საქართველოში პროტესტი მოჰყვა ე.წ მწვანე პასპორტების, ანუ QR-კოდების ამოქმედებას. ეს არის კოდი, რომელიც ადამიანებს, რომლებსაც არ გადაუტანიათ კორონავირუსი, ან არ გაუკეთებიათ კოვიდვაქცინა, გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს. “მწვანე პასპორტების” გაპროტესტება მოქალაქეების გარკვეულმა ჯგუფმა ახალი წესის ამოქმედებამდე, მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარტია “ქართული ოცნების” მთავრობას მოუწოდა არავაქცინირებულებისთვის შეზღუდვები დაეწესებინათ.
ამას წინ უძღოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წინასაარჩევნო დღეებში მოსახლეობისთვის მიცემული პირობა, რომ სანამ ის ქვეყნის პრემიერი იქნება, კოვიდვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება. თუმცა იქვე მოუწოდა მოქალაქეებს ენდონ მეცნიერებს და მკვლელი ვირუსის წინააღმდეგ აიცრან. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ, მალევე, ღარიბაშვილმა თანამოქალაქეებს აცნობა, რომ ვირუსოლოგების რჩევით გადაწყდა ე.წ მწვანე პასპორტების შემოღება, რომელიც გაიცემა ორჯერადად აცრილებსა და მათზე, ვინც კორონავირუსი გადაიტანა.
საქართველოში, პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა ახალი წესი, რომელიც კვების ობიექტებში, ფიტნეს-დარბაზებში, თეატრსა და კინოში შესვლას ქვეყნის მოქალაქეების იმ ნაწილს უკრძალავს, რომლებიც “მწვანე პასპორტს” ვერ წარმოადგენენ.
საქართველო დიდი ხანია თავს „ვეღარ იწონებს“ პანდემიასთან წარმატებული ბრძოლით, უფრო მეტიც, მეზობელ სომხეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი აქვს. არადა კორონავირუსის პირველი ტალღის დროს, საქართველო დიდხანს რჩებოდა “მწვან ზონად”.
“მწვანე ზონის” სტატუსი “მწვანე პასპორტებმა” ჩაანაცვლა. პროცესი არც ისეთი უმტკივნეულო აღმოჩნდა, როგორც ამას, დიდი ალბათობით, პრემიერთან შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს წევრები და იმედოვნებდნენ. საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა მოსახლეობის ამგვარი დაყოფა, მათი თანამოქალაქეების უუფლებო მდგომარეობაში ჩაყენება და დისკრიმინაცია. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ QR-კოდები მალე შესაძლოა მუნიციპალურ ტრანსპორტშიც ამოქმედდეს. თუმცა, ასევე არიან ისეთებიც, რომლებიც ხელისუფლებას კოვიდვაქცინით აუცრელების მიმართ ზომების მაქსიმალურად გამკაცრებისკენ, საჯარიმო სანქციების შემოღებისა და ამ ადამიანების სამსახურებიდან დათხოვნისკენ მოუწოდებენ.
“მწვანე პასპორტები” საქართველოს მოქალაქეების ერთი ნაწილის მიერ დისკრიმინაციად და სეგრეგაციადაც კი შეფასდა. პროტესტმა ქუჩაში გადაინაცვლა და სათავეში ორგანიზაცია “ერი და საქართველოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე ჩაუდგა. მისი გადაწყვეტილებით ფართომასშტაბიანი აქციები თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ ყოველ კვირას გაიმართება, სანამ მთავრობა “მწვანე პასპორტებს” არ გააუქმებს. მისივე განმარტებით, აქცია არ არის ნებაყოფლობითი აცრის წინააღდეგ, ისინი კოვიდტერორს ებრძვიან.
5 დეკემბერს თბილისში რიგით 8-ე აქცია გაიმართა, რომელშიც ორგანიზატორების დათვლით, 15 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. ეს მართლაც შთამბეჭდავი აქცია იყო. იმდენად შთამბეჭდავი, რომ მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი პროტესტანტების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება სცადა. ინციდენტს მცირედი დაპირისპირება მოჰყვა.
როგორც ზვიად ტომარაძე აცხადებს, პირველი შემთხვევა არ არის, როცა კოვიდტერორის წინააღმდეგ აქციას ტელეკომპანია “ტვ პირველი” ნაციონალების აქციად წარმოაჩენს და სიუჟეტებში მათი აქციიდან აღებულ კადრებს იყენებენ. ამასთან დაკავშირებით ორგანიზამ “ერი და საზოგადოება” სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ტელეკომპანიისგან 55 555 ლარს ითხოვს (სიმბოლურად ხუთი 5-იანი, როგორც “ენმ”-ს საარჩევნო ნომერი).
“ფაქტობრივად “ტვ პირველმა” დაგვაბრალა “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტობა. 15 ნოემბერს 2-ჯერ გაუშვეს სიუჟეტი, სადაც ჩვენი აქცია გამოყენებული იყო, როგორც ნაციონალების მხარდამჭერი. იმის ნაცვლად ბოდიში მოეხადათ, 25 ნოემბერსაც იგივე გააკეთეს. ამაზე სასამართლო სარჩელით ვუპასუხეთ, ფულადი კომპენსაციის სახით, სიმბოლურად, 5 ხუთიანი მოვთხოვეთ – 55 555 ლარი. 5 დეკემბრის აქციაზე დავინახე “ტვ პირველის” ჟურნალისტი. გამიკვირდა მათი გამოჩენა, იმიტომ, რომ ჩვენს აქციებს, არც ერთი წამყვანი ტელეკომპანია არ აშუქებს. მალევე “ნაციონალური მოძრაობის” 2 წევრი გამოჩნდა. გავიფიქრე, რომ “მწვანე პასპორტების” გაუქმებას უჭერდნენ მხარს. უცებ გაშალეს პლაკატი წარწერით “თავისუფლება მიშას” და “ტვ პირველმა” დაიწყო კადრების გადაღება, რისი საშუალებაც არ მივეცით”, – აცხადებს ზვიად ტომარაძე.
მისივე თქმით, აქციიდან აქციამდე “მწვანე პასპორტების” მიმართ პროტესტი და აქციაზე ხალხის რაოდენობა იზრდება. ის აერთიანებს როგორც აცრილ, ისე აუცრელ მოქალაქეებს, ვისთვისაც მიუღებელია დისკრიმინაცია, თანამოქალაქეების არათანაბარ პირობებში ჩაყენება და ე.წ პრივილეგირებულთა ფენის შექმნა.
როგორც ზვიად ტომარაძე ამბობს, კოვიდტერორის წინააღმდეგ გამოსვლები მისმა ორგანიზაციამ ბევრად ადრე დაიწყო, მაშინ მათ აქციაზე 400-მდე ადამიანი მივიდა. დღეს კი დარწმუნებულია, რომ სწორი ნაბიჯებით ხალხი მიაღწევს იმას, რომ ხელისუფლებას “მწვანე პასპორტების” ვაუქმება აიძულონ.
“ძალიან დიდ ბოროტებას, დიდ ძალას ვუპირისპირდებით. წამყვანი მედია საერთოდ არ გვაშუქებს, თუ გვაშუქებენ ცდილობენ “ნაციონალურ მოძრაობად” წარმოგვადგინონ. ფინანსური რესურსის გარეშე ამხელა აქციის ორგანიზება ძალიან დიდ ადამიანურ რესურსს საჭიროებს”, – განუცხადა Dalma News-ს ზვიად ტომარაძემ.
მისივე თქმით, ხალხი აქციის ლიდერებისგან რადიკალურ ნაბიჯებს ითხოვს, თუმცა ცდილობს ისინი დაარწმუნოს, რომ ამ ბრძოლას, მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება წარმატება, თუ თანმიმდევრულად იმოქმედებენ.
“არავის ეგონოს, ხალხი იმიტომ მოდის აქციებზე, რომ ღამის თბილისი დაათვალიერონ. ჩვენ გვაქვს დიდი პასუხისმგებლობა აღებული. ეს პროტესტი დაიწყო შიშველი ხელებით. თანმიმდევრულები ვართ. წესრიგის და დისციპლინის გარეშე ჩვენ წავაგებთ, არანაირი პროვოკაცია. გამოჟონა ინფორმაციამ, რომ საკოორდინაციო საბჭოზე სერიოზული დაპირისპირება მოხდა. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ “მწვანე პასპორტები” ძალიან მალე გაუქმდება იქიდან გამომდინარე, რომ რესტორნებმა ძალიან დიდი ზარალი ნახეს. ისინი ძალიან მალე მიმართავენ სახელმწიფოს გააუქმოს “მწვანე პასპორტები”, – განაცხადა ტომარაძემ.
5 დეკემბრის აქციას უსიამოვნების გარეშე არ ჩაუვლია. რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ხალხი, მიტინგის ბოლოს საპატრიარქოსკენ დაიძრა, რათა “მწვანე პასპორტებთან” დაკავშირებით ქართული ეკლესიის პოზიცია მოესმინათ და დახმარება ეთხოვათ.
საპატრიარქოსთან მისვლის იდეა აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილისთვის უადგილო აღმოჩნდა, თუმცა სოლიდარობის გამო, მსვლელობას არ გამოეთიშნენ.
როგორც მოგვიანებით ზვიად ტომარაძემ განმარტა, საპატრიარქოსთან მისვლის სურვილი აქციის მონაწილეების მხრიდან მოდიოდა. მან იდეა მიტინგზე შეკრებილებს გააცნო და უმრავლესობამ ხელის აწევით დაუდასტურა თანხმობა. ამის შემდეგ მსვლელობა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან საპატრიარქოსკენ დაიძრა. პოლიცია ტრანსპორტის მოძრაობას არეგულირებდა და მომიტინგეებს მსვლელობისთვის ქუჩას უთავისუფლებდა.
ლიდერების მოწოდების თანახმად, აქციის მონაწილეები საპატრიარქოსთან შეძახილების, საყვირებისა და სიგნალის გარეშე, მდუმარებით მივიდნენ. იმის იმედით, რომ საპატრიარქოდან თუნდაც ერთი სასულიერო პირი გამოვიდოდა მათთან, აქციის მონაწილეებმა ილოცეს, იგალობეს და ბოლოს ისე დაიშალნენ, რომ კომუნიკაცია არ შედგა.
საპატრიარქოს პრესმდივანმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ ზვიად ტომარაძეს სატელეფონო საუბრისას განუმარტა, რომ კვირას საპატრიარქოში არავინ იმყოფებოდა და წინასწარი შეთანხმების გარეშე, უფლებამოსილ პირთან შეხვედრა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა. ამ ვითარებაში შეეძლოთ, თხოვნა წერილობითი ფორმით დაეტოვებინათ.
“ვაქცინაციასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიცია არაერთხელ დაფიქსირდა სინოდის და საპატრიარქოს განცხადებებში. დღეს საპატრიარქოსთან სრულიად შეუთანხმებლად ზვიად ტომარაძის გამართული აქცია, მოთხოვნით,- “ვინმე მაინც შეგვხვდეს” სრულიად გაუგებარია”, – ამის შესახებ ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
საპატრიარქოს პრესმდივნის პასუხმა აქციის ლიდერები გაანაწყენა და უკმაყოფილება გამოხატეს. თუმცა მეორე დღეს, გაცხარებისთვის შენდობა ითხოვეს და იმედი გამოთქვეს, რომ სინოდი კიდევ ერთხელ გამოხატავს პოზიციას ხალხის იძულებით ვაქცინაციასა და “მწვანე პასპორტების” წინააღმდეგ.
“საპატრიარქოსა და წმინდა სინოდისთვის არაერთხელ გადაგვიხდია მადლობა იმისთვის, რომ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებაში მკაფიოდ განიმარტა, რომ აცრა არ უნდა იყოს სავალდებულო. საზოგადოების მოთხოვნა იყო მივსულიყავით საპატრიარქოსთან. ჩემი მხრიდან ემოციური განცხადება გაკეთდა, რაც იყო მცდარი და ამისთვის შენდობა ვითხოვე”, – განაცხადა ტომარაძემ მეორე დღეს, მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე.
ამჯერად, აქციის მიზანი იყო, საკოორდინაციო საბჭოს წევრებისთვის სირცხვილის დერეფნები დაეხვედრებინათ. თუმცა სხდომა ისე დასრულდა, რომ გარეთ არავინ გამოსულა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე პრემიერსა და ჯანდაცვის მინისტრს შორის დაპირისპირება მოხდა, რის გამოც, მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სხდომა დატოვეს. არცერთ მათგანს მედიასთან განმარტებები არ გაუკეთებიათ.
“ტვ პირველის” ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი ე.წ. უვადო მწვანე პასპორტის საკითხი და სავალდებულო ვაქცინაცია გახდა.
შორენა პაპაშვილი