ცნობილია, რომ უკიდეგანო უდაბნოში დაკარგულ, გაუსაძლისი სიცხისაგან და წყურვილისგან გათანგულ მგზავრს ჰორიზონტზე აყვავებული ოაზისი ელანდება. უკანასკნელ ძალებს იკრებს და წინ მიიწევს, რათა თავისი ცხოვრების ყველაზე დიდი იმედგაცრუება განიცადოს. მსგავსი შედარება შეიძლება გაკეთდეს საქართველო-ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ურთიერთობების გაანალიზებისას.
ლონდონში ნატო-ს მორიგი და ამჯერად საიუბილეო სამიტი დასრულდა, რომელზეც ძალიან ბევრი საინტერესო რამ მოხდა. სამიტზე საქართველოს საკითხმა რიკოშეტივით აისხლიტა. თითქოს იყო და თან არც იყო. საქართველო, რამდენიმე ათწლეულია პოლიტიკურ უდაბნოში დადის და თავის მიზანს ვერ აღწევს, ხოლო ნატო მას, რატომღაც მხოლოდ მირაჟის სახით ეცხადება.
ალიანსის გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა საიუბილეო სამიტზე თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ საქართველოს ნატო-ს ბლოკში გაწევრიანების ზუსტი თარიღი არ არსებობს. ზუსტად ასე არ არსებობს ალიანსში უკრაინის გაწევრიანების თარიღიც.
“ნატო-ში, ჯერ კიდევ ბუქარესტის სამიტზე, გადაწყვიტეს, რომ უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრები გახდებიან. გადაწყვეტილება ძალაშია. იმავდროულად, ჩვენ ზუსტი ვადების ჩარჩოებს არ ვადგენთ. ამჟამად მობილიზებულები ვართ, დავეხმაროთ ამ ქვეყნებს ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ მოძრაობაში”, – განაცხადა მან.
ქართველებს უნდა უხაროდეთ, რომ გადაწყვეტილება ძალაშია, თუმცა მისი აღსრულებისთვის, რამდენიმე თაობას მოუწევს ლოდინი, მაგრამ ეს, არც ისე მნიშვნელოვანია. ნატო ხომ, თავის მხრივ, მობილიზებულია იმისთვის, რომ მძებნელებს სწორი გზისკენ წინსვლაში დაეხმაროს. სწორი გზა – ეს არის ქართველი და უკრაინელი სამხედროების ავღანეთის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა, რასაც სამშვიდობო საერთაშირისო მისიას უწოდებენ. სწორედ ეს მიაჩნიათ “ნატო”-სთან დაახლოების ნაბიჯად. თუმცა, ზუსტი ჩარჩო იმისა, თუ რამდენი სისხლი უნდა დაღვარონ ქართველმა და უკრაინელმა სამხედროებმა ამ უმაღლეს მისიისთვის, დადგენილი არ არის. როგორც ამბობენ, რამდენიც საჭირო იქნება, იმდენი დაიღვრება – მთავარია, საჭირო გზაზე სიარული შენარჩუნდეს.
“არც ისე დიდი ხნის წინათ, საქართველოში ვიყავი. იქ იყვნენ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხვა წევრებიც. ჩვენ უკრაინაშიც ჩავედით. ამგვარად, ჩვენ ორივე ქვეყანასთან ვმუშაობთ, ვეხმარებით საქართველოს და უკრაინას ნატო-სთან დაახლოებაში და ამას თანამშრომლობის მეშვეობით ვაკეთებთ, რაც ორივე ქვეყნისთვის კარგია. ეს ასევე კარგია ნატო-სთვის, რადგანაც საქართველო და უკრაინა ალიანსის მისიებსა და ოპერაციებში, მაგალითად, ავღანეთში მონაწილეობენ”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
დღეს, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები -საქართველო და უკრაინა რუსეთთან არაპირდაპირ სამხედრო კონფლიქტში არიან ჩართულები. ამ ქვეყნების მმართველი ელიტა ოკეანის გადამღმელი დირიჟორების კარნახით, “რუსული აგრესიის”, “რუსული ოკუპაციის”, “საერთაშორისო უფლებების დარღვევის” შესახებ მთელს მსოფლიოში გაჰყვირიან. შესაძლოა, საუბარია იმ საერთაშორისო უფლებაზე, რომლისგანაც თავად ნატომ და კოლექტიურმა დასავლეთმა არაფერი დატოვეს.
რუსეთი თავის თავს კონფლიქტების მონაწილედ არ მიიჩნევს. აბა, ვინ ჩართო საქართველო და უკრაინა ჩრდილთან უსასრულო ბრძოლაში? ეს ორი ქვეყანა რუსეთის საზღვრებზე ღია ჭრილობად უნდა დარჩეს. ალიანსი და დასავლეთი მათ სწორედ ამიტომ “ეხმარება”. რით უნდა აიხსნას ის, რომ ყოფილი აყვავებული საბჭოთა რესპუბლიკები, რომლებსაც მაღალგანვითარებული ეკონომიკა და კულტურა ჰქონდათ, დღეს უღარიბეს და კატასტროფულ მდგომარეობაში არიან, მათი მოსახლეობის მიგრაცია ქვეყნიდან გაქცევას ჰგავს, ხოლო ეკონომიკა ფსკერზეა დაშვებული. ეს არის გზა ნატოსკენ? ავღანეთში ქართველი ახალგაზრდების სიცოცხლის და რუსეთთან გამაკოტრებელი და დამანგრეველი კონფრონტაციის ფასად?
რაშია საქმე? იქნებ, ყველაფერში რუსეთია დამნაშავე? მაშ, აყვავებული დასავლეთი “რუსეთის მავნე გავლენის” მიუხედავად, საქართველოს და უკრაინას წალკოტად რატომ არ გადააქცევს? ვაშინგტონის მიერ კონტროლირებადი მსოფლიო სავალუტო ფონდი უკრაინას ვალებში, რაღატო ძირავს და პროცენტების მრიცხველს გაუჩერებლად ატრიალებს? ეს ორი ქვეყანა, რატომ აინტერესებს დასავლეთს მხოლოდ იმ დანაკარგის რაოდენობით, რომლის მიყენებაც რუსეთს შეუძლია? დანაკარგი, რომელსაც თავიანთი მოქმედებებით თავად აყენებენ, არავის აინტერესებს. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ საქართველოს და უკრაინის მოსახლეობის ბედი დასავლეთს არ აინტერესებს. თავიანთი ფუნქცია უნდა შეასრულონ. სტოლტენბერგმა ღიად აღიარა, რომ ეს კარგია ნატო-სთვის. ამ გამონათქვამს ნამდვილად ვერ შეეწინააღმდეგები.
ცხადია, ნატო-სთვის ეს ძალიან კარგია. მაგრამ რამდენად დამღუპველია ეს საქართველოსთვის და უკრაინისთვის? ნატო-ს თანავარკვლავედში, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ თანავარსკვლავედში, თავისი გიგანტები და ჯუჯები ჰყავთ. მაგალითად, ესტონეთის თავდაცვის მინისტრი იური ლუიკი, რომელიც საქართველოს ალიანსის “სპეციალურ პარტნიორად” მიიჩნევს, ერთობლივი სამუშაოების გაგრძელებისკენ მოუწოდებს და ყველას უყვება, როგორი “ცუდი მეზობელია რუსეთი”.
რუსეთმა ვლადიმირ პუტინის სიტყვებით, მკაფიოდ და გასაგებად განაცხადა, რომ ნატო-ს აზროვნების ბლოკური სტერეოტიპები ვერ იქნება ეფექტიანი გადაწყვეტილებების მოძიების და მიღების კარგი ინსტრუმენტი – თანამედროვე სამყარო ძალიან სწრაფად იცვლება.
“ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით ალიანსისკენ, ვცდილობდით კონსტრუქციული დღის წესრიგი შეგვეთავაზებინა. ჩატარდა რამდენიმე ერთობლივი ღონისძიება, თუმცა 2008 წლის შემდეგ ჩვენი თანამშრომლობა ფაქტობრივად ჩაიშალა, რადგანაც ალიანსი რუსეთთან მიმართებაში არაკორექტულად, უხეშად რომ არ ვთქვათ, რუსეთის ფედერაციის ინტერესების გაუთვალისწინებლად იქცეოდა. ამის მიუხედავად, ვიმედოვნებ, რომ საერთო უსაფრთხოების, სტაბილურობის და პლანეტის მშვიდობიანი მომავლის ინტერესები გაიმარჯვებს”, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთი არასოდეს დაუპირისპირებია ნატო-ს. როდესაც ალიანსი ის ის იყო იქმნებოდა, საბჭოთა კავშირი მზად იყო მასში გასაწევრიანებლად, მაგრამ უარი უთხრეს. ვარშავის შეთანხმების ორგანიზაციის დაშლას შედეგად ავტომატურად უნდა მოჰყოლოდა ნატო-ს დაშლაც – მაგრამ ასე არ მოხდა. უფრო მეტიც, ბლოკი ისე გაიზარდა და გაფართოვდა, რომ რუსეთის საზღვრებს ძალიან მიუახლოვდა. ალბათ, აქ ზედმეტია რიტორიკული შეკითხვის დასმა: ვინ არის აგრესორი?
მაგრამ საქართველოს და ნატო-ს ურთიერთობების აპოთეოზად იქცა საქართველოს სს მინისტრის დავით ზალკალიანის გამოსვლა სამიტზე.
“ჩვენ ვხვდებით დღევანდელ მდგომარეობას. ჩვენ ეფექტიანად ვახორციელებთ ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რომლებიც წევრობამდე მიგვიყვანს. საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც ალიანსის წევრი. ჩვენ ვხვდებით დღევანდელ ვითარებას, სანამ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არსებობს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მზად ვიყოთ ამ მომენტისთვის, როდესაც ალიანში შესვლის დრო დადგება. საქართველოს წვლილი, ცხადია ნატო-ს მხრიდან შემხვედრი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს. ყოველთვის გახსოვდეთ საქართველო”, – განაცხადა ზალკანიანმა.
მის გამოსვლას ოვაციები და აპლოდისმენტები მოჰყვა, სახლშიც სწორედ ამის ამარა დაბრუნდა. საინტერესოა, როგორ პასუხს ელოდება ზალკალიანი თავის ცრემლნარევ მოწოდებაზე: გახსოვდეთ საქართველო? “ხსოვნა შენს შესახებ ყოველთვის იქნება ჩვენს გულებში”? ეს არის ქვეყნის ნათელი მომავალი? ქართული ხელისუფლება თავის ქვეყანას ჯერჯერობით სწორედ ამ გზით მიათრევს…
ირაკლი ჩხეიძე