ენით აუწერელი ბედნიერება – ცხოვრება

პეტერბურგში, ალექსანდრე-ნეველის ლავრის სასაფლაოზე, ოცი წლის ახალგაზრდის საფლავის ქვაზე ასეთი წარწერაა: “გარდაიცვალა მეცნიერებისადმი ზედმეტი გულმოდგინების გამო”. მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკურ ინსტიტუტში მოხვედრა და სწავლა არც ისე ადვილია. სწორედ იქ მოხვედრილი სტუდენტებისათვის გამოთქმა “ზედმეტი სწავლისგან ჭკუიდან შეშლა” უცხო არ არის. ბევრი მათგანი ფსიქიატრიულ კლინიკაშია აღრიცხვაზე. საბედნიეროდ, დავით იანი იქ არ მოხვედრილა, თუმცა დეპრესიები რეგულარულად ჰქონდა. დავითს მიაჩნია, რომ ეს ამად ღირდა.

ფიზიკასა და თეატრს შორის

დავითი ერევანში გაიზარდა. სწავლობდა სკოლაში, კითხულობდა წიგნებს და აკვირდებოდა მშობლებს. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ერევნის უნივერსიტეტთან არსებულ, ფიზიკა-მათემატიკის ინსტიტუტში გააგრძელა. დავითის მამა – იან ში, 1960-იან წლებში ერთადერთი ჩინელი იყო ერევანში, რომელიც უნივერსიტეტში პედაგოგად მუშაობდა. დედა – ფიზიკის სომეხი სპეციალისტი, რომელმაც პროფესია თეატრის სუფლიორობაზე გაცვალა. რა თქმა უნდა, დავითი ხელოვნების ტაძარში დროს თითქმის ყოველდღე ატარებდა.

1985 წელს დავითი გადაწყვეტილებას ღებულობს და მოსკოვის ფიზიკის ტექნიკურ უნივერსიტეტში მოხვედრას ცდილობს. ეს ძალიან რთული იყო, თუმცა მიზანს მიაღწია და პრესტიჟული უნივერსიტეტის სტუდენტი პირველი ცდით გახდა. სწავლა შესანიშნავი სადიპლომო ნამუშევრით თემაზე – “DSL-ის ლექსიკონის აღწერის ენა” დაასრულა.

სამეცნიერო მოღვაწეობა ტექსტების ოპტიკური ამოცნობის ტექნოლოგიების თემაზე, საკანდიდატო დისერტაციით გააგრძელა და ამის შემდეგ მეორე პლანზე გადაინაცვლა. პირველი ადგილი კი ყოველთვის თამამ და ხშირად – უჩვეულო გამოგონებებს დაუთმო.

1989 წლის ზაფხული განსაკუთრებული იყო იმით, რომ დავითმა სამეცნიერო და ტექნიკური შემოქმედების ახალგაზრდულ ცენტრში პროექტისთვის 3 ათასი საბჭოთა რუბლი ისესხა. იმ დროისთვის ეს სერიოზული თანხა იყო. პროექტმა გაამართლა – ალექსანდრე მოსკალევთან ერთად დავითმა ელექტრონული ლექსიკონი Lingvo შექმნა. მომდევნო წელს ახალგაზრდები კომპანია Bit Software-თან ( მოგვიანებით მას ABBYY ეწოდა) ერთად იწყებენ მუშაობას. ABBYY-ის ყველაზე პოპულარული პროდუქტია ტექსტის ამოცნობის პროგრამა FineReader. ABBYY-ის მიმდინარე ბრუნვას სპეციალისტები 200 მილიონი დოლარის ფარგლებში აფასებენ. მფლობელები მონაცემებს არ ასაჯაროებენ.

მიუხედავად იმისა, რომ მთელს პლანეტაზე ABBYY-ში 1500 ადამიანი, დაახლოებით 2 ათას ოფისში მუშაობს, დავითი მხოლოდ ამ კომპანიით არასოდეს შემოფარგლულა. სწორედ მან შექმნა Cybiko-ს ჯიბის ტიპის პირველი კომპიუტერი. გახსნა რამდენიმე რესტორანი მოსკოვში და პარალელურად დაწერა წიგნი ჯანსაღი კვების შესახებ. რაც შეეხება გამოგონებას კიდევ ერთი კომპანიის, iiko, ფარგლებში, შესაბამის რუსულ დაწესებულებებს შორის უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა კაფესა და რესტორნების მუშაობის ავტორიზაციის სისტემამ, ასევე შემუშავდა მობილური გადახდებისა და ლოიალურობის საიმედო ფუნქციონირების პლატფორმა Platius-ი.

რაც შეეხება Cybiko-ს, ის აუღელვებელი დავით იანის ყველაზე შეშლილი პროექტია. 2000 წელს, 4 თვის განმავლობაში ამერიკაში 30 ათასზე მეტი ჯიბის კომპიუტერი გაიყიდა, რომლებმაც სკოლის მოსწავლეების და სტუდენტების გულები მოინადირეს. ახლა წერენ, რომ Cybiko-ს მოწყობილობა თანამედროვე გეოლოკაციური სოც.ქსელების განვითარების კატალიზატორად იქცა. ადრე კი…

2001 წლის 15 სექტემბრისთვის ლონდონში გაყიდვები უნდა დაწყებულიყო. იანმა თავის გონებაში სცენარი უკვე გააფორმა და გეგმავდა ფილმის გადაღებას იმის შესახებ, თუ როგორ გარბის შეშლილი ბრბო, თავის გზაზე არღვევს ყველაფერს და მინი-კომპიუტერებს ეწაფება. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა, 2001 წლის 11 სექტემბერს საშინელება მოხდა, რამაც მთელი მსოფლიო შეცვალა. ადამიანებს უკვე ეშინოდათ იმ მოწყობილობების, რომლებიც მათ ადგილმდებარეობას განსაზღვრავდნენ. შედეგად იანმა, რამდენიმე თვეში წარმოება შეაჩერა. ორი წლის განმავლობაში სულ 500 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა. ეს დაგეგმილთან შედარებით ბევრად ნაკლები იყო.

შემოქმედების “წარმოუდგენელი კაიფი”

David-YAnხშირად ნდომებია ყველაფრის მიტოვება, კომპანიიდან წასვლა, ხშრად სასოწარკვეთილებაში შეძულებული სამუშაოს მიტოვება და ბოლოსდაბოლოს დამშვიდება. მაგრამ თავგანწირული მუშაობის უნარი მასში სპორტული ბანაკის “ბიუროკანის” მწვრთნელმა ჩადო. დავითი იხსენებს, რომ მწვრთნელმა ტირიფის წკეპლით ცემა იცოდა, როდესაც ხედავდა, თუ როგორ ებრალებოდა საკუთარი თავი მოსწავლეს. თუკი წყნარი საათის დროს, ან ღამით, რომელიმე წუწუნებდა, ან უკმაყოფილო იყო, მწვრთნელი მაშინვე წამოაყენებდა და ძალით არბენინებდა მწველი მზის გულზე, ან მთის ცივ ღამეში. დასჯილი დარბოდა, მწვრთნელი კვალდაკვალ მიჰყვებოდა და დემონსტრაციულად გაასწრებდა-ხოლმე. მასწავლებელი ყველას ძალიან უყვარდა,- აღიარებს დავითი.

“ფიზიკოსები და პროგრამისტები უსულოს აცოცხლებენ. ფიზიკოსები საქმის არსს სწვდებიან და კანონების წყალობით, თავანთ გამოგონებას ახლებურად არსებობის საშუალებას აძლევენ. პროგრამისტები რკინას აცოცხლებენ. არსებობს ღვთიური მომენტი, როდესაც შენი პროგრამა ამუშავდება და ზუსტად იცი, რომ ის შენს შემდეგაც იარსებებს”, – თქვა დავითმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

სწორედ ამას, საკუთარ თავს რომ არ დაინდობ სამუშაოს დასაწყებად, სასოწარკვეთილება შეგიპყრობს, მაგრამ მაინც უბრუნდები და საქმე ბოლომდე მიგყავს, დავით იანი შემოქმედების “ენით აუწერელ კაიფს” უწოდებს. მან “იანის ბედნიერების ფორმულაც” კი გამოიყვანა. მართკუთხედის პერიმეტრის სქემაში ადამიანის პირვანდელი, ძირითადი მოთხოვნილებებია – თავისუფლება და სექსი. პირველადი მოთხოვნილებების ყველა ხაზი ცენტრში, “უკვდავების” წერტილში იკვეთება.

ანუ, იანის მიხედვით, ადამიანი მხოლოდ მაშინ არის ბედნიერი, როდესაც იგი საკუთრ შვილებში, თავის შემოქმედებაში გამოვლინდება და სხვების ფიქრებსა და მოგონებაში დარჩება. ეს ფორმულა ცნობილი ფიზიკოსის, ნობელის პრემიის ლაურეატის ლევ ლანდაუს მტკიცებულებას ჰგავს, რომელიც ამბობდა, რომ ადამიანის ბედნიერება სამ რამეზეა დამოკიდებული. ესენია: სიყვარული, სხვა ადამიანებთან ურთიერთობა და სამუშაო. დავითმა ეს პოსტულატი უბრალოდ განავრცო.

გაი გავასაკისთან (Apple-დან) ერთად იანი განუწყვეტლად იმეორებს, რომ ნებისმიერი ბიზნესი თითქმის გარანტირებულ წარმატებას მიაღწევს, თუ ფულის შოვნა მეორეხარისხოვანია, ხოლო პირველი – კლიენტის მოთხოვნილება, რა უნდა ადამიანს.

დავითისთვის აშკარაა წარმატების მხოლოდ ორი მიზეზი. პირველი – მუშაობა, თანაც გულმოდგინე მუშაობა, მეორე – თანამოაზრეების პოვნის, მათთან ერთად მუშაობის და ცხოვრების უნარი. მას არ სჯერა მხოლოდ ერთადერთ პიროვნებაზე აგებული წარმატების, ისევე როგორც არ არსებობს წარმატება თავდაუზოგავი შრომის გარეშე.

დღევანდელობა

დავით იანი ახლა ორ ქვეყანაში ცხოვრობს – აშშ-სა და რუსეთში თითქმის თანაბრად ატარებს დროს, რომელსაც ძირითადად ABBYY-ს და iiko-ს პროექტებს ანდომებს. გარდა ამისა, მისი მუდმივი კონტროლის ქვეშ არის საგანმანათლებლო ფონდი Ayb და ამავე სახელწოდების სკოლა სომხეთში.

კომპანია iiko-მ თავისი არსებობის 10 წლის იუბილე უკვე აღნიშნა. ძირითადი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ შეძლებისდაგვარად შეიქმნას სარესტორნო ბიზნესის ავტომატური მართვის სრულყოფილი სისტემა, რომელიც აქამდე არსებულთა შორის უდავოდ, ყველაზე კარგი იქნება. მსგავსი წინაპირობის გარეშე დავითი მუშაობას უბრალოდ არ დაიწყებს. მით უფრო, რომ მას მსგავსი სახის გამოგონებაზე მუშაობას საკუთარი გამოცდილებაც კარნახობს.

როდესაც იანმა FAQ-Café, 2004 წელს გახსნა, ყველანაირად შეეცადა ამ საქმის დეტალებს ჩასწვდომოდა. დავითმა საკუთარ კაფეში თანმიმდევრულად იმუშავა მზარეულად, ოფიციანტად, ბარმენად და მმართველად. ამის შემდეგ მიხვდა, რომ აბსოლუტურად შეუძლებელია საერთო პროგრამის შექმნა, რომელიც ასეთი ბიზნესის ყველა მხარეს მოიცავს. მან მინიმუმ 11 სხვადასხვა ასპექტი ჩამოთვალა, რომლებიც სათითაოდ მოითხოვდნენ ავტომატურ სისტემებს მკაფიო ამოცანებით.

პროგრამული უზრუნველყოფის, ან ფინანსური ნაკადის შესახებ რაღაც უბრალო პროგრამის დაწერა არ სურდა, მსგავსი რამ ისედაც ბევრია, თანაც მისთვის ეს ძალიან მარტივი იყო.

დავით იანი ის ადამიანი არ არის, რომელიც იტყვის: “ეს შეუძლებელია” და წარმატებით დაივიწყებს. დაიწყო ჯოჯოხეთური სამუშაოები, რომელიც დროთა განმავლობაში სულ უფრო რთულდებოდა. საბოლოო ჯამში, სამუშაოს 4 წელი დასჭირდა, სამაგიეროდ ადამიანებს შეუძლიათ იამაყონ, რომ არსებობს სარესტორნო ბიზნესის ყველა ასპექტის მომცველი სრულყოფილი სისტემა.

რა კრიზისის შესახებ შეიძლება იანმა ისაუბროს? მისი თქმით, კრიზისი არსებობს და მისი დასასრული ჯერ არ ჩანს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს უმოქმედოდ ყოფნას და უაზროდ ღრუბლების მოძრაობისათვის თვალის დევნებას. მუშაობა საჭიროა და iiko წლიური ზრდის მინიმუმ 35%-ს აჩვენებს. ყველა კრიზისი თუნდაც ჯანდაბაში წასულა. დღეს რუსეთის რესტორნებისა და კაფეების პრაქტიკულად ნახევარი იანისა და კოს სისტემით მუშაობენ.

გაურკვევლობაში თავით გადაშვება და მორიგ გიჟურ პროექტზე მუშაობის დაწყება დავით იანისთვის დამახასიათებელია. მას ეს საქმე უყვარს. საერთოდ, როგორც დავითი ამტკიცებს, ჭკვიანი და მამაცი სტარტაპისთვის კრიზისი გარკვეულწილად დამხმარეც კი არის. კომპანიის კრიზისი მაშინ არის საშიში, თუ ის დიდი და კარგად დამკვიდრებულია. თანაც ეს მხოლოდ ცუდი და უპასუხისმგებლო მენეჯმენტის შემთხვევაშია შესაძლებელი, ახალი პროექტებისთვის კი ეს უნიკალური შესაძლებლობების დროა, რომელიც შესაძლოა აღარასოდეს განმეორდეს. თავად განსაჯეთ,- ამბობს იანი, -კრიზისის დროს პერსონალის და ხარჯების – იგივე ხელფასების, ან არენდის შემცირება ხდება. გამოდის, რომ შრომის ბაზარზე შესანიშნავი სპეციალისტები იმაზე ნაკლებად ფასობენ, ვიდრე რეალურად. სინამდვილეში ასეთ სპეციალისტებს მოფრთხილება უნდა და არა – გაშვება. შედეგად, მსოფლიოში საუკეთესო გუნდი გაერთიანდება.

ის კი, რაც მსოფლიოში საუკეთესო არ არის, დავით იანს არ აინტერესებს.

მოამზადა რუბენ გიულმისარიანმა