ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი 27 აგვისტოს, კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე გაიხსნება. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ინაუგურციის ცერემონიაში ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიღებს მონაწილეობას, რომელიც საქართველოს ორდღიანი ვიზიტით 26 აგვისტოს ესტუმრება.
ოფიციალური შეხვედრების ფარგლებში განიხილება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ საკითხთა სრული სპექტრი და ამ მიმართულებით დაგეგმილი შემდგომი ნაბიჯები, უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმდინარეობა და ვარშავის 2016 წლის ნატო-ს სამიტისთვის მზადების პროცესი, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.
ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენ-მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთნ. გენერალური მდივანი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.