NDI-იმ (ნაციონალურ დემოკრატიული ინსტიტუტი), რომლის სოციოლოგიური კვლევები საქართველოში უკვე ტრადიციულად უკმაყოფილებისა და საყოველთაო განსჯის საგანი ხდება, 4 თვის წინ ქვეყანაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საზოგადოებრივი აზრის პირველი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ორგანიზაციის გრაფიკულმა მონაცემებმა ამჯერად, სწორედ ის პოლიტიკური ძალა გაინაწყენა, რომელიც, ამ დრომდე, მათ რეპუტაციას კბილებით იცავდა. NDI-ის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით 2 053 სატელეფონო ინტერვიუ მომზადდა შემთხვევით ნომერზე დარეკვით, გამოიკითხა ქვეყნის სრულწლოვანი მოსახლეობაა და გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარია ±1,1%.
NDI-ის კვლევის თანახმად, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებიდან 3-4 კვირის შემდეგ ჩატარდა, გამოკითხულთა 92% არ იზიარებს ოპოზიციური პარტიების განწყობას, რომ არჩევნები შემავიწროვებელ, ან შემაშინებელ გარემო ჩატარდა. 76% მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ყველა არჩეულმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო საქმიანობაში.
პარტიების მხარდაჭერის ნაწილში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მმართველ პარტია “ქართულ ოცნებას” აქვს და ასეთი გამოკითხულთა 31%-ია. კითხვაზე – რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? გამოკითხულთა 25%-მა განაცხადა, რომ არც ერთი. პასუხზე უარი თქვა 24%-მა. პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 5% – მა დაასახელა, არ იცის – 5%-მა. კვლევის მიხედვით, სხვა პარტიებს ასახელებს გამოკითხულთა 9%. სხვა პარტიებში შედიან “პატრიოტთა ალიანსი”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “გირჩი”, “ევროპული საქართველო”, “ლელო” და “ლეიბორისტული პარტია”.
ამ პროცენტებს თუ შევკრებთ, შეგვიძლია ვთქვა, რომ 31 ოქტომბრის შემდეგ, ოპოზიციის რეიტინგი სწრაფი ტემპით ეცემა. ისეთი მძიმე და საპასუხისმგებლო გამოწვევის პირობებში, როგორიც მსოფლიო პანდემია და მას თან დართული ეკონომიკური კრიზისია, პარლამენტში არშესვლით ოპოზიციამ საკუთარი ამომრჩეველი “ქართული ოცნების” იმედად დატოვა. მმართველ პარტიას პარლამენტში ჯერჯერობით არ ჰყავს მისი მთავრობის გადაწყვეტილებების მაკონტროლებელი ოპოზიცია, რომელიც ასევე, საკუთარი ამომრჩევლის ინტერესებს დაიცავდა.
პარტია “ნაციონალური მოძრაობისთვის” დამაიმედებელი არც არჩევნებამდე მისივე დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევები იძლეოდა დამაიმედებელ შედეგს. სხვადასხვა გამოკითხვებში “ენმ” 12-15%-ზე მეტს ვერ იღებდა. Edison Research-ის ბოლო კვლევით, “ენმ – გაერთიანებულ ოპოზიციას” მოსახლეობის 15% უჭერდა მხარს, “ევროპულ საქართველოს” 6%, “ლელოს” და “გირჩს” 3-3%. მაგრამ 31 ოქტომბრის არჩევნებში, ცესკოს ინფორმაციით, “ნაციონალურმა მოძრაობამ 27%-ზე მეტი აიღო, “ევროპულმა საქართველომ” თითქმის 4%, “ლელომ” კი, 3%-ზე მეტი.
ექსპერტები თანხმდებიან მოსაზრებაზე, რომ წინასწარ შეუძლებელია ელექტორატის ქცევის განჭვრეტა. საარჩევნო უბანზე მისულმა ამომრჩეველმა შესაძლოა, გადაწყვეტილება ბოლო მომენტში შეცვალოს. მოსახლეობის განწყობების ცვლილებაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს. ექსპერტები “ქართულ ოცნებას” ურჩევენ, NDI-ის კვლევის გამო, ეიფორიაში ნუ ჩავარდებიან, რომ “ნაციონალური მოძრაობას” 5 %-იანი მხარდაჭერა აქვს და ეს მისი კრახის დასაწყისია. ეს ასე არ არის.
როგორც Dalma News-ს ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ განუცხადა, NDI-ის მიერ გამოქვეყნებული პროცენტული მაჩვენებლები მისთვის სიახლე არ ყოფილა, რადგან არჩევნების შემდეგ ოპოზიციის მომხრე და მათი ამომრჩევლების საკმაოდ ანგარიშგასაწევი ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ ოპოზიცია ეწეოდა დესტრუქციულ ქმედებას და არ შედიოდა პარლამენტში. ანალიტიკოსის თქმით, ეს უკმაყოფილება იღვრებოდა სოციალურ ქსელებში და როგორც ჩანს, სოციოლოგიურ გამოკითხვაშიც აისახა.
NDI-ი ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის წარმომადგენელმა კითხვების ფორმულირებისთვისაც გააკრიტიკა. კერძოდ, მათი აზრით, კითხვის ამგვარად დასმა – ოპოზიცია უნდა იყოს თუ არა პარლამენტში? – არასწორია და ვერ ასახავს მოსახლეობაში დღეს არსებულ განწყობას. NDI-ის კვლევას “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და მას “შეშინებული ხალხის გამოკითხვა” და აბსურდი უწოდა. მისი აზრით, კითხვა უნდა დასმულიყო ამგვარად: “ამართლებ, თუ არა ოპოზიციის ბოიკოტს?”
ანალიტიკოსის, ზაალ ანჯაფარიძის თქმით, როდესაც სოციოლოგიური სამსახური კითხვარს ადგენს, ის ითვალისწინებს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, კითხვა მუშავდება, ექსპერტებთან გადის ტესტირებას და მხოლოდ ამის შემდეგ უსვამენ მათ რესპონდენტებს.
“NDI-ის სურდა მოსახლეობის აზრის გაგება, სურდათ, თუ არა ოპოზიცია პარლამენტში ეხილათ, რაზეც რესპონდენტთა უმეტესობამ დადებითად უპასუხა. როდესაც ფასილიტატორმა ელჩებმა გააკეთეს ისეთი განცხადებები, რომლის შინაარსიც ოპოზიციას არ მოეწონა, ისინი კრიტიკისა და თავდასხმის ობიექტებად იქცნენ. თითქმის ერთ ხმაში აკრიტიკებენ ამ კვლევას ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები, რომელიც ადრე მათთვის სამაგალითო და სანდო ორგანიზაცია იყო. ახლა ამბობენ, რომ კითხვა ვერ შეარჩიეს სწორად, რომ სატელეფონო გამოკითხვა არ არის სანდო, მოსახლეობა დაშინებულია და ა.შ. ეს არის სამწუხაროდ პოლიტიკური კულტურის ნაკლებობის გამოვლინება”, – განუცხადა Dalma News-ს ანჯაფარიძემ.
ექსპერტ ამირან სალუქვაძის აზრით, ოპოზიციის ლიდერებისგან განსხვავებით, კითხვა: – ოპოზიცია უნდა იყოს თუ არა პარლამენტში? – გამოკითხულებმა სწორად გაიგეს და შესაბამისადაც უპასუხებს. მაგრამ ოპოზიციას სხვა გასაჭირი აქვს, მათ არჩევნებში გაწეული საკმაოდ დიდი ფინანსური დანახარჯი ადარდებთ.
“მათი გათვლა, რისთვისაც საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი დახარჯეს, იყო ის, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი უმრავლესობით ყოფილიყო წარმოდგენილი პარლამენტში, ხელისუფლებაში მოსულიყვნენ, მთავრობა დაეკომპლექტებინათ და დანახარჯი ამოეღოთ. „ენმ“-მ. „ლელომ“, „ევროპულმა საქართველომ“ ძალიან დიდი თანხები დახარჯეს ამისთვის, ათეულობით მილიონი. მათ თანხა იმისთვის არ დაუხარჯავთ, რომ პარლამენტში ოპოზიციურ ფორმატში იყვნენ წარმოდგენილები. სხვა მიზეზი არ არსებობს იმისა, თუ რატომ არ შედიან პარლამენტში, სადაც ჯერ არნახული რიცხოვნობა აქვს ოპოზიციას”, – განუცხადა Dalma News-ს ამირან სალუქვაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციამ არასწორი სტრატეგია აირჩია, ახალი პარტიებისთვის დრო უკვე წასულია. ძველებიც ფსკერზე დავიდნენ. ადამიანებმა, ვისაც ჰქონდათ მოლოდინი, რომ ახალი პარტიები პარლამენტში შევიდოდნენ, ნახეს, რომ ისინი “ნაციონალურმა მოძრაობამ” შემოიკრიბა და “ფანჩატურში შეიყვანა”. შედეგად, ამომრჩევლისთვის ყველა ეს პარტია “ნაციონალურ მოძრაობასთან” გაიგივდა.
ოპოზიცია გაზაფხულს ელოდება. იმედოვნებენ, რომ პანდემიისა და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, ადამიანების სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება და სიღარიბით უკმაყოფილო ხალხის პროტესტს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებენ. NDI-ს კვლევას, თუ დავუჯერებთ, გამოკითხულთა 60% ფიქრობს, რომ მთავრობა პანდემიას კარგად უმკლავდება, 33%-ს აზრით კი – ცუდად. გამოკითხულთა 33% ფიქრობს, რომ ყველაზე ცუდი ქვეყანამ უკვე უკან მოიტოვა, 39%-ის აზრით, კი ეს ჯერ კიდევ წინ არის. 6%-ს ჰგონია, რომ კორონავირუსი არ წარმოადგენს დიდ პრობლემას.
ექსპერტ ამირან სალუქვაძის შეფასებით, ამორალურია, როცა პოლიტიკოსები მოსახლეობის სოციალური უკმაყოფილების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობენ. მისი თქმით, ნორმალური პოლიტიკოსები ხალხის უბედურებაზე არ აკეთებენ ფსონს.
“იმდენად გაკოტრდნენ, რომ ერთადერთი გზა დარჩათ, როგორმე ჩამოიქცეს ეკონომიკა. გარკვევით თქვა დავით ბაქრაძემ ტელეეთერით, – გაზაფხული მოდის, ქვეყანაშია პანდემიაა, მშიერი ხალხი გამოვა ქუჩაშიო. მთავარი იცით რა არის? განა ხალხი არ გამოვა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ქუჩაში, უბრალოდ, ამ პოლიტიკოსებს არ მოჰყვებიან. ხალხში არ არის იმ დღის წესრიგის მხარდაჭერა, რომელიც ოპოზიციამ შექმნა. ოპოზიციას არც საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ორგანიზაციების მხარდაჭერა აქვთ. მიღებულია ყველა დონის მილოცვა, დაგეგმილია სერიოზული ვიზიტები და შეხვედრები. დასავლეთს ოდნავ მაინც, რომ ჰქონდეს არჩევნების გაყალბების ეჭვი, “ოცნებას” არ მოერიდებოდნენ”, – აცხადებს ამირან სალუქვაძე.
ამ ვითარებაში, ექსპერტები სკეპტიკურად უყურებენ მოლაპარაკებების მე-5 რაუნდის პერსპექტივას. მათი აზრით, სანამ მხარეები გონივრულ დათმობებზე არ წავლენ, მოლაპარაკებების გამართვას აზრი არ აქვს. “ქართულმა ოცნებამ” გაითვალისწინა ფასილიტატორების რეკომენდაცია და მე-2 რაუნდზე გარკვეული შეთავაზებები წარმოადგინა, თუმცა წითელი ხაზებიც მკაფიოდ გაავლო: არ განიხილება ვადამდელი არჩევნების ჩატარება და ე.წ პოლიტპატიმრების ციხიდან გამოშვების საკითხი, რასაც ოპოზიცია მოითხოვს. სამაგიეროდ მზად არიან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე, ცესკოს შემადგენლობის ხელახლა დაკომპლექტებაზე.
დიდი ალბათობით, მიმდინარე კვირაში საბოლოოდ გაირკვევა, რომელი დეპუტატი დარჩება ბოიკოტის რეჟიმში და რომელი არ ეტყვის უარს საკუთარ ამომრჩეველს, მისი ხმა ისმოდეს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში.
შორენა ქარჩავა