სანამ სომხეთის და აზერბაიჯანის საზღვარზე ზარბაზნები სდუმან, ორ ქვეყანას შორის არსებული დავა მესამე სახელმწიფოების ტერიტორიაზე გადავიდა. აშშ-ში, რუსეთში, უკრაინაში, საქართველოში და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ ორ სათვისტომოს შორის ღია აგრესია შეინიშნებოდა – აზერბაიჯანელების მფლობელობაში არსებულ ბაზრებზე სომხური საქონლით ვაჭრობიდან დაწყებული, ფიზიკური ძალადობით და შეხლა-შემოხლით დამთავრებული.
დღესდღეობით მთავარი ამოცანა სხვადასხვა ქვეყნებში სომხური და აზერბაიჯანული სათვისტომოების წარმომადგენლებს შორის კონფლიქტის ესკალაციის დროული შეჩერებაა, სანამ ვითარება კონტროლიდან არ გასულა და ორივე ერისთვის შეუქცევადი შედეგით არ დასრულებულა. როგორც მოსკოველი, ისე ამერიკელი სომხების და აზერბაიჯანელებისთვის სამშობლოსგან შორს, ერთმანეთის გვერდიგვერდ, ეთნიკური ექსცესების გარეშე ცხოვრება ბევრად უფრო უკეთესი იქნება.
ბოლო დღეებში, არაერთხელ გაისმა მრავალი დაინტერესებული მხრიდან ეთნიკური შეტაკების შეწყვეტისკენ მოწოდება. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ერევნის და ბაქოს პოზიციები ბევრ საკითხში განსხვავებულია, ორივე სახელმწიფოს ექსპერტები ერთხმად აცხადებენ, რომ კონფლიქტის მესამე სახელმწიფოების ტერიტორიაზე გადატანა დაუშვებელია.
Dalma News-ის რედაქციასთან გაკეთებულ განმარტებაში პოლიტიკურმა მიმომხილველმა აიკ ხალათიანმა განაცხადა, რომ სხვა ქვეყნებში სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის შეტაკებები და ურთიერთობების გამწვავება ამ ხალხებს კარგს არაფერს მოუტანს.
“თუ ადრე სხვა ქვეყნებში მცხოვრებ სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის მეტ-ნაკლებად ნორმალური ურთიერთობები ნარჩუნდებოდა და არც შეტაკებები იყო, სახელმწიფოების საერთო საზღვარზე, ტავუშის ოლქში ივლისის ესკალაციის შემდეგ დაპირისპირება სხვა ქვეყნებშიც შეინიშნებოდა. განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო რუსეთში, სადაც დიდი, სომხური და აზერბაიჯანული სათვისტომოები ერთმანეთის გვერდიგვერდ არსებობენ. ცხადია, ყარაბაღის კონფლიქტის რუსეთში, ან ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში გადატანას ძალიან ნეგატიურად აღიქვამენ ადგილობრივი ხელისუფლებები და მოსახლეობა. მკაცრი საპასუხო ნაბიჯები არა მხოლოდ შეტაკებების უშუალო მონაწილეებს, არამედ ამ ორი დიასპორის სხვა, უდანაშაულო წარმომადგენლებსაც შეეხებათ. ამ შეტაკებების ინიციატორებს, მაგალითად აგრო-ბაზრის „ფუდ-სითის“ და სხვა სავაჭრო ქსელის მფლობელებს, რომლებმაც თავიანთ ტერიტორიაზე სომხური პროდუქციის გაყიდვა აკრძალეს, ეს ყველაფერი უნდა ესმოდეთ და ახსოვდეთ”, – განაცხადა აიკ ხალათიანმა.
მისივე თქმით, რუსეთში მცხოვრები ყველა ადამიანი უნდა დაემორჩილოს რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობას, რომელიც კრძალავს ეროვნებათაშორის სიძულვილს და დისკრიმინაციას ეროვნულ ნიადაგზე. ექსპერტის აზრით, მესამე სახელმწიფოების ტერიტორიებზე ორი სათვისტომოს წარმომადგენლებს შორის კონფლიქტური ვითარებების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ესკალაციის თავიდან აცილება სომხეთის და აზერბაიჯანის საზღვარზე, ან მთიან ყარაბაღში ურთიერთშეხების ხაზზე.
“თუ კონფლიქტის საბოლოოდ მოგვარება ამ მომენტისთვის რთულად მისაღწევი ჩანს, უკიდურეს შემთხვევაში, მოკლევადიან პერსპექტივაში, ბევრად უფრო ადვილია რეგიონში დაძაბულობის ესკალაციის თავიდან არიდება. სომხურმა მხარემ არაერთხელ შესთავაზა წინა ხაზზე ინციდენტების გამოძიების მექანიზმის დანერგვა, რაც ხელს შეუწყობდა შერიგების პირობების დარღვევის შემთხვევების შემცირებას და უშუალო დამრღვევების გამოვლენას. სამწუხაროდ, ბაქოს ამ ნაბიჯის გადადგმა ჯერ არ სურს”, – დასძინა ექსპერტმა.
ხალათიანს მიაჩნია, რომ ამ მექანიზმის დანერგვა ორივე მხარეს მსხვერპლის თავიდან აცილების და წყნარ ვითარებაში ამ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საშუალებას მისცემს. ექსპერტი იმედოვნებს, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები საბოლოოდ მაინც მიაღწევენ აზერბაიჯანული ხელისუფლების პოზიციების შეცვლას, რაც ორივე მხარის ინტერესებშია.
თავის მხრივ, გამოცემა “სპუტნიკ-აზერბაიჯანის” ხელმძღვანელი ილგარ ველიზადე Dalma News-თან საუბარში მიანიშნებს იმ გარემოებაზე, რომ რეგიონში არსებული კონფლიქტური ვითარება მის საზღვრებს სცდება და დიასპორის ემოციურ მდგომარეობაზე აისახება. მისივე თქმით, სახელმწიფოებს შორის კონფლიქტი ორ სათვისტომოს შორის ურთიერთობაში გადაიზარდა:
“ამის ახსნა ხალხების ემოციური მდგომარეობითაც შეიძლება. მეორეს მხრივ, სანამ ჩვენს რეგიონში ფუნდამენტური პრობლემები არ მოგვარდება, ჯარების ურთიერთშეხების ხაზზე (ვითარება უკანასკნელად გამწვავდა არა მთიან ყარაბაღში, არამედ სომხეთის და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე- რედ.) კვლავაც გაგრძელდება შეტაკებები და ეს დიასპორების მდგომარეობაზეც აისახება”, – დარწმუნებულია ველიზადე.
მისივე თქმით, მსგავსი ნეგატიური მომენტების თავიდან ასაცილებლად კონფლიქტის მოგვარებაა საჭირო. ანუ კოსმოსური საკითხებით დაკავების ნაცვლად საჭიროა მტკივნეული პრობლემების მოგვარება. ამ პრობლემებისთვის თავის არიდება და მეორეხარისხოვანი საკითხებისადმი კონცენტრირება აბსოლუტურად მიუღებელია, რადგანაც ეს დაძაბულობის მუხტს გაზრდის არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
“სამწუხაროდ, კონფლიქტის მოგვარების უნივერსალური მეთოდი არ არსებობს. ყველა პრობლემის გადაჭრის ერთადერთი მეთოდი – თავად კონფლიქტის მოგვარებაა. აზერბაიჯანულმა მხარემ თავის დროზე სათვისტომოთაშორისი დიალოგის დაწყების ინიციატივა წამოაყენა. ბაქო, არც ჰუმანიტარული ურთიერთობების განვითარების წინააღმდეგია; ჩვენ ასევე ტყვეების „ყველა ყველაში“ გადაცვლაც შევთავაზეთ. ამგვარი მოქმედებები დაძაბულობას შეამცირებდა და ვითარებას დიალოგის მიმართულებით გამოსავლის ძიების კონკრეტული შედეგებისკენ წაიყვანდა. ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს ისეთი პოზიცია აქვთ, რომ ისინი კონფლიქტის მხარეებისთვის მოსაწონ ნებისმიერ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ ისინი სათვისტომოებს შორის დიალოგისთვის ქმნიან მოედანს. მეორეს მხრივ, მათი მიდგომა იმაში მდგომარეობს, რომ მხარეებმა თავად უნდა მოაგვარონ საკითხი. ეს აბსურდია, რადგანაც თითოეულ მხარეს თავისი სამართლებრივი ნორმა აქვს, მით უფრო, რომ მსგავსი სახის კონფლიქტები საერთაშორისო სამართლის ფარგლებში უნდა მოგვარდეს”.
ილჰარ ველიზადე დარწმუნებულია, რომ მხარეები რაიმე კონსტრუქციულ გადაწყვეტილებამდე მივლენ და იმედოვნებს, რომ არსებული ვითარება თანათავმჯდომარე-ქვეყნებს დაფიქრებას აიძულებს. თუმცა მისივე თქმით, მინსკის ჯგუფის ერთ-ერთ ქვეყანას-რუსეთს, ეს ვითარება ნამდვილად არ აწყობს, რადგანაც გადასახადების გადამხდელი მეწარმეები ზარალდებიან:
“საბოლოო ჯამში, მათ მკაცრო ზომების მიღება მოუწევთ, რაც, ბუნებრივია, ორივე დისპორაზე აისახება”, – დასძინა ექსპერტმა.
სხვათა შორის, მოსკოვში სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლის 15 მონაწილე უკვე დააკავეს. რუსეთის უფლებამოსილ ორგანოებში ადრე განაცხადეს, რომ დაკავებულებს არა მხოლოდ რეალური პატიმრობა ელოდებათ, არამედ რუსეთის ფედერაციაში შესვლის დროებით (5 წლის განმავლობაში) აკრძალვაც.