ჩემს ბავშვობაში, ტელევიზორში, ძალიან იშვიათად უშვებდნენ ქართულ ფილმებს. ილია ჭავჭავაძის “ოთარაანთ ქვრივის”, “გლახის ნაამბობის” და ალექსანდრე ყაზბეგის “ხევისბერი გოჩას” ეკრანიზაცია, პირველ შემთხვევაში სკოლის მასწავლებლის მონდომებით ვნახეთ, (ავლაბრის კინოთეატრს დაუკვეთა), მეორის სანახავად კი, კინო “რუსთაველის” მცირე დარბაზში დედამ წამიყვანა. საოცარი ეფექტი იყო საყვარელი მსახიობების ფართო ეკრანზე ნახვა, ის ემოცია დღემდე არ მავიწყდება. ჩვენს შვილებს, სამწუხაროდ აღარ აქვთ ის ბედნიერება, რასაც ქართული ეროვნული კინოს შედევრების ფართო ეკრანზე ნახვა ჰქვია. დღეს ხომ, კინოთეატრებიც აღარ არსებობს? მათ ადგილს სავაჭრო ცენტრები და სასტუმროები იკავებს.
მერე, მახსოვს, ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე, კვლავ დაუვიწყარი ემოციის ტყვე გავხდი. კინოთეატრ “რუსთაველის” სალაროებთან ზღვა ხალხს შორის, მამამ მაინც შეძლო ბილეთების შეძენა და დარბაზში შეგვიყვანა. ფართო ეკრანზე თენგიზ აბულაძის “მონანიება” გაუშვეს. აბელ და ვარლამ არავიძეებს, სკოლის მოსწავლე, ფართო ეკრანიდან თვალებში შევცქეროდი და ვერ ვხვდებოდი, რატომ არის ძალაუფლებისკენ მიმავალი გზა ადამიანების უბედურებაზე აგებული? რატომ გაანადგურეს ბარათელების ოჯახი? შინ დაბრუნებული, არანაკლებ ემოციებში მყოფი ჩემი მშობლები, მთელი საღამო “მონანიებას” განიხილავდნენ. მეც ვუსმენდი მათ და ვხვდებოდი, რომ ეს მხატვრულ ფილმად ქცეული ისტორია იყო და რომ, არავიძეები ყველა დროსა და წყობაში არსებობენ.
ერთ დღესაც ჟურნალ “ქართული საბჭოთა კინოს”, გადასაყრელად გამზადებული დასტა ჩამივარდა ხელში. ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და ლამის ყველა მათგანი გადავიკითხე. უამრავი ძველი ქართული ფილმის შესახებ შევიტყე, ამოვწერე ისინი სახელმწიფო ტელევიზიის რედაქციას მივწერე, ამდენი კარგი და დღემდე უცნობი ფილმი გვაქვს და რატომ არ გვაჩვენებთ -მეთქი. სიმართლე უნდა ითქვას და მაშინ, მართლაც გაუშვეს ჩემი ნუსხიდან რამდენიმე, თურმე მათი დიდი ნაწილი მოსკოვში ინახებოდა.
რუსეთის ფილმსაცავ “გოსფილმოფონდიდან” საქართველოში, ამ დროისთვის უკვე, 51 ფილმია ჩამოტანილი, თუმცა ჩამოსატანი, გაცილებით მეტია. გაზაფხულზე კიდევ იგეგმება ფილმების ჩამოტანა. ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული, რადგან ქართული მხარე ფილმებს ყიდულობს. პრიორიტეტი კვლავ 20-იანი წლების ქართულ ფილმებს მიენიჭება და ამ პერიოდის ქართული კინომემკვიდრეობა სამშობლოში სრულად დაბრუნდება.
როგორც Dalma News-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, სიძველის გამო, ფილმების საწყისი მასალები სავალალო მდგომარეობაშია და სწორედ ეს იქცა პრიორიტეტად შერჩევისას. XX საუკუნის 20-იანი წლებში, დაახლოებით 200-მდე მხატვრული და ქრონიკალური ფილმია შექმნილი, რუსეთის ფილმსაცავში კი, მხოლოდ 54 ფილმი ინახება. ყველა მათგანი “სახკინმრეწვის” ბაზაზე შეიქმნა, რომელსაც 1938 წლიდან “თბილისის კინოსტუდია, ხოლო 1953 წლიდან “ქართული ფილმი” ეწოდა.
ჩამოტანილ ფილმებს შორის არის რეჟისორების მიხეილ კალატოზიშვილისა და ნუცა ღოღობერიძის პირველი დამოუკიდებელი ნამუშევარი “მათი სამეფო”. ფილმში უნიკალური ქრონიკალური მასალაა გამოყენებული.
ნუცა ღოღობერიძე საინგილოს სოფელ კახში დაიბადა. ის პირველი ქალი რეჟისორი იყო. 30-იანი წლების შუა ხანებიდან, იწყება მისი შევიწროვება ქმრის, ცნობილი საბჭოთა პარტმუშაკის, ლევან ღოღობერიძის გამო, რადგან ის საბჭოთა შს მინისტრის, ბერიას მოწინააღმდეგეთა ბანაკში იყო. ნუცა კინოდან გააძევეს, 1937 წლის 21 მარტს მისი მეუღლე დახვრიტეს, მეგობრებმა მიატოვეს. კეთილდღეობისას, ღოღობერიძეთა ოჯახის ხშირი სტუმრები იყვნენ კოტე მარჯანიშვილი, პეტრე ოცხელი, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი და გერონტი ქიქოძე. 1937 წლის მიწურულს ნუცაც დააპატიმრეს და 10 წლით, საკონცენტრაციო ბანაკში გადაასახლეს. 10 წლის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებულ ნუცას, აღარ უცდია კინოში მუშაობის გაგრძელება. მან სამეცნიერო საქმიანობას მიჰყო ხელი. მისი სახელი არაა მოხსენიებული, არც ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში და არც რომელიმე სხვა ცნობარში, გარდა ქართული კინოს ფილმოგრაფიებისა.
საუკუნოვანი ლოდინის შემდეგ, საქართველოში ბრუნდება ასევე: რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავას “ხანუმა”, “ორი მონადირე” და “ჯანყი გურიაში”; კოტე მარჯანიშვილის “გოგი რატიანი”, “კრაზანა” და “კომუნარის ჩიბუხი”; ვლადიმერ ბარსკის “ბელა”; ნიკოლოზ შენგელაიას მუნჯი კინოსურათი – “გიული” (1927), რომელშიც მთავარ როლს შემდგომში მისი მეუღლე, უმშვენიერესი ნატო ვაჩნაძე ასრულდება. ფილმი მოგვითხრობს მუსლიმი გოგონას ტრაგიკულ ბედზე. გიულის ქრისტიანი მოჯამაგირე მიტროს შეუყვარდება. მაგრამ, მამის სიკვდილის შემდეგ, იძულებით მიათხოვებენ ხანშიშესულ მდიდარ მეზობელ ალის. გიული საძულველ ქმართან ცხოვრებას ვერ ეგუება. ალის ვაჟის, ქერბალაის დახმარებით მიტრო გიულის გაიტაცებს. გაქცეულებს დაედევნებიან და ქმარი გიულის მოკლავს.
ასევე, უკვე საქართველოშია რეჟისორი ზაქარია ბერიშვილის “იბრაჰიმი და გოდერძი”, “ღრუბელთა თავშესაფარი”; ნიკოლოზ კახიძის “ნორჩი მფრინავი”; გიორგი მაკაროვის “ქალი ბაზრობიდან”; მიხეილ გელოვანის “ახალგაზრდობა იმარჯვებს”; კოტე მიქაბერიძის “ჩემი ბებია”; მიხეილ ჭიაურელის “საბა”; თენგიზ აბულაძის “მონანიება”. ფილმების ჩამოტანის პირველ ეტაპზე ასევე 11 ქართული ფილმი დაბრუნდა სამშობლოში, რომლებიც 1925-1975 წლებშია გადაღებული, მათ შორის არის ნიკოლოზ შენგელაიას, მიხეილ კობახიძისა და კოტე მარჯანიშვილის ფილმები.
მესამე ეტაპზე ქართული მხარე ჩამოიტანს 1960-1985 წლებში გადაღებულ ფილმებს. მათ შორის ბევრია, ქართველი მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ფილმი: “პირველი მერცხალი”, “ალავედრობა”, “ფიროსმანი”, “არაჩვეულებრივი გამოფენა”, “ნეილონის ნაძვის ხე”, “ვედრება”, “ერთი ცის ქვეშ”, “XIX საუკუნის ქართული ქრონიკები”, “ბურთი და მოედანი” და “თეთრი ქარავანი”. ეს უკანასკნელი ნაჩვენები იყო კანის ფესტივალზე და საკმაოდ კარგი შეფასებებიც მიიღო. ეროვნული კინოცენტრის დირექტორი იმედოვნებს, რომ ასეთივე წარმატება ექნება “მონანიებას”, რომელიც დღესაც არ კარგავს აქტუალობას.
“თენგიზ აბულაძის “მონანიება” გამორჩეული და საეტაპო ფილმია ქართული კინოს ისტორიაში. ეს იყო “პერესტროიკის” დროს გადაღებული პირველი ფილმი და ამით, ფაქტობრივად საფუძველი ჩაეყარა მხატვრული შემოქმედების მიმართ ახალ ხედვას, ახალ დამოკიდებულებას. ამ ფილმა ხელი შეუწყო თვითონ პერესტროიკის პოლიტიკის შემდგომ ცვლილებას. ქართული კინოს ისტორიაში არსებობს ფილმები, რომელთა გარეშეც, წარმოუდგენელია ქართული რეტროსპექტივის გაკეთება საზღვარგარეთ, სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ “მონანიება” ჩავრთეთ იმ ფილმების სიაში, რომლებიც უნდა აღდგეს, რესტავრაცია ჩაუტარდეს. მოხდეს მათი დიგიტალიზაცია და შემდგომ ამ ფილმს გამოვიყენებთ სხვადასხვა ფესტივალზე, თუ ქართული კინოს რეტროსპექტივებში. კანის ფესტივალისთვის ის ზედგამოჭრილია”, – აცხადებს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძე.
“გოსფილმოფონდში” დაცული ქართული კინოარქივის სრულად საქართველოში დაბრუნების შეთანხმებას ხელი 2014 წელს მოეწერა. ქართულ დელეგაციას “გოსფილმფონდის” დირექტორი ვიაჩესლავ ტელნოვი შეხვდა და მაქსიმალურად თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლების ამბობენ, რომ რუსულ მხარესთან არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ, უფრო მეტიც, პროექტის ფარგლებში კიდევ უფრო გააქტიურდა ყურადღება ძველი ფირების მიმართ. ფილმები, რომლებსაც ქართულ დელეგაციას მოსკოვში ახვედრებენ ირეცხება, რესტავრაცია უტარდება და სიცოცხლე უხანგრძლივდება.
როგორც Dalma News-ს ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელმა, კინომცოდნე კოტე ჩლაიძემ განუცხადა, “გოსფილმფონდი” მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი და კარგი საცავი. იქ ძალიან ბევრი ქართული ფილმია, რომლებიც დროთა განმავლობაში გაიხსნება, დასუფთავდება, ხოლო ასლი რუსულ მხარეს დარჩება.
“თუ სადმე, შეიძლება ინახებოდეს ჩვენი ქართული ფილმები, “გოსფილმფონდი” ამისთვის კარგი ადგილია. იქ ვტოვებთ ასლებს, რადგან ამის გარეშე, არც ერთ ფირს არ გამოგატანენ. იქ იქნება ერთი, ხოლო აქ მეორე კოლექცია”, – განგვიმარტა კოტე ჩლაიძემ.
რაც შეეხება მომავალ თაობაში ძველი ქართული ფილმების პოპულარიზაციას, რის გარეშეც ეს შრომა ფუჭი იქნებოდა, ეროვნული კინოცენტრი სხვადასხვა აქტივობებს გეგმავს. მიაჩნიათ, რომ ძველი ფირები იმდენ საინტერესო მასალას ინახავს, რომ ისინი ყველამ უნდა ნახოს. მომავალი წელი XX საუკუნის 20-იანი წლების ქართული კინოს წლად გამოცხადდება. გაიმართება კონფერენციები, გამოიცემა წიგნი.
მანამდე კი, საჭიროა შეიქმნას ცალკე კინოარქივი. სამშობლოში დაბრუნებული ფილმები ამ ეტაპზე სახელმწიფო არქივს შეაფარებენ თავს. მოხდება მათი გაციფრულება.
“კინოცენტრის მოვალეობაა, გაუფრთხილდეს და შეინახოს ქართული კინომემკვიდრეობა. არქივებთან ურთიერთობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მოსკოვის არქივთან, სადაც მთელი ჩვენი სიმდიდრეა თავმოყრილი. ეს ფირები ძველია და დროთა განმავლობაში იშლება. ამას დროული რეაგირება სჭირდება”, – აცხადებს კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი ნანა დოლიძე.
მისივე ინფორმაციით, რუსეთი ფილმსაცავებში სულ 706 ქართული ფილმია დაცული, როგორც დოკუმენტური, მხატვრული ისე, ანიმაციური კინო. 300-ს აღემატება მხატვრული ფილმი, 200-მდე ანიმაცია და დანარჩენი დოკუმენტური ფილმებია. დაკარგული ფილმები არაერთია. განსაკუთრებით 20-იანი წლების ქართული მუნჯური კინო. თუმცა ამ დანაკარგში საქართველო მარტო არ არის, მსოფლიო მუნჯი კინოს 80% დაკარგულად ითვლება.
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, გაუქმებული კინოთეატრების ფონზე, რაიმე საშუალება გამოვნახოთ და ვაზიაროთ შვილები ქართული კინოს ისტორიას. იმ ფილმებში ბუმბერაზ მსახიობებს თუ ვერ შეიცნობენ, ეცოდინებათ მაინც, საიდან მოდიან და საით უნდა წავიდნენ.
შორენა პაპაშვილი