2050 წლისთვის სომხეთის მოსახლეობის 33,1%-ს საპენსიო ასაკის, ანუ 60 წელს გადაცილებული ადამიანები შეადგენენ. ამის შესახებ დასკვნა, Global Age Watch Index 2015-მ გამოაქვეყნა -პენსიონერებისთვის ყველაზე ხელსაყრელი ქვეყნები.
სომხეთს ამ რეიტინგში 43-ე ადგილი უკავია. 2014 წის მონაცემებით, სომხეთში მოსახლეობის მხოლოდ 16,3%-ია 60 წელს გადაცილებული. 2030 წლისთვის მათი რაოდენობა 23,8%-მდე, ხოლო 2050 წლისთვის – 33,1%-მდე გაიზრდება.
კვლევები ჩაატარა ბრიტანეთის ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ HelpAge International-მა. რეიტინგი შედგენილია გაეროს ეკონომიკისა და სოციალური საკითხების დეპარტამენტის ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით. მონაცემების თანახმად, ხანდაზმულების რაოდენობა 35 წელიწადში პლანეტაზე თითქმის გაორმაგდება.
“მსოფლიო ბერდება. იმ პირობებში, როდესაც რეპროდუქცია მცირდება, ხოლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იზრდება, 60 წელს გადაცილებულების რაოდენობა გაიზრდება. 2050 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობის 21,5% 60 წელს იქნება გადაცილებული, ეს კი დაახლოებით 2,09 მილიარდი ადამიანია. დღევანდელი ახალგაზრდობა ისტორიაში ხანდაზმულთა ყველაზე დიდი ჯგუფის ნაწილი გახდება. 2015 წლისათვის ამ ჯგუფში მთელი მსოფლიოს მასშტაბით 901 მილიონი ადამიანი შედის, ეს პლანეტის მოსახლეობის 12,3%-ია (ამჟამად 7 მილიარდზე მეტი ადამიანი) . 2030 წლისათვის ეს რიცხვი 1,4 მილიარდამდე (16,5%) გაიზრდება, 2050 წლისათვის – 2 მილიარდამდე (21,5%)”,- ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, 35 წლის შემდეგ რუსეთი აღმოჩნდება ევროპის ყველა იმ ქვეყანას შორის, სადაც მოსახლეობის 28,8% 60 წელს იქნება გადაცილებული. თუმცა, ამ დროისათვის რუსეთის მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდება. შედარებისთვის, რეგიონის მიხედვით რეიტინგში ბელორუსმა 64-ე ადგილი დაიკავა, ტაჯიკეთმა – 58-ე, ყირგიზეთმა -51-ე, ხოლო ურუგვაიმ -27-ე.
Global Age Watch Index 2015-ის რეიტინგში ბრიტანელი უფლებათა დამცველები ქვეყნებს შორის შედარებებს აწარმოებენ არა მხოლოდ 60 წელს გადაცილებული მოსახლეობის რაოდენობის, არამედ ცხოვრების ხარისხის მიხედვითაც. რეიტინგში შესულია მსოფლიოს 98 ქვეყანა. ისინი დაყოფილია იმის მიხედვითაც, თუ სახელმწიფო რა სახსრებს ხარჯავს მოსახლეობის მკურნალობაზე, მათი მომსახურების ხარისხზე, ასევე დასაქმებული ხანდაზმული მოქალაქეების რაოდენობისა და სხვა ფაქტორების მიხედვით.