ორგანიზაცია «Мир для LGBTG»-ის მიერ ფეისბუქის გვერდზე განთავსებულმა ფოტოებმა არა მხოლოდ გაცხოველებული ყურადღება გამოიწვია სოც.ქსელებში, არამედ აზერბაიჯანის წამყვანი ინტერნეტ-სერვისების ყურადღებაც დაიმსახურა. ამ უკანასკნელებმა დაგმეს აქცია ეპატაჯისთვის, რომელმაც შესაძლოა მოქალაქეების აგრესია გამოიწვიოს.
ფეისბუქის მომხმარებლებსაც აღმოაჩნდათ მხარდამჭერი და საწინააღმდეგო არგუმენტები:
“რა თქმა უნდა, ამის არსი მესმის, მაგრამ ხომ იცოდით, როგორი რეაქცია მოჰყვებოდა ამას. მეჩეთი ცუდი იდეა იყო, თქვენ კიდევ უფრო გააღვივეთ ჰომოფობების სიძულვილი”.
“სოლიდარობა, ამხანაგებო! თქვენ ძალიან მაგრები და მამაცები ხართ! გამარჯვებას გისურვებთ – მსოფლიო ცისარტყელასავით იქნება”.
საერთო ჯამში, კომენტარები სამ კატეგორიად იყოფა: იმ ადამიანების კომენტარები, რომლებიც მხარს უჭერენ “ლგბტ”-ს, მაგრამ ვერ ხვდებიან აქციის მიზანს; სრული მხარდაჭერის გამომხატველი კომენტარები და “ლგბტ”-ს საწინააღმდეგო კომენტარები, რომლებსაც აქ ვერ მოვიყვანთ ეთიკური მოსაზრებების გამო.
«Мир для LGBTG»-მ ფოტოსურათების გამოქვეყნებას ამგვარი ახსნა-განმარტება დაურთო: “ფოტოსესია «Z-53» არის “ლგბტ”-ს უმცირესობის გამოვლინება აზერბაიჯანში რელიგიურ, ეროვნულ და სამართლებრივ ნიადაგზე. ეს ფოტოსურათები ასევე არის გზავნილი და ამბოხი ჰომოფობების მიერ წლების განმავლობაში დაგროვებული აუტანელი დისკრიმინაციის წინააღმდეგ”.
ორგანიზაცია «Мир для LGBTG» 2013 წლიდან არსებობს. ჩვენ დავინტერესდით ამ სფეროში მომუშავე ადამიანებისა და ასევე აქტივისტების მოსაზრებებით. ინტერნეტ-რესურს gay.az-ის დამფუძვნებელი რუსლან ბალუხინი ამბობს, რომ პირველად ესმის ორგანიზაცია «Мир для LGBTG»-ის შესახებ.
“მისი ხელმძღვანელის გიულიარ აზიმზადეს თქმით, ამ აქციის მიზანი იყო ჰომოფობური საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. შეკითხვა მაქვს: რისკენ და რა მიზნით ხდება ყურადღების მიპყრობა? ამ აქციით რა პრობლემებისადმი ამახვილებენ ყურადღებას ლგბტ-მოქალაქეები? რა პრობლემას მოაგვარებს ეს აქცია? საჭიროა აზერბაიჯანული საზოგადოების ინფორმირება ლგბტ-ს პრობლემების, მათი უფლებების დაცვისა და ჰომოფობების წინააღმდეგ ბრძლისთვის და არა აგრესიის პროვოცირება. ამ შემთხვევაში სახეზეა მხოლოდ პროვოკაცია, რასაც შესაძლოა სავალალო შედეგები მოჰყვეს”.
გიულიარ აზიმზადე ამბობს, რომ სოც.ქსელებით გამოხატული რეაქცია აბსოლუტურად პროგნოზირებადი იყო. “რას უნდა ელოდო საზოგადოებისგან, რომელიც ყველაზე უწყინარ ამბავშიც კი აღშფოთების მიზეზს ხედავს? ვერავინ გაიგებს, თუ ჩუმად ილაპარაკე. რეაქციის გამოსაწვევად შოკი იყო საჭირო. აგრესია ფოტოსურათებმა კი არ გამოიწვია, არამედ იმან, რომ ადამიანები საკუთარ თავს სხვების განკიცხვის უფლებას აძლევენ. ისინი მზად არიან თქვენ ღმერთის სახელითაც კი დაგადანაშაულონ. განა მუსულმანმა-ჰომოსექსუალისტმა თავისი ბუნების გამო უარი უნდა თქვას რწმენაზე? იქნებ იმან, ვინც ჰომოსექსუალისტებს წყევლის, შეკითხვა დასვას: განა ღმერთმა არ შექმნა ისინი? როგორ შეიძლება ღმერთს არ უყვარდეს საკუთარი ქმნილება?”