდიდატურის დასახელების პრიორიტეტად დასავლეთს წარმოუდგენია მის მიერვე დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების კანდიდატურებიდან ერთ-ერთი”, – განუცხადა Dalma News-ს დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
მისივე შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ხელისუფლება სახალხო დამცველის ინსტიტუტის სახით შექმნის ნეიტრალურ საარბიტრაჟო რგოლს, რომელიც იქნება გადაწყვეტილების მიმღები, ეს ტაქტიკური თვალსაზრისით სწორი ნაბიჯი იქნება. ამით “ქართული ოცნება” დასავლეთს აღარ უტოვებს სპეკულაციის სივრცეს.
“სახალხო დამცველის აპარატი არის კონსტიტუციური ორგანო, ის ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მას პარლამენტის უმრავლესობა ირჩევს. ის, რომ უმრავლესობა არ დაასახელებს კანდიდატურას არ ნიშნავს იმას, რომ მხარს არ დაუჭერს მისთვის სასურველ კანდიდატს. ვისურვებდი უმრავლესობას გამოეჩინა კეთილგონიერება და მხარი დაეჭირათ ისეთი ფიგურისთვის, რომელიც აბსოლუტურად გამიჯნული იქნება “გლობალური დასავლეთისგან” იდეოლოგიურადაც და სხვა ვალდებულებებითაც”, – აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
რაც შეეხება თავად მოქმედი ომბუდსმენის მოღვაწეობას, უფლებადამცველის შეფასებით, ლომჯარია თავიდანვე გამოირჩეოდა პოლიტიკური მიკერძოებით. მისი საქმიანობის ისტორიაში შავ ლაქად ჩაიწერება ნინოწმინდის მიუსაფარ ბავშვთა სახლის გარშემო ატეხილი სკანდალი და მოუწევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა სახალხო დამცველის სტატუსის ბოროტად გამოყენებისთვის.
“ნინო ლომჯარია არის დანაშაულებრივი სინდიკატის სათავეში ნინოწმინდის მიუსაფარ ბავშვთა სახლის წინააღმდეგ განხორციელებულ პროვოკაციაში. დადგება დრო და ლომჯარიას მოუწევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმ დანაშაულისთვის, რომელიც უკავშირდება სახალხო დამცველის სტატუსის ბოროტად გამოყენება იმისთვის, რომ შეექმნა ავტორიტეტული აზრი და ნებისმიერი საშუალებით დაეშალა ნინოწმინდის მიუსაფარ ბავშვთა სახლი. მათ ეს შეძლეს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი შავი ლაქა ლომჯარიას შემოქმედებაში”, – მიაჩნია დიმიტრი ლორთქიფანიძეს.
უფლებადამცველი არ გამორიცხავს, ახალი სახალხო დამცველის გარშემო დაწყებული საარჩევნო პროცესი დროში გაიწელოს, ეს თემა პოლიტიკური ვაჭრობის საგნად იქცეს და საბოლოოდ, “ქართულ ოცნებას” თამაშის საკუთარ წესებზე უარი ათქმევინონ.
“შესარჩევი კომისია არაფერს ნიშნავს, ასეთი კომისია 2013 წელს მეც გავიარე, როცა ქუთაისის პარლამენტში დაგვიბარეს. მაშინ უჩა ნანუაშვილი აირჩიეს სახალხო დამცველად. ანუ მათ მიერვე დაწერილი თამაშის წესები უარყვეს. ერთი რამ ცხადია, „ქართული ოცნება“ აუცილებლად შეეცდება მისთვის სასურველი კანდიდატი იყოს მხარდაჭერილი“, – მიაჩნია დიმიტრი ლორთქიფანიძეს.
მისივე თქმით, 12- პუნქტიანი რეკომენდაციის ერთი პუნქტიც რომ არ შესრულდეს, დასავლეთის “საშინაო დავალება” შესრულებულად არ ჩაითვლება.
შორენა პაპაშვილი