ტოლერანტობის საერთაშორისო დღე საქართველოში ტრადიციულად აღინიშნება. სამხრეთ კავკასიის რეგიონის ეს ქვეყანა და მით უფრო მისი დედაქალაქი თბილისი, ყოველთვის წარმოადგენდა სხვადასხვა რელიგიური თუ ეთნიკური კულტურების გზაჯვარედინს. სწორედ ამ სახელწოდების გამოფენით გაიხსნა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმის მიძღვნილი კვირეული თბილისში. XIX საუკუნის ბოლო და XX საუკუნის დასაწყისის თბილისი ნახვა დამთვალიერებელს, თითქმის ერთი თვის განმავლობაში შეეძლო საქართველოს ხელოვნების მუზეუმში. გამოფენა “გზაჯვარედინი ‒ საქართველოს რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნება” საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ორგანიზებით 2017 წლის ბოლოს გაიმართა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცული, საქართველოში მოღვაწე მხატვრების ფერწერული ტილოები, გრაფიკული ნამუშევრები, რელიგიური სიმბოლიკა და ატრიბუტები, რომლებიც საქართველოს რელიგიურ-ეთნიკურ მრავალფეროვნებას და ტოლერანტობის ტრადიციას ასახავს. მანეკენები შემოსილნი იყვნენ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ეროვნული სამოსით და თამამად შეიძლება ითქვას, რომ თავისი ეკლექტურობის მიუხედავად, გამოფენა უკმაყოფილოს არავის ტოვებდა. წარმოდგენილ ექსპონატებს შორის იყო შალომ კობოშვილის, დავით გველესიანის, მაქს ტილკეს, ვანო ხოჯაბეგოვის, ოსკარ შმერლინგის, რიჰარდ ზომერის, ილია ზანკოვსკის, ბორის რომანოვსკი, ალექსანდრე ბაჟბეუკ-მელიქოვის, ვასილი შუხაევის და სხვათა ნამუშევრები.
ებრაელი მხატვრის, შალომ კობოშვილის (1876-1941) მოღვაწეობა თბილისში, ებრაული მუზეუმის არსებობას უკავშირდება. ხატვა 61 წლის ასაკში დაიწყო. როგორც გამოფენის ორგანიზატორი, TDI-ის დირექტორი ეკა ჭითანავა აცხადებს, ებრაელი მხატვრის მიერ შექმნილ ნამუშევრებში ასახულია საქართველოში ებრაელთა ცხოვრება, რელიგიური ტრადიციები და რიტუალები. ებრაელების თბილისურ ცხოვრებაზე გვიამბობს ქართველი მხატვრის დავით გველესიანის ნამუშევრებიც, რომლებიც ებრაული მუზეუმის დაკვეთით შეიქმნა.
გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო გერმანელი მხატვრების, მაქს ტილკესა და ოსკარ შმერლინგის ნამუშევრები. ტილკე მსოფლიო ხალხთა კოსტიუმებსაც იკვლევდა. მან შექმნა საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსის და რელიგიური ჯგუფის წარმომადგენელთათვის დამახასიათებელი ეთნიკური სამოსი, რაც ასევე, ძალიან მნიშვნელოვან ეთნოგრაფიულ მასალას წარმოდგენს, მის მიერ შექმნილ კოსტიუმებში ეთნოგრაფიული სიზუსტით არის აღწერილი ამა თუ იმ ერის ეთნიკური მახასიათებლები.
რაც შეეხება გერმანული წარმოშობის ქართველ ფერმწერსა და გრაფიკოს ოსკარ შმერლინგს, ის 1863 წელს თბილისში დაიბადა. გარკვეული პერიოდი პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში, შემდეგ კი მიუნხენში სწავლობდა, მაგრამ კვლავ თბილისში დაბრუნდა და 1898 წელს დააარსა სამხატვრო სკოლა. ცოტა მოგვიანებით კი, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სკოლა, ის არის მიჩნეული საქართველოში კარიკატურული მხატვრობის ერთ-ერთ პირველ წარმომადგენლად. იგი ხატავდა პეიზაჟებს, ბატალურ და ჟანრულ სურათებს, რომლებიც მთელ რელიგიურ და ეთნიკურ მრავალფეროვნებას ასახავს. 1930-იან წლებში შეასრულა ძველი თბილისის ყოფისა და ტიპების ამსახველი მრავალრიცხოვანი აკვარელი “მეზურნეები”, “ორი ქალაქელი” და სხვა. ოსკარ შმერლინგს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული წიგნის ილუსტრაციის განვითარებაში. მისი ნახატებითაა გაფორმებული იმ დროის საბავშვო წიგნების, მათ შორის იაკობ გოგებაშვილის “დედა ენა”, “იავნანამ რა ჰქმნა”, ზღაპრები და სხვა. მისი მოწაფეები იყვნენ შემდგომში ცნობილი ქართველი მხატვრები: ლადო გუდიაშვილი, ქეთევან მაღალაშვილი, ალექსანდრე ციმაკურიძე, მიხეილ ჭიაურელი.
გამოფენის ორგანიზატორებს არც სომეხი წარმოშობის თბილისელი მხატვრები ვანო ხოჯაბეგოვი (1875-1922) გამორჩენიათ. მისი შემოქმედება ძველი თბილისის ისტორიის განუყოფელი ნაწილია და თითოეული ტილო პატარა ამბავს მოგვითხრობს. თბილისში დაბადებულ ვანო ხოჯაბეგოვს განათლება ოჯახის ხელმოკლეობის გამო ვერ მიუღია, თუმცა, ბავშვობიდან ხატავდა გონებაში შემორჩენილ ეპიზოდებს, შთაბეჭდილებებს. დროთა განმავლობაში საკუთარი სტილიც შეიმუშავა. როგორც ცნობილია, ხოჯაბეგოვი ნატურიდან ხატვა უჭირდა, მაგრამ სამაგიეროდ, ფანქრის რამდენიმე მოსმით ხატავდა სცენებს ძველი თბილისის ყოფიდან. მისი ნამუშევრების მიხედვით, თვალნათლივ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ძველი თბილისური ქუჩაბანდები, ყეენობა, ყარაჩოხელთა ქეიფი, ლოყებდაბერილი მედუდუკეები, არღანზე მოქეიფე კინტოები, მექელეხეები, კრივი, ქართული ჭიდაობა. ამ თემებზე შექმნილი მისი ნამუშევრები შესაძლებელია ეპიზოდების მიხედვითაც დაალაგო და პატარა ისტორიად შეკრა.
ასევე, აღსანიშნავია პოლონელი მხატვარი ბორის რომანოვსკის. მას ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ქართველ მხატვრებთან, დავით კაკაბაძესა და ლადო გუდიაშვილთან, რომელთა შემოქმედებამ მასზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. რომანოვსკიმ ძველ თბილისზე 33 ტილოსგან შემდგარი ნამუშევრების მთელი სერია შექმნა, რომლებიც ასევე, ძვირფას დოკუმენტურ მასალას წარმოადგენენ.
როგორც გამოფენის ორგანიზატორები აცხადებენ, ტოლერანტობის თემის გარშემო გაერთიანებული ყველა ექსპონატი ჯანაშიას სახელობის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში ინახება, ზოგი ნამუშევარი პირველად გამოიფინა ფართო საზოგადოებისთვის.
“ძალიან კარგი იქნება თუ ასეთი გამოფენების ხშირი სტუმრები იქნებიან სტუდენტები, რადგან ეს არის ინფორმაცია, რომელიც არ გვხვდება სახელმძღვანელოებში”, – განაცხადა გამოფენის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ეკა ჭითანავამ.
ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში თბილისში, კიდევ ერთ საინტერესო ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა შექმნა ახალი, ფეიბუქგვერდი, “მრავალფეროვნების სახეები”, სადაც ერთი წლის განმავლობაში აიტვირთება მულტიმედიური მასალა – საინტერესო დოკუმენტური ვიდეოები, ფოტო-ისტორიები და სტატიები, რომლებიც მოგვითხრობს საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების ისტორიებზე.
“გვინდა წარმოვადგინოთ ისტორიულ კონტექსტში რა დამსახურება მიუძღვით სხვადასხვა რელიგიურ და ეთნიკურ ჯგუფებს საქართველოს ცხოვრებაში. გვსურს რეგიონებში მცხოვრები უმცირესობების წარმომადგენლებმა, თავად გადაიღონ თავიანთ თემზე ფილმი. ეს იქნება პერსონალური ამბები, რათა თითოეული ადამიანი იყოს ფანჯარა, რომელიც განსხვავებულ სამყაროში შეგვახედებს”, – აცხადებს ეკა ჭითანავა.
პროექტ “მრავალფეროვნების სახეების” ფარგლებში უკვე მომზადდა ორი ვიდეო ამბავი – “ჰურია” და “ბიბლია ჟესტების ენაზე”.
მუსლიმი ჰურიე აბაშიძე აჭარის ერთ-ერთი მაღალმთიანი სოფლიდან არის. სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. მანამდე სწავლობდა თურქეთში. ატარებს თავსაფარს, არის სამოქალაქო აქტივისტი, აჭარაში დააარსა წიგნის კითხვის კლუბი და სურს მუსლიმი ქალების უფლებებისთვის იბრძოლოს. ვიდეოში მოთხრობილია, იმ განცდების შესახებ, რაც შეიძლება ჰქონდეს თბილისში მცხოვრებ გოგონას, რომელიც ატარებს თავსაფარს და როგორ ახერხებს ის სხვადასხვა ბარიერების გადალახვას.
“ეს ის თემებია, რომლებიც ან ტაბუდადებულია, ან ძალიან ხშირად აგრესიას იწვევს. გვინდა, საზოგადოებას საქართველოს რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნება დადებით კონტექსტში გავაცნოთ, რომ მრავალეთნიკურობა არ არის საშიში, რომ ეს ადამიანები საინტერესოები არიან”, – გვითხრა ეკა ჭითანავამ.
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი ახლო მომავალში გეგმავს ფილმების გადაღებას სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ კათოლიკეებზე, იეზიდებზე, მუსლიმებსა და სომხებზე. გაიმართება ცოცხალი შეხვედრები სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებთან, რათა ეს ყველაფერი მხოლოდ ინტერნეტ სივრცეში არ დარჩეს. მეორეს მხრივ, TDI-ის წევრებს ესმით, რომ ეს ის თემებია, სადაც განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რომ ვინმე არ გააღიზიანონ, არავინ დაადანაშაულო და იმავე დროს დისკრიმინაციის პრობლემა, თუ ასეთი არსებობს, აჩვენონ საზოგადოებას. რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელმა თავად ისაუბრონ ამ პრობლემებზე და პერსონალური ისტორიების საშუალებით გვიამბონ თავიანთი სამყაროს შესახებ.
ტოლერანტობა საქართველოსთვის სიახლე არ არის. ბევრი უცხოელი გაოცებულა ქართული შემწყნარებლობით და სხვისი ეთნიკური ღირებულებების მიმართ პატივისცემის გამოვლენით. ცხადია, ეს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა უნდა იყოს და მაშინ, სხვადასხვა მიზეზთა გამო წარმოქმნილ დისკრიმინაციულ ელემენტებსაც იოლად მოევლება, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, დისკრიმინაციის ელემენტები სწორედ ამა თუ იმ ეთნიკური ჯგუფის წიაღშია გამჯდარი და მათი გარეთ გამოტანით, იქნებ მართლაც შესაძლებელი გახდეს თანასწორი, კომპლექსებისგან თავისუფალი საზოგადოების შექმნა.
შორენა პაპაშვილი