“მივდივარ, სანამ ავბედით კოჰაბიტაციას არ გადაჰყოლია სამართლიანობა”, – განაცხადა მმართველი გუნდის გამორჩეულმა ლიდერმა, პარტია “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, დეპუტატმა ეკა ბესელიამ და საპარლამენტო უმრავლესობის დაანონსებული დაშლის პროცესი დაიწყო. ეკას გედევანი მიჰყვა, გედევანს ბექა, მესამეს მეოთხე… სხვებიც რიგში დგანან. ბოროტი ხმები ამბობენ, რომ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ფრთისქვეშეთი, საიმედო ნავსაყუდელი აღარ არის და ქვეყანაში კვლავ აქტუალურია სამართლიანობისთვის ბრძოლა.
თანაგუნდელებისგან განცალკევებისა და პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატად დარჩენის გადაწყვეტილება ეკა ბესელიას კიდევ უფრო გაუმყარდა, როცა, თანაპარტიელებმა მხარი არ დაუჭირეს მის რეზოლუციას – ძალადობრივი რეჟიმის სახელი დაერქვას ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობას და უარი არ თქვეს სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” დროს “ცუდი საქმეების” ჩამდენი მოსამართლეების თანამდებობებზე უვადოდ გამწესებაზე. ეს ბესელიასთვის ბოლო წვეთი იყო და მიხვდა, რომ უშედეგოა მის მცდელობა “ქართული ოცნება” “ნაციონალური მოძრაობის” ნარჩენებისგან გაიწმინდოს; რომ 2012 წლის პირველი ოქტომბერი ბოლომდეა მისაყვანი, რომ ბრძოლა არ დასრულება, არამედ ახალ ეტაპზე გადადის.
როგორც ეკა ბესელია განმარტავს, ის “ოცნებიდან” იქ მიდის, სადაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობაა და სადაც ჯერ კიდევ არის იმედი, რომ ავბედით კოჰაბიტაციას არ გადაჰყვება ყველაზე ღირებული – სამართლიანი სასამართლო და სამართლიანობა. იგი პოლიტიკურ უმწიფრობად აფასებს პარლამენტის იმ დეპუტატების გადაწყვეტილებას, რომელმაც რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს და ამ საკითხზე საკუთარი პოზიციის ღიად გამოხატვა ვერ გაბედეს. ღიად დაუპირისპირდა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესაც, რომელსაც შექმნილ ვითარებაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა დააკისრა და დაჰპირდა, რომ თანამდებობიდან მისი გადაყენების პროცედურას დაიწყებს.
ბესელიას აზრით, ირაკლი კობახიძის ავტორიტეტი და სანდოობა მაღალი არ არის. ხოლო მკაცრი და სუბიექტური მიდგომები, რომელსაც თანაგუნდელების მიმართ იჩენს, უმჯობესია მოსამართლეთა ჯგუფის ახირებების დაკმაყოფილებისას გამოიჩინოს. ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ნარჩენებმა საკმაოდ დიდი დოზით შეაღწია “ოცნებაში” და უშედეგო გამოდგა მისი მცდელობა, თანაგუნდელები დაერწმუნებინა იმაში, რომ ხალხისთვის ეკითხათ, უჭერდნენ თუ არა ისინი მხარს მოსამართლეების უვადოდ გამწესებას.
“იმ მოსამართლეების, რომლებიც იყვნენ სისასტიკის და არაადამიანული მოპყრობის მთავარი შემოქმედნი”, – აცხადებს ბესელია და დასძენს, რომ საკონსტიტუციო ცვლილება უკვე დანიშნულ მოსამართლეებსაც უნდა შეეხოთ და იუსტიციის საბჭოს შემადგენლობა უნდა შეიცვალოს.
ამის შემდეგ, ეკა ბესელია, მხარდამჭერ დეპუტატებთან ერთად საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს შეხვდა და სასამართლო რეფორმის საკუთარი პროექტი გააცნო. მათ გაიზიარეს პროექტში წარმოდგენილი პრინციპები.
საპარლამენტო უმრავლესობაში საკუთარ ადგილს ვეღარ ხედავენ “სოციალ-დემოკრატებიც” და მთავრობას არაეფექტიანი საგადასახადო სისტემისა და სოციალური პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებენ. ეკა ბესელიას კვალდაკვალ, “ოცნების” მიმართ უკმაყოფილება ღიად ბექა ნაცვლიშვილმაც გამოხატა. მის შემთხვევაში მმართველ გუნდთან წყალგამყოფი საპენსიო რეფორმა გახდა, რომლის 2019 წლის ბიუჯეტში ჩასმას, თანაგუნდელებმა მხარი არ დაუჭირეს. ინიციატივა საპენსიო ფონდის 360 მლნ ლარით გაზრდას ითვალისწინებდა.
ბექა ნაცვლიშვილის თქმით, საქართველოში სახელმწიფოს მხრიდან პენსიაზე გაწეული ხარჯები მთლიანი ეროვნული შიდა პროდუქტის მხოლოდ 5 %-მდეა და წლიდან წლამდე მცირდებოდა. მაშინ, როდესაც თითქმის ყველა ქვეყანაში, სადაც საპენსიო ასაკში ადამიანები ღირსეულად და სრულფასოვნად ცხოვრობენ, პენსიაზე გაწეული ხარჯი, მთლიანი შიდა პროდუქტის 8%-ზე ნაკლები არ არის. ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატები” კი მთავრობას სთავაზობენ, პენსიაზე გაწეული ხარჯი, მშპ-ის 4, 95 % ყოფილიყო.
“რამდენჯერმე ვთხოვე უმრავლესობას ამ პროექტის განხილვა, მაგრამ 15 წუთზე მეტი დრო არ დამითმეს”, – აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი და განმარტავს, რომ საპენსიო რეფორმაზე არ უსაუბრია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან, რადგან მიაჩნია, რომ პარლამენტში მისაღები კანონები მასთან არ უნდა თანხმდებოდეს და დეპუტატები მანდატს საკუთარი ამომრჩევლის ინტერესების მიხედვით უნდა იყენებდნენ.
ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი ქვეყანაში რევოლუციური გადაწყვეტილებების საჭიროებაზე საუბრობს და მიაჩნია, რომ “ოცნებას” ასეთი ნაბიჯების გადასადგმელად გამბედაობა აღარ ეყოფა, შესაბამისად, მათი ადგილი “ოცნების” გვერდით აღარ არის. სოციალ-დემოკრატები აპირებენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მმართველი გუნდის გარეშე მოემზადონ, ამომრჩეველს გააცნონ საკუთარი სოციალურ-ეკონომიკური ხედვები.
Dalma News-ის კითხვაზე, რატომ დღეს და ახლა? გია ჟორჟოლიანი განმარტავს, რომ ეს პროცესი დღეს და გუშინ არ დაწყებულა. 2018 წლის გაზაფხულიდან ინტენსიურად დაიწყეს ამ თემებზე საუბარი ბიძინა ივანიშვილთანაც. მიმართეს მთავრობას, რომ შეეცვალათ საგადასახადო პოლიტიკა და ელოდებოდნენ ბიუჯეტის პროექტს. ამასობაში მოვიდა საპრეზიდენტო არჩევნები, “ქართული ოცნება” “ნაციონალურ მოძრაობასთან” დამარცხების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. იმ პირობებში, არასწორად მიიჩნიეს მმართველი გუნდიდან გასვლა და მხარი დაუჭირეს პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს. “ქართული ოცნებისგან” დამოუკიდებლად აწყობდნენ შეხვედრებს, ეწეოდნენ პროპაგანდას. ამის შემდეგ იყო საბიუჯეტო განხილვები, მერე საახალწლო არდადეგები…
როგორც გია ჟორჟოლიანი განმარტავს, მოსამართლეების თემა მათი ფრაქციისთვისაც მნიშვნელოვანია და ამ საკითხში ეკა ბესელიას მხარეს არიან. მიაჩნიათ, რომ სასამართლო აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს, ამისთვის კი სამართლიანი მოსამართლის რეპუტაციის მქონე ადამიანებია საჭირო, ამიტომ მოსამართლეების 10-კაციანი სია “ოცნებასთან” განხეთქილების ერთ-ერთ მიზეზად იქცა.
გია ჟორჟოლიანის თქმით, ეკა ბესელია რომ არა, მათი ფრაქცია მაინც დატოვებდა უმრავლესობას, რადგან მიაჩნიათ, რომ “ოცნებასთან” ერთ ნავში ყოფნის ყველა რესურსი ამოწურეს.
“ჩვენ მაინც მივიღებდით ამ გადაწყვეტილებას. მთავრობამ არ გაიზიარა ჩვენი ხედვა; “ქართული ოცნების” უმრავლესობის მიერ არ იყო გაზიარებული “ნაციონალური მოძრაობის” შეფასების შესახებ რეზოლუცია. “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის შეფასებისთვის, მხოლოდ რეპრესიები, ციხის კადრები არ არის საკმარისი, მათ მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკა წარმოშობს ახალ ავტორიტარულ რეჟიმს, ამიტომ ეს უნდა იყოს დაძლეული. ჩვენი მიზანია პოლიტიკის შეცვლა. ამისთვის კი აუცილებელია თანამშრომლობა იმ პოლიტიკურ ძალასთან, ვინც ჩვენს პოზიციას იზიარებს. გავიდა 6-7 წელი, ხალხმა უფრო მეტი დაინახა და ჩვენც დავრწმუნდით, რომ ხალხი მზად არის კარგად გაიგოს ის იდეები, რის შესახებაც ჩვენ ვლაპარაკობთ”, – განუცხადა გია ჟორჟოლიანმა Dalma News-ს.
“ქართულ ოცნებაში” მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებისას, ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილის უძლეველობის შესახებ მითი დაიმსხვრა და იმდენ შეცდომას უშვებს, რომ მის განსაკუთრებულ უნარზე საუბარიც ზედმეტია. ხუხაშვილი შეთქმულების თეორიასაც გამორიცხავს და მიაჩნია, რომ ივანიშვილის ერთადერთი მთავარი საზრუნავი დღეს, ძალაუფლების შენარჩუნებაა და არა ის, რომ რაღაც პოლიტიკური კომბინაციები მოიფიქროს. ეკა ბესელიას რაც შეეხება, ექსპერტი მის გადაწყვეტილებას იძულებით ნაბიჯად მიიჩნევს, თუმცა გადაწყვეტილებას უწონებს.
“დღეს რომ აპროტესტებს კარგია, მაგრამ ადრეც ჰქონდა მას ამის საშუალება, შესაბამისად მან დააგვიანა, ეს დაგვიანება მის პოლიტიკურ მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს”, – მიაჩნია გია ხუხაშვილს.
მისივე შეფასებით, “ქართული ოცნება” “ნაციონალური მოძრაობის” სამართალმემკვიდრე გახდა არა პიროვნებების, არამედ სისტემის თვალსაზრისით. ნაციონალების სისტემური მანკიერებები მთლიანად გადაიფორმა დღევანდელმა ხელისუფლებამ. ამჟამად კი ვუყურებთ პროცესს, თუ “ნაციონალური მოძრაობა” თავისი რიგებიდან როგორ რიცხავს “ქართულ ოცნებას”.
“სისტემამ “ოცნება” მძევლად აიყვანა და ვინც არ ეთანხმება ამ ვითარებას, მათ ნელ-ნელა იშორებს. ურჩხული, რომლის მართვის ილუზიაც ჰქონდა “ქართულ ოცნებას”, მოძლიერდა და თვით ხელისუფლება აიყვანა მძევლად. კიდევ უფრო გაშალა ფრთები, თუ კოლექტიური მურუსიძე წინა რეჟიმს უბრალოდ ემსახურებოდა, დღეს ის აღარ არის მარტო მსახურებაზე თანახმა, მას უკვე პარტნიორობაზე აქვს პრეტენზია და ჩვენ ამას ვხედავთ. თავად კობახიძემ თქვა, – მოსამართლეები, რომლებიც ცუდ რაღაცეებს აკეთებდნენ, დღეს კარგ რაღაცეებს აკეთებენო”, – აცხადებს გია ხუხაშვილი.
მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს, ანალიტიკოსი გია აბაშიძე პარტიული ვერტიკალის დაანონსებულ გამყარებას უწოდებს. მისი აზრით, იმ “ქართულმა ოცნებამ” რომელიც 2011 წელს ერთი მთავარი მიზნის – “ნაციონალური მოძრაობის” დემონტაჟისთვის შეიკრიბა, რესურსი ამოწურა. თავდაპირველად თუ კოალიციაში იყვნენ სხვადასხვა პარტიები, ახლა თავად “ოცნებას” სჭირდება გადახალისება, სრულიად ახალი ხალხი, რომლებიც საერთო ფასეულობების გარშემო გაერთიანდებიან.
გია აბაშიძე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ტრაგიკულს ვერაფერს ხედავს და აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებმა “ოცნების” ბევრი სისუსტე და მანკიერი მხარე წარმოაჩინა. მისი აზრით, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა საბაბია, სხვადასხვა მიზეზით “ოცნებას” სხვებიც დატოვებენ.
“ეს ნამდვილად მოსალოდნელი იყო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე. გუნდში არსებული არაერთი უთანხმოების შესახებ ინფორმაცია უკვე, გარეთ გამოდიოდა. ამის გამო დაბრუნდა თავად ივანიშვილი პოლიტიკაში, მაისში. არჩევნების შედეგად ბევრი სისუსტე, მანკიერი მხარე გამოჩნდა გუნდში. არ მიმაჩნია, რომ ბესელიას და მისი მხარდაჭერების სახით, ივანიშვილი პარლამენტში ხელოვნურ ოპოზიციას ქმნის. ბესელია დამოუკიდებლად მოქმედებს და შეეცდება თავისი პოლიტიკური პლატფორმა შექმნას. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ იქნება მის გარშემო. არა ერთი პარტია გვყავს საქართველოში და ახალი პარტია დიდს ვერაფერს შესძენს ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტს”, – აცხადებს გია აბაშიძე.
არ არის გამორიცხული, ეკა ბესელია “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთ მოკავშირედ ვიხილოთ. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წამზომი ჩართულია, ყველა პოლიტიკოსი თავისებურად ეცდება არჩევნებს მომზადებულები შეხვდნენ.
შორენა პაპაშვილი