ბანკირების – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ 8 თვის წინათ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო”, რომელიც შექმნიდან 2 თვის შემდეგ არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიად – “ლელო საქართველოსთვის”, გადაკეთდა, არამედ მოკავშირეებიც შეიძინა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკოსებთან: დავით უსუფაშვილთან და ფიქრია ჩიხრაძესთან ერთად – კოალიციაში იბრძოლებს. ახალი კოალიციის შექმნის მიზანია ორპოლუსიანი პოლიტიკური გარემოს შეცვლა, სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილება და ქვეყანაში ახალი პოლიტიკური სტანდარტების დამკვიდრება.
უნდა ითქვას, რომ დავით უსუფაშვილს კოალიციაში მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქვს. 2012 წელს, “ქართულ ოცნებასთან” კოალიციაში ყოფნამ მას ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის თანამდებობა მოუტანა, მაგრამ რამდენად ფეხბედნიერი იქნება ის საკუთრივ “ლელოსთვის” დრო გვიჩვენებს, მანამდე კი Dalma News-ის მკითხველს შევახსენებთ, როგორ შეიქმნა პოლიტიკური ორგანიზაცია “ლელო”.
საზოგადოებას ჯერ კიდევ ახსოვს “ლელოს” შთამბეჭდავი წარდგინება და “თი ბი სი ბანკის” აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტის, მამუკა ხაზარაძის განცხადება 12 ლიდერის ძიების შესახებ, რაც ქვეყანაში ლიდერის მოთხოვნას დაასრულებდა.
“უახლოეს მომავალში ეს იქნება ლიდერების პარტია. ეს ქვეყანა მესიის და ერთი კაცის გადასარჩენი არ არის”, – ამ სიტყვებით გააცნო მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას 8 თვის წინათ, თავისი ახალი ორგანიზაცია.
ამომრჩევლის მიმართ “ლელოს” გზავნილები შემდეგია: მოვუტანოთ ქვეყანას ყოვლისმომცველი ეკონომიკური ზრდა, ვაქციოთ საქართველო წარმატების მაგალითად და ვუზრუნველვყოთ შვილების ღირსეული მომავალი; ვაქციოთ განვითარება სწრაფ, უწყვეტ და შეუქცევად პროცესად; არ გვაქვს დრო ვიკამათოთ პოლიტიკოსთა შეცდომებზე, ჩვენი საქმე მომავალია.
მამუკა ხაზარაძისა და მისი ოჯახის წევრისა და ბიზნესპარტნიორის, ზურაბ ჯაფარიძის პოლიტიკაში მოსვლასთან ერთად, “გაცოცხლდა” მოპარული ანაბრების ისტორია და ხაზარაძის სახელთან დაკავშირებული, სხვადასხვა სკანდალური სასამართლო საქმეები.
როგოც Dalma News-ს “ლელოს” წევრმა, თბილისი მე-5 მოწვევის საკრებულოს დეპუტატმა გულიკო ზუმბაძემ განუცხადა, ორგანიზაციის ლიდერების მიმართ გაჩაღებული ნეგატიური პროპაგანდისტული კამპანიის მიუხედავად, “ლელომ” ძალიან კარგი სტარტი აიღო და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზის ფონზეც კი, წინასაარჩევნო პროცესების ეფექტიან მართვას ახერხებს.
გულიკო ზუმბაძის მოსაზრებით, დღეს აქტიური ამომრჩევლის გარკევული ნაწილი ორ პოლუსზეა გადანაწილებული, რომელთა შორის დაპირისპირებას, ფაქტობრივად, სახელმწიფო ინტერესები ეწირება. ამ ვითარებაში, საზოგადოებას უჩნდება ალტერნატიული პოლიტიკური ძალის არსებობის სურვილი.
მისივე თქმით, პოსტპანდემიურ ვითარებაში, “ლელო” უალტერნატივო პოლიტიკური ძალაა, რომელსაც შესწევს უნარი ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან გამოიყვანოს და ფეხზე დააყენოს.
“საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, ყველა მიმართულებით იყოს წარმატებული ქვეყანა და ამ შესაძლებლობების ეფექტიანი გამოყენება სწორედ ისეთ პოლიტიკურ ძალას შეუძლია, როგორიც “ლელოა”. მისი სახით გამოჩნდა ახალი პოლიტიკური გუნდი, რომლის ხედვები, განსაკუთრებით ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის კუთხით, უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გახლდათ ჩვენი გადაწყვეტილების მიღებაში, გავერთიანებულიყავით ძლიერი პოლიტიკური ძალის ჩამოსაყალიბებლად”, – განუცხადა Dalma News-ს “შენების მოძრაობის” ყოფილმა წევრმა, გულიკო ზუმბაძემ.
რაც შეეხება კითხვას, ხაზარაძე – ჯაფარიძის პოლიტიკაში წასვლით დაზარალდა თუ არა “თი ბი სი ბანკის” რეპუტაცია, გულიკო ზუმბაძე მიიჩნევს, რომ დღეს, ყოფილი ბანკირების გამოცდილების სახელმწიფო ინტერესებისთვის გამოყენება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი ერთ სფეროში “ჩაკეტვა”, როგორი წარმატებულიც არ უნდა იყოს ის სფერო.
“ისინი დაადგენენ რთულ, მაგრამ ძალიან საჭირო გზას ჩვენი ხალხისა და ქვეყნისათვის”, – მიაჩნია გულიკო ზუმბაძეს.
მისივე თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლება უკვე წლებია, პოლიტიკურ – დიპლომატიური საშუალებების გვერდის ავლით, აწარმოებს ფარულ მოლაპარაკებებს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მიზანმიმართულად ებრძვის პროდასავლური მიმართულების პოლიტიკური ძალების ლიდერებს. იგი რუსეთის ინტერესებს უკავშირებს ანაკლიის პორტის პროექტის ჩავარდნასაც, რასაც, ზუმბაძის თქმით, დიდი როლი უნდა შეესრულებინა ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის გაძლიერებაში.
“ამ ვითარებაში, პოლიტიკურ გაერთიანებას – “ლელო საქართველოსთვის”, უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება. როგორც ხაზარაძის, ისე, “ლელოს” სხვა ლიდერებს გააჩნიათ შესაძლებლობა ჰქონდეთ მნიშვნელოვანი პოლიტიკური კავშირები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ და დარწმუნებული ვარ, ისინი ამ შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოიყენებენ”, – განაცხადა თბილისის საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა, გულიკო ზუმბაძემ.
ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, საქართველოში დღეს, პოლიტიკური მოზაიკა ძალიან ბუნდოვანია. ამომრჩევლის უდიდეს უმრავლესობას არ სურს ე.წ ორპოლუსიანობა, ანუ არჩევანი “ქართულ ოცნებასა და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის. შესაბამისად, არსებობს ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების მიმართ მოთხოვნილება. ამის გათვალისწინებით იზრდება “ლელოს” პოლიტიკური შანსებიც, თუმცა, დიდი ალბათობით, მისი ციფრებში გამოხატული რეიტინგი 10%-ს ვერ ასცდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სხვა ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები კიდევ უფრო სუსტად გამოიყურებიან.
ხუხაშვილის მოსაზრებით, “ლელოს” აქვს ზრდის პოტენციალი, თუმცა, მეორი საკითხია მისი ლიდერები რამდენად მოახერხებწნ ამ პოტენციალის რეალიზებას.
“ფინანსური რესურსების გარეშე პოლიტიკა არ არსებობს. სხვა ცენტრებისგან განსხვავებით მათ მატერიალური რესურსი აქვთ, მთავარი შეფერხება მდგომარეობს იმაში, თუ რამდენად მოახერხებენ ამომრჩეველზე გასვლას. რამდენად მოახერხებს მამუკა ხაზარაძე ხალხთან კომუნიკაციის აწყობას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კონტრპროპაგანდაც ძალიან კარგად მუშაობს, მდიდარი ბანკირის სურათს ხატავენ, ბანკირები კი ამ ქვეყანაში მაინცა და მაინც არ უყვართ, ამიტომ ხაზარაძემ უნდა დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ ის უბრალოდ მდიდარი ბანკირი კი არ არის, არამედ არის ადამიანი, რომლისთვისაც პოლიტიკა მსახურებაა”, – განუცხადა Dalma News-ს გია ხუხაშვილმა.
მისივე თქმით, “ლელოს” პოლიტიკური კამპანია უფრო კამერული ხასიათისაა ვიდრე ამომრჩევლის ფართო აუდიტორიაზე გათვლილი. საქართველოში ალტერნატიული ძალის მაძიებელი ამომრჩევლის სეგმენტი საკმაოდ დიდია, “ლელოს” შანსები კი, ჯერჯერობით 10%-მდე და ნაკლებია. ორნიშნა ნიშნულზე რომ გადავიდნენ, ამისთვის საჭიროა ბევრად აქტიური კომუნიკაცია ამომრჩეველთან და უფრო რადიკალური გზავნილები.
მამუკა ხაზარაძის საგარეო კავშირებს რაც შეეხება, გია ხუხაშვილის თქმით, ის მკვეთრად გამოხატული პროდასავლური ორიენტაციის ბიზნესმენი და პოლიტიკოსია. ასევე აქვს კორპორატიული მართვის კარგი გამოცდილება, რაც აშკარად საუბრობს მის სასარგებლოდ.
“ის ბევრ სფეროშია ნამუშევარი და იცის ამ სფეროების პრობლემატიკა, ეს არის მისი ძლიერი მხარე”, – აცხადებს გია ხუხაშვილი.
“ლელოს” პოლიტიკურ შანსს ჯერჯერობით მაღალ შეფასებას ვერ აძლევს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ელექტორატის მცირე ნაწილი თავისკენ გადაქაჩოს. ესეც იმ შემთხვევაში თუ “ოცნების” ელექტორატი დარწმუნდა, რომ ამ პარტიას არჩევნების მოგების ძალა აღარ შესწევს.
ანალიტიკოსის მოსაზრებით, ქართველი ამომრჩევლის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ყოველთვის იხრებიან ისეთი პოლიტიკური პარტიისკენ, რომლის ლიდერშიც ძალას ხედავენ. თავის დროზე “ოცნებას” იმიტომ დაუჭირა ხალხმა მხარი, რომ პარტიის ლიდერში, მილიონერ ბიძინა ივანიშვილში დაინახეს ძალა.
“დარწმუნებული ვარ იმაში, რომ “ლელოს” ლიდერებს, რომლებიც ბიზნესში წლების განმავლობაში მოღვაწეობდნენ და სხვადასხვა პოლიტიკურ თუ ბიზნესწრეებთან აქვთ კონტაქტი, აუცილებლად ექნებათ უცხოეთში ისეთი კავშირები, რომლებიც მათ სასარგებლოდ იმუშავებენ. ისინი ეცდებიან დაარწმუნონ ქართველი ამომრჩეველი იმაში, რომ “ენმ”-სა და “ევროპული საქართველოზე” მეტად პროდასავლური ძალა სწორედ “ლელო საქართველოსთვისაა”.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენად წაადგება “ლელოს” პოლიტიკურ მიზნებს უსუფაშვილთან და “მემარჯვენეებთან” კოალიცია, ზაალ ანჯაფარიძის თქმით, ეს ხაზარაძისთვის სარფიანი შენაძენი არ არის.
“ვერ ვიტყვი, წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით ეს ძალიან დიდი შენაძენი და კაპიტალია. გასაგებია, რომ უსუფაშვილს შეუძლია კარგი დებატები. “მემარჯვენეებში” კი, ფაქტობრივად აღარავინ დარჩა ვისაც ელექტორალური მიმზიდველობა აქვს. თუმცა, ეს არის ხალხი, რომლებსაც პოლიტიკური გამოცდილება აქვთ დებატებში შეუძლიათ მონაწილეობა, ეს “ლელოსთვის” შეიძლება აქტივად ჩაითვალოს. ანაბრების თემის ხელახლა წამოწევამ კი გარკვეულ სეგმენტზე იმუშაოს”, – განუცხადა Dalma News-ს ზაალ ანჯაფარიძემ.
მისივე მოსაზრებით, ქართველი ამომრჩევლის ქცევის წინასწარ განჭვრეტა ცოტა რთულია. მაგრამ ერთი რამ ფაქტია, რომ თუ “ქართულმა ოცნებამ” მისკენ არ შემოაბრუნა განაწყენებული ამომრჩეველი, ისინი შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნებზე სახლში დარჩნენ.
ასეა თუ ისე, “ლელოს” ლიდერები ცდილობენ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ის თავისუფალი სეგმენტი დაიკავონ, რომელსაც ე.წ მესამე ძალა ჰქვია. დაარღვიონ საქართველოში უკვე წლობით დამკვიდრებული “ორპოლუსიანობის” ტრადიცია – არჩევანი ცუდსა და უარესს შორის, თუმცა, ჯერჯერობით რასაც ვხედავთ, ყოფილი ბანკირების პოლიტიკური მიზნებით, ამომრჩეველთა დიდი უმრავლესობა სულაც არ ჩანს მოხიბლული.
შორენა პაპაშვილი