საქართველოს კონსტიტუცია დიდი ხანია საჯილდაო ქვად (დიდი ზომის ქვა, რომელიც სოფლის გამორჩეულ ადგილას იდო და ვისაც ძალა ერჩოდა, შეეჭიდებოდა) იქცა. საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით ქუჩაში საპროტესტოდ გასულ ოპოზიციასთან, 5-რაუნდიანი შეხვედრის შემდეგ, მმართველ პარტიაში, ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, ოპოზიციას კომპრომისული ვარიანტი შესთავაზეს. ეს კომპრომისი კი იმ რეფერენდუმის შედეგებთან დაბრუნებაა, რომელიც 2003 წლის 2 ნოემბერს ჩატარდა და რასაც “ვარდების რევოლუცია” მოჰყვა.
16 წლის წინ, ამომრჩეველთა 83,5%-მა, სადეპუტატო მანდატების 235-დან 150-მდე შემცირებას დაუჭირა მხარი. ხალხის ეს გადაწყვეტილება მიუღებელი აღმოჩნდა ხელისუფლებაში, რევოლუციის გზით მოსული პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” და მალევე დაიწყეს ზრუნვა იმაზე, როგორ გადაებიჯებინათ კონსტიტუციისთვის და 150 მანდატი 190-მდე გაეზარდათ. “ვარდების რევოლუციის” შედეგად ქვეყანაში შექმნილი ეიფორიული ვითარებით მათ სარფიანად ისარგებლეს და 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული ნაწილი გამოაცხადეს ბათილად, ხოლო მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატები შეინარჩუნეს. ძნელი მისახვედრი არ არის, რატომაც.
“ენმ”-ს ლიდერებმა, მაჟორიტარულ სისტემაში ხელისუფლების სამუდამოდ შენარჩუნების რესურსი დაინახეს და კონსტიტუცია საკუთარ თარგს მოარგეს. დეპუტატების რაოდენობა ვერ გაზარდეს, სამაგიეროდ, პროპორციულ სისტემას 100 მანდატი 73-მდე შეუმცირეს, ხოლო მაჟორიტარების მანდატები 50-დან 77-მდე გაზარდეს. ეს მოკლე ექსკურსი იმისთვის თუ, როგორ იცვლება პოლიტიკური ლიდერების პრეტენზიები დროისა და ვითარების მიხედვით. რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, ქუჩის აქციებს დღეს სათავეში სწორედ ის პარტია უდგას, რომელმაც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა გაზარდა, ახლა კი, სურთ ეს პრივილეგია “ქართულ ოცნებას” წაართვან და კოალიციური მთავრობის სახელით, კვლავ აღმასრულებელ ხელისუფლებაში შეაღწიონ.
“ნაციონალური მოძრაობის” გვერდით დღეს, სხვა მცირე პარტიებთან ერთად, პარლამენტის ექსსპიკერი ნინო ბურჯანაძეც დგას და საარჩევნო სისტემის ახალ-ახალ ვარიანტებს ადგენენ. “ქართული ოცნება” კი, ერთმანეთის მიყოლებით იწუნებს მათ მიერ წარმოდგენილ მოდელებს, რადგან საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვის საფრთხეს ხედავენ.
პარტია “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ მოსახლეობის რა პროცენტული მხარდაჭერაც არ უნდა ჰქონდეს “ოცნებას”, ოპოზიცია ნებისმიერ შემთხვევაში უმრავლესობას მიიღებს. ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ვარიანტების დაწუნებით კი, ხელისუფლება ოპოზიციას ოროსანი მოსწავლის პოზიციაში აყენებს.
როცა ხელისუფლებისგან სრულად პროპორციულ სისტემაზე თანხმობა ვერ მიიღეს, ოპოზიციამ ე.წ გერმანული მოდელის პოპულარიზაცია დაიწყო, “ოცნებამ” კი, ეს მოდელი საქართველოს კონსტიტუციისთვის შეუსაბამოდ გამოაცხადა. ამის შემდეგ, გაერთიანებულ ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის, საერთაშორისო დამკვირვებლების თანდასწრებით გამართულ მოლაპარაკებებზე ოპოზიციამ “გერმანული მოდელი” მრავალმანდატიანი სისტემით შეცვალა, თან დააყოლეს, – ამ მოდელით ბურთი თქვენს მხარესააო. მაგრამ “ოცნებამ” “საშინაო დავალება” კვლავ დაიწუნა.
როგორც იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუმარტა, მრავალმანდატიანი სისტემა, რომლებიც ავღანეთსა და ერაყში არსებობს, საქართველოსთვის, როგორც ევროპული ქვეყნისთვის, მისაღები ვერ იქნება. საჭიროა, სრულიად ახალი ინიციატივა.
მოლაპარაკებების რაუნდებს შორის უსაქმოდ არც მმართველი პარტიის ლიდერები არიან. მათ საზოგადოებას ე.წ კომპრომისული ვარიანტი – 100/50-ზე, გააცნეს. რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, კვლავ იქ ვბრუნდებით, საიდანაც დავიწყეთ, ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მიერ ჩატარებულ 2003 წლის რეფერენდუმთან. წლების წინ, ჩემთან მორიგ ინტერვიუში, აწ-გარდაცვლილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კონსტიტუციამ, რომელიც წლების განმავლობაში ყალიბდებოდა, საბოლოო სახე მის ხელში მიიღო. თუმცა, მის შემდგომ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა კონსტიტუცია დაჩეხა. შევარდნაძე დარწმუნებული იყო, რომ გარკვეული დროის შემდეგ პოლიტიკოსები, კვლავ “ვარდების რევოლუციამდელ” სისტემასთან დაბრუნებოდნენ.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, დასავლელ პარტნიორებს ოპოზიციასთან დიალოგში თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ რთული პროცესების შედეგად, “ქართულმა ოცნებამ” კომპრომისული ვარიანტის შეთავაზება შეძლო. კერძოდ, საუბარია, იმაზე, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, პროპორციული სისტემით აირჩიონ 100 დეპუტატი, ნაცვლად 77-ისა, ხოლო მაჟორიტარული მანდატები 77-დან 50-მდე შემცირდეს.
თალაკვაძემ 2003 წლის რეფერენდუმი მოიშველია და განაცხადა, რომ მანდატების ასეთი პროპორცია ქვეყნის კონსტიტუციაში, ქართველი ხალხის ნების საფუძველზე აისახა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია ამის ლეგიტიმაციას არ იძლეოდა, 2008 წლის 12 მარტს, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ხალხის მიერ რეფერენდუმზე გამოხატული ნების საწინააღმდეგოდ შეცვალა ეს თანაფარდობა და მაჟორიტარული მანდატები პროპორციულის ხარჯზე გაზარდეს.
ერთი რამ უნდა აღინიშნოს, რომ ყველა საარჩევნო სისტემა, მაჟორიტარული იქნება, პროპორციული თუ შერეული, დემოკრატიულია. საუბარია მათ თავისებურებებსა და ნაკლოვანებებზე. ამ ნაკლოვანებებს შორის კი, ხელისუფლება კოალიციური პარლამენტის პირობებში შესაძლო კრიზისებზე საუბრობს.
არჩილ თალაკვაძის თქმით, ისეთი ძლიერი ეკონომიკის ქვეყნებშიც კი, როგორიც არის გერმანია, ლატვია, ესპანეთი, ბელგია და სხვა მაღალგანვითარებული სახელმწიფო, კოალიციური მთავრობა კრიზისულ ვითარებას ქმნის. ამის ნათელი მაგალითია ისრაელიც, სადაც პროპორციული სისტემის გამო ვერ ხერხდება მთავრობის ფორმირება და ბოლო 1 წლის განმავლობაში ისრაელს მესამედ უწევს არჩევნების ჩატარება. რაც თალაკვაძის შეფასებით, საქართველოს პირობებში დესტაბილიზაციის წყარო იქნება.
მისივე თქმით, დესტაბილიზაციის მაღალი რისკი ახლავს სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემასაც, რაც გამოიხატება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ვერ მიღებით.
როგორც ექსპერტი ამირან სალუქვაძე აცხადებს, ე.წ გერმანული მოდელი ჰიტლერის გამოცდილების საფუძველზე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შემოიღეს, რომ გერნმანიაში აღარავის მისცემოდა ერთპარტიული მმართველობის შესაძლებლობა. იმავე საარჩევნო სისტემის გამო, პრობლემები ჰქონდა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს, რომელმაც 6 თვე მოანდომა მთავრობის ფორმირებას და კოალიცია დიდი წვალებით შეაკოწიწა.
“გერმანიაში ეს მოხერხდა, რადგან იქ პარტიები კონკრეტულ იდეოლოგიებს, ღირებულებებს ეფუძნება. ჩვენთან კი, ჩვენი პრიმიტიული პოლარიზებით – პროდასავლურებად და პრორუსულებად დაყოფილი პოლიტიკური პარტიების პირობებში, „გერმანული მოდელის“ გადმოკოპირება გარკვეულ რისკებს შეიცავს”, – განუცხადა Dalma News-ს ამირან სალუქვაძემ.
მისივე თქმით, ქვეყნის ნებისმიერ მოდელზე გადაყვანას წინ უნდა უძღოდეს სიღრმისეული, ფუნდამენტალური კვლევები, რისკების შეფასება და ა.შ. მაგრამ საქართველოში, მეცნიერება და მეცნიერული მიდგომები კანალიზაციის ნიაღვარს გაუტოლეს და ქვეყანას ქრონიკული, გაუაზრებელი რეფორმების პირობებში აცხოვრებენ, ისე, რომ სპეციალისტთა აზრი, კვლევები არავის აინტერესებს.
Dalma News-ი კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძესაც ესაუბრა. მისი განმარტებით, “გერმანული მოდელი” არ საჭიროებს საკონსტიტუციო ცვლილებას, განსხვავებით იმ კომპრომისული ვარიანტისა, რაც ოპოზიციას “ქართულმა ოცნებამ” 19 დეკემბერს შესთავაზა. ხმალაძე “ოცნების” ე.წ კომპრომისულ ვარიანტს, კომპრომისს ვერ არქმევს და აცხადებს, რომ, როგორც არ უნდა შეიცვალოს მანდატების პროპორცია – 75/75-ზე, 100/50-ზე, ყველა შემთხვევაში, დაბალპროცენტიანი მხარდაჭერის მქონე პარტია ბევრად მეტ მანდატს მიიღებს.
“ჩვენ გვინდა ისეთ სისტემაზე გადასვლა, რომელიც არავის მისცემს შესაძლებლობას მიიღოს უფრო მეტი, ვიდრე სამართლიანად ეკუთვნის. ამიტომ მე ამას ვერ დავარქმევ კომპრომისს, ეს არის უბრალოდ ვაჭრობა მანდატებზე”, – მიაჩნია ვახტანგ ხმალაძეს.
კოალიციური მმართველობის თანმდევ კრიზისებს რაც შეეხება, როგორც ხმალაძე განმარტავს, შესაძლო კრიზისებზე საუბრისას “ოცნება” რეალობის დამახინჯებულ სურათს ქმნის.
“არც ერთ იმ ქვეყანაში, სადაც კოალიციური პარლამენტი მთავრობას ვერ აკომპლექტებს, გარდა საპარლამენტო კრიზისისა, სხვა არანაირი კრიზისი იმ ქვეყნებში არ შექმნილა, მათ შორის არც ეკონომიკური კრიზისი. არც ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხი გაუარესებულა. კი პრობლემა არის, რომ მთავრობის დაკომპლექტება გაჭირდა, მაგრამ ამ პრობლემიდან გამოსავალიც არსებობს, ზოგჯერ ეს არის ისეთი კოალიციის შექმნა, როცა კოალიციაში შემავალ სუბიექტებს, მაინცა და მაინც არ უნდათ ერთ კოალიციაში ყოფნა, მაგრამ ცხოვრებამ ასე განსაჯა, ან ინიშნება რიგგარეშე არჩევნები”, – აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.
იგი იზიარებს იმ შეფასებას, რომ საქართველოში პოლიტიკური კულტურა დასახვეწია, ზოგ შემთხვევაში კი საერთოდ არ არსებობს.
“მაგრამ სანამ წყალში არ ჩახვალ ცურვას ვერ ისწავლი”, – ამბობს ხმალაძე.
სანამ პოლიტიკოსები ცურვას ისწავლიან და პოლიტიკური ოპონირების კულტურას აითვისებენ, ქართველი ამომრჩეველი მათ მიმართ ნდობას კარგავს. სოციოლოგიურ კვლევებს თუ გადავხედავთ, გამოკითხულთა 60%-ზე მეტი ამბობს, რომ არ აქვს გადაწყვეტილი, 2020 წლის არჩევნებში, რომელ პარტიას მიცემს ხმას. ბოიკოტის გამოცხადება კი, ნიშნავს იმას, რომ იმ პოლიტიკურ ძალას დაუჭირო მხარი, რომელიც ყველაზე მეტად არ გინდა ხელისუფლებაში იხილო.
ვახტანგ ხმალაძე დარწმუნებულია, რომ “ოცნება” და “ენმ”, როგორც არ უნდა ეცადონ, 2020 წლის არჩევნები ორპოლუსიანი აღარ იქნება და შანსი სხვა პარტიებსაც მიეცემათ. ამ სხვაში კი, ხმალაძე ბანკირების- ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიერ შექმნილ პარტია “ლელოს” ხედავს, რომელსაც დავით უსუფაშვილის “შენების” პარტია და “მემარჯვენეები” შეუერთდნენ.
“ორპოლუსიანობა ყველაზე მეტად ამ ორ პარტიას აძლევს ხელს. იმედია საზოგადოება ბევრ რამეში გაერკვა, რომ მხარი დავუჭიროთ პარტიას არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ ვინმეს მხარდასაჭერად. ბოიკოტის გამოცხადება კი არის ის,რომ მხარი დაუჭირო იმას, ვინც არ გინდა”, – მიაჩნია ვახტანგ ხმალაძეს.
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, დღეს რეალურ საშიშროებას ნიჰილიზმი წარმოადგენს, რომელიც ქართველ ამომრჩეველში ძლიერდება. “ნაციონალების” და “ოცნების” რეიტინგები დაცემულია. მოსახლეობა უკმაყოფილოა ხელისუფლებით, მაგრამ, არც ყოფილი ხელისუფლების დაბრუნების პერსპექტივა ხიბლავს. რა პოლიტიკური თანაფარდობა იქნება პარლამენტში, ეს ნაკლებად სანერვიულოა ისეთი ქვეყნისთვის, სადაც კანონის უზენაესობა დაცულია, სადაც დემოკრატიას ჯიბეში არავინ იდებს, სადაც მოსახლეობაც და პოლიტიკოსებიც კანონს პატივის სცემენ, სადაც არ არის ბელადომანიისკენ მიდრეკილი საზოგადოება.
შორენა პაპაშვილი