თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ, რომელიც 30 ოქტომბერს, ქვეყნის 5-თვითმმართველ ქალაქსა და 15-მუნიციპალიტეტში გაიმართება, სახელისუფლებო პარტია “ქართულმა ოცნებამ” თბილისში, შემაჯამებელი აქცია გამართა. 27 ოქტომბერს თავისუფლების მოედანი ხალხით გადაიჭედა. ათეულობით ათასი მოქალაქის საერთო საპროტესტო განწყობა “ნაციონალური მოძრაობისკენ” იყო მიმართული. აქციაზე მისულთა დიდი უმრავლესობის მიზანი იყო, დაენახვებინათ დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომ ქვეყნის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გასამართლების მომხრე და მისი პარტიის ხელისუფლებაში დაბრუნების წინააღმდეგია.
რამდენიმე დღით ადრე, 14 ოქტომბერს, იმავე თავისუფლების მოედანზე აქცია ე.წ მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ – “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც” გამართა. საკუთარი მხარდამჭერების ქვეყნის რეგიონებიდან ჩამოყვანის ხარჯზე შთამბეჭდავი შედეგი, მაინც ვერ აჩვენა. ამის ერთგვარ, ირიბ აღიარებად შეიძლება ჩაითვალოს მათ მიერ კონტროლირებადი ტელეკომპანიების ეთერიდან გადმოღვრილი აგრესია და “ქართული ოცნების” აქციაზე მისული ადამიანების შეურაცხმყოფელი ეპითეტებით შემკობა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობა კმაყოფილი, არც “ქართული ოცნების” მმართველობით არის და კოვიდპანდემიის პირობებშიც სიღარიბე კატასტროფულ მასშტაბებს აღწევს, საზოგადოების დიდი ნაწილი სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნების თეორიულ შესაძლებლობასაც კი, პროტესტით პასუხობს. თუმცა, ყველაფერი საბოლოოდ 31 ოქტომბერს, არჩევნების მეორე დღეს გაირკვევა. მანამდე კი, “ენმ”-ს თავმჯდომარე და მის გარშემო შემოკრებილი, რამდენიმე ოპოზიციური ლიდერი ქვეყნის რეგიონებში დადიან და მოსახლეობას ხვდებიან. ზოგან აქციებსაც მართავენ.
27 ოქტომბრის აქციის ორგანიზებისთვის სრულად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და მხარდაჭმერების რეგიონებიდან ჩამოყვანის ორგანიზება დასჭირდა “ქართულ ოცნებასაც”, მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ აქციის მონაწილეთა შორის საკუთარი ნება-სურვილით ჩამოსული ადამიანებიც იყნენ და არც თუ ცოტანი. ერთი სიტყვით, შეიძლება ითქვას, რომ ორივე მთავარმა პოლიტიკურმა ძალამ, არჩევნების მეორე ტურის წინ ერთმანეთს კუნთები აუთამაშეს.
აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა ხალხს მხარდაჭერისა და ნდობისთვის. მან გაიხსენა 2012 წლის მოვლენები და განაცხადა, რომ მაშინ ქართველმა ხალხმა ხელისუფლებას ჩამოაშორა მკვლელების, ჯალათებისა და მოღალატეების პარტია, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და ანტიეკლესიური ძალა.
ღარიბაშვილის თქმით, “ქართულმა ოცნებამ” გაათავისუფლა დატერორებული ბიზნესი და მედია, ხოლო ხელისუფლება ხალხის ნაწილად იქცა, რომელიც უსმენს და გრძნობს ხალხის მაჯისცემას.
“დღეს, აღარავის უნდა წარსულზე საუბარი, რადგან წინ უამრავი საქმეა გასაკეთებელი. ვებრძვით პანდემიას, ვიმყოფებით ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში. ეკონომიკა არ არის ჯერჯერობით, განვითარების ისეთ დონეზე, როგორც დემოკრატია. დიდ გამოწვევად რჩება უმუშევრობა და სიღარიბე”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა თავის გამოსვლაში ქართული ეკლესიის მისამართითაც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ მისი პოლიტიკური ძალა არავის აპატიებს ქვეყნის პატრიარქის, სასულიერო პირების, ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტის, მართლმადიდებელი ეკლესიის ლანძღვა- შეურაცხყოფას.
ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობას, რაც შეეხება, როგორც ღარიბაშვილმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ჩადენილი დანაშაულებისთვის მას დიდი ხნით ელოდება პატიმრობა. თუმცა იქვე გაიხსენა “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვები, – “საქართველოს დასაკარგი და მოსაკვეთი არავინ ჰყავს”. ამის პარალელურად განაცხადა, რომ მისი დიდი სურვილია ქვეყანაში დასრულდეს დაპირისპირება და ის გაერთიანდეს.
“ყველამ კარგად გაიგოს, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, სადაც კანონის უზენაესობა უმთავრესია და მართლმსაჯულება ყველასთვის თანაბრად განხორციელდება. დღეს აქ შეკრებით, მთელს მსოფლიოს ვაჩვენეთ ქართველი ხალხის არჩევანი”, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა.
აქციაზე ერთმანეთის მონაცვლეობით გამოვიდნენ „ქართული ოცნების” სხვა ლიდერებიც, ყველა მათგანმა ხალხს არჩევნების დღეს აქტიურობისკენ მოუწოდა. მათი თქმით, 30 ოქტომბერს არჩევანი უნდა გაკეთდეს სიკეთესა და ბოროტებას, პროგრესსა და რეგრესს, საბოტაჟსა და მშვიდობიან განვითარებას შორის.
“ქართული ოცნების” შემაჯამებელ აქციასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები გაისმა. ზოგისთვის ეს იყო ოპოზიციისთვის გამიზნული კონტრაქცია, ზოგისთვის კი, მას საშინაოზე მეტად საგარეო დანიშნულება ჰქონდა.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, აღნიშნული აქცია სრულიად შეესაბამება პოლიტიკური ბრძოლის ლეგიტიმურ მეთოდებს და „ქართული ოცნებისადმი“ პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვის გარდა, ის ერთგვარად, იმ ხალხის ურთიერთსოლიდარობის აქციაც იყო, ვისაც ხელისუფლებაში, არც ერთ დონეზე არ სურთ ნაციონალებისა და მათი სატელიტების ხილვა.
“არ აქვს მნიშვნელობა შეეხო, თუ არა ამა თუ იმ ადამიანს და მის ოჯახს „ნაცების“ რეპრესიული მანქანა. მათ აღარ სურთ დაბრუნდნენ „შიშის სინდრომის“ ეპოქაში. ეს გახლავთ აქცია, რომელმაც საერთაშორისო აუდიტორიას უნდა აჩვენოს, რომ ის შედეგები რაც „ქართულმა ოცნებამ“ 2020 და 2021 წლის არჩევნებზე დადო, არის რეალური ელექტორალური მხარდაჭერის გამომხატველი. და ბოლოს, ეს აქცია წარმოადგენს ერთგვარ გაფრთხილებას მათთვის, ვინც რევანშს, არეულობას, რევოლუციას და ქვეყნის აყირავებას გეგმავს”, – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
27 ოქტომბრის აქციას შთამბეჭდავს უწოდებს ანალიტიკოსი გია აბაშიძეც და აცხადებს, რომ მსგავსი ტიპის აქციები დასავლეთში მიღებული პრაქტიკაა, როდესაც ესა თუ ის პოლიტიკური პარტია, მმართველია თუ ოპოზიციური, არჩევნებამდე გრანდიოზულ შეკრებას აწყობს. ამდენად, არასერიოზულად მიაჩნია მისი კონტრაქციად შეფასება.
რაც შეეხება მმართველი პარტიის ლიდერების გზავნილებს, აბაშიძის თქმით, პრემიერმა ღარიბაშვილმა თქვა ის, რასაც წარმოადგენს ქართული საზოგადოების მოთხოვნა. კერძოდ, რომ საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა და ნებისმიერი ცალკეული, უპასუხისმგებლო დასავლელი პოლიტიკოსის განცხადებები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, თუ ე.წ პოლიტიკურ პატიმარ სააკაშვილზე, არ შეესაბამება, არც ევროპის და არც საქართველოს ინტერესებს.
“ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შიდა და გარე რყევების მიუხედავად ქვეყანა ძალიან მტკიცედ და ინტენსიურად ადგას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, რაც ადრე თუ გვიან, წარმატებით დასრულდება. მაგრამ იმის ფუჭი მტკიცება, რომ თითქოს საქართველომ გადაუხვია დასავლეთისკენ სვლას, ნამდვილად არის „ნაციონალური მოძრაობის“ გაცვეთილი პოლიტიკური ფირფიტა,“ – განუცხადა Dalma News-ს გია აბაშიძემ.
მისივე თქმით, აქციაზე მისულ ყველა ასაკისა და სოციალური სტატუსის მქონე ადამიანებს შორის იყო ახალგაზრდების სიმრავლე, რამაც განუმტკიცა აზრი, რომ ახალგაზრდებსაც კი, რომლებიც არ იცნობენ “ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულებს, არ სურთ ბოროტი ჯალათების პარტია იყოს ხელისუფლებაში.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში “ქართული ოცნების” გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარება ანალიტიკოს ვაჟა ბერიძესაც, რისი დემონსტრირებაც იყო 27 ოქტომბრის აქცია. თუმცა, ეს არ ხსნის იმ პრობლემას, რომ მოსახლეობას არ აქვს არჩევანი გარდა 2 პოლიტიკური ძალისა.
როგორც Dalma News-ს ვაჟა ბერიძემ განუცხადა, სანამ “ქართულ ოცნებას” მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი გულშემატკივრობს თავისი ადამიანური და ფინანსური რესურსით, ამ ქვეყანაში არჩევნებს ყოველთვის მოიგებს. თუმცა აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ნახევარზე მეტი (50%+1) ამომრჩევლის მხარდაჭერა ქვეყანაში მოქმედ, არც ერთ პარტიას არ აქვს.
ვაჟა ბერიძის შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნება ნებისმიერი კონფიგურაციით მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მიუღებელია, მაგრამ ვერც მისი ალტერნატივა ჩამოყალიბდება, სანამ “ქართულ პოლიტიკურ ველზე 2 დინოზავრი დადის“.
“ბევრმა იმედის თვალით შეხედა ექსპრემიერ გიორგი გახარიას ოპოზიციაში გადასვლას, მაგრამ სერიოზული პოლიტიკური პარტია, რომელიც მზად იქნება ხელისუფლებაში მოსასვლელად 2-3 თვეში ვერ ჩამოყალიბდება და არც ამ პირობებში აქვს აზრი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას”, – აცხადებს მან.
მეორე მხრივ, შესაძლოა რეგიონების განვითარებისთვის მართლაც სასარგებლო იყოს თვითმმართველობების შეჯიბრებითობის პრინციპით მართვა, მაგრამ, როცა საუბარია რეპუტაცია შელახულ და რევანშისტულ პოლიტიკურ ძალაზე, რეგიონსა და დედაქალაქს შორის კონფრონტაციის გაღრმავების საფრთხე აშკარა ხდება.
ანალიტიკოს ვაჟა ბერიძის აზრით, ამაში არაფერი იქნებოდა ცუდი, თუ ქვეყანაში არის დემოკრატია ერთი მხრივ და მეორე მხრივ ოპოზიციაა კონსტრუქციული. მაგრამ ნაციონალების შემთხვევაში ეს საშიშია. ისინი დიდი ქალაქების მმართველობას გამოიყენებდნენ არა კონკურენციისთვის, თუ ვინ უკეთ მოუვლის ქალაქს, არამედ ანტისახელისუფლებო განწყობების გასაღრმავებლად და პროვოკაციებისთვის. ცენტრალური ხელისუფლებისგან მიღებულ დაფინანსებას საკუთარ პოპულისტურ გეგმებს მოახმარენ და ხალხს უარყოფითად განაწყობენ ხელისუფლებისადმი.
“კარგი იქნებოდა, 1-2 ქალაქი გადასულიყო ოპოზიციის ხელში და მათ ეჩვენებინათ რა შეუძლიათ თვითმმართველობის დონეზე, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ გააღრმავებენ კონფრონტაციას რეგიონსა და თბილისს შორის; სამეგრელოსა და დანარჩენ საქართველოს შორი; აჭარაში შეუძლიათ სხვადსხვა კონფლიქტების პროვოცირება და ა.შ”, – განუცხადა Dalma News-ს ვაჟა ბერიძემ.
შორენა პაპაშვილი