“ევროვიზია 2018”-ზე საქართველოს ეთნოჯაზბენდი “ირიაო” წარადგენს. ჯგუფი ასრულებს უნიკალურ მუსიკას, – ჯაზისა და ქართული ეთნომუსიკის ნაზავი. მისი დამაარსებელი და მუსიკალური ხელმძღვანელი დავით მალაზონია ერთ-ერთ პირველ ქართველ კომპოზიტორია, რომელმაც გააერთიანა ეს ორი ჟანრი. ის 30 წლის განმავლობაში ქმნიდა მუსიკას გერმანიასა და საქართველოში ცალკეული მუსიკოსებისა თუ ჯგუფებისთვის. მისივე ინიციატივით დაარსდა ანსამბლი, ხოლო დებიუტს 2013 წელს, დამსახურებული აღიარება მოჰყვა.
ეთნოჯაზბენდ “ირიაოს” ხელმძღვნელი დავით მალაზონია, თითქმის 13 წლის განმავლობაში ცხოვრობდა გერმანიაში. ამ ხნის განმავლობაში მან, მეგობრებთან ერთად ჩამოაყალიბა ჯგუფი “ადიო”, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ეთნომუსიკაზე დაყრდნობით ასრულებდა საოცარ კომპოზიციებს. 1996 წელს “ადიო” დაიშალა და მისი წევრები დროდადრო დაბრუნდნენ საქართველოში.
სამშობლოში დაბრუნებულ დათო მალაზონიას, ძალიან სურდა საქართველოში გაეგრძელებინა ეს მიმართულება და დაიწყო ჯგუფის შექმნაზე ფიქრი. 2012 წელს მისმა იდეამ კულტურის სამინისტროს მხარდაჭერა მიიღო და შეიქმნა ჯგუფი “ირიაო, რომელიც 8 მუსიკოსს აერთიანებს, ამათგან სამი – მიხეილ ჯავახიშვილი, გაგა აბაშიძე და ბიძინა მურღულია ვოკალისტია, დანარჩენი კი ინსტრუმენტალისტები: დავით მალაზონია – კლავიში, დავით ქავთარაძე – ქართული ტრადიციული ინსტრუმენტები, შალვა ღელეყვა – ბას-გიტარა, ლევან აბშილავა – დასარტყამი, ხოლო ცნობილი პერკუსიონისტი დავით ჯაფარიძე ჯგუფს შარშან შეუერთდა.
ჯაზბენდის სოლისტები ბავშვობიდან ეზიარნენ ქართულ ხალხურ მრავალხმიანობას. მიხეილ ჯავახიშვილი და გაგა აბაშიძე ანსამბლ “ბიჭებიდან” მოდიან, ამჟამად კი ორივე ანსამბლ “შავნაბადას” წევრია, ხოლო ბუბა მურღულია ანსამბლ “იბერიას” ხელმძღვანელია. შესაბამისად ისინი კარგად იცნობენ ქართული ხალხური მუსიკის ყველა მიმართულებას, რაც, კიდევ უფრო ამარტივებს და საინტერესოს ხდის ჯაზში აზროვნებას.
ჯგუფის ერთ-ერთი სოლისტი მიხეილ ჯავახიშვილი, ქართულ ეთნომუსიკასა და ჯაზს შორის ბევრ საერთოს ხედავს:
“ქართული ხალხური მუსიკა საუკუნეებია მოდის და სულ ვითარდება, ის ცოცხალი ორგანიზმია. ყველა შემსრულებელი ბუნებრივად იყენებს იმპროვიზაციის უნარს და იმ კონკრეტულ მუსიკალურ ნიმუშში თავის ვარიანტს ქმნის, ამიტომაა ქართული ხალხური სიმღერა მრავალფეროვანი და ამიტომ არსებობს ერთი ხალხური სიმღერის მრავალი ვარიანტი. ასეა ჯაზიც, ერთ ცნობილი თემის იმდენი ვერსია არსებობს, რამდენი შემსრულებელიც ჰყავს”.
“ირიაო” შექმნის დღიდან აქტიურად მონაწილეობს მრავალი ქვეყნის ცნობილ ჯაზფესტივალზე. მათი მუსიკის მოსმენისას ყველა ქვეყნის მსმენელი აღნიშნავს, რომ ეს არის ახალი მუსიკა.
“ქართული ხალხური სიმღერა იუნესკომ მსოფლიოს არამატერიალური კულტურის შედევრად აღიარა. ამ უნიკალურ შემოქმედებას შეზავებულს მსოფლიო ჯაზთან მსმენელი დადებითად აფასებს და მათთვის ეს მუსიკა საინტერესო და ახალია” – განაცხადა Dalma News-სთან საუბრისას მიხეილ ჯავახიშვილმა.
მისივ აზრით, ქართული ხალხური მუსიკის ნებისმიერ მუსიკალურ ჟანრთან შეხამება საკმაოდ საინტერესო მუსიკალურ ექსპერიმენტს იძლევა, რადგან მას ახასიათებს იმპროვიზაციის ფართო შესაძლებლობა. იმპროვიზაცია, მუსიკალური თემის ვარირება და მეტად რთული მუსიკალური ფორმისკენ სწრაფვა კი ჯაზის უმთავრესი თვისებაა.
“როცა შემოქმედებითად აზროვნებ, საკმაოდ ადვილი ხდება ქართული ხალხური მუსიკისა და ჯაზის ერთიანობაში წარმოდგენა, რა თქმა უნდა თუ ამას გემოვნებით გავაკეთებთ”, – აცხადებს “ირიაოს” სოლისტი.
თავად მიხეილ ჯავახიშვილს მუსიკის მიმართ სიყვარული ოჯახიდან მოსდგამს. ხალხური, ქალაქური თუ კლასიკური მუსიკის გარემოცვაში იზრდებოდა. გასაკვირიც არ არის, ის, ქართველი კომპოზიტორის, მუსიკოსისა და ლოტბარის, საქართველოს ყოფილი სახელმწიფო ჰიმნის – “დიდებას” ავტორის, კოტე ფოცხვერაშვილის შთამომავალია. მიხეილი 1993 წელს, ანზორ ერქომაიშვილისა და თამაზ ანდღულაძის მიერ შექმნილ ანსამბლ “ბიჭებში” მოხვდა და ქართული ხალხური სიმღერა სამუდამოდ შეიყვარა. მიხეილ პროფესიით აკადემიური გუნდის დირიჟორია. თბილისის კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში სხვადასხვა ფოლკლორულ ანსამბლებში მღეროდა, სიმღერას ასწავლიდა ბავშვებსაც. ამბობს, რომ მუსიკალური აზროვნების განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის კომპოზიტორ მიშა მდინარაძეს, ვისთან ერთადაც თითქმის 20 წლის განმავლობაში იმუშავა.
“ევროვიზია” – კონკურსი, თუ პოლიტიკა…
“ევროვიზიის” სიმღერის კონკურსი (ESC) ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ევროპული სატელევიზიო კონკურსია, რომელსაც ყოველწლიურად, მსოფლიოს მასშტაბით, 200 მლნ-ზე მეტი მაყურებელი ადევნებს თვალს. კონკურსის შექმნის იდეა 1955 წელს გაჩნდა და მიზნად ისახავდა გახლეჩილი ევროპის ცივი ომის აგონიიდან გამოყვანას, ევროპის გაერთიანების ხელშეწყობასა და სატელევიზიო მაუწყებლობების ტექნოლოგიების გამოცდას.
ეთნოჯაზბენდ “ირიაოს” სოლისტ მიხეილ ჯავახიშვილის აზრით, მუსიკალური აზროვნების დასახვეწად, გასავითარებლად და ჩამოსაყალიბებლად კონკურსი, ფესტივალი და სხვა ფორმატის ღონისძიებები აუცილებელია. მუსიკალური კონკურსი ყოველთვის ქმნის და ადგენს თუ რა ჟანრი და მუსიკალური მიმართულება არის პოპულარული და რას ითხოვს მსმენელი.
“მომისმენია მოსაზრება, რომ ევროვიზიაზე პოლიტიკური გადაწყვეტილებები უფრო ჭარბობს, ვიდრე ჭეშმარიტი მუსიკა. გარკვეულწილად ასეა, მაგრამ მუსიკა ისეთი რამ არის, რომ ვერანაირი პოლიტიკა, ვერც პრეზიდენტები და ვერც დიდი ფული, ვერ გადაწყვეტს კონკურსზე საბოლოოდ მუსიკის ბედს. მუსიკა ადამიანის გულსა და სულშია. ყველა თავისებურად გრძნობს მას, ყველა თავისი შინაგანი ბგერა, ჰარმონია, მელოდია და შესრულება აქვს”, – მიაჩნია მომღერალს.
მიხეილ ჯავახიშვილს მიაჩნია, რომ ყველა ქვეყანას თავისი მუსიკალური აზროვნება აქვს და ამ აზროვნებას უსადაგებს თანამედროვე მოთხოვნებს. “ევროვიზია” კი, რომელსაც უდიდესი მასშტაბის მაყურებელი და მსმენელი ჰყავს, ამ მუსიკალური აზროვნების წარმომჩენია. თუ რა იქნება ხარისხიანი და უხარისხო, საბოლოო ჯამში მსმენელი და მაყურებელი გადაწყვეტს.
საქართველო და “ვროვიზია”
საქართველომ “ვროვიზიის” სიმღერის კონკურსში მონაწილეობა პირველად 2007 წელს მიიღო, სადაც სოფო ხალვაში სიმღერით – My Story წარსდგა და მე-12 ადგილი დაიმსახურა. 2008 წელს ქვეყანა ევროფესტივალზე რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა დიანა ღურწკაიამ წარადგინა სიმღერით – “Peace Will Come” და საქართველოს მე-11 ადგილი მოუტანა. 2009 წელს, მოსკოვში გამართულ ევროფესტივალზე, ქართულ ჯგუფს “სტეფანე და 3G” სიმღერა – “Put In Disco” უნდა შეესრულებინა. ევროპის მაუწყებელთა კავშირში სიმღერა პოლიტიკური შინაარსის მქონედ მიიჩნიეს და უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ქართულ მხარეს მისი შეცვლა სთხოვეს. მაშინ საქართველომ კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ამ შემთხვევიდან ერთი წლის შემდეგ კი, ოსლოში გამართულ რიგით 55-ე ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენელი სოფო ნიჟარაძე საუკეთესო ათეულში მოხვდა. კონკურსზე, რომელშიც 39 ქვეყანა მონაწილეობდა, მან 8-რე ადგილი დაიკავა. ხოლო 2011 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელმა ჯგუფმა “Eldrine”, სიმღერით “One More Day” 9-რე ადგილი დაიკავა. თუმცა, წარმატებას 2012 წელს საშინელი მარცხი მოჰყვა. ქართველი კონკურსანტი ანრი ჯოხაძე სიმღერით, “I’m a Joker”, კონკურსს ნახევარფინალური ტურიდან გამოეთიშა.
2013 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ბაქოში გაიმართა, სადაც საქართველოს წარმომადგენლები სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი, სიმღერით “Waterfall” მე-15 ადგილზე გავიდნენ. ქართველი მომღერლებისთვის წარუმატებელი იყო 2014 წელს კოპენჰაგენში გამართული “ევროვიზიაც”. საიუბილეო, ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-60 კონკურსს ვენა, ავსტრია მასპინძლობდა. საქართველოს წარმომადგენელი ნინა სუბლატი, სიმღერით “Warrior” მე-11 ადგილზე გავიდა. 2017 წელს კი “ევროვიზიაზე” საქართველო თაკო გაჩეჩილაძემ წარადგინა სიმღერით “Keep the Faith”, თუმცა ნახევარფინალური ტური ვერ გადალახა და კონკურსს გამოეთიშა.
როგორ ემზადება ჯგუფი “ირიაო” ევროფესტივალისთვის…
სოციალურ ქსელში უკვე გაკეთდა შეფასებები ევროფესტივალში “ირიაოს” მონაწილეობასთან დაკავშირებით. ინტერნეტმომხმარებელთა დიდი ნაწილი დადებითად აფასებს ჯგუფის კონკურსში მონაწილეობას და მიაჩნიათ, რომ ეს “ევროვიზიისთვისაც” საინტერესო სიახლე იქნება. ეთნოჯაზბენდის წევრები საკონკურსო სიმღერის რამდენიმე ვერსიაზე მუშაობენ. მათი მიზანია, სიმღერა იყოს მარტივად აღსაქმელი, მელოდიური, ქართულ ენაზე და არ გასცდეს “ირიაოს” სტილს. სიმღერაზე დავით მალაზონია მუშაობს, უამრავს სხვა დეტალზე კი, ჯგუფის წევრები საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად მსჯელობენ. აღნიშნული ჯგუფიც, სწორედ საზ.მაუწყებლის მიერ შეირჩა.
მართალია, წინასწარ არ საუბრობენ იმაზე, თუ რას წარადგენენ ლისაბონში, თუმცა, რამდენიმე დეტალი Dalma News-ს მაინც გაუმხილეს. მათი მიზანია, მსმენელის გულები მუსიკით დაიპყრონ და არა სანახაობით. მთავარია მუსიკა. წინასწარი ინფორმაციით, “ევროვიზიისთვის” დამახასიათებელი გრანდიოზული სცენის უკან მონიტორი, შესაძლოა ამჯერად აღარ იყოს. შოუმ არ უნდა გადაწყვიტოს კონკურსანტის გამარჯვება.
კიდევ ერთი პრობლემა, “ირიაო” 8 წევრისგან შედგება, “ევროვიზიის” სცენაზე კი მაქსიმუმ 6 ადამიანი დაიშვება. ამ პრობლემის მოგვარება ბენდის წევრებმა შემდეგნაირად გადაწყვიტეს, პორტუგალიაში სცენაზე იდგება ჯგუფის ხუთი წევრი: სამი მომღერალი, ბასისტი და დრამერი. ამგვარად, “ევროვიზია 2019”- ის საქართველში ჩატარების უფლების მოსაპოვებლად ეთნოჯაზბენდი „ირიაო“ ღირსეული ბრძოლისთვის ემზადება.
შორენა პაპაშვილი