საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის აზრით, ქართულ ენას განსაკუთრებული სახელმწიფო მზრუნველობა სჭირდება, რადგან მას განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი დატვირთვა აქვს.
როგორც სპიკერმა ქართულ ენასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა ენა – გარდა კომუნიკაციის საშუალებისა, გარდა უმთავრესი ეროვნული, კულტურული ფასეულობისა და ღირებულებისა, არის კიდევ საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული სტატუსის მატარებელი. რას იმას ნიშნავს, რომ მას სჭირდება განსაკუთრებული სახელმწიფო მზრუნველობა. უსუფაშვილმა ყურადღება გაამახვილა ენის, როგორც სახელმწიფოს ერთიანობის საფუძველზე, სადაც მოქალაქეებს ერთმანეთის ესმით, ერთმანეთთან კომუნიკაციაში არიან და სწორედ სახელმწიფო ენა არის ამის უმთავრესი საშუალება.
“სახელმწიფო ეს არის გარკვეულ ტერიტორიაზე დასახლებული მოქალაქეების ერთობა, რომელებსაც ერთმანეთის ესმით, რომლებიც ერთმანეთთან კომუნიკაციაში არიან და სწორედ სახელმწიფო ენა არის ამისი უმთავრესი საშუალება. დღევანდელი ქართული სახელმწიფო, რომელიც ამ პარამეტრების თვალსაზრისით სერიოზულად ნაკლული სახელმწიფოა ჯერ კიდევ, ვინაიდან ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა გვაქვს გადასაწყვეტი, ანუ სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი და სერიოზული თემა. ჩვენი სახელმწიფო ნაკლულია იმითაც, რომ ჩვენი მოქალაქეების პრობლემებიც გვაქვს ჩვენ გადასაწყვეტი”, – აცხადებს სპიკერი.
უსუფაშვილის ინფორმაციით, ორი კვირაში, პარლამენტში გაიმართება სამუშაო შეხვედრა, სადაც უფრო ფართო სამსჯავროზე იქნეს გამოტანილი საქართველოში მიგრაციული პროცესები და მისი გამოწვევები.„როგორ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი მოქალაქეები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც, როგორც უნდა გვქონდეს მათთან სახელმწიფოებრივი ურთიერთობა და ასე შემდეგ. ცხადია, ქართული ენა და ქართული ენის მოვლა-პატრონობა ამ რიგში განსახილველი უმთავრესი სახელმწიფოებრივი საკითხია,” – განაცხადა უსუფაშვილმა.