122 ადამიანი აწერს ხელს წერილს – “ქართველი ხალხის წერილი თავისუფალ სამყაროს”, რომლის ავტორებიც დემოკრატიული სამყაროს ლიდერებს მოუწოდებენ, მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენონ და ჩაერიონ საქართველოს საშინაო პოლიტიკურ საქმეებში. მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაიყოლიონ კომპრომისზე – გაათავისუფლოს ე.წ პოლიტპატიმრები, განახორციელოს საარჩევნო რეფორმა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოსამზადებელ პერიოდში არ იყოს პოლიტიკური მღელვარება.
მიმართვას ხელს აწერენ არასამთავრობო სექტორისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, პოლიტოლოგები გია ნოდია, ხათუნა ლაგაზიძე, ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, მოჭადრაკე ნანა ალექსანდია, კომპოზიტორი მიშა მდინარაძე, მასწავლებელი ვლადიმერ აფხაზავა, პროდიუსერი მიშა მშვილდაძე, სამართალმცოდნე ირაკლი ფორჩხიძე და სხვები.
როგორც ტექსტში ვკითხულობთ, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს საარჩევნო სისტემის რეფორმას და პოლიტიკური პლურალიზმი სურთ. წერილის ავტორთა მოსაზრებით, საბჭოთა კავშირისგან გათავისუფლების შემდეგ, საქართველო წარმატებული რეფორმების მაგალითად იქცა და რეგიონში დემოკრატიის ლიდერი გახდა. დღეს, კი ახალგაზრდა ქართულ დემოკრატიას ჩამოშლა ემუქრება. მათვე მოსაზრებით, ოლიგარქი ივანიშვილი ქვეყანას საბჭოთა მეთოდებით მართავს, სრულად აკონტროლებს ძალაუფლების სამივე შტოს; სასამართლოს პოლიტიკურ იარაღად იყენებს ხელისუფლების მიმართ კრიტიკის ჩასახშობად, პოლიტიკური ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების დასაპატიმრებლად. ახდენს პროდასავლელი ოპონენტების დემონიზებას და ანტიდასავლური დეზინფორმაციის კამპანიებს აწარმოებს.
“საქართველოს არაფორმალური მმართველი, რუსეთთან კავშირების მქონე ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, ქვეყანას თავის სამფლობელოდ განიხილავს და მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოზიციიდან მართავს მას, როგორც საბჭოთა კავშირში. ის არ იკავებს სახელმწიფო თანამდებობას, შესაბამისად, არც ანგარიშვალდებულია ამომრჩევლის წინაშე”, – ვკითხულობთ წერილში.
წერილის ავტორთა განმარტებით, მათი მიზანია ქართული დემოკრატიის გაძლიერება , მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად დასავლეთის მტკიცე თანადგომა და მხარდაჭერა ჭირდებათ.
მიმართვის ტექსტი ფეისბუქში გამოქვეყნდა, რასაც ინტერნეტმომხმარებლების აღშფოთებაც მოჰყვა. ძირითადი უკმაყოფილება გამოწვეული იყო ტექსტის სათაურით, როდესაც 122 ხელმომწერი მთელი ქართველი ერის სახელით საუბრობს.
“რა უფლებით წერთ ქართველი ხალხის სახელით?! შეასწორეთ: სექტანტების, სატანისტების, ქაჯების, კაცუნების სახელით. ვინ მოგცათ უფლება, ხალხის სახელით ილაპარაკოთ?! დიდი ბოდიში, მაგრამ გულისამრევები ხართ! არ მოგწყინდათ? თუმცა არა, თქვენთვის მთავარი ხომ, ანგარება, ფული და ძალაუფლებაა! ბევრიც კიდევ, მაგ თქვენი ბუკეტიდან, უბრალოდ ბოღმაა! უსამშობლოები, ეგოისტები და ფულის მონები ხართ!. უკვე დიდი ხანია, არავინ მიდის მაგათ სულელურ მიტინგებზე, სადაც თავი მოიყარა ყველა ნაცნობმა სახემ, მჟავე “როჟებით”: კაგებეშნიკი ამხანაგი ვაშაძე, ულტრა-კომფრომისტი, ამხანაგი ბაქრაძე და სხვა”, – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.
პოლიტოლოგ პეტრე მამრაძის შეფასებით, აღნიშნული განცხადება მის ნდობას არ იმსახურებს, რადგან წერილის ავტორებს, თავის დროზე არ გაუპროტესტებიათ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის რეჟიმი, რომელიც “სადისტურ კლეპტოკრატიად” ჩამოყალიბდა და რომლის შესახებაც, ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები წერდნენ, რომ სააკაშვილმა საქართველოს პარლამენტი მისი ახირებების დამკანონებელ ორგანოდ აქცია.
მისივე თქმით, როდესაც აღნიშნული წერილის ავტორები საქართველოში, დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობაზე საუბრობენ, ავიწყდებათ, რომ სააკაშვილი-ადეიშვილი-მერაბიშვილის დროს მოსამართლე ნებისმიერ პროკურორთან შედარებით ყველაზე დაბალი რანგის მოხელე იყო.
“მაშინ, სად იყვნენ ეს ადამიანები? რატომ არ წერდნენ წერილებს?”, – განუცხადა Dalma News-ს პეტრე მამრაძემ.
მისივე თქმით, ქართულ საზოგადოებაში დღეს, სამწუხაროდ არსებობენ პერსონები, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების მძიმე დანაშაულებებზე თვალს ხუჭავდნენ, ამდენად, მათ არ აქვთ მორალური უფლება აკრიტიკონ “ქართული ოცნების” ხელისუფლება.
“მე, პეტრე მამრაძეს, სრული უფლება მაქვს და ამ უფლებას ვიყენებ კიდეც, უაღრესად კრიტიკული ვიყო მოქმედი ხელისუფლების მიმართ. ვთქვა, რომ არ შეიძლება ქვეყნის ეკონომიკა იმართებოდეს მონოპოლისტური არაფორმალური გარიგებებით – იქნება ეს კაზინოები, რომლის შემოსავალმაც საქართველოს ბიუჯეტის შემოსავალს გადააჭარბა, თუ ბიტკოინების ბიზნესი, რომელიც სპობს საქართველოს ენერგოსისტემას. იმის უფლებაც მაქვს ვთქვა, რომ არც კი შევადარებ “ოცნების” 7-წლიან მმართველობას, მისი ყველა შეცდომის ჩათვლით, სააკაშვილის სადისტურ სისტემას. “ოცნება” ხშირად მიდის პოლიტიკურ იდიოტიზმამდე, მაგრამ ამით, მხოლოდ საკუთარ თავს ვნებენ”, – აცხადებს პეტრე მამრაძე.
მისივე შეფასებით, ოპოზიციაში მყოფ ლიდერებთაგან დღეს, არც ერთ არ აქვს უფლება ისაუბრონ ქართველი ხალხის სახელით. ყველა მათგანი, საქართველოს მასშტაბებისთვის მილიონრები არიან და არავითარი პრინციპები და იდეები არ აქვთ, გარდა ერთისა – მეტი ფული გააკეთონ. ძალაუფლება და პოლიტიკა მხოლოდ იმისთვის სჭირდებათ, რომ მკვეთრად გაზარდონ მათი გამდიდრების ტემპები.
პეტრე მამრაძე “ოცნებას” უდიდეს შეცდომად უთვლის იმას, რომ არ შეასრულა სამართლიანობის აღდგენის დაპირება, ამით ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერა დაკარგა. ხალხი ხედავს, რომ ისინი, ვინც სააკაშვილის დროს ხალხის ხარჯზე გამდიდრდა, შერჩათ მოპარული ქონება.
“1,5 წლის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში ივანიშვილმა თქვა, რომ ქართულ საზოგადოებას ჯერჯერობით არ შეუძლია მთავრობის გაკონტროლება, რომ საშუალო ფენა არ არსებობს, რომ სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, სადაც მდიდრები ღარიბების ხმებს ყიდულობენ დემოკრატია მდგრადი ვერ იქნება. ამის შემდეგ, ივანიშვილმა განაცხადა, რომ სურს დაიბრუნოს ხალხის ნდობა და გააკონტროლოს ხელისუფლება. ის მართლაც ცდილობს, დროდადრო რაღაცას აკეთებს. წერტილოვნად ერევა მთავრობის მუშაობაში და იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს”, – აცხადებს მამრაძე.
Dalma News-ის კითხვაზე, უმჯობესია თუ არა, რომ ივანიშვილი გამოვიდეს ჩრდილიდან და კვლავ პრემიერის თანამდებობა დაიკავოს? პეტრე მამტრაძემ განაცხადა, რომ თეორიულად ეს ბევრად უკეთესი იქნებოდა. ამერიკელმა მეგობრებმაც მას სულ ცოტა, 2-ჯერ სთხოვეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრად დაბრუნება.
“ეს საქმე მას ჭირივით ეზარება. ის დღეებს ითვლიდა, როცა პრემიერი იყო, რომ გადამდგარიყო. 2012 წელს, ხალხს ეგონა, ივანიშვილი მათ სოციალიზმში დააბრუნებდა. ხალხს არ ენაღვლება არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება თუ შერეულით. ეს არ არის ის თემა, რითაც შეიძლება მასების მობილიზება ქუჩაში. სოციალური დაპირებების გაცემა კი, მილიონრებს უჭირთ”, – აცხადებს პეტრე მამრაძე.
მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობას სულ სხვა პრეტენზიები აქვს “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რასაც არაფერი აქვს საერთო გაერთიანებული ოპოზიციის პოლიტიკურ მიზნებთან.
122 ხელმომწერის მიერ ქართველი ხალხის სახელით დაწერილი წერილის შინაარსის მიმართ პრეტენზიები აქვს ახალგაზრდა პოლიტოლოგ არჩილ სიხარულიძესაც და მიაჩნია, რომ წერილში გამოთქმული მოსაზრებები არაადეკვატურია. კერძოდ ის, რომ საქართველო საბჭოთა კავშირში ბრუნდება, რომ დემოკრატია საფრთხეშია, არ არსებობს სასამართლო ხელისუფლება და ა.შ.
პოლიტოლოგის შეფასებით, შოკისმომგვრელია წერილის ის ნაწილიც, სადაც უცხო ქვეყნების ლიდერებს სთხოვენ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას. არჩილ სიხარულიძის შეფასებით, ეს ნეოკოლონიალისტური აზროვნების კლასიკური მაგალითია და მეტყველებს იმაზე, რომ ოპოზიცია ქართველ ხალხს ართმევს უფლებას, თავად გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის ბედი. სწორედ ასეთია საბჭოთა აზროვნება, რომ საქართველოს დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლია.
“თურმე, 3,5 მილიონ მოსახლეობას არაფრის უნარი არ გაგვაჩნია და მივმართავთ ევროპის ლიდერებს, 1-2 სამხედრო დანაყოფი გამოუშვან. დასავლეთი გვეუბნება, რომ ქართველმა ერმა უნდა მართოს ქვეყანა, ესენი კი, დასავლეთისგან ელოდებიან მბრძანებლურ ტონს. ასეთი ბრძანებების ეპოქა დასრულდა”, – აცხადებს არჩილ სიხარულიძე.
რაც შეეხება საკითხს, საქართველოს მოსახლეობისთვის საარჩევნო სისტემის რეფორმა არის თუ არა პრიორიტეტული? პოლიტოლოგის მოსაზრებით, ეს საკითხი რომ აწუხებდეს ხალხს, დღეს ოპოზიციის მიტინგზე იდგებოდნენ. ბოლო დროს ჩატარებული სოციოლოგიური კვლევები კი, ნათლად მიუთითებს, რომ საქართველოს პრობლემა დღეს, არის სიღარიბე, გაჭირვება, განათლება და არა პროპორციული არჩევნები.
“დღეს დავა არ არის იმაზე, თუ ჩვენი მოქალაქეები, როგორ იცხოვრებენ. დავა მიდის ხელისუფლებისთვის. მოქალაქეებს რჩებათ შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკოსები პარლამენტის სკამებს ინაწილებენ, ამიტომაც არის, რომ ხალხი მიტინგზე არ გადის. საბჭოთა კავშირის თემის შემოგდებით კი, ოპოზიცია თავის კიდევ უფრო მარგინალიზაციას ახდენს. მანამდე, ხალხს 90-იან წლებზე რიტორიკით აშინებდნენ. ნაციონალების სამიზნე ახალგაზრდები არიან, რომლებმაც საბჭოთა კავშირის შესახებ გადმოცემით იციან”, – განაცხადა Dalma News-სთან საუბრისას არჩილ სიხარულიძემ.
ახალგაზრდა პოლიტოლოგი კრიტიკულად არის განწყობილი თავად წერილის ავტორების მიმართ, თუმცა ერთ საკითხში მაინც ეთანხმება მათ. კერძოდ, იმაში, რომ “ქართულ ოცნებას” წინასაარჩევნო დაპირება უნდა შეესრულებინა. ამის მიუხედავად, არჩილ სიხარულიძე მიუღებლად მიიჩნევს, საზოგადოების ერთმა ჯგუფმა თავს უფლება მისცეს და სრულიად ქართველის ერის სახელით ისაუბროს. მისივე თქმით, სამწუხაროა ისიც, რომ ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი, რომლებიც ხელმომწერებს შორის არიან, გულგრილად ეკიდებიან სტატისტიკურ მონაცემებსა და ისტორიულ ფაქტებს.
“ამ ადამიანებს ხალხის სახელით საუბრის არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნიათ. ქვეყნის მთავრობასაც კი, არ აქვს უფლება ერის სახელით ისაუბროს. ერის სახელით საუბრობს, ან პლებისციტი, ან რეფერენდუმი”, – აცხადებს არჩილ სიხარულიძე.
ექსპერტებს ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ სოციალურ ქსელში გამოჩენილი პეტიციის უკან, ნაციონალებისა და მასთან გაერთიანებული ოპოზიციური ლიდერების ინტერესები დგას. ოპოზიციაში ან არ ესმით ხალხის მთავარი დაკვეთა, ან სურთ, როგორმე შეინარჩუნონ დუღილის მაღალი ტემპერატურა და დასავლური დემოკრატიის საფარქვეშ რევოლუციური სცენარი გააპარონ.
შორენა პაპაშვილი