მთაწმინდამ, კიდევ ერთი გენიალური ადამიანი ჩაიკრა გულში. თბილისის მთაწმინდის პანთეონში სამუდამო განსასვენებელი 84 წლის რეზო გაბრიაძემაც ჰპოვა. მწერალი, დრამატურგი, რეჟისორი, სცენარისტი, მხატვარი, მოქანდაკე და უბრალოდ ნამდვილი მეგობარი, ეს ყველაფერი ერთ ადამიანში იყო გაერთიანებული. რეზო გაბრიაძის უნიკალური და მრავალმხრივი შემოქმედება მსოფლიო დონეზეა აღიარებული. არაერთი ცნობილი ფილმისა, თუ სპექტაკლის სცენარის ავტორია. მარიონეტების თეატრის დაარსებით კი, დედაქალაქს კიდევ ერთი კოლორიტული ადგილი შესძინა. მისი ხელით შექმნილი კოშკი, თბილისის სავიზიტო ბარათად იქცა. რეზო გაბრიაძეს ყოველთვის თან ახლდა მისი მშობლიური ქალაქი – ქუთაისი.
მისი სცენარით გადაღებული ფილმებია: „არ იდარდო“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „ფეოლა“, „ქვევრი“, „შერეკილები“, „მიმინო“ და „ქინ-ძა-ძა“. ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი, 2019 წელს მისივე მოთხრობების მიხედვით გადაღებული ანიმაციური ფილმი კი, „ჰარი-ჰარალე, დედაო!“ „ოსკარზე“, რუსეთის სახელით იყო წარდგენილი, თუმცა, ნომინანტებს შორის ადგილი ვერ დაიკავა.
ანიმაციური ფილმის სათაური რუსულად – “Знаешь, мама, где я был?”, ხოლო ქართულად – “ჰარი-ჰარალე, დედაო!” რეზო გაბრიაძის შვილის, რუსეთში მოღვაწე ლევან გაბრიაძემ გადაიღო. ფილმს ფინანსური მხარდაჭერა რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტრომ გაუწია.
მოკლედ ფილმის შესახებ: საოცრად ემოციური ანიმაციური ფილმი “ჰარი – ჰარალე, დედაო”, ბავშვური აღქმის პრიზმაში გვიხატავს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს – გულისამაჩუყებელი, სევდიანი, პოეტური, ადამიანური. ფილმისთვის ნახატები რეზო გაბრიაძემ შექმნა, ამბავსაც თავად მოგვითხრობს.
მოქმედება ქუთაისში ვითარდება. მთავარი მოქმედი გმირი – ბავშვი, თავად რეზო გაბრიაძეა, რომელიც მოგვითხრობს, როგორ დაუმეგობრდა ლენინსა და სტალინს, როგორ ესაუბრებოდა ბაყაყს, როგორ ინელებდა ლიტერატურას ვირთხასთან ერთად, როგორ დაეხმარა ურჩხულს ქუთაისში, როგორ დაამარცხა ჰიტლერი, როგორ გაურბოდა თავში წამორტყმას, რაც პატარა ბიჭს ყოველ ნაბიჯზე ემუქრებოდა; როგორ განსხვავდებოდა თეთრი ხიდიდან გადაფურთხების გემო სიყმაწვილეში და მერე – ზრდასრულ ასაკში; როგორ შეიტანა კომპორტს მიჩვეულმა ტყვე გერმანელმა საპირფარეშო ბებია-ბაბუის სოფლის სახლში; როგორ აბანინებდა თავს ბაბუა ბებიას და ბაბუის გარდაცვალების შემდეგ ბებია, როგორ ტკბილად იგონებდა ამას…
90–იან წლებში რეზო გაბრიაძე მუშაობდა შვეიცარიასა და საფრანგეთში, სადაც ორი დრამატული სპექტაკლი დადგა: “რა სევდაა – ხეივანი დასრულდა” ლოზანაში და “ქუთაისი“ პარიზში.
„ჩვენ კიდევ ერთმა დიდმა ხელოვანმა დაგვტოვა. მისი უდიდესი ნიჭისა და შეუდარებელი იუმორის დამსახურებაა, რომ ქართველ მკითხველსა და მაყურებელს არაერთი შედევრი გვაქვს“, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაბრიაძის გარდაცვალებას და მიუსამძიმრა რეზო გაბრიაძის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს და მთელ საქართველოს.
პრემიერის შეფასებით, რეზო გაბრიაძე იმ მასშტაბის რეჟისორია, რომლის შექმნილი სამყაროც ყველა თაობის ადამიანისთვის ერთნაირად მშობლიური და საყვარელია.
“სითბო, სიკეთე და სიყვარულია რეზო გაბრიაძის მთავარი ღირებულებები და ეს არის მისი შემოქმედების მთავარი ღერძიც”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გზა ჟურნალისტიკიდან კინომდე
რეზო გაბრიაძე მუდმივი ძიების პროცესში იყო. მისი მრავალმხრივი ნიჭი ყველა სფეროში პოულობდა შეხების წერტილს. 5 ინსტიტუტი გამოიცვალა. აბარებდა მისაღებ გამოცდებს და პირველი კურსის შემდეგ ტოვებდა სასწავლებელს.
“ვეძებდი იმ ადგილს, სადაც შემეძლო ცოდნა დამცირების გარეშე ამეღო“, – ამბობდა რეზო გაბრიაძე.
მისი ინდივიდუალიზმი ხიბლავს ადამიანს. უყვარდა ნისლი. მიაჩნდა, რომ ნისლში ლამაზია ყველაფერი, „როცა დეტალები მოშორდება და ყველაფერი გაერთიანდება“. ხატვა ქუთაისში, ვალერიან მიზანდარის სტუდიაში ისწავლა. პირველი მისი ქანდაკება შოთა რუსთაველის ბიუსტი იყო, რომლის წყალობითაც აღმოჩნდა ვალერიან მიზანდართან სახელოსნოში.
“ხელოვნება 17-18 წლის ასაკში მორჩა, მერე დაიწყო „ჭიდაობა“ კომისარიატთან. 5 ინსტიტუტი გამოვიცვალე. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ძალიან ადვილად ვაბარებდი გამოცდებს. ფილოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. მერე ენგურჰესზეც მომიწია მუშაობა. იქ ჩემი „კეპკაა“ ჩაბეტონებული, შემთხვევით ჩამივარდა”, – ამბობს რეზო გაბრიაძე ერთ-ერთი სატელევიზიო ინტერვიუში.
მოგვიანებით ხატვას ისევ დაუბრუნდა. კედლის გაზეთებს აფორმებდა. რეზო გაბრიაძის მხატვრული ნამუშევრები ევროპისა და აშშ-ს მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია დაცული. ის 50-ზე მეტი წიგნის ილუსტრაციის ავტორია.
წერა ბავშვობიდან დაიწყო, ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჟურნალისტიკის განხრით ჩააბარა, გაზეთ „სოფლის ცხოვრების“ უშტატო კორესპონდენტი იყო.
“გაჭირვებამ დამაწყებინა წერა, სტუდენტობის დროს, სტიპენდია არ მქონდა. უნივერსიტეტი რომ დავამთავრე 3 მოზრდილი ტომარა ხელნაწერები მდინარე მტკვარში ხიდიდან გადავყარე და მოვისვენე კიდეც”, – ამბობდა იგი.
დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა ერთოთახიან ბინაში, მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად. სამზარეულოს მაგიდაზე დაიწერა მისი „შერეკილები“.
მიუხედავად იმისა, რომ მისი სცენარით გადაღებული ფილმები მომენტალურად პოპულარული ხდებოდა, თავად მას კინოზე სერიოზულად არასოდეს უფიქრია. მაგრამ ბედმა კინოშიც „ჩააგდო“ და “ვეღარ გამოვძვერი, სანამ არ დაწერეს ბრძანება, – ეს კაცი აღარ გააკაროთ კინოსო!”, – იხსენებდა რეზო გაბრიაძე.
მას შემდეგ, რაც კინოს კარი “დაუხურეს”, შექმნა თოჯინების თეატრი. თავად იყო მხატვარიც, სცენოგრაფიც და რეჟისორიც.
“კინოდან წამოსვლის შემდეგ, 1-2 წელიწადი აღმოვჩნდი ქუჩაში. პარტიაში შესვლა აღარ შემეძლო, რა უნდა მექნა? არადა თეატრი მინდოდა. მერე გავაკეთე ეს თეატრი და ის გახდა ჩემი ლაბორატორია“, – ამბობდა რეზო გაბრიაძე.
განუყრელი მეგობრები
რეზო გაბრიაძისთვის მეგობრობა განსაკუთრებული გრძნობა იყო. რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, მობილური ტელეფონის მეხსიერებიდან გარდაცვლილი მეგობრების ნომრებს არ შლიდა. – სანამ ცოცხალი ვარ, დაე, ჩემთან იყვნენ, ჩემს გვერდითო, – ამბობდა.
დღეს, უკვე რეზო გაბრიაძეზე წარსულში საუბარი უჭირს მის ერთ-ერთ უახლოეს მეგობარს, ცნობილ რეჟისორ ელდარ შენგელაიას.
“ასეთი მრავალფეროვანი ნიჭის მქონე ადამიანი, მე მეორე არ შემხვედრია. რეზო ნამდვილი გენიოსი იყო. მხატვარი, სკულპტორი, სცენარისტი, მწერალი, რეჟისორი. მისი წასვლა უდიდესი დანაკლისია, როგორც ჩემთვის, ისე ჩვენი ერისთვის და კულტურისთვის”, – ამბობს ელდარ შენგელაია.
რეზოს და ელდარის შემოქმედებითმა ტანდემმა, არა მხოლოდ ქართული, არამედ საბჭოთა კინოს ისტორიაში უკვდავი შედევრები შექმნა. ფილმები – “შერეკილები” და “არაჩვეულებრივი გამოფენა” ამ ჰარმონიული ტანდემის შედეგია, რაც კიდევ უფრო უკვდავყო გია ყანჩელის მუსიკამ.
“არასდროს მოგვსვლია უთანხმოება. რეზო ყოველთვის მთლიანად ერთვებოდა ფილმის გადაღების პროცესში, რათა ნამდვილად კარგი ნამუშევარი გამოსულიყო”, – ამბობს ელდარ შენგელაია.
როდესაც ფილმიდან თუნდაც ერთი ფრაზა გამოგყვება, ვგონებ, ეს რეჟისორისა და სცენარისტის დიდი გამარჯვებაა. აღარაფერს ვამბობ მუსიკაზე, რომლის მოსმენა გონებაში ავტომატურად აღვიძებს კონკრეტული ფილმის, კონკრეტულ ეპიზოდს. ამ თემაზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი.
“სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი”, “ლამბრედუზო, მედუზო”, “ბიძია-ბაბუა”, “ესაა პიკასოს ბიჭი? ამით ერთობა პიკასო?!” “Агули, начинается” და ბევრი ამისთანა მხოლოდ ამ 2 ფილმიდან გამოყოლილი ფრაზებია.
ელდარ შენგელაიამ გაუწია რეზო გაბრიაძესა და გია ყანჩელს რეკომენდაცია ცნობილ რეჟისორთან, გია დანელიასთანაც და შედეგმაც არ დააყოვნა. ფილმები: “მიმინო”, “არ დაიდარდო”, “პასპორტი” საოცარი კინოპროდუქტია.
რეზო გაბრიაძეს, გია ყანჩელის მსგავსად გულის და ფილტვების უკმარისობა აწუხებდა.
გამოთხოვება
1981 წელს, თბილისში, შავთელის ქN3-ში მარიონეტების თეატრი დაარსდა. 2010 წელს კი, მარიონეტების თეატრის გვერდით აშენდა საათის კოშკი, რომლის ფასადი გაბრიაძის მიერ არის მოხატული. კოშკის კენწეროში, მოხატული კარიდან, ყოველ სრულ საათზე გამოდის ანგელოზი და პატარა ჩაქუჩით ზარს ჩამოჰკრავს. ეს ჯადოსნური ადგილია. როდესაც ანგელოზი გამოდის და ზარს რეკავს, სურვილი უნდა ჩაუთქვა.
რეზო გაბრიაძემ თბილისს ზღაპარი აჩუქა. მისი ხელით შექმნილი ზღაპრული კოშკი სამუდამოდ ჩაეწერა ქალაქის ხასიათში, გენეტიკაში, ისტორიაში, ყოველდღიურობაში. ეს ის ადგილია, სადაც მხოლოდ ფეხით უნდა ისეირნო.
მსახიობი ნანა ფაჩუაშვილი ერთ-ერთია, ვინც გაბრიაძის თოჯინები გააცოცხლა. მისი პირველი პერსონაჟი ვიოლეტაა სპექტაკლიდან „ალფრედი და ვიოლეტა“.
“აღფრთოვანებით და საათობით შემიძლია რეზო გაბრიაძეზე ვისაუბრო, როგორც ხელოვანზე, პიროვნებაზე. ძალიან დიდი დანაკარგია ჩვენი ერისთვის. მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, როცა მისი ხელით შექმნილ თოჯინას გააცოცხლებდა მსახიობი. მან შეძლო და კვალი ახალგაზრდებში დატოვა. დარწმუნებული ვარ მისი გზა გაგრძელდება მომავალ თაობებში”, – აცხადებს ნანა ფაჩუაშვილი.
მსახიობი რუსუდან ბოლქვაძე 23 წლის იყო, როცა პირველად შეეხო გაბრიაძის საოცარ სამყაროს სპექტაკლით „ჩვენი პატარა ქალაქი“, რომელიც დღემდე არის თუმანიშვილის თეატრის რეპერტუარში.
“ძალიან პატარა როლი მაქვს, მაგრამ ისეთი მონუსხული ვიყავი, ვიჯექი და მთელი სამი მოქმედების განმავლობაში ვუსმენდი ტექსტს. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მასთან ვმეგობრობდი. არასოდეს კმაყოფილდებოდა მიღწეულით. ის იყო ჩვენი ეპოქის გენიალური ადამიანი”, – ამბობს რუსუდან ბოლქვაძე.
რეზო გაბრიაძე ერთდროულად ძალიან ირონიულიც იყო და ძალიან კეთილიც. სამყარო, რომელსაც ის ქმნიდა, ჩვენი სამყაროა, მაგრამ ის უფრო მეტ სიღრმეებში შედიოდა. ისეთ დეტალებს ხედავდა, რაც თითქოს აქვეა, მაგრამ ვერ ვამჩნევთ. ალბათ, ამაშია შემოქმედის გენიალურობაც.
დაგაფიქროს იმაზე, რაზედაც არასოდეს დაფიქრდები, შეეხოს ადამიანების სულის ყველაზე ღრმა სიმს.
ამონარიდი გაბრიაძის ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუდან:
“წარსული ჩემთვის სიცოცხლეა. მე იქ ვცხოვრობ, მოგონებებში. ისინი ჩემთვის ძვირფასია და მე იქ თავს კარგად ვგრძნობ. მე იქ მყუდროდ ვარ”.
პ.ს. რაოდენ მძიმედ სათქმელიც არ უნდა იყოს, ღირებულებების გადაფასების პერიოდში, საქართველომ, ბევრი გენიალური ადამიანი, ჯერ კიდევ, მათ სიცოცხლეშივე „დაკარგა“. საბჭოთა ხელოვანებს „ჩარეცხილები“ უწოდეს და მათი ღვაწლი მტვერში ამოსვარეს. თუმცა გენიალურობის საიდუმლოც იმაში მდგომარეობს, ის თავის გზას ყოველთვის პოულობს.
შორენა პაპაშვილი