ოქტომბრის მეორე ნახევარში, ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ბაქოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვენესუელას პრეზიდენტის ტურნე ნავთობმომპოვებელ ქვეყნებში იყო დაგეგმილი. ამდენად, ლათინური ამერიკის რესპუბლიკის ლიდერის პირველი ვიზიტი ბაქოში შედგა.
აზერბაიჯანს და ვენესუელას საერთო თითქმის არაფერი აქვთ, არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური თვალსაზრისით. ნავთობი ერთადერთია, რაც ამ ქვეყნებს აერთიანებთ და ცხადია, ვენესუელას პრეზიდენტის ბაქოში ვიზიტიც, სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა.
აზერბაიჯანული ვიზიტის ფარგლებში მადურომ ნავთობის ფასის სტაბილიზების ახალი ფორმულის გამომუშავება 10 წლით გაახანგრძლივა. “უახლოესი 10 წლის განმავლობაში ჩვენი ბუნებრივი რესურსების ფასის განსაზღვრის ახალ მექანიზმზე და სტაბილურობის უზრუნველყოფის ახალ ფორმულაზე ვმუშაობთ. როდესაც სტაბილურობას მივაღწევთ, შესაძლებელი იქნება წარმოების, ბაზრის და ფასის დონის განსაზღვრაც”, – განაცხადა მან.
ვენესუელას პრეზიდენტის თქმით, ჯერჯერობით საუბარია, მხოლოდ უახლოეს ექვს თვეში ნავთობის ბაზრის მოკლევადიან სტაბილიზაციაზე. მადურომ თავად განაცხადა, რომ თავისი ტურნეს ფარგლებში ახალი შეთანხმებების გაფორმება იგეგმება. “ამ მოგზაურობის მთავარი მიზანია ნავთობის ბაზრის საბოლოო სტაბილიზაციისთვის ახალი შეთანხმებების გაფორმება; ეს ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის და მსოფლიო ეკონომიკისთვის”, – განაცხადა მან.
ცნობილია, რომ ნავთობის გაიაფებით ყველაზე მეტად მადუროა შეწუხებული, რადგანაც ამან მისი ქვეყნის ეკონომიკა მთლიანად დააზარალა.
ვენესუელაში ძალზედ რთული ვითარებაა და შეიძლება ითქვას, რომ მადუროს ფეხქვეშ მიწა ეცლება. ოპოზიცია პარლამენტს აკონტროლებს და ფაქტობრივად იმპიჩმენის პროცესი დაიწყო. გაფიცვები ეროვნულ ეკონომიკას აზიანებს, მოსახლეობის დიდი ნაწილი კი რეალური შიმშილის პირასაა. ამ მიზეზით მადუროს პოლიტიკური გადარჩენისთვის საჭიროა საგარეო პოლიტიკური წარმატებები. სწორედ ამით შეიძლება აიხსნას კასპიისპირა და სპარსეთის ყურის ნავთობმომპოვებელ ქვეყნებში ასეთი გრძელვადიანი ტურნეს დანიშვნა.
დღეს მადურო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მსოფლიოში ნავთობის მოპოვება შემცირდეს, ხოლო ფასი გაიზარდოს. შედეგად, იგი ვენესუელაში შიმშილობის ბუნტს შეაჩერებს. სწორედ ამიტომ აყენებს ახალ იდეებს, რომელთაგან ზოგიერთს სხვა ნავთობმომპოვებელი სახელმწიფოები უჭერენ მხარს.
მადურო ნავთობის მწარმოებლებს ვერ გადაარჩენს
ვენესუელას პრეზიდენტის აზერბაიჯანში ვიზიტის შესახებ Dalma News-ის კორესპონდენტთან საუბრისას, ეკონომისტმა ფიქრეთ მამედოვმა განაცხადა, რომ ვიზიტის მიზანთან დაკავშირებით ბევრი ვერსია არსებობს.
“ფინანსური დახმარების თხოვნით” დაწყებული, “ნავთობის ჩანაცვლებითი ოპერაციების სქემის განახლებით” დასრულებული. აზერბაიჯანი, ბელორუსი და ვენესუელა, რამდენიმე ხნის წინ ჩანაცვლების ოპერაციებს ახორციელებდნენ. ჩვენ ბელორუსს ვაწვდიდით ნავთობს, რომელიც მას ვენესუელასგან ყიდულობდა. მადუროს რაღაც კონტრაქტი აქვს ევროპულ ქვეყნებში გაზის მისწოდებასთან დაკავშირებით და ამჟამინდელ პირობებში სურს ნავთობის ფასი იმ ნავთობმწარმოებლების მხარდაჭერით უზრუნველყოს, რომლებსაც მისთვის მოსახერხებელი და ეკონომიკურად მიმზიდველი ლოგისტიკის უზრუნველყოფა შეუძლიათ”, – ამბობს ექსპერტი.
მისივე თქმით, თუკი განვავითარებთ ამ ვერსიას, ევროპასა და აზიაში მომხმარებლებთან კონტრაქტების გაფორმება, რომლებიც გასაღების ბაზრებთან ერთად ნავთობის არსებობასთან შედარებით უფრო მომგებიანია, ვენესუელას ნავთობგაზის სექტორს ინვესტიციებისთვის ბევრად უფრო მიმზიდველს ხდის. “სავსებით შესაძლებელია განიხილოს საკითხი ეროვნული ნავთობ-კომპანიების ნაწილობრივი პრივატიზაციის შესახებ, თუ გავითვალისწინებთ, რომ მადურო იმდენად “სწორად” ხელმძღვანელობდა, რომ მენავთობენი, თავიანთ ფორმას ლუკმა პურისთვის ყიდიან. მაგრამ იმ ყველაფრის შემდეგ, რაც უგო ჩავესმა ეროვნულ ნავთობ-კომპანიებს დამართა, საღად მოაზროვნე ინვესტორები ვენესუელას ახლოსაც არ ეკარებიან. გარდა ამისა, ვენესუელური მძიმე ნავთობს ხარისხის პრობლემა აქვს.
ხოლო, შედარებით ნაკლებად საღად მოაზროვნე და ნაკლებად გამოცდილები, რომლებსაც ფულის გათეთრება სურთ და ა.შ. სარისკო პროექტებში მიიღებენ მონაწილეობას. სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყანაც ამ სიაშია – თუმცა ეს გასაკვირიც არ არის. ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მადური ნავთობის მოპოვების შემცირებაზე ცდილობს მოლაპარაკებას, ჩემის აზრით, ლოგიკური საფუძველი არ აქვს. პირველ რიგში, მას არანაირი მნიშვნელობის პოლიტიკური წონა არ აქვს, მეორეს მხრივ, აზერბაიჯანი შესაძლებლობების მაქსიმუმს მოიპოვებს და იმის თხოვნას, რომ “მეტი აღარ მოიპოვოო!”- აზრი არ აქვს”, – ამბობს ანალიტიკოსი.
იმის შესახებ საუბრისას, თუ რამდენად იმოქმედებს ქვეყნის პრეზიდენტის ზემოთ აღნიშნული მოქმედებები ნავთობის ფასის სტაბილიზაციაზე, ექსპერტის აზრით, ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილება დროებითია.
“ვენესუელას პრეზიდენტის მცდელობების მიუხედავად ნავთობის ფასი აუცილებლად დაეცემა. ჩემის აზრით, მიმდინარე წლის ბოლოსთვის ბარელი ნავთობის ფასი 20-25 დოლარი იქნება”, – განაცხადა მან.
ვენესუელას სირთულეები
ნიკოლაი მადუროს აზერბაიჯანში ვიზიტის შეფასებებზე Dalma News-თან საუბრისას სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ეკონომიკური მეცნიერების დოქტორმა სტანისლავ ტკაჩენკომ განაცხადა, რომ ორი წლის განმავლობაში ნავთობის გაიაფების შედეგად დაზარალებულ ქვეყნებს შორის ვენესუელას კონკურენტი არ ჰყავს.
მისივე თქმით, ამ ლათინოამერიკული ქვეყნის ექსპორტი, თითქმის მთლიანად ნავთობზეა დამოკიდებული და საუკეთესო წლებში მისგან მიღებული შემოსავალ (რომელიც დღეს უკვე ნულს უახლოვდება) ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის თითქმის ნახევარზე მეტ ხარჯს ფარავდა.
“ფიქალის რევოლუციის” დაწყების და 2014 წლის შემოდგომაზე ნავთობის მკვეთრად გაიაფების შემდეგ, ვენესუელას ეკონომიკა თავისუფალი ვარდნის მდგომარეობაში აღმოჩნდა. მასზე ფასის ვარდნამ შარშან, მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ს გადააჭარბა, წელს კი კიდევ 8%-იანი ვარდნაა მოსალოდნელი. ამ ქვეყნის მოსახლეობას უმუშევრობის, საკვები პროდუქტების და საწარმო საქონელის უკმარისობის პრობლემა აწუხებს, ინფლაცია ყველა რეკორდს ხნის და 2015-2016 წლებისთვის ფანტასტიკურ მაჩვენებელს – 1000%-ს მიაღწევს”, – დასძინა მან.
ექსპერტის თქმით, ვენესუელას ასეთი სტატისტიკური მონაცემები სულაც არ არის აპოკალიფსური სცენარის საწინდარი, სულ რაღაც სამი წლის წინათ, პლანეტის ბიზნეს-საზოგადოება ამ ქვეყნის ნავთობის მარაგის შესახებ ახალმა მონაცემებმა გააოგნა.
“ნავთობის მარაგი ექსპერტებმა 277 მილიარდ ბარელად შეაფასეს, რამაც განაპირობა ის, რომ ქვეყანა პირველ ადგილზე აღმოჩნდა და უკან მოიტოვა მრავალწლიანი ლიდერი – საუდის არაბეთი. თუმცა, აღნიშნული მარაგი მდინარე ორინოკოს აუზის რთულად მისადგომ ადგილებშია. თავისი შემადგენლობით ის მკვეთრად განსხვავდება კონკურენტების მსუბუქი ნავთობისგან, ამიტომაც მისი მოპოვება და მსოფლიო ბაზარზე გაყიდვა ბევრად უფრო რთულია. ვენესუელას ნავთობის მოპოვების თვითღირებულება, მოპოვების სირთულეების და მაღალი საგადასახადო განაკვეთის გათვალისწინებით, რუსულ ნავთობთან შედარებით დაახლოებით 50%-ით მაღალია. თუმცა, ნავთობის გიგანტური მარაგის მიუხედავად, ვენესუელა დღესდღეობით მსოფლიოს ნავთობმომპოვებელი ქვეყნების ათეულშია”, – ამბობს ტკაჩენკო.
ექსპერტის თქმით, ბაქო მადუროსთვის – ერთ-ერთი ყველაზე უახლოესი პარტნიორია მსოფლიოში. “ამ ორი სახელმწიფოს პოზიციები ნავთობის მსოფლიო მოპოვების შემცირებასა და მის გაიაფებასთან დაკავშირებით, ერთმანეთს ემთხვევა. უფრო მეტიც, აზერბაიჯანმა, რომელიც არ არის ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის წევრი,ოფიციალურად დაადასტურა მზადყოფნა იმოქმედოს კარტელის პარალელურად და შეზღუდოს ნავთობის მოპოვება, ამ სფეროში ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის წევრი-სახელმწიფოების შესაძლებელი ზომების პარალელურად.
ასეთი ზომების მიღება ვენესუელასთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის ლიდერებისკენ შემხვედრი პირველი ნაბიჯების გადადგმა უკვე ნოემბრის ბოლოს არის მოსალოდნელი. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ვენესუელასთვის აზერბაიჯანის პოზიცია, თუნდაც იმის მიუხედავად, რომ ნავთობის მოპოვების მასშტაბით აზერბაიჯანი აბსოლუტურად სხვა წონით კატეგორიაში – ნავთობმომპოვებელი სახელმწიფოების მესამე ათეულის დასაწყისშია. თავისი ტურნეს დასაწყისში ბაქოს სწორედ ამიტომ ეწვია”, – დასძინა ანალიტიკოსმა.
P.S. საეჭვოა, დღეს რომელიმე ექსპერტმა უახლოეს ორ წელიწადში ნავთობის ფასის ზრდის პროგნოზირება შეძლოს. პრობლემა მხოლოდ ის არ არის, რომ ბაზარზე ძალიან ბევრი ნავთობია. ფასებს, მოთხოვნის და შეთავაზების კანონის მიხედვით, ყოველთვის ბაზარი არეგულირებს. ნავთობი შეიძლება ბევრი იყოს და ძვირიც ღირდეს, თუ არსებობს მოთხოვნა. მთელი პრობლემა ის არის, რომ დღეს ეკონომიკური ხასიათის პრობლემები არა მხოლოდ ენერგომომპოვებელ ქვეყნებს აქვთ, არამედ იმპორტიორ-ქვეყნებსაც, რაც მკვეთრად ამცირებს მოთხოვნას.
მთელი სირთულე ის არის, რომ ენერგომომპოვებელი ქვეყნები, უფრო მეტად ფასებზე არიან დამოკიდებულები, ვიდრე მწარმოებელ ქვეყნებზე. ამიტომაც ნავთობმომპოვებელი სახელმწიფოების ამოცანა უნდა იყოს ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილიზაციისთვის არა ნავთობის ხელოვნურად გაძვირების მეთოდი, არამედ საკუთარი მწარმოებლობის განვითარებაში ინვესტიციების ჩადება.
ნიჯატ გაჯიევი