საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები მიესალმებიან, რომ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა.
როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, საქართველომ ყველაზე ბაზარი და ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს. “ცხადია, რომ რუსეთის, საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნების ბაზარი არის ერთ-ერთი საინტერესო ამ თვალსაზრისით”, – განმარტა ფინანსური უწყების ხელმძღვანელმა.
რუსეთის მხრიდან სანქციების დაუწესებლობა დადებითად შეაფასა გარემოსა და ბუნებრი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმაც. “ეს მესიჯი მიმდინარე ვითარებაში, რთველის წინ, როცა რთველის სეზონი უკვე იწყება, იქნებოდა კარგი სიგნალი ბიზნესმენებისთვის, რომ მათ არ შეაფერხონ საქმიანობა, რადგან მოგეხსენებათ, საკმაოდ დიდი რაოდენობით პროდუქტი ღვინისა და ღვინომასალების გადის რუსეთის მიმართულებით”, – განაცხადა აგულაშვილმა.
თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის შეფასებით კი, “კარგია, როდესაც რაღაც ტიპის, თუნდაც მინიმალური შემხვედრი ნაბიჯები ჩნდება”. “თუმცა სამწუხაროდ, ეს არის გაგრძელება იმისა, რაც აქამდე ხდებოდა. სხვა სიახლეს ამაში ვერ ვხედავ”, – დასძინა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა სასანქციო სიის გაფართოების შესახებ გუშინ განაცხადა.