წელიწადში ერთი განსაკუთრებული დღეა საიმისოდ, რომ ჩვენი პაპა-ბებიები ყველამ გავიხსენოთ, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში იბრძოდნენ. ზოგი მათგანი დაიღუპა, ზოგიც დაბრუნდა და ცხოვრება ნულიდან დაიწყო, მაგრამ ომისგან დატოვებული განცდები და მძიმე მოგონებები, მათი სულიერი მდგომარეობის განუყოფელ ნაწილად იქცნენ.

ბოლო დროს კამათის თემა ხდება საკითხი – 9 მაისი სადღესასწაულო თარიღია თუ სამგლოვიარო? ყველას თავისი მოსაზრება და პოზიცია აქვს, მაგრამ ეს არ ცვლის ერთ დიდ რეალობას, 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. ასე მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის დასრულების 78-ე წლისთავი საქართველოში პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა განსხვავებულად აღნიშნეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ფაშიზმის დამარცხების და გამარჯვების დღე, ომის ვეტერანებს „ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში“ მიულოცა. მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გაესაუბრა, მათ მადლობა გადაუხადა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს ერთჯერადად 1000 ლარი, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს – 500 ლარი გამოეყოთ.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი 9 მაისი ევროპის დღედ გამოაცხადა და საღამოს, ათონელის ქუჩაზე, მისივე ინიციატივით კონცერტი – „ევროპისათვის“, გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობა მიიღო მაშინდელი საქართველოს მოსახლეობის 24%-მა. ასეთი მასშტაბის გაწვევა არ ჰქონია გერმანიასაც კი ყველაზე დიდი მობილიზაციის დროს. გაიწვიეს 700 ათასი ქართველი, აქედან დაიღუპა 190 000 სამხედრო პირი, ხოლო 110 000 სამოქალაქო პირი. მეორე მსოფლიო ომმა სულ 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ჩემი პაპაც მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო. ის ინვალიდი დაბრუნდა. პაპის ოთახი პატარა და იდუმალ მუზეუმს ჰგავდა, მოგონებების სიძველის სუნით გაჟღენთილი. გარდერობში უძრავად ეკიდა სამხედრო ფორმა, უჯრაში რამდენიმე მედალი, ალბომში კი ძველი სურათები. ამ ოთახში ცოცხლობდნენ მოგონებები ომზე და ამ ოთახშივე რჩებოდნენ. პაპას არ უყვარდა ომზე საუბარი. აქამდე მეგონა, რომ ეს თვისება ინდივიდუალური იყო. ვერ წარმოედგინა, როგორ შეიძლებოდა არ ესაუბრა იმ გმირობებზე, რასაც ომის ველზე სჩადიოდნენ ჩვენი წინაპრები. თუმცა, საქმე სულ სხვაგვარად არის. პაპაჩემის მსგავსად ბევრი ყოფილა ისეთი, ვისაც ეს თემა ტაბუდადებული ჰქონდა, რადგან ჭრილობის განახლების მეტი ამ მოგონებებს მათთვის არაფერი მოჰქონდა.

****

ვახტანგ ჩიკვაიძე ომში 1942 წელს გაიწვიეს და ბოლომდე იბრძოლა. რამდენჯერმე დაიჭრა და ისევ ფრონტის ხაზზე ბრუნდებოდა. ფაშიზმზე გამარჯვებას ბერლინშიც იზეიმებდა, რომ არა მორიგი ჭრილობა. პოლონეთში დაიჭრა და უკან გამოაბრუნეს, მისი ასეულის დარჩენილმა წევრებმა კი, ბერლინამდე ჩააღწიეს. ვახტანგ ჩიკვაიძე ომიდან შინ, მეორე ჯგუფის ინვალიდი დაბრუნდა.

როგორც ნინო გვიყვება, მის პაპას არ ჰქონია სამხედრო განათლება, ის იყო ისტორიკოსი და ფინანსისტი. უმაღლესი განათლების მქონდე პირები, როგორც ჩანს, ომში პირდაპირ ოფიცრებად მიჰყავდათ. ერთი წელი სამხედრო მომზადება სხვებთან ერთად გაუვლია და 1942 წელს ომში გაიწვიეს. თბილისში დატოვა მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი – 3 წლის გოგონა და ახალშეძენილი ბიჭი.

„ომის ისტორიების მოყოლა არ უყვარდა. აქა-იქ, ნაწყვეტ-ნაწყვეტი წინადადებებით ვაგროვებდი ინფორმაციას. ომის თემაზე პაპას ოჯახში კითხვებსაც არ ვუსვამდით. ჰქონდა აურაცხელი მედლები, ჰყავდა ომის მეგობრები, უყვარდა მათთან დაჯდომა. 9 მაისი არ იყო მათთვის დღესასწაული, ამ დღეს ყოველთვის დაჰკრავდა სევდის ელფერი“, – გვიყვება ნინო ჩიკვაიძე.

ვახტანგ და ნინო ჩიკვაიძეები (ომის დასრულების შემდეგ)

ერთ-ერთი მორიგი დაჭრის დროს, აღმოჩნდა საავადმყოფოში, ძალიან ახლოს საქართველოსთან. გულმა არ მოუთმინა, ითხოვა რეაბილიტაციის პერიოდს სამშობლოში გავივლიო. მძიმე ოპერაციის შემდეგ, არ თანხმდებოდნენ ჰოსპიტლიდან გაშვებას, მაგრამ ვახტანგ ჩიკვაიძეს თავისი გაუტანია. მაღალი რანგის პირს დამგზავრებია საქართველოსკენ. თბილისში ოჯახს მოულოდნელად დაადგა თავს, დახედა მონატრებულ ცოლ-შვილს და მეორე დღეს უკან გაბრუნდა. ფაქტობრივად, რეაბილიტაციის მთელი პერიოდი გზაში გაატარა.

მეორე მსოფლიო ომში მხოლოდ ჯარისკაცები როდი იბრძოდნენ. მათ უკან დარჩენილ ოჯახებს ყოველდღიურად უხდებოდათ უიარაღო ბრძოლა გადარჩენისთვის. ვახტანგ ჩიკვაიძეს თბილისში ახალგაზრდა ცოლი და 2 მცირეწლოვანი შვილი ელოდა. საჭმელი ტალონებით ჰქონდათ, მკაცრად განსაზღვრული ულუფები. ოჯახი თავს ძლივს ირჩენდა. სახლიდან გასაყიდად გაჰქონდათ ნივთები.

„ბებიას სახლიდან გაჰქონდა ყველაფერი, რომ ბავშვები გამოეკვება. ავეჯით დაწყებული ბებიას მზითევით დამთავრებული. სახლში ხელუხლებელი იყო მხოლოდ პაპას ნივთები. ბებია ომში მყოფ ქმარს, მის ნივთებს უნახავდა. არ კარგავდა იმედს, რომ ქმარი ცოცხალი დაუბრუნდებოდა“, – ამბობს ნინო ჩიკვაიძე.

მეუღლის მიერ ნაფერები სამოსისთვის, ომიდან დაბრუნებულ ვახტანგ ჩიკვაიძეს დიდი ხნის განმავლობაში ხელი არ უხლია, თითქმის წელიწადზე მეტი, ისევ სამხედრო ფორმას იცვამდა. გაუჭირდა სამოქალაქო ტანსაცმლის ჩაცმა. მისი ტანსაცმელი კვლავ კარადაში ელოდნენ თავის მფლობელს.

გადატანილი სირთულეების მიუხედავად, ნინო ჩიკვაიძის მეხსიერებაში მისი პაპა უთბილეს ადამიანად დარჩა. მეზობლების იმედი და დამხმარე იყო. 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლომდე საზოგადოებრივად აქტიური ადამიანი ყოფილა.

პაპას ცხოვრებიდან ნინო კიდევ ერთ ეპიზოდს იხსენებს:

„პაპის ხმამაღალი სიტყვა არავის გვახსოვდა გარდა ერთი ეპიზოდისა. ჩემს უმცროს ძმას მიწაზე პური დაუვარდა, ბავშვმა პურს ფეხი გაჰკრა და გადააგდო. ამ ფაქტის დანახვამ პაპაზე ძალიან მტკივნეულად იმოქმედა. მკაცრად მოგვცა შენიშვნა, – პური არასოდეს გადააგდოთო!“, – იხსენებს ნინო ჩიკვაიძე.

ომმა თავისი მძიმე კვალი მეტ-ნაკლებად ყველა ადამიანში დატოვა. არავინ იცის, ვინ როგორი ფსიქიკური ტრავმა მიიღო. ნინო ჩიკვაიძის ბებია, ქალი, რომელიც 3 წლის განმავლობაში მარტო ეზიდებოდა ოჯახის ტვირთს და ომიდან მეუღლის დაბრუნების იმედს ერთი წამითაც არ კარგავდა, ომის შემდეგ მთლიანად შეიცვალა, ქმრის გარეშე ვეღარსად რჩებოდა. მაშინაც კი, თუ მთელს დღეს შვილიშვილების მოვლაში გაატარებდა, საღამოს მეუღლე აუცილებლად შინ უნდა ყოფილიყო, სხვა შემთხვევაში, შეუცნობელი შიშის გრძნობა ეუფლებოდა.

****

კიდევ ერთი საინტერესო ისტორია გვიამბო თავის ბებია-ბაბუაზე მაკა პეტრენკომ. მართალია ბებიას და ბაბუას ვერ მოესწრო, მაგრამ მათი სიყვარულის ისტორია მამისგან იცის გადმოცემით. მისი ბაბუა ნაუმ პეტრენკო ომში 18 წლის ასაკში გაიწვიეს.

„ბაბუა დაიბადა თბილისში, უკრაინიდან ჩამოსახლებული ინჟინრის შთამომავლები იყვნენ. ომში პირველივე დღეებიდან გაიწვიეს. მალევე ჩავარდა ტყვედ და წლები ტყვეობაში გაატარა. იმ დროს გაიცნო ჩემი ბებია, რომელიც იყო ადგილობრივი. როგორც ბებია ამბობდა, ერთი ნახვით შეჰყვარებიათ ერთმანეთი. თუმცა ბებია მაშინ არასრულწლოვანი – სულ რაღაც 15 წლის იყო. სიმართლე გითხრათ, დღემდე არ ვიცი, როგორ მოახერხეს ერთად ყოფნა“, – ამბობს მაკა პეტრენკო Dalma News-თან საუბრისას.

ნაუმ და ვალენტინა პეტრენკოები

პეტრენკოების პირველი ვაჟი, მაკას მამა, გერმანიაში დაიბადა. ერთი წლის იყო, როდესაც ომი დამთავრდა და ოჯახმა მალევე შეძლო საცხოვრებლად თბილისში დაბრუნება. საქართველოში არა მხოლოდ ცოლ-შვილი, არამედ მეუღლის დედა და დაც წამოიყვანა. თბილისში კიდევ 2 შვილი შეეძინათ.

როგორც მაკა იხსენებს, მისი ბებია ხშირად ჰყვებოდა ომის ამბებს. გერმანელების საკონცენტრაციო ბანაკთან ახლოს უცხოვრიათ და ყოველ დღე ესმოდათ, როგორ აწამებდნენ ტყვეებს. ახალგაზრდა გოგონასთვის ყოველი დღე იმის შიშით თენდებოდა, რომ ერთ დღესაც, მავთულხლართის იქით შეყვარებულს ვეღარ დაინახავდა.

ნაუმ პეტრენკო აკორდეონზე უკრავდა და მღეროდა. მუსიკის ჰანგები შეყვარებულებისთვის სიკეთის მანიშნებელი იყო. ეკლიანი მავთულების მიღმა 15 წლის ვალენტინა ნაუმის სიმღერას თუ გაიგონებდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ მისი გულის სწორი კარგად იყო.

„ომმა ბებიას მძაფრი სტრესი დაუტოვა. ყოველთვის ყიდულობდა მარილს, სულ ეგონა, რომ მაღაზიის დახლებიდან მარილი გაქრებოდა. ძილის წინ კარებზე ყოველთვის კიდებდა ხმაურის გამომწვევ ნივთებს, რომ კარის გაღების დროს ხმაური გაეგონა. ბაბუას და ბებიას ძალიან ყვარებიათ ერთმანეთი“, – ამბობს მაკა.

დიდ სიყვარულს წინ დიდი სირთულეებიც ელოდა. მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე ნაუმი პეტრენკოს საქართველოში დაბრუნება გადაუწყვეტია. დიდი ძალისხმევა დასჭირდა იმისთვის, რომ გერმანიის მოქალაქეები საბჭოთა კავშირში გადმოეყვანა. ამისთვის დოკუმენტაციის შეცვლაც კი გახდა საჭირო. საქართველოში მთელი ცხოვრება აღრიცხვაზე და „კგბ“-ს კონტროლის ქვეშ იყვნენ.

ნაუმ და ვალენტინა პეტრენკოები – ომის დასრულების დღეს გერმანიაში გადაღებული ფოტო

„9 მაისი ჩემთვის არის სიყვარულის გამარჯვების დღე. ომის დასრულებამ გამოიღო ის შედეგი, რომ ჩემმა ბაბუამ და ბებიამ შეძლეს ოჯახის შექმნა. ეყოლათ შვილები“, – ამბობს მაკა პეტრენკო.

მისივე თქმით, ცალკე ისტორია აქვს ბებია-ბაბუის ერთობლივ ფოტოს. როდესაც ომი დასრულდა, გერმანელ ფოტოგრაფს ახალგაზრდა წყვილისთვის ფოტო გადაუღია და უთქვამს, რომ ეს ფოტო საფოსტო ბარათზე დაიბეჭდებოდა.

შორენა პაპაშვილი