„ნამახვანჰესის პროექტის” წინააღმდეგ მებრძოლი “რიონის ხეობის მცველების” ზრუნვის ობიექტი ამჯერად რაჭის ტყეებია. მოძრაობის წევრები მოითხოვენ გაუქმდეს 2022 წელს გაცემული ლიცენზია, რომლის მიხედვითაც, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰა ტყეზე 49-წლიანი ლიცენზია ბიზნესმენ დავით ხიდაშელს გადაეცა.
რამდენიმეთვიანი ბრძოლის შემდეგ, პროტესტმა ონიდან დედაქალაქში, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს შენობასთან გადმოინაცვლა. აქციის მონაწილეები სამართალდამცველების წინააღმდეგობას წააწყდნენ, როდესაც მათ სამინისტროს შესასვლელთან კარვის გაშლა დააპირეს.
17 ნოემბერს სამინისტროსთან მოძრაობის 11 პირი დააკავეს, მათ შორის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ვარლამ გოლეთიანი. დაკავებულები მეორე დღეს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, თუმცა, სასამართლო პროცესი რამდენიმე დღით გადაიდო. მოსამართლემ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიდეო მტკიცებულებების წარმოდგენა დაავალა.
ვარლამ გოლეთიანმა აქციის მონაწილეთა დაკავება ხელისუფლების მხრიდან დაშინების მცდელობად შეაფასა და განაცხადა, რომ არ აპირებენ პროტესტის შეწყვეტას მანამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. იგი ქართულ საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდებს, რათა პროტესტი ბოლომდე მიიყვანონ.
რაჭის ტყეების ლიცენზია შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკამ“ ტყეში სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით შეიძინა. ლიცენზია კეთილშობილი ირმისა და კავკასიური დომბას, იგივე ევროპული ბიზონის მოშენებასაც ითვალისწინებს. კომპანიის მესაკუთრე ბიზნესმენი დავით ხიდაშელია.
15 ნოემბერს გავრცელდა ხიდაშელის კომპანიის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ კომპანია სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადის.
„კარგად იყვნენ უჩემოდ“, – განაცხადა დავით ხიდაშელმა.
ამის შემდეგ, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა ინფორმაცია, საიდანაც ვიგებთ, რომ ლიცენზიის მფლობელს მეურნეობის მოსაწყობად 5 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო და კიდევ მთელი რიგი ვალდებულებები აეღო. მაგრამ, რადგან ლიცენზიანტს არაფერი გაუკეთებია, დაიწყეს “ადმინისტრაციული წარმოება სალიცენზიო ვალდებულებების სტატუსისა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების დადგომის მიზნით“.
„რიონის ხეობის მცველებისთვის“, არც ხიდაშელის განცხადებაა დამაჯერებელი და არც გარემოს დაცვის სააგენტოსი. მოძრაობის ლიდერი ვარლამ გოლეთიანი ეჭვობს, რომ სამინისტროც და ხიდაშელიც შეთანხმებულად მოქმედებენ, ორივეს მიზანი კი საზოგადოების პროტესტის განეიტრალებაა. პროტესტის ფონზე, 20 ნოემბერს, განმარტება გააკეთა მინისტრმა, თუმცა რიონის ხეობის დამცველებს არც ამჯერად შეხვედრია.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია განმარტავს, რაჭაში ტყე არ გაყიდულა და არსებული კანონმდებლობით ტყის გაყიდვა შეუძლებელია.
მისივე თქმით, ლიცენზიის მფლობელს ხელი არ უნდა შეეშალა მოსახლეობისთვის ტერიტორიაზე გადაადგილებაში; ასევე, არამერქნული რესურსების მოპოვებაში. სოციალური ჭრის ნაწილში, საშეშე მერქნის მოპოვებაში.
მინისტრმა ასევე დაადასტურა, რომ ლიცენზიანტს მოსახლეობასთან, ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად შედგენილი ტყის მართვის გეგმის ფარგლებში უნდა ემოქმედა, ჩაეტარებინა შესაბამისი კვლევები, მათ შორის, ზურმუხტის ქსელის ტერიტორიაზე. ინფრასტრუქტურული ნაწილის დაგეგმვის, შემდგომი საქმიანობის განსაზღვრის პროცესში ჩართული უნდა ყოფილიყო ადგილობრივი მოსახლეობა და გათვალისწინებული ყოფილიყო მათი ინტერესები.
Dalma News-ი შეეცადა გაერკვია, რას გვასწავლის ტყის რესურსების მართვის მსოფლიო გამოცდილება და კერძო მეიჯარის შემთხვევაში, როგორ უნდა იყოს დაცული ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები?
დავიწყოთ იქიდან, რომ მეტყევეს პროფესია საქართველოში გაქრობის პირას მყოფ პროფესიათა სიაშია. გარდა ამისა, სატყეო საქმე ადამიანის სიცოცხლისთვის ერთ-ერთი მაღალი საფრთხის მქონე სამუშაოა, ამიტომ, მოსახლეობის ტყეში თავისუფლად მუშაობა, ვისაც, როდის უნდა შევიდეს, რაც უნდა მოჭრას და გამოიტანოს, არ არის სწორი დამოკიდებულება.
როგორც სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის – “ნაკრესის” ხელმძღვანელმა კახა არცივაძემ გვითხრა, მეტყევეობა საშიშ პროფესიათა 5-ეულში, ზოგ ქვეყანაში 3-ეულშიც კი შედის. პირველ რიგში, მენეჯმენტი გულისხმობს იმას, რომ უნდა ხორციელდებოდეს მეტყევეების სპეციალური მომზადება. ტყეში მუშაობენ მეტყევეები, – ასეთია მსოფლიო პრაქტიკა. ადამიანები, რომლებმაც ამ სფეროში 6-საფეხურიანი სპეციალიზებული მომზადება გაიარეს.
საქართველოში ტყის რესურსების მართვის სამწუხარო პრაქტიკა არსებობდა. გასული საუკუნის 90-იან წლებში ტყე ითვლებოდა სოციალურ ფაქტორად, როცა სოფლის მოსახლეობას პენსიებს ვერ აძლევდნენ ტყით თავისუფლად სარგებლობის ნებას რთავდნენ.
„არ არსებობს უფასო რესურსი ბუნებაში. ასეთი დამოკიდებულება ბუნების მიმართ არასწორია. ამიტომ მცდელობა იყო, რომ ტყე მართვას დაექვემდებარებოდა, ხე-ტყე გამოსულიყო კომერციული გზით, შეღავათიან ფასებში მიეწოდებინათ მოსახლეობისთვის, ეს სოციალურ კონფლიქტს ქმნის“, – აცხადებს კახა არცივაძე.
ტყის მართვასთან დაკავშირებით საქართველოში განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ერთი ნაწილი ტყეების პრივატიზაციის მომხრეა, მეორენი კი, ტყეების სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენას, მათ შორის, ტყის მუნიციპალურ საკუთრებაში არსებობას უჭერენ მხარს. მსოფლიოში არსებობს მდიდარი გამოცდილება იმისა, თუ რამდენად ბევრ უარყოფით შედეგებს იძლევა ტყის კერძო საკუთრებაში გადასვლა – დიდი ზიანი ადგება ბიომრავალფეროვნებას.
“მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე ყველა მსგავსი შემთხვევა ასე დამთავრდა. შესაძლოა, ტყის რესურსების მართვის თვალსაზრისით კერძო საკუთრებაში არსებული ტყე უფრო კარგად იმართებოდეს, მაგრამ კერძო საკუთრება იწვევს იმას, რომ ბიოლოგიური რესურსების ინტენსიური გამოყენების გამო, ტყე კარგავს ბუნებრივ მდგომარეობას, მის სიმდიდრეს ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით და ხდება ბევრად უფრო ღარიბი, იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც იყენებს ტყის რესურსს, ის როგორც წესი ჩეხავს ტყეს, მერე აშენებს და ცდილობს რომ ამ ტყეს მოუაროს, მაგრამ ტყე ხდება ხელოვნურად გაშენებული და ძალიან ღარიბი ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით”, – ამბობს კახა არცივაძე.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს ბუნებრივ ტყეებში 400-მდე სახეობის სხვადასხვა მცენარე გვაქვს, მაშინ, როცა ევროპის ტყეებში 5-6, მაქსიმუმ 7 სახეობა გვხდება. იმიტომ, რომ ადამიანი რგავს ისეთ სახეობებს, რომლებიც სწრაფად იზრდება და მალე მისცემს მოგებას.
დღეს, მსოფლიო მივიდა იმ აზრამდე, რომ ტყეების გარკვეული ნაწილი უნდა იყოს სახელმწიფო საკუთრებაში. ის ქვეყნები, სადაც ტრადიციულად კერძო საკუთრებაშია ტყეები, ცდილობენ გამოისყიდონ კერძო მესაკუთრეებისგან და ტყეების 20-40% მაინც გადაიყვანონ სახელმწიფო საკუთრებაში.
“ჩვენ გვაქვს ეს „ფუფუნება“, რომ სახელმწიფო საკუთრებაშია ტყეების აბსოლუტური უმრავლესობა, და ვფიქრობ, რომ ეს უნდა შევინარჩუნოთ. ტყე უნდა იმართებოდეს მართვის გეგმის საფუძველზე. მოსახლეობა, კერძო მესაკუთრეც და სახელმწიფოც, ყველა უნდა ემორჩილებოდეს ტყის მართვის გეგმას. კერძოდ, როგორ უნდა ხორციელდებოდეს ხე-ტყის მოპოვება, რათა ტყის მავნებლებისა და ტყის ხანძრების გავრცელება ავირიდოთ თავიდან. მოსახლეობა იქნება თუ სახელმწიფო, ყველა მართვის ლოგიკას უნდა დაექვემდებაროს”, – ამბობს კახა არცივაძე.
სამონადირეო მეურნეობის პირობებში ხე-ტყის ჭრაზე არ არის საუბარი. არამედ საუბარია ტყის გამოყენების ფორმაზე, როგორც ადგილის, სადაც იქნება ნადირობა. ამ შემთხვევაში ლიცენზიანტი მოგებას იღებს ნადირობით და არა ხე-ტყის ჭრით. ასეთ შემთხვევაშიც კი, მოსახლეობის საჭიროებისთვის არამერქნული რესურსების გამოყენება ნებადართულია და უფასოა. კერძო მეიჯარეს არ აქვს უფლება მოსახლეობას ტყით სარგებლობა შეუზღუდოს. ტყის კოდექსი კრძალავს ასეთ შეზღუდვას.
“თუმცა არსებობს შეზღუდვები იმ შემთხვევაში, თუ ტყე დაზიანდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში იქ ადამიანის შესვლა უსაფრთხო არ არის ნიადაგისთვის. მაგრამ ადამიანს ვერ აუკრძალავ ტყეში შევიდეს და სოკო, მაყვალი, ჟოლო შეაგროვოს თავისი მოხმარებისთვის. სამონადირეო მეურნეობისთვის მთავარი შეზღუდვა იქნება ის, რომ ბრაკონიერი არ შევიდეს ტყეში და ცხოველები არ გაანადგუროს. ეს არის კერძო მეიჯარის მთავარი ამოცანა”, – განმარტავს კახა არცივაძე.
სამონადირეო მეურნეობა – როდესაც ტყის მართვაზე იღებს პასუხისმგებლობა, ის იმ გეგმის გეგმის ფარგლებში უნდა მოქმედებდეს, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობასთან არის შეთანხმებული. ხიდაშელი იქნება თუ სხვა, არ უნდა ჰქონდეს სრული თავისუფლება, რაც უნდა გააკეთოს. მეორე მხრივ კერძო პირს ბიზნეს ინტერესი აქვს.
რაც შეეხება საკუთრივ რაჭის ტყეების თემას, კახა არცივაძე იზიარებს მოსახლეობის პროტესტს. მისი შეფასებით, ტერიტორიის იჯარით გაცემა არაგამჭვირვალედ მოხდა და პროცესში საერთოდ არ იყო საზოგადოება ჩართული. როდესაც თავად, ამ საკითხის გარშემო ინფორმაციის მოპოვებას შეეცადა, აღმოაჩინა, რომ რაჭის ტყის თემაზე სამინისტროშიც, ფაქტობრივად არავინ არაფერი იცოდა.
როგორ არცივაძემ Dalma News-თან საუბრისას განაცხადა, ეს გადაწყვეტილება არ იყო მიღებული სამინისტროს დონეზე.
“დავარქვათ ამას არაფორმალური მმართველობა. ეჭვი მაქვს, რომ ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც სამინისტროსთვის არავის უკითხავს. ხიდაშელმა ჯერ აიღო ტერიტორია და სამინისტრო მერე ჩააყენეს საქმის კურსში. გადაწყვეტილება პოლიტიკურ დონეზეა მიღებული. სამინისტროს არ იჯარის გაცემა ჰკითხეს და არც მისი შეჩერება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს საკითხი ივანიშვილსა და ხიდაშელს შორის შეთანხმდა და მერე ჩააყენეს პრემიერი საქმის კურსში”, – აცხადებს კახა არცივაძე.
მისივე შეფასებით “რიონის ხეობის მცველთა” პროტესტი სრულიად სამართლიანია.
შორენა პაპაშვილი