ჩემს სოფელში რომ გეკითხათ, მუნჯი გოგია სად ცხოვრობსო, ყველა მიგასწავლიდათ. მშრომელი და მომლხენი გოგია ძია, სოფელში ყველას უყვარდა, დიდთან დიდი იყო და ბავშვთან ბავშვური. მუნჯს ეძახდნენ, თორემ, თანასოფლელებთან კონტაქტი სულაც არ უჭირდა, მისი ჟესტების ენას ყველა გებულობდა.
ერთ ზაფხულს, უკვე სტუდენტი ვიყავი, დასასვენებლად სოფელში წავედი. ავტობუსის მძღოლმა თანასოფლებები თავ-თავიანთ ქუჩებზე ჩამოარიგა და როცა ავტობუსში მარტო დავრჩი, მომიბრუნდა:
– შვილო, თქვენ სად მიდიხართ, აქაურს არ გავხართ, სტუმრად ჩამოხვედით?
ვიფიქრე, აბა, ერთი ვკითხავ, მუნჯ გოგიას თუ იცნობს თქო და ვუპასუხე:
– მუნჯი, გოგია გაგიგიათ?
– როგორ არ გამიგია, მასთან მიდიხარ?
– როგორი კაცია? – არ მოვეშვი, მაინტერესებდა როგორ დაახასიათებდა.
– კაცური კაცია, როგორი უნდა იყოს? შრომაც იცის და მოლხენაც.
– ჰოდა, მე მისი შვილიშვილი ვარ და მეორე უბანზე ჩამომსვით,- ღიმილით მივუგე.
– მძღოლმა გაბრწყინებული თვალები შემომანათა, ამათვალიერ-ჩამათვალიერა და მოჰყვა პაპაჩემის ქება-დიდებას. მეც მთელი სიამოვნებით ვუსმენდი.
პაპაჩემი, გიორგი პაპაშვილი, მეორე მსოფლიო ომში, ჯერ კიდევ უწვერ-ულვაშო ბიჭი წაიყვანეს. ძალიან მუსიკალური ახალგაზრდა იყო, აკარდიონზე უკრავდა და მუსიკის სიყვარულს ვერც ფრონტზე ელეოდა. ამიტომ იქაც ყველამ შეიყვარა და ხშირად თხოვდნენ დაკვრას. ერთ-ერთი ბრძოლისას, თვალწინ ნაღმზე მეგობარი აუფეთქდა. მისი გაგლეჯილი სხეულის ნაფლეთები ფეხებთან დაუცვივდა და იმ წუთიდან მისი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა.
პაპას არ უყვარდა ომზე საუბარი, ჩვენც არაფერს ვეკითხებოდით, მხოლოდ ბებიასგან ვიცოდით, რომ ჰოსპიტალში დაჭრილი მიუყვანიათ და იმ დღიდან ლაპარაკის უნარი დაუკარგავს. ექიმებმა კანტუზია დაუდგინეს. შინ დაბრუნებული წლების განმავლობაში არ იღებდა ხმას. ერთ დღეს ისევ მოუსურვებია აკორდეონზე დაკვრა და მაშინ სტვენით ამღერებულა. იმ დღის მერე პაპამ, საუბრის ნაცვლად სტვენა დაიწყო და ასე, სტვენა-სტვენით გვესაუბრებოდა. მისი სიმუნჯე ნაკლად არასდროს აღგვიქვამს, უფრო მეტიც, ამით ის სხვებისგან გამოირჩეოდა და სოფლის კოლორიტად იქცა.
პაპის ოთახის დათვალიერება ძალიან მიყვარდა, თითქოს მუზეუმში ვიყავი. გარდერობში უძრავად ეკიდა მისი სამხედრო ფორმა, უჯრაში რამდენიმე მედალს ინახავდა, ალბომში კი ძველ სურათებს. ამ ოთახში ცოცხლობდნენ მისი მოგონებები ომზე და ამ ოთახშივე რჩებოდნენ. თითქოს მისი ცხოვრებიდან ის მძიმე წლები სამუდამოდ წაეშალა, არასდროს საუბრობდა ომზე, მაგრამ ყველა ახსოვდა, ვინც მისი სოფლიდან ომში წავიდა და უკან ვეღარ დაბრუნდნენ.
ჩემს ბავშვობაში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების თარიღი 9 მაისი, ყოველთვის განსაკუთრებულად აღინიშნებოდა. ჩემთვის ეს დღე, იმ პაპებისა და ბებიების დღესასწაული იყო, ვინც ახალგაზრდობა და სილაღე ფაშიზმთან ბრძოლას შესწირეს. მართალია საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 9 მაისი, პომპეზურად აღარ აღინიშნება. მაგრამ თბილისში, “ვაკის პარკში”, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან, კვლავაც იკრიბებიან ჩვენი ომი ვეტერანები, ერთმანეთს თვალით ეძებენ, კიდევ ვინმე ხომ არ გამოგვაკლდაო. ყოველი 9 მაისი, მათთვის გამარჯვების მწუხარებაა.
კიდევ ერთი ისტირია…
ქალბატონი ივლიტა კუჭაიძე ომის ვეტერანია და მაისის პირველი კვირის გასვლას, ისიც მოუთმენლად ელის ხოლმე. უკვე 85 წლისაა და ნატრობს, რომ მომავალ წელსაც შეხვდეს თბილისურ გაზაფხულს ჯანმრთელი.
19 წლის იყო ომში რომ გაიწვიეს. სამედიცინო ინსტიტუტის წარმატებით დამთავრებისთანავე, პირდაპირ საავადმყოფოში, თერაპიულ განყოფილებაში გაანაწილეს. 1943 წლის სექტემბერში კი, სამხედრო კომისარიატისგან გაწვევა მიიღო.
«ბრძანება იყო მოსული, რომ უკრაინაში სჭირდებოდათ მედიცინის მუშაკები და მთელი საქართველოს მასშტაბით შეგვკრიბეს. 26 სექტემბერს გავემართეთ ფრონტის ხაზზე. ბაქოს მიმართულებით წავედით.
გზაში გაგვაფრთხილეს, რომ, თუ ვინიცობაა დაბომბვა დაიწყებოდა, რკინიგზის გარშემო გაკეთებული თხრილში უნდა ჩავმალულიყავით,» – გვიამბობს ქალბატონი ივლიტა.
მშვიდობამ ომში, მისი სუსტი მხრებითაც იარა ტყე-ღრე და ღმერთს მინდობილი, საშინელ დაბომბვებს გადაურჩა. მის ხელში უამრავმა დაჭრილმა გაიარა. მძიმედ დაავადებულიც კი, არ კარგავდა გამარჯვების იმედს და თავად განსაცდელში მყოფი სხვისი ჭრილობების მოშუშებისთვის იბრძოდა.
ომის პირველი სიმძაფრის პირისპირ იგი იმ წუთებში აღმოჩნდა. დაიწყო დაბომბვა. ორმა გოგონამ ვერ მოასწრო სამარხისთვის თავის შეფარება. ჭურვი სადგურის პლათფორმას დაეცა და კედელთან ჩაცუცქული გოგონები იმსხვერპლა. ქალბატონი ივილიტას მეხსიერებაში ის პირველი ემოცია დღემდე ცოცხლობს.
«ჩავედით უკრაინაში, ჩერნიგოვის რაიონი ქალაქი ბეჟიციში, სადაც ფრონტიდან დაჭრილები მოჰყავდათ, მათ სკოლის შენობაში ვაბინავებდით. შემდგომ გადავედით ბელორუსიაში, დაჭრილები დაჭრილებზე მოჰყავდათ. 1944 წელს ტიფი შემეყარა და ძალიან მძიმე ფორმით გადავიტანე. ჩემი ქირურგი ამბობდა, რომ ვერ გადავრჩებოდი და იმაზე ფიქრობდნენ, ეს ქართველი გოგო სად დავასაფლაოთო. იმიტომ, რომ ორი მეტრის სიღრმეზე უკვე წყალი იყო, ისეთი ჭაობიანი ადგილები იყო ბელორუსიაში», – ყვება Dalma News-თან საუბარში ქალბატონი ივლიტა.
დაავადებას გადაურჩა და კვლავ ახალი ძალებით დაუბრუნდა თავის ძირითად საქმეს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც დაბომბვებისთვის, რამდენიმე წუთით გაუსწრიათ. ძალიან ბევრჯერ ჩაუხედავს სიკვდილისთვის თვალებში. დღეის გადასახედიდან ყველაზე მეტად ის აოცებს, ასე პატარა გოგონები, სად პოულობდნენ ამდენ ძალას და სიმამაცეს, რომ უმძიმეს სამუშაოს ართმევდნენ თავს.
«ერთხელ, მთა უნდა გადაგვევლო და ტყეში დავბანაკდით. თავზე დაგვტრიალებდნენ მტრის თვითმფრინავები. გავიფიქრე, – ესენი გვზვერავენ და აუცილებლად დაგვბომბავენ მეთქი. ასეც მოხდა. ის, იყო დასაძინებლად დავწექით, დაიწყო დაბომბვა. ღმერთო შენ მიშველე თქო, ვთქვი და თავზე პლედი წავიფარე. ის გოგონები გამახსენდა, მატარებლის სადგურის დაბომბვისას რომ დაიღუპნენ და ოთახის ცენტრში საწოლის ქვეშ შევძვერი. ჭურვი მანქანების ფარეხს დაეცა, რომელმაც კედლები შემოანგრია. ერთი კი გავიფიქრე, იმ გოგონებივით ვიღუპები მეთქი და ბედს შევეგუე, სხვას რას ვიზამდი?», – ამბობს ქალბატონი ივლიტა.
ორი საათის განმავლობაში იყო საწოლის ქვეშ თავშეფარებული და სიკვდილს საოცრად გადარჩენილი.
ომის დამთავრებისთანავე ვერ დაბრუნდა სამშობლოში. გარკვეული პერიოდით ვარშავაში დატოვეს. ერთი წელი ლენინგრადის (ახლანდელი სანქტ-პეტერბურგი) ჰოსპიტალშიც იმუშავა. სახლში მხოლოდ 1946 წელს დაბრუნდა, მაგრამ ია-ვარდით მოფენილი მისთვის ცხოვრება, არც მას შემდეგ ყოფილა. ძველ სამსახურში აღარ აღადგინეს. “მერე რა თუ ომში იბრძოდიო!”- ერთი უგუნური თანამდებობის პირის სიტყვებს დღემდე გულისწყვეტით იხსენებს.
აღრიცხვაზე დადგა. მალევე თბილისში კონსტიტუციის ქუჩაზე გაიხსნა საავადმყოფო და 20 წლის განმავლობაში იმუშავა იქ. 85 წლის ვარ, მაგრამ სიცოცხლე ტკბილი ყოფილა
მისი გმირული ცხოვრების არდაფასებას იგი დღევანდელ ხელისუფლებასაც საყვედურობს. ამბობს, რომ პენსია მხოლოდ გადასახადებზე ჰყოფნის, ერთადერთი ქალიშვილი ჰყავს და ისიც უმუშევარია:
“შეღავათები გვქონდა და მოგვიხსნეს, ჩემი პენსია მარტო გადასახადებს ჰყოფნის, ნახევარზე მეტად მშივრები ვართ. ყოველ დილით მოხუცთა თავშესაფარში დავდივარ, იმიტომ, რომ ზამთარში სითბოა იქ და საღამომდე ვრჩები ხოლმე. სახლში მოვალ და მაშინვე საწოლში ვწვები,” – ამბობს იგი.
ასეთია იმ ადამიანის ყოველდღიურობა, რომელმაც ბევრის სიცოცხლე იხსნა სიკვდილისგან და ომის სიმძიმე ახალგაზრდა მხრებით ზიდა.
…
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 71 წელი გავიდა, მაგრამ 81 წლის ქალბატონ ქეთევან შინდაგორიძეს, გუშინდელი დღესავით ახსოვს, როგორც გაიწვიეს მამა ჯარში და უკაცოდ დარჩენილი ოჯახის დედას, როგორი მძიმე დღეების გამოვლა მოუხდა, ორი მცირეწლოვანი შვილი რომ გამოეკვება.
ქალბატონი ქეთევანის მამა ტარიელ შინდაგორიძე, ლეჩხუმელი ბიჭების გუნდში მღეროდა. უფროსი ქალიშვილიც ხშირად დაყავდა კონცერტებზე და მუსიკაც მან შეაყვარა. ფრონტიდან ოჯახს აცნობეს, ტარიელ შინდაგორიძე უგზო-უკვლოდ დაიკარგაო, მაგრამ იმედს მაინც არ კარგავდნენ, რომ მამა ცოცხალი იყო და ადრე თუ გვიან, აუცილებლად დაბრუნდებოდა შინ. მამის მოლოდინში ქალბატონი ქეთევანი მუსიკის სწავლას განაგრძობდა და სურდა მის საპატივსაცემოდ სიმღერის მასწავლებელი გამოსულიყო.
«ახალ სიმღერას თუ ვისწავლიდი, მეზობლის ბავშვებს შემოვიკრებდი და მათაც ვამღერებდი.თბილისის ქალთა სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩავაბარე ტექნიკურ სასწავლებელში. ეს ის პერიოდია, როდესაც სახლში არც დედა მყავდა და აღარც მამა. მამაჩემი გერმანელებს ჩავარდნოდა ტყვედ. 1956 წელს მუსიკალურ სასწვალებელში მიმიღეს, შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ კარგ მოსწავლეებს სწავლა კონსერვატორიაში გაეგრძელებინათ და როგორც წარმატებული გამომარჩიეს. ასე ჩავაბარე კონსერვატორიაში», – გვიამბო ქალბატონმა ქეთევანმა.
მამა 20 წლის შემდეგ გამოჩნდა, მაგრამ მძიმე ცხოვრება არც მერე დასრულებულა. ომი სამუდამოდ დარჩა მათ ცხოვრებაში და იმ წლების წაშლა შეუძლებელი გახდა. დღევანდელი გადასახედიდან ბევრი ისტორია დაუჯერებლად გვეჩვენება.
P.S. მომავალი თაობები მათ შესახებ ისტორიის სახელმძღვანელოებიდან თუ შეიტყობენ, ჩვენთვის კი ისინი ცოცხალ ლეგენდებად დარჩებიან, რომლებმაც თავიანთი ახალგაზრდობა ჩვენი ახალგაზრდობისა და უღრუბლო ზეცის სანაცვლოდ დათმეს.
შორენა პაპაშვილი Dalma News-თვის