17 მაისი საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღეა. თარიღი 2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ინიციატივით დაწესდა და ყოველწიურ ტრადიციად იქცა.
მიუხედავად იმისა, რომ 17 მაისი მსოფლიო კალენდარზე სულ სხვა თარიღია – ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული, საქართველოს მართლმადიდებელმა მოსახლეობამ შეძლო გლობალური ნეოლიბერალური პოლიტიკური წნეხის მიუხედავად, საკუთარი ღირებულებების დაეცვა. გეი-აღლუმების გამართვის ყველა მცდელობამ საქართველოში კრახი განიცადა და უკვე მერვე წელია 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება მასობრივი მსვლელობებითა და წირვა-ლოცვით.
სექსუალური უმცირესობების მიერ საკუთარი სექსუალური ორიენტაციის ღირშესანიშნაობად ქცევის ყველა ღონისძიებას, მეორე მხრიდან აგრესია და გაუმართლებელი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვებოდა. შედეგად, საჭირო ხდებოდა პოლიციის ჩარევა, რომლებიც ლგბტ თემის წარმომადგენლების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ.
საბოლოოდ, ამ საკითხზე საკუთარი პოზიცია საქართველოს ხელისუფლების პირველმა პირებმაც გამოხატეს:
“მე ერთი აღლუმი ვიცი, ეს ჩვენი ჯარის აღლუმია. როდესაც ჩვენი მოსახლეობის 95% წინააღმდეგია დემონსტრაციულად, პროპაგანდისტული აღლუმის ჩატარების, ამას, მეგობრებო, ყველანი უნდა დავემორჩილოთ”, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ერთი წლის წინ.
წინა წლებისგან განსხვავებით, 2022 წლის 17-მა მაისმა ქვეყნის დედაქალაქში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. წლევანდელ წელს შესრულებული პარაკლისი და ლოცვითი მსვლელობა ერთი მხრივ ოჯახის დღეს, ხოლო, მეორე მხრივ მშვიდობას მიეძღვნა, როგორც საქართველოში, ისე უკრაინასა და მთელ მსოფლიოში. სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში ბავშვების მიერ, სწორედ ამავე თემაზე შესრულებული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. გამოფენაში მონაწილეობდნენ, როგორც მოხალისე ბავშვები, ასევე რამდენიმე სამხატვრო სტუდიისა და სკოლის აღსაზრდელები.
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და „ჩოხოსანთა საზოგადოების“ ორგანიზებით, 17 მაისს საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ჯვარი 58-მა წყვილმა დაიწერა. საყოველთაო ჯვრისწერის ტრადიციას საფუძველი 2016 წლიდან ჩაყარა და დღემდე 5000-მდე წყვილია ჯვარდაწერილი. ამ ინიციატივაში ჩართვა იმ წყვილებს შეუძლიათ, რომლებიც წლების განმავლობაში ჯვარდაუწერლად ცხოვრობენ.
“როგორც სხვა ტრადიციულ ქვეყნებში, საქართველოშიც, ოჯახის ინსტიტუტის სიძლიერეს განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს; ამიტომ საზოგადოება ყოველთვის დიდი სიხარულით აღნიშნავს მას”, – აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
11 მაისს, სამღვდელოებამ აწყურის ღვთისმშობლის ხატით გადმოკვეთა საქართველო-თურქეთის საზღვარი და დაიწყო მსვლელობა თბილისისკენ. 17 მაისს აწყურის ღვთისმშობლის ხატი შემობრძანდა დედაქალაქში. ქაშვეთის წმინდა გიორგის ტაძარში შეკრებილ მრევლთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ პარაკლისი გადაიხადა, შეკრებილებს ილია II-ის მილოცვა გადასცა და ოჯახის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“თვითონ ოჯახია სიწმინდე, ოჯახია ისეთი ფორმა ყოფიერებისა, რომელიც არ არის მოგონილი და დაწესებული ადამიანის მიერ, არამედ ღვთის მიერ არის დაწესებული და მომადლებული ჩვენდამი. ჩვენთვის ძვირფასია ოჯახი, როგორც ღვთისგან ბოძებული სიწმინდე და როგორც ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშან-თვისება”, – განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ.
ქადაგების დასრულების შემდეგ მოეწყო მსვლელობა სიონის ტაძრისკენ. მსვლელობის მონაწილეები საპატრიარქოს რეზიდენციიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დალოცა.
სიონის საკათედრო ტაძარში გამობრძანებული იყო უდიდესი სიწმინდეები: დიდმოწამე გიორგის წმინდა ნაწილი და ღირსი დავით გარეჯელის “მადლის ქვა” და მრევლს ჰქონდა საშუალება მოელოცა ისინი და სხვა სიწმინდეები.
17 მაისი, ქვეყნის მოსახლეობას სხვა სასულიერო პირებმაც მიულოცეს. მათი თქმით, 17-მა მაისმა განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა მსოფლიოში მიმდინარე რთული პროცესების ფონზე, “როდესაც მშვიდობისთვის ლოცვა განსაკუთრებულ ხარისხშია”.
როგორც თავად მსვლელობის მონაწილეები აცხადებენ, ოჯახი თვით სიწმინდეა.
“რაკი უწმინდესმა ეს დღე დაგვიწესა, ერთმანეთს უნა მივულოცოთ ეს დღე. ბოლო ჟამი მოახლოებულია და ყველაზე დიდი შეტევაა ოჯახის ინსტიტუტზე“, – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
„ეს დღე შემთხვევით არ დაწესებულა, მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართველი ერისთვის. ყველას ვუსურვებ მშვიდობიანად ყოფნას ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა მსვლელობის კიდევ ერთმა მონაწილემ, რომელიც დასავლეთ საქართველოდან სპეციალურად ამ დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა დედაქალაქში.
“ოჯახური ღირებულებებთან დაპირისპირება და მათი ხელყოფა არის ღმერთთან დაპირისპირება, ამიტომ დღეს ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ გადარჩეს ოჯახის სიწმინდე, რათა გადარჩეს ერი“, – განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე 17 მაისს, უკვე ტრადიციულად მონაწილეობს ოჯახის სიწმინდის დღის აღმნიშვნელ ღონისძიებაში. ამბობს, რომ ამგვარად ცდილობს იყოს ქართული საზოგადოების ღირებულებითი არჩევანის მიმართ სოლიდარული.
მისი შეფასებით, 17 მაისი თბილისში, აღარ არის ისეთი წინააღმდეგობრივი და დაძაბული, როგორ წინა წლებში იყო. საზოგადოება დამშვიდდა, იმის გამო, რომ ხედავენ, რომ მილიონიანი დაფინანსების მიუხედავად გეიპროპაგანდამ საქართველოში ფეხი ვერ მოიკიდა. მისი აზრით, ტერმინები: ჰომოფობია, ტრანსფობია, სექსუალური ორიენტაცია და გენდერული მეტობა, კანონგარეშე უნდა იყოს ცნობილი. ეს ყოველივე არის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ნაწილი, რომელიც არ არის ასახული, არც ერთ საფრთხის შემსწავლელ დოკუმენტში.
“მაშინ, როდესაც კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორი ვართ კანის ფერისა და სოციალური კუთვნილების მიუხედავად, რა შუაშია სექსუალური ორიენტაცია? უნდა დასრულდეს ამაზე საუბარი, არა თუ სისხლის სამართლის პოლიტიკა შეცვალო და საკანონმდებლო რეგულაციები გაამკაცრო ამ მიმართულებით. მე თუ არ მინდა, რომ ჩემს არასრულწლოვან შვილს ტრანსგენდერი მასწავლებელი ჰყავდეს, ამის გამო, მე უნდა წავიდე ციხეში”, – ამბობს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
მისივე თქმით, დღეს ქართული საზოგადოება ხედავს, რომ ხელისუფლების ლიდერებიც მათ პოზიციაზე არიან და შესაბამისად, “ვიღაც-ვიღაცეებს მოუწევთ გაითვალისწინონ საქართველოს მოსახლეობის ფსიქოლოგიური თავისებურებები”. შედეგად ხელისუფლებამ ნეოლიბერალური დასავლეთისგან თითის ქნევა დაიმსახურა.
“ხელისუფლება მანამდე შეინარჩუნებს ამ პოზიციას, სანამ ასეთი ძლიერი დაკვეთა იქნება საზოგადოებისგან”, – განუცხადა Dalma News-ს დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
მისივე თქმით, ევროპული დემოკრატიის დადებით მხარეზე თუ ვისაუბრებთ, ერთ-ერთი განმსაზღვრელი სწორედ მრავალშვილიანი ოჯახების წახალისებაა.
“2014 წელს ანტიდისკრიმინაციული კანონი მიგვაღებინეს; 2015 წელს გამოგზავნეს საშინაო დავალება, რომ სიძულვილის ენის აღმოფხვრის მიზნით გატარდეს გარკვეული ღონისძიებები, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლებების მიერ; დაიწყოს საქმეების წარმოება, დადგეს კონკრეტული განაჩენები, როგორც სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციული წარმოების გზით, რომ შეიქმნას სტატისტიკა და დავასკვნათ, რომ ქვეყანაში ცნობიერების ცვლილების რეფორმა მიმდინარეობს. მაგრამ 2015 წელსაც ვერ მოახერხეს ეს, ვერც მაშინ, როდესაც მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო ლიტერატურა შემოიტანეს 12-13 წლის ბავშვებში მესამე სქესის მიმღებლობისა და ემპათიის გაჩენის მიზნით”, – ამბობს ყოფილი დეპუტატი, დიმიტრი ლორთქიფანიძე.
მისივე თქმით, კიდევ ერთი პრობლემაა სოციალური გაჭირვების საბაბით ოჯახის ინსტიტუტის დაკნინება, როცა სახელმწიფოს ეძლევა უფლება, დაჩაგროს უქონელი მშობლები და მათ შვილი წაართვას. წართმეული ბავშვის ბედი კი, სასამართლომ 12 საათში, ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვიტოს.
არასამთავრობო ორგანიზაცია “სოციალური სამართლის ცენტრმა” წლევანდელ 17 მაისს ხელისუფლების მიმართ განცხადებით გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, ლგბტ-თემის მიმართ სახელმწიფოს დემონსტრაციულ გულგრილობას ავლენს და ძალადობის შეწყნარების უმძიმეს გამოცდილებას აჩვენებს. ეს პოლიტიკა მკვეთრად აზიანებს დემოკრატიული, მშვიდობიანი და პლურალისტური საზოგადოების განვითარების შესაძლებლობებს.
“უკვე წლებია ხელისუფლება, პოლიტიკური პარტიები, ეკლესია და სხვა აქტორები ქვიარ ადამიანების და ქვიარ საკითხების პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზებას ცდილობენ და ხშირად ეს დომინანტური პოლიტიკა ლგბტ(ქ)ი ადამიანების სიცოცხლის, ღირსების და მომავლის ჩამორთმევის მიზეზიც გამხდარა”, – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
“სოციალური სამართლის ცენტრი” მოუწოდებს ქვეყნის მთავრობას, ჰომოფობია – ტრანსფობიასთან ბრძოლის სისტემური პოლიტიკა შეიმუშაონ და განათლების სისტემაში – სკოლებში, უნივერსიტეტებში, საჯარო სამსახურებში და მთლიანად ფართო საზოგადოებაში დანერგონ.
შ. ქარჩავა