საქართველო ტრადიციების ქვეყანაა. დღესასწაულებს აქ განსაკუთარებულად აღნიშნავენ. ახალი წლისთვის კი ქვეყნის ყველა კუთხეში თავისებურად ემზადებიან. მიზანი ერთია – დღესასწაულს ისე შეხვდნენ, რომ ახალმა წელმა თითოეულ ოჯახში სიკეთე, სიხარული, ჯანმრთელობა, ბარაქა და მშვიდობა შეიტანოს. მშვიდობა ქართულ სუფრაზე განსაკუთრებული სადღეგრძელოა.
საახალწლო მზადება 30 დეკემბერს იწყება. ამ დროს ყველა ქართულ ოჯახში ნახავთ საზეიმოდ გაწყობილ მაგიდას, სადაც ცოცოხალ ხილთან ერთად აუცილებლად უნდა იდოს გოზინაყი (რომელიც თაფლისა და ნიგვზისგან მზადდება), ჩურჩხელა, ხურის, ლეღვის, თუ ქლიავის ჩირი, ანუ ყველა სასარგებლო ნუგბარი. რაც მთავარია მაგიდაზე უნდა იდგას ქართული ღვინო, წითელი ან თეთრი, ან სულაც ორივე, იქნებ სტუმარს რომელი ესიამოვნოს?
ძველად ახალი წელი საქართველოში გაზაფხულის პირველ დღეს იწყებოდა და ბუნების გაღვიძებას უკავშირდებოდა. ქრისტიანობის მიღების შემდეგ, სამყაროს განახლება ქართველებმა ქრისტეს ამქვეყნად მოვლინებას დაუკავშირეს და ყველა მანამდე არსებულ ტრადიციას ახლებიც შეჰმატეს.
ახალი წლის აღნიშვნას წინ ქრისტეს შობის დღესასწაული უსწრებდა. XX საუკუნის დასაწყისში ასტროლოგიური გამოთვლების საფუძველზე კალენდარში ცვლილებები შევიდა და შობის დღესასწაულმაც ორი კვირით გადაიწია. აქედან წარმოიშვა ძველი (საეკლესიო) და ახალი სტილის (სამოქალაქო) კალენდრები. ამგვარად გაჩნდა ძველით ახალი წლის ტრადიციაც, რომელიც საქართველოს მსგავსად ასევე შემონახულია სომხეთში, ბელორუსში, რუსეთში, უკრაინაში, მოლდოვაში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში, მონტენეგროში, უელსსა და შვეიცარიაში.
როგორც ისტორიკოსმა ქეთევან პავლიაშვილმა გვითხრა, ძველით ახალი წლის აღნიშვნა მართლმადიდებლური ქვეყნების ტრადიციული მოვლენა არაა და ის ევროპიდან, რუსეთის იმპერატორ ეკატერინე II-ს დროს შემოვიდა. იმის გამო, რომ შობას ქრისტიანული მრევლი მარხულობს და ზარ-ზეიმი და სუფრები რელიგიურად იზღუდება, ახალი წლის ძველი კალენდრით აღნიშვნის ტრადიცია გაჩნდა.
“შობასთან სიახლოვის გამო, ძველით ახალი წელი ყოველთვის გახუნებულია. საქართველოში მას არასდროს ჰქონია ეროვნულ-მენტალური დატვირთვა. ძველით ახალი წელი ქართველისთვის შობის შემდგომი მოვლენა იყო და აღინიშნებოდა, როგორც საეკლესიო მამის, ბასილი დიდის ხსენების დღე. საქართველოს ყველა კუთხეში საახალწლოდ აცხობენ ტრადიციულად “ბასილას”, რომელსაც ადამიანის ფორმა აქვს. ტკბილი კვერია და მას შობის შემდგომ ახალი ცხოვრების დაწყების სიმბოლური დატვირთვა აქვს. მეკვლე ამით ლოცავდა ოჯახს”, – განუცხადა Dalma News-ს ქეთევან პავლიაშვილმა.
მისივე თქმით, ქრისტიანობის მიღების დროიდან შობა ითვლებოდა ახალი ცხოვრების, ახალი წლის დაწყებად, ადამიანის განახლებად, მისი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის სურვილით. “ამ დროს ხომ ადამიანი ითხოვს მის გულში ყრმა იესოს დაბადებას. რათა ის ახლიდან იშვას, ახალი ცხოვრება დაიწყოს ახალი წლიდან, ქრისტიანისთვის კი ახალი წელი სწორედ ამ მოვლენით და განწყობით იწყება,” – ამბობს ისტორიკოსი.
შობა საქართველოში 7 იანვარს აღინიშნება. ექვსი იანვრის ღამეს მართლმადიდებელი მრველი ეკლესიებში ხვდება 12 საათზე სამყაროს განახლების, ახალი დღის დადგომას, რომელიც ღამით იწყება. შობის ღამეს, მართლმადიდებელი ოჯახების სახლების ფანჯრებთან სანთლები ინთება და შუა ღამის წვდიადში თითეულ ოჯახში იესოს შემობრძანებას სიხარულითა და ახალი იმედებით ხვდებიან. ამ ტრადიციის დამკვიდრების იდეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია II-ს ეკუთვნის.
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოში კიდევ ერთი ძველი ტრადიცია არის კარდაკარ ალილოს სიმღერით სიარული. ეს ძირითადად სოფლებში ხდება. “ალილო” ებრაული სიტყვა “ალილუია”-დან მომდინარეობს და ღვთის დიდებას ნიშნავს. კარს მომდგარი მეალილოეები უხვად უნდა დაასაჩუქროთ, რადგან მათი სტუმრობა ბარაქიან წელს ჰპირდება მასპინძელ ოჯახს.
ახალ წელს საქართველოში თან ახლავს მეკვლეობის ტრადიცია, რომელიც სათავეს სავარაუდოდ, ქართული სტუმარმასპინძლობიდან იღებს. საქართველოში სტუმრის მიღება ოჯახის მთავარ ღირსებად ითვლებოდა. მეკვლე აუცილებლად ფეხბედნიერი სტუმარი უნდა იყოს, ან სულაც ოჯახის წევრი, მათ შორის ბავშვებიც. მეკვლე 12 საათის დადგომამდე გადის ქუჩაში და ტკბილეულით ხელდამშვენებული, მას შემდეგ ბრუნდება უკან, რაც დარწმუნდება, რომ ძველმა წელმა უკანაკსნელი წამებიც წამოკრიფა.
“შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, მისი მადლით იყავით პურით და ღვინით ავსილი” – ეს ჯადოსნური სიტყვები მეკვლემ უნდა წარმოთქვას.
საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში, სვანეთში მეკვლეს განსაკუთარებულად ხვდებიან. ახალი წლის წინა ღამეს აცხობენ ბევრ ყველიან პურს, რომელთაგან ერთი სხვებთან შედარებით დიდია და შუაში ჯვარი აქვს გამოსახული. გიდელში (მოწნული კალათი, რომელსაც პირამიდის ფორმა აქვს. რედ.) ჩააწყობენ თაფლს, ყველს, ხორცსა და სხვა ათასგვარ სანოვაგეს და სახლის კარებზე ჩამოკიდებენ, რომ მეკვლეს მზად დახვდეს.
იმერეთში მეკვლეს მოსვლამდე ოჯახის უფროსს ევალება, ხორაგით სავსე სინით სამჯერ შემოუაროს სახლს და უფალს გამრავლება, ჯანმრთელობა, ხვავი და ბარაქა სთხოვოს. სინზე ძირითადად აწყვია ღორის თავი, მწვადი, მოხარშული დედალი, ხაჭაპური, ლობიანი, მჭადი და ტკბილი კვერები.
ქართლსა და კახეთში ახალი წლისთვის ჩამიჩიან პურებს აცხობდნენ, ისე რომ ოჯახის ყოველს წევრს შეხვედეს. ახალი წლის ღამეს ყველა თავის ჩამიჩიან პურს ტეხავს. ჩურჩხელები, ჩირი, მოხარშული დედალი, ღორის თავი და ინდაურის საცივი სადღესასწაულო სუფრის განუყობელი ატრიბუტია ქვეყნის ყველა კუთხისთვის.
ანსხვავებული საახალწლო ტრადიციების მიუხედავად, ყველა ბავშვი ერთნაირად ელოდება თოვლის ბაბუას. თეთრ ჩოხაში გამოწყობილი, წვერ-ულვაშიანი კეთილი მოხუცი ჩემს ბავშვობასაც შემორჩა. მახსოვს, მთელი მონდომებით ვცდილობდი თეთრი წვერის მიღმა, რომელიმე ნათესავი ამომეცნო, რადგან მჯეროდა, რომ თოვლის ბაბუები არ არსებობდნენ. მან კი ამასობაში ლექსები გვათქმევინა, გვამღერა, ხურჯინიდან საჩუქრები ამოგვილაგა, დაგვლოცა და წავიდა. მას შემდეგ ყოველი ახალი წლის ღამეს თეთრჩოხიანი ბაბუა მახსნებდება და მეღიმება.
როგორ ხვდებიან ახალ წელს სამშობლოს მოწყვეტილი ჩვენი თანამემამულეები და როგორ ინარჩუნებენ ყველა ამ ტრადიციას?
სპორტცმენი დავით ფრანგიშვილი უკვე 16 წელია ოჯახთან ერთად ნიუ-იორკში ცხოვრობს და ცდილობს ყველა ქართული ტრადიცია შეინარჩუნოს. ახალ წელთან დაკავშირებით მასაც განსაკუთრებული მოგონებები აქვს. მთელი ოჯახი ბუხრის წინ იკრიბებოდა. ქალები სამზარეულოში ფუსფუსებდნენ, სადღესასწაულო კერძებთან ერთად საახალწლო ნაზუქებს აცხობდნენ. მამაკაცები შობას ტრადიციულად ღორს კლავდნენ.
“ბაბუაჩემს, ჟორჟ ფრანგიშვილს სახლის სხვენზე სათუთად შეფუთული ძველი თოფი ჰქონდა. ყოველ ახალ წელს ჩამოვიღებდით, გავასუფთავებდით, ვაზნებს დავტენიდით, ღამის 12:00 საათზე კი ატყდებოდა სროლა. პატარა რომ ვიყავი ხუმრობით მეუბნებოდა, ღამით მტერმა შემოგვიტია და უნდა გავდევნოთო,” – ამბობს დავითი.
ახალი წელი მისთვის საოჯახო დღესასწაულია. ახლა აშშ-ში ცხოვრობს და ქართული სუფრისთვის დამახასიათებენ საახალწლო ნუგბარს, გოზინაყს თავად ამზადებს, თუმცა მშობლიური კარ-მიდამოს ნოსტალგია აქვს.
დავით ფრანგიშვილი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეა, მრავალგზის საქართველოს ჩემპიონი და პრიზიორი, აბაშიძის სახელობის პირველი საერთაშორისო ტურნირის ვერცხლის მფლობელი. იგი ამერიკაში გასული საუკუნის მძიმე, 90-იან წლებში წავიდა. უშუქობას, გაჭირვებასა და უპერსპექტივობას გაექცა, მაგრამ სამუდამოდ უცხო მიწაზე დარჩენა არ სურს. “რთულია ემიგრაცია. დიდი ფსიქოლოგიური გამოცდაა უცხო ქვეყანა, უცხო ენა და ხალხი. ღმერთმა არ მომკლას უცხო მიწაზე. არც იმ ქვეყნის უმადური ვარ, რომელმაც შემიფარა. აქ თუ იშრომებ, ყველაფერი გამოგივა. მიზანი თუ გაქვს აუცილებლად მიაღწევ,” – გვითხრა დავითმა.
მეუღლე რუსუდან თორაძესთან ერთად ამერიკაში ორ შესანიშნავ ქართველ ვაჟკაცს ზრდის. საქართველოში ახალ წელს ხშირად აკისრებდნენ მეკველეობას, ნიუ-იორკში კი თავის ვაჟებს აქვთ ეს ფუნქცია პირნათლად ათვისებული, ახლადშეძენილ ოთხფეხა მეგობართან ერთად.
მსგავსი მიზეზით დატოვა საქართველო 9 წლის წინათ, ჩემი ბავშვობის მეგობარმა ხათუნა გოგოლიძემ და მეუღლესთან ერთად, სამუშაოდ იტალიაში გაემგზავრა. ორი მცირეწლოვანი ბავშვი კი მშობლებს დაუტოვეს. ბევრი სირთულის გადალახვა მოუხდათ, მაგრამ შეძლეს ფეხზე დამდგარიყვნენ და ახლა შვილებთან ერთად ხვდებიან ყოველ ახალ წელს, თუმცა სამშობლოსგან ათასობით კილომეტრის დაშორებით.
ხათუნას ძალიან უყვარს ქართული კერძები, ცდილობს ტრადიციული დღესასწაულები არ გამოტოვოს. “ბარბარობას” (წმინდა ბარბარეს სახელობის დღესასწაული) მონდომებით აცხობს ლობიანებს. ახალ წელსაც ყველა ქართული ტრადიციის დაცვით ხვდება.
“იტალიელები ახალ წელზე მეტად 25 დეკემბერს, შობას აღნიშნავენ. იკრიბებიან ოჯახის წევრები და საშობაო სადილს აწყობენ. არაჩვეულებრივი განწყობა მაქვს, ჩემი შვილები ჩემთან არიან და ერთად ვხვდებით ახალ წელს,” – გვითხრა ხათუნამ.
წელს თავად იყო თავისი ოჯახის მეკვლე, თუმცა, მანამდე მეკვლეობას ნიაპოლელი მეზობლის ძაღლი ტობია უწევდა ხოლმე.
ახალი წელი თოვლის გარეშე წარმოუდგენელია. თბილისელები ამ მხრივ განებივრებულები არ ვართ. აქ თოვლი იშვიათად მოდის, მიუხედავად ამისა დედაქალაქის ქუჩებში საახალწლო განწყობა წელს უხვად იგრძნობოდა. საახალწლო ღონისძიებები თბილისში 25 დეკემბერს დაიწყო.
“ვარდების” მოედანი 10 დღით საახალწლო ქალაქად გადაიქცა. ჯადოსნური ქალაქის სტუმრებს, საშუალება ჰქონდათ, საგანგებოდ მოწყობილ და მორთულ სახლებში დაეგემოვნებინათ, როგორც ქართული, ისე უცხოური საახალწლო ნუგბარი. შეეძინათ ხელნაკეთი ნივთები. საახალწლო ქალაქში, ყოველდღე კონცერტები და DJ-ების ფესტივალები ეწყობოდა. ნამდვილი კარნავალი გამართეს მოძრაობისა და პანტომიმის თეატრის მსახიობებმა.
რამდენიმე წლის შემდეგ პირველად შეხვდა ახალ წელს მშობლიურ ქალაქში უცხოეთში მოღვაწე ქართველი დიზაინერი შერონ მარი (შორენა მარცვალაძე). მისი კარიერა 2011 წელს იტალიაში დაიწყო, დღეს კი კონტრაქტების მიხედვით სხვადასხვა ქვეყანაში უწევს ყოფნა, ამიტომ წინასწარ არ იცის, სად შეხვდება ახალ წელს. მაგრამ წელს შერონმა საქართველოში საკუთარი ატელიე გახსნა და გარკვეული პერიოდით მოუხდა დარჩენა.
“ახალ წელს ყოველთვის ახალი იმედებითა და სადღესასწაულო განწყობით ვხვდები. ევროპაში შობა უფრო მნიშვნელოვანი დღესასწაულია, ვიდრე ახალი წელი. ამჟამად პორტუგალიაში ვცხოვრობ, იქ შობას აუცილებლად ოჯახში უნდა შეხვდე, მხოლოდ ოჯახის წვრებთან. აქვთ ტრადიციული საშობაო კერძი “ბაკალაო”, ეს თევზის სახეობაა, რომელიც აუცილებლად უნდა იდოს საშობაო და საახალწლო სუფრაზე, როგორც ჩვენთან საცივი. მეკვლეობა არ იციან,” – გვითხრა შერონმა. თუმცა, მეკვლეობის არც მას სჯერა და სასაცილოდ ეჩვენება ადამიანმა თავისი წარუმატებლობა ვინმეს ფეხს დააბრალოს.
როგორც შერნომა გვიამბო, ახალი წლის ღამეს პორტუგალიაში, ტრადიციულად პლაჟზე ხვდებიან. არის უამრავი ფეიერვერკი, მილოცვები შამპანურით. ერთი სიტყვით ყველაფერი ძალიან ლამაზი და თბილია. თავადაც სითბოს მოყვარულს თოვლი მაინც უყვარს. “საერთოდ სიცივე არ მიყვარს, მაგრამ ახალ წელს ძალიან უხდება თოვლი და პატარა ბავშვივით მიხარია თოვლის დანახვა,” – ამბობს ქართველი დიზაინერი.
27 წლის თეონა წულაია რუსეთში, ქალაქ სანქტ-პეტერბურგში (ლენინგრადში) დაიბადა, ჰყავს და-ძმა. ამბობს, რომ მისი მშობლების დამსახურებით კავშრს არ წყვეტს საქართველოში ნათესავებთან და, არა მხოლოდ საახალწლოდ, მათ ოჯახში სრულიად ქართული განწყობა სხვა დღესასწაულებზეც სუფევს. თეონას ძალიან უყვარს თოვლი, მაგრამ უკანასკნელი ორი წელია სანქტ-პეტერბურგში ზამთარი უჩვეულოდ თბილი აქვთ.
“ახლა მეტად დავაფასეთ თოვლი და ნამდვილ რუსულ ზამთარს ველოდებით”, – გვითხრა თეონამ.
საახალწლო სამზადისი მათ ოჯახში 30 დეკემბერს იწყება. მეკვლეც ტრადიციულად ოჯახის რომელიმე წევრია ხოლმე. პირველ იანვარს სტუმრებს ღებულობენ, ან თავად მიდიან სტუმრად. “ძალიან ბევრი რუსი მეგობარი მყავს, რომლებიც აფასებენ ქართველებს, ძალიან უყვართ ქართული კერძები, განსაკუთარებით ხინკალი. ქართველის გული, კი მაინც ქართველს ეძებს სამეგობროდ. ქართლი ენა, სიმღერა, ცეკვა დიდ სიამოვნებას გვანიჭებს,” – გაგვენდო თეონა.
სადაც არ უნდა იყვნენ ჩვენი თანამემამულეები, შეძლებისდაგვარად ცდილობენ შეინარჩუნონ ქართული სული და მათ ჭერ ქვეშ პატარა საქართველო არსებობდეს. ახალ წელს მომავლის იმედებით ხვდებიან და ძველს, თავისი წარმატებებითა, თუ წარუმატებლობებით, მაინც მადლიერებით აცილებენ. მეც აქ დავასრულებ ჩემს საახალწლო წერილს და დღეგრძელობასა და სიკეთეს ვუსურვებ Dalma News-ის მკითხველს და მთელს მსოფლიოს.
შორენა პაპაშვილი