სომხეთის ქალაქ ახტალამ მწვადის მეათე, საიუბილეო ფესტივალს, ანუ “ხოროვაცს” წელსაც უმასპინძლა, თუმცა შარშანდელთან შედარებით, ამჯერად რეკორდულად ბევრი მზარეული და სტუმარი იყო. 5-6 -ჯერ გაიზარდა ტურისტების რაოდენობაც.
ტურისტული სააგენტოების სატრანსპორტო საშუალებები მთელი სომხეთის მასშტაბით, დანიშნულების ადგილებისკენ დილაადრიან გადიან. ახტალის მანგალებისკენ, მარტო ერთი კომპანიის ოთხი ავტობუსი გავიდა, სადაც დაახლოებით 200 მგზავრი იყო. დედაქალაქთან ლორიის ოლქი, არც ისე ახლოსაა და შესვენებების გარეშე გზას 4 საათი სჭირდება.
ღონისძიების გახსნაზე ჩასული სტუმრები მანგალების მიერ მწვადების მოსამზადებლად დანთებულ ცეცხლს მშიერი თვალებით უყურებდნენ. არანაკლებ საინტერესო იყო იმის ყურება, თუ შამფურებზე როგორი ოსტატობით აცვამდნენ ღორის, ბატკნის, კურდღლის, ქათმის, თევზის და სხვა ხორცს. მზარეულების ფანტაზია იმდენად შორს გაიჭრა, რომ ბოლოს საქონლის ხორცის ბასტურმისგან დამზადებული “ხოროვაც” – “ნოუ-ჰაუც” შეიქმნა.
ლევონ ტადევოსიანი სულ რაღაც 20 წლისაა და იგი სოფელ ცახკუნკის ჰოსტელის შეფ-მზარეულია. მან სიამაყით წარადგინა საკუთარი ნამუშევრები: ციკნის უნაზესი ხორცი საინტერესო გაფორმებით, რაც ლევონის თქმით, ფესტივალის ჟიურის წევრების განსაკუთრებულ ყურადღებას დაიმსახურებდა. საინტერესოა, რომ ლევონმა ტოლმის დღესასწაულზე მეორე ადგილი მოიპოვა.
“ფესტივალი ფინანსურ წახალისებას არ გულისხმობს. მე აქ ამისთვის არ მოვსულვარ. მთავარი – საკუთარი თავის და კოლეგების მიმართ განცდილი სიამაყეა. ეს ძალებს და თავდაჯერებულობას გმატებს. გინდა კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიო”, – ამბობს ლევონი.
მისი კოლეგა – გრიშა აკოფიანიც ამ მოსაზრებას იზიარებს: “მზარეულისთვის ბევრად უფრო ძვირფასია არა ჯილდო, არამედ პატივისცემა და ის აღიარება, რასაც ჟიურის წევრებისგან იღებს. გარდა ამისა, კომუნისტური რეჟიმის დროიდან მოყოლებული იმდენი რამ მინახავს, რომ დღე ჩემთვის საკმარისია ის მედლები, რომლებსაც სხვადასხვაგვარ ფესტივალებში მონაწილეობისას მოვიპოვებ”, – დასძინა მან.
აკოფიანი ფესტივალის ყველაზე გამოცდილი მონაწილეა. საბჭოთა კავშირის დაშლამდე იგი “ინტურისტში” მუშაობდა და სასტუმროების – “დვინისა” და “ანისის” სტუმრებს თავისი კულინარიული ოსტატობით ანებივრებდა. იგი მწვადის სახალხო ფესტივალის დაარსების სათავეებთან, საზოგადოებრივი ორგანიზაცია “სომხური კულინარიული ტრადიციების შენარჩუნება და განვითარების” ხელმძღვანელის – სედრაქ მამულიანის გვერდით იდგა.
“ახლა ფესტივალის ჩატარების ადგილიც უფრო დიდია და მონაწილეც უფრო მეტი: პირველ ფესტივალზე თუ 12-13 მანგალი იყო, ახლა 40-ზე მეტია. განსაკუთრებული ყურადღება ღონისძიების ორგანიზებას ეთმობა: გარშემო სისუფთავეა, ყველა მზარეულს სპეციალური სამოსი აცვია და სუფრასთან მომსახურების კულტურაც მაღალ დონეზეა. მრავალფეროვანია თავად კერძის წარდგენა: სოუსით, მწვანილით, სანელებლებით. ამგვარად, ხალხი კმაყოფილია”.
სინამდვილეში რესპუბლიკის სტუმრებმაც და მასპინძლებმაც შესანიშნავად მოულხინეს, მიუხედავად იმისა, რომ ღორის ხორცის მწვადის ერთი შამფური 200 დრამი (4 აშშ.დოლარი) ღირდა, კურდღლის – 2500 დრამი (5 დოლარი). შუა დღემდე, მარტო ერთ სარეალიზაციო წერტილში, დაახლოებით 80-100 კილოგრამი ღორის ხორცი გაიყიდა.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ორგანიზატორებმა ახტალაში ღონისძიების ორი დღით გახანგრძლივება გადაწყვიტეს: კონკურსის პირველი დღე პროფესიონალებს დაეთმოთ, მეორე – მოყვარულებს. ამ უკანასკნელებს შორის იყვნენ ფიზიკოსები, პოლიციელები, ბანკირები და პროკურორებიც კი – საზოგადოებრივი ორგანიზაცია “უტოხ ხმოხ” კავშირის წევრები.
კონკურსის მეორე ადგილი დაიკავეს ნომინაციაში “საუკეთესო გემოს” გამარჯვებულმა მეგობრებმა: არტურმა, არამმა და აშოტმა. მათ ციკნის ხორცის მწვადი ხილის გარნირთან ერთად წარადგინეს. პირველი ადგილი რესტორან “ფარვანას” ერგო.
მწვადის ფესტივალს ტრადიციულად მუსიკალური ჯგუფებიც შეუერთდნენ, რამაც დღესასწაულს განსაკუთრებული კოლორიტი შესძინა. ეს საერთაშორისო სტატუსის შეძენის წინაპირობაა.
ცნობილია, რომ სომხური ტრადიციული სამზარეულოს ფესტივალი ზაფხულის სეზონის ბოლო შაბათ-კვირას ტარდება. ახლა უკვე, ადგილობრივი მზარეულები შეეცდებიან საერთაშორისო დღესასწაულების სიაში მოხვდნენ. საზოგადოებრივი ორგანიზაცია “სომხური კულინარიული ტრადიციების შენარჩუნება და განვითარების” თავმჯდომარე სედრაქ მამულიანის თქმით, დღესასწაულის ჩატარების რეგლამენტზე მუშაობა მიმდინარეობს და ცალკეული ქვეყნების, ორგანიზაციების და კერძო პირების ჩართვის წესიც განიხილება.
რაც შეეხება შარშანდელ ღონისძიებას, საერთაშორისო სტატუსის არქონის მიუხედავადაც საკმაოდ ბევრი სტუმარი ჰყავდა. თითოეულს ხელგაშლილი მასპინძლობით დახვდნენ. რუსეთიდან ჩასულებს ცალკე პავილიონი, ლავაშის სპეციალური კომპოზიციით მასპინძლობდა. მზარეულებმა თავიანთ ქმნილებაში იუმორიც ჩააქსოვეს: ლავაშზე კეტჩუპით სიტყვა “რუსეთი” წააწერეს და ბოსტნეულით გააფორმეს.
ილია გუბარევი ერევანში ფესტივალის დაწყებამდე 8 საათით ადრე ჩავიდა და პირდაპირ ჟიურის შემადგენლობაში მოხვდა. ” ამ ქვეყანაში პირველად ვარ. აქ რაფტინგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კომპანიის მოწვევით ჩამოვედი. მოულოდნელად კი ამ კოლორიტულ ღონისძიებაზე მოვხვდი. ჩემთვის ეს მოულოდნელთან ერთად სასიამოვნოც იყო და გემრიელიც!”, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, მწვადი არაერთხელ უჭამია, როგორც მშობლიურ პეტერბურგში, ისე რუსეთის სხვა ქალაქში, მაგრამ სომხეთში განსაკუთრებულ მწვადს ამზადებენ. “განსხვავებულია ამინდიც და გემოც. ძალიან ბევრი სუნელი, უჩვეულო გემო და რაც მთავარია – ყველაფერი გემრიელია. საკმაოდ ბევრი დავაგემოვნე – ჟიურის წინაშე წარდგენილი დაახლოებით 20, სხვადასხვაგვარად მომზადებული. ასეთი გემრიელი კერძის წინაშე თავი ვეღარ შევიკავე! საოცარია, მაგრამ არავითარი სიმძიმე! (იცინის). პირადად მე, პირველი ადგილი დიდი თეთრი თევზის მწვადს მივანიჭე. ის მწვადი კი არა, ხელოვნების ნიმუში იყო!”, – დასძინა გუბარევმა.
ახლა უკვე ილია სომხეთში პირადი ვიზიტით ჩამოსვლას გეგმავს, რათა ყურადღებით გაეცნოს ქვეყანას: “მეგობრებთან ერთად ორი დღით ვართ ჩამოსულები და მივხვდით, რომ ეს დრო ძალიან ცოტაა საიმისოდ, რომ აქაურ ღირსშესანიშნაობას გაეცნო. ამაში სომხური სამზარეულოს დაგემოვნებაც შედის. პირველი შთაბეჭდილება შესანიშნავია – აქ ერთი დიდი ოჯახია და ეს ძალზედ სასიამოვნოა!”
ფესტივალის ერთ-ერთი მისია ხალხის გაერთიანებაა. ორგანიზატორების თქმით, ეს ასეც ხდება. შემთხვევით ხომ არ ეწოდა ახტალას, მწვადის სრულიად სომხური დედაქალაქი. “ხოროვაცი” კი ხალხში ნებისმიერი სადღესასწაულო სუფრის განუყოფელ ნაწილად და ერის არამატერიალური კულტურულ მემკვიდრეობად აღიქმება.
ირინა გრიგორიანი