თბილისის სააპელაციო სასამართლომ, 25 თებერვალს, განსახილველად არ მიიღო ოპოზიციური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი, რომლებიც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ და ის დაუშვებლად ცნო. ოპოზიციონერი ლიდერი, რომელმაც შინა პატიმრობის ელექტრონული სამაჯური, რამდენიმე თვის წინ ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მოიხსნა და განაცხადა, რომ კანონს არ დაექვემდებარებოდა და ვერ დაიჭერდნენ, 23 თებერვალს, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისიდან თითქმის საათნახევრიანი სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს. იგი 2019 წლის 20 ივნისს, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაშია ბრალდებული.
პროკურატურა მზადაა, გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში ნიკა მელიასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე სასამართლოს მიმართოს.
გაერთიანებული ოპოზიციის ჩანაფიქრი, რომ ე.წ მთავარი ოპოზიციური პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის დაკავება ქვეყანაში საერთო სახალხო მღელვარებას გამოიწვევდა, არ გამართლდა. 26 თებერვალს, პარლამენტის შენობის წინ 19 პოლიტიკურმა პარტიამ და ცალკეულმა პოლიტიკურმა ლიდერებმა თავიანთი მხარდამჭერები რეგიონებიდანაც ჩამოიყვანეს, თუმცა აქციის მასშტაბები შთამბეჭდავი ვერ გამოდგა, რაც მოგვიანებით, თუმცა ირიბად, მაგრამ თავად ოპოზიციის ლიდერებმაც აღიარეს. ნიკა მელიას მხარდამჭერი აქცია რუსთაველის გამზირზე ტრადიციულად კარვების დადგმით დასრულდა.
აქციაზე შეკრებილებს ოპოზიციის ლიდერებმა ის სამი ძირითადი მოთხოვნა გააცნეს, რომელთა დაკმაყოფილების გარეშე ხელისუფლებასთან მოალაპარაკებების მეხუთე რაუნდის გამართვას არ აპირებენ. ესენია: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლება.
ექსპერტების შეფასებით, გაერთიანებული ოპოზიციის აქციებზე დიდი ხანია საზოგადოების ხმა აღარ ისმის. კრახი განიცადა ნიკა მელიას სცენარმა, რომელმაც გირაოს არგადახდით სახელმწიფოსთან დაპირისპირებით რევოლუციური განწყობების აგორება სცადა. ოპოზიციონერი ლიდერები 6 დღის განმავლობაში იყვნენ გამაგრებულები ნაციონალების ოფისში და 23 თებერვალს, როცა სამართალდამცველებმა მელია დააკავეს, აქციაზე, მხოლოდ მათი მხარდამჭერები მივიდნენ. 28 თებერვალს კი, საქართველოს მოსახლეობის გულწრფელი პროტესტი გაისმა ქუთაისში, სადაც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩასულმა ათასობით ადამიანმა რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობა გააპროტესტა. ექსპერტების შეფასებით, ქუთაისის აქციამ დაადასტურა ის, რომ, თუ რამე აშფოთებს საზოგადოებას, ის არ ერიდება ამის თქმას და ამისთვის არ სჭირდებათ პოლიტიკური პარტიები.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში იყო მინიშნება, რომ სარჩელი სააპელაციო გზით არ გასაჩივრდებოდა, მაგრამ მელიას ადვოკატებმა, მაინც გადაწყვიტეს, რომ ტაქტიკური მოქმედებით კიდევ ერთხელ ეჩვენებინათ, რომ საქართველოში მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით პრობლემებია. მეორე მხრივ კი, პროკურატურამ მიანიშნა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება არ იყო თვითმიზანი და მისგან მხოლოდ კანონით დადგენილი მოქმედებების აღსრულებას მოითხოვენ.
როგორც Dalma News-ს ზაალ ანჯაფარიძემ განუცხადა, მელიას აღნიშნულ დანაშაულის გამო, ყველა სამართლებრივ სახელმწიფოში დაიჭერდნენ. ხელისუფლების შეცდომა ის არის, რომ მელია მაშინვე არ დააკავეს, როცა მან სამაჯური მოიხსნა და 2 თვის შემდეგ გაიხსნა საქმე ხელახლა. ეს კი ოპოზიციას აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ეს იყო პოლიტიკური მოტივებით განპირობებული საქმე.
“სამართლებრივ სახელმწიფოში თუ ვცხოვრობთ, კანონსაც უნდა ვემორჩილებოდეთ. ეს საკითხი რომ მიფუჩეჩებულიყო შეიქმნებოდა იმის პრეცედენტი, რომ ყველა პოლიტიკოსს შეუძლია დემონსტრაციულად დაარღვიოს კანონი და ეს შერჩება”, – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
მისივე შეფასებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები უნდა შედგეს, მაგრამ ეს შეუძლებელი იქნება, თუ მხარეები ამისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამენ. ერთი მხრივ მმართველი პარტია აცხადებს, რომ ვადამდელი არჩევნები ვერ გახდება მოლაპარაკების თემა, მეორე მხრივ კი, ოპოზიციას მოლაპარაკების მაგიდასთან მისვლა ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით სურს. ზაალ ანჯაფარიძის აზრით, ადრე თუ გვიან, ხელისუფლებას მოუწევს კომპრომისზე წასვლა და ეს იქნება მელიას და რურუას გათავისუფლება. თუმცა, სხვა საკითხია, ამ დათმობას რა ფორმულირება მიეცემა.
“გახსოვთ 8 მარტის შეთანხმება, როცა გამოსავალი მოიძებნა და პრეზიდენტმა ოქრუაშვილი და უგულავა შეიწყალა. ისინი გათავისუფლდნენ, როგორც დამნაშავეები და არა, როგორც პოლიტპატიმრები. ახლაც შეიძლება, კრიზისის დასაძლევად, გარკვეული ფორმულირების მოძებნა. სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელთა დაკნინებასაც მელია ცდილობდა, მოწოდების სიმაღლეზეა. ახლა შესაძლებელია იურიდიული მექანიზმი გამოინახოს და ის გაათავისუფლონ. ამ ეტაპზე ხელისუფლების ინტერესებში არ შედის მელიას ციხეში ყოფნა, არც ადგილობრივი და არც საერთაშორისო ფაქტორების გათვალისწინებით”, – აცხადებს ანჯაფარიძე.
მისივე თქმით, ოპოზიციას მეორე სუნთქვა მათ შემდეგ გაეხსნა, რაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა, საერთაშორისო კონიუნქტურა ოპოზიციის სასარგებლოდ არის შეცვლილი და შესაბამისად, ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს გამოიყენოს და მისთვის სასურველი შედეგი დადოს. ამიტომ ისინი ბოლომდე წავლენ, მთავარია ხელისუფლებამ გამოიჩინოს გონიერება და არ დაიწყოს ძალისმიერი ქმედებები იქ, სადაც ამის აუცილებლობა არ არის.
“შესაძლოა ისიც მოხდეს, რომ თავად საზოგადოებაში გამოიწვიოს უკურეაქცია ოპოზიციის ქმედებებმა, მათ შორის, კარვების დადგმამ. მეეჭვება, ოპოზიციამ თავისი გადამეტებული რადიკალიზმით მოახერხოს ფართო მხარდაჭერის მიღება. ოპოზიციის ავანგარდში დგანან აშკარად დისკრედიტებული ლიდერები და პერსონალურად მათ მხარდაჭერა არ აქვთ”, – განუცხადა Dalma News-ს ზაალ ანჯაფარიძემ.
ექსპერტი ლადო ბოჟაძე ვადამდელი არჩევნების დანიშვნაში აზრს ვერ ხედავს, თუ ის ისევ არსებული საარჩევნო სისტემით, იმავე ადმინისტრაციით და იგივე პროცედურებით ჩატარდება. Dalma News-ის კითხვაზე, თუ რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს ოპოზიციას რიგგარეშე არჩევნებით, ბოჟაძემ განაცხადა, რომ არაფერი, მორიგი რევოლუციური სცენარის გარდა, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მეორე დღეს ვერ განხორციელდა და “იქნებ რიგგარეშე არჩევნების მერე მაინც განხორციელდეს”.
ბოჟაძის მოსაზრებით, რიგგარეშე არჩევნები თუ ჩატარდება “ქართული ოცნება” და „ენმ“ იმაზე მეტ ხმას აიღებს, ვიდრე 31 ოქტომბერს. ანუ ნახევარი მილიონი ამომრჩევლის ხმა, რომელმაც ამ ორივე პარტიას უთხრა უარი, ისევ “ოცნებასა” და ნაციონალებს შორის გადანაწილდება და დაზარალდებიან ის პარტიები, რომლებმაც მოატყუეს საზოგადოება, რომ ისინი იყვნენ მესამე ძალა, ჰქონდათ რაღაც სტრატეგია, საბოლოო ჯამში კი, ნაციონალების თამაშის მონაწილეები აღმოჩნდნენ. საბოლოო ჯამში, ორპოლუსიანობა, რომელიც საქართველოს მოსახლეობას 31 ოქტომბრის არჩევნებით უნდა შეემცირებინა და X მოწვევის პარლამენტში 9 პარტია მოხვდა, 0,5 მლნ ადამიანი, ვინც ორპულუსიანობას უთხრა უარი, კვლავ მოტყუებული დარჩა.
“2024 წლის პარლამენტშიც გვეყოლება მხოლოდ 2 სუბიექტი „ენმ“ და „ქართული ოცნება“. პროცესები მაქსიმალური რადიკალიზაციითა და პოლარიზაციით თუ განვითარდა, ეს იქნება დამანგრეველი შუა ძალებისთვის. თუ საარჩევნო რეფორმა, რასაც ოპოზიცია არ ეკარება, არ განხორციელდა და, მაგალითად, თბილისში, პროპორციულ ნაწილში 4%-იანი ბარიერი 2,5%-ზე არ დავწიეთ, ხოლო რეგიონებში 3,33%-ზე, აღმოჩნდება, რომ 64 მუნიციპალიტეტში მოხვდება „ქართული ოცნება“ და „ენმ“. დანარჩენი პარტიები საკრებულოებშიც ვეღარ შევლენ, არა თუ მომავალ პარლამენტში”, – აცხადებს ლადო ბოჟაძე, რომელიც საარჩევნო რეფორმის ჯგუფში მუშაობს.
მისივე შეფასებით, მოლაპარაკებას ყველა შემთხვევაში აქვს აზრი და სწორედ დიალოგი და დეესკალაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზება.
“საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობს სწორედ იმ საკითხების მოგვარებაზე, რასაც ოპოზიცია აყენებდა 31 ოქტომბრის არჩევნებზე. აქაც ოპოზიციის ჩართულობა არის ნული. სამოქალაქო სექტორი და საერთაშორისო ორგანიზაციები ვართ ჩართული. ველოდებით ეუთო-ს დასკვნას და რეკომენდაციებს, რომ ისინიც ავსახოთ, რათა 2021 წლის არჩევნები უკეთესი იყოს. ეს არის უმოკლეს გზა რიგგარეშე არჩევნებისკენ, თუმცა ამ გზაზე უარს ამბობს ოპოზიცია, რომელიც ვერავის არწმუნებს იმაში, რომ არჩევნები გაყალბდა”, – აცხადებს ლადო ბოჟაძე.
მისივე თქმით, ოპოზიციას ჰგონია, რომ ხალხს ის აწუხებს, ისინი კარავში შევლენ, თუ პარლამენტში. ქუთაისის აქციამ კი აჩვენა, რომ ხალხს ქვეყნისთვის სხვა საფრთხეების აცილება აღელვებს, რომ აღარაფერი ვთქვათ, ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და პანდემიაზე, ვაქინაციის საკითხებზე, შეზღუდვების მოხსნაზე და სხვა.
“ეს არის ხალხის პასუხი ოპოზიციის ულტიმატუმზე”, – ამბობს ბოჟაძეს.
მისივე თქმით, სააპელაციო სასამართლოსგან მოლოდინი, რომ ის რამეს შეცვლიდა არ არსებობს, მაგრამ არსებობს შანსი, რომ თავად მელიამ გადაიხადოს გირაო და მიმართოს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე. ეს გადაწყვეტილება არის სრულიად ნიკა მელიას მისაღები. კითხვაზე, თუ ვინ დაიჭირა ნიკა მელია, ბოჟაძე ამბობს: ის დაიჭირა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და არავინ სხვამ.
შორენა პაპაშვილი