საქართველოდან ამერიკის კინოაკადემიის მთავარ ჯილდო “ოსკარზე” წარდგება რეჟისორ ლევან თუთბერიძის ფილმი “მოირა”. გადაწყვეტილება კინოპროფესიონალებით დაკომპლექტებულმა სპეციალურმა კომისიამ მიიღო.
კვალიფიციური ფილმების შესარჩევად ეროვნულმა კინოცენტრმა განაცხადების მიღება რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. დადგენილი პირობების მიხედვით, შესარჩევ პროცესში მონაწილეობა მიიღო ორმა ფილმმა: მოჰსენ მახმალბაფის “პრეზიდენტმა” და ლევან თუთბერიძის “მოირამ”.
პირველი ფილმი მოგვითხრობს დიქტატორის შესახებ, რომელიც კარგავს ძალაუფლებას, როდესაც მისი ქვეყანა რევოლუციონერების ხელში აღმოჩნდება. “მოირა” კი მოგვითხრობს მეთევზე ძმების ბედისწერის შესახებ. ბედისწერის ქალღმერთის სახელი მოირა ჰქვია პატარა თევზსაჭერს, რომლითაც ძმები საარსებო ფულის შოვნას აპირებენ, მაგრამ ბედისწერა მოულოდნელი და დაუნდობელია.კომისიის წევრებს სწორედ ამ ორ ფილმს შორის მოხდათ არჩევანის გაკეთება.ფილმების ჩვენებები კინოთეატრ “ამირანში” უქმეებზე გაიმართა. შედეგების შეჯამების შემდეგ კი გადაწყდა, რომ საქართველოდან “ოსკარზე” სწორედ “მოირას” წარადგენენ.